კრიტიკა ასეთი ფსიქოლოგიის მიმართ სხვადასხვა მიმართულებიდან და სხვადასხვა მოსაზრებით მოდიოდა. ზოგი ამტკიცებდა, რომ არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ სტრუქტურა; რომ ცნობიერების მნიშვნელოვანი მახასიათებლები აქტიური პროცესებია და არა მისი პასიური შინაარსი. ფსიქოლოგიური მეცნიერების საგანი თავად პროცესი უნდა იყოს: აღქმა და არა _ შეგრძნება, აზროვნება და არა _ იდეები, წარმოსახვა და არა _ ხატები. მეორენი ამტკიცებდნენ, რომ შეუძლებელია ცნობიერი განცდის აღწერა თავად განცდის არსისა და მთლიანობის დარღვევის გარეშე. ამ იდეის მომხრეთა აზრით, პირდაპირი ცოდნა შედგება პატერნებისა და კონფიგურაციებისგან და არა გაერთიანებული ელემენტებისგან. მეცნიერთა კიდევ ერთი ჯგუფი კი ამტკიცებდა, რომ ცნობიერების შესწავლა შეუძლებელია კვლევის მეცნიერული მეთოდებით მისი დაფარულობისა და სუბიექტურობის გამო, ამის ნაცვლად გვთავაზობდნენ ფსიქოლოგიის, როგორც ქცევის შესახებ მეცნიერების, განსაზღვრას.
ტრადიციული ფსიქოლოგიისადმი ფროიდისეული დაპირისპირება სხვა მიმართულებით განვითარდა. იგი ფსიქიკას აისბერგს ადარებს, რომლის მხოლოდ მცირედი ნაწილი მოსჩანს წყლის ზედაპირზე _ ეს ცნობიერებაა, მისი გაცილებით დიდი მასა კი წყლით არის დაფარული _ ეს არაცნობიერის სფეროა. არაცნობიერის ამ უზარმაზარ სივრცეში, თვალუწვდენელი სასიცოცხლო ძალების გიგანტურ საცავში, შეიძლება აღმოვაჩინოთ ლტოლვები, მისწრაფებები, განდევნილი აზრები და გრძნობები, რომლებიც აკონტროლებენ ინდივიდის ცნობიერ აზრებსა და ქცევებს. ამ თვალსაზრისით, ფსიქოლოგია, რომელიც ცნობიერების ანალიზით იფარგლება, აბსოლუტურად არაადეკვატური და უძლურია ადამიანის ქცევის ძირითადი მოტივების გაგებისათვის.
ფროიდის შრომებში, რომელიც სათავეს იღებს ბიოლოგიიდან, ნევროლოგიიდან და ფსიქიატრიიდან, შემოთავაზებულია პიროვნების ახლებური გაგება, რამაც დიდი გავლენა მოახდინა დასავლურ კულტურაზე. ფროიდის მოსაზრებებმა ადამიანის ბუნების შესახებ ძლიერი დარტყმა მიაყენა მისი ეპოქის საყოველთაოდ მიღებულ ცნებებს და ჩამოყალიბდა ნორმალური და პათოლოგიური ფსიქიკური აქტივობის გაგების კომპლექსური და საინტერესო მეთოდის სახით. მისი იდეები აფეთქებას შეიძლება შევადაროთ, რომელმაც მიწასთან გაასწორა გვიანდელ ვიქტორიანულ ეპოქაში ადამიანის ბუნების შესახებ არსებული წარმოდგენები ყველა სფეროში. ადამიანის ფსიქიკის ბნელი მხარეების მისეული კვლევები დაეხმარა ადამიანებს პირველი მსოფლიო ომის დროს გამოვლენილი შიშის მრავალი ექსტრემალური მდგომარეობისა და ომით გამოწვეული ტრავმატული შედეგების გაცნობიერებაში, რომელთაც ადგილი ჰქონდა კონფლიქტში ჩათრულ ყველა ქვეყანაში.
ფროიდი ფსიქიკის ისეთ სფეროებს იკვლევდა, რომელიც დახურული იყო ვიქტორიანული ეპოქის ფილოსოფიისა და ზნეობისთვის. მან შეიმუშავა ფსიქიკურ დაავადებათა მკურნალობის ახალი მეთოდი. მისმა შრომებმა ეჭვქვეშ დააყენა კულტურული, რელიგიური, სოციალური და მეცნიერული აკრძალვები. მისი კვლევები, საკუთარი ნამუშევრის საზღვრების გაფართოების მცდელობები აიძულებდა ფროიდს მუდმივად ეცვალა მეგობრები და მიმდევრები, ყოფილიყო კრიტიკოსთა მუდმივი ყურადღების ცენტრში.
თითქმის 45 წლიანი აქტიური მეცნიერული მოღვაწეობისა და კლინიკური პრაქტიკის პერიოდში ფროიდმა შექმნა: (1) პირველი ვრცელი თეორია პიროვნების შესახებ; (2) თავის თერაპიულ გამოცდილებასა და თვითანალიზზე დაფუძნებული კლინიკურ დაკვირვებათა ვრცელი სისტემა; (3) ნევროტული აშლილობების მკურნალობის ორიგინალური მეთოდი; (4) იმ ფსიქიკურ პროცესთა შესწავლის მეთოდები, რომელთა შესწავლაც თითქმის შეუძლებელია სხვა ხერხებით.
ბიოგრაფიული ცნობები
ზიგმუნდ ფროიდი (შიგმუნდ Fრეუდ) დაიბადა 1856 წლის 6 მაისს ფრეიბერგში, მორავიაში (ახლანდელი ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორია). 4 წლის იყო, რომ ფინანსური სიდუხჭირის გამო მისი ოჯახი ვენაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ფროიდმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა. 1938 წელს ფაშისტური ოკუპაციიდან თავის დაღწევის მიზნით ინგლისში გაიქცა, სადაც გარდაიცვალა კიდეც ერთი წლის შემდეგ.
ბავშვობაში ფროიდი ნიჭიერი მოწაფე იყო. მიუხედავად ფინანსური გაჭირვებისა (შვიდი შვილი ოჯახში), მას, როგორც ყველაზე უფროსს, თავისი ოთახი და ნავთის ჭრაქიც კი ჰქონდა სამეცადინოდ მაშინ, როცა დანარჩენები სანთლებით უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ. გიმნაზიაშიც ბრწყინვალედ სწავლობდა. მან კარგად იცოდა გერმანული, ფლობდა, ასევე, ფრანგულს, ინგლისურს, ესპანურსა და იტალიურ ენებს.
იმდროინდელ ავსტრიაში გამეფებული ანტისემიტური განწყობის გამო (ფროიდი კი ებრაელი იყო), პროფესიათა დიდი ნაწილი, მედიცინისა და იურისპრუდენციის გარდა, დახურული იყო მისთვის. ამიტომ სწავლის გასაგრძელებლად 1873 წელს ვენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი აირჩია.
უნივერსიტეტში სწავლამ, სადაც ეპყრობოდნენ, როგორც მდგომარეობით დაბალ საფეხურზე მდგომსა და უცხოელს, ფროიდს კრიტიკისადმი მდგრადობის უნარი განუმტკიცა. იგი რვა წელიწადი სწავლობდა (სამი წლით მეტს, ვიდრე მიღებული იყო). ამ წლების მანძილზე იგი ფიზიოლოგ ერნსტ ბრიუკე ლაბორატორიაში მუშაობდა, სადაც დამოუკიდებელ კვლევებს აწარმოებდა ჰისტოლოგიაში, კერძოდ, ცხოველური და მცენარეული ქსოვილების დეტალურ სტრუქტურებზე, და გამოაქვეყნა რიგი სტატიებისა ანატომიასა და ნევროლოგიაში. ბრიუკემ წამოაყენა იდეა, რომ ცოცხალი ორგანიზმები დინამიკური ენერგეტიკული სისტემებია, რომლებიც ფიზიკური სამყაროს კანონებს ექვემდებარება. ფროიდმა გაიზიარა ეს შეხედულება, რამაც მოგვიანებით განვითარება ჰპოვა ფსიქიკური ფუნქციონირების დინამიკის შესახებ მის შეხედულებებში.
1881 წელს სამედიცინო მეცნიერული ხარისხის მიღების შემდეგ ფროიდმა დაიკავა თანამდებობა ტვინის ანატომიის ინსტიტუტში და ატარებდა ზრდასრული ადამიანისა და ნაყოფის ტვინის შედარებით კვლევებს. მას არასოდეს იტაცებდა პრაქტიკული მედიცინა, თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო (ამას თან დაერთო ისიც, რომ ფროიდი შეყვარებული იყო და ფინანსური საკითხი მოგვარებას საჭიროებდა) მალე დატოვა თანამდებობა და ხელი მოჰკიდა კერძო პრაქტიკას. თავიდან ქირურგად დაიწყო მუშაობა, შემდეგ _ ზოგადი პროფილის ექიმად, გახდა მთავარი ექიმ-ინტერნი ვენის მთავარ ჰოსპიტალში და ფსიქიატრიის მიმართულებით წავიდა, რაც შეესატყვისებოდა ფსიქიკურ სიმპტომთა და სხეულებრივ დაავადებებს შორის კავშირისადმი მის ინტერესებს. 1885 წლისთვის დამკვიდრდა ვენის უნივერსიტეტის მასწავლებლის პრესტიჟულ თანამდებობაზე.
1884-1887 წლებში ჩაატარა ერთ-ერთი პირველი მეცნიერული კვლევა, რომელიც კოკაინს ეხებოდა. ფროიდი წერდა კოკაინის თერაპიული მიზნებისთვის შესაძლო გამოყენების თაობაზე როგორც ფიზიკური, ისე _ ფსიქიკური დაავადებების შემთხვევაში. შემდგომში ცნობილი გახდა ამ ნივთიერების ნარკოტიკული თვისებების შესახებ და მან შეწყვიტა კვლევები.
ბრუკეს მხარდაჭერით 1885 წელს ფროიდმა მიიღო გრანტი პარიზში გასამგზავრებლად, სადაც ოთხი თვე სტაჟირებას გადიოდა ჟან შარკოსთან ცნობილ ჰოსპიტალ სალ-პეტრიერში. მან შეისწავლა ჰიპნოზის მეთოდიკა და თარჯიმნობით ეხმარებოდა შარკოს ლექციებზე. ამ ლექციებმა და კლინიკურმა დემონსტრაციებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. ამ პერიოდის შედეგად ნევროლოგი ფროიდისგან ფსიქოპათოლოგი დადგა.
1886 წელს ფროიდმა იქორწინა მარტა ბერნაისზე, რომელთანაც ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს იცხოვრა, ჰყავდა ექვსი შვილი, რომელთაგან ერთ-ერთი, ანა ფროიდი შემდგომში ბავშვთა ცნობილი ფსიქოანალიტიკოსი გახდა.
საფრანგეთში მუშაობამ ფროიდს გაუძლიერა ინტერესი ჰიპნოზისადმი, როგორც თერაპიული ინსტრუმენტისადმი. 80-იან წლებში იგი თანამშრომლობდა ფსიქიატრთან იოსებ ბრეიერთან და სწავლობდა ისტერიის დინამიკას. ბრეიერმა და ფროიდმა განახორციელეს ისტერიის ფსიქოლოგიური მიზეზებისა და თერაპიის მეთოდების ერთობლივი კვლევა. შედეგები გაფორმდა ერთობლივი პუბლიკაციის, წიგნის სახით “ისტერიის კვლევა” (1895წ.), რომელშიც ავტორები ასკვნიან, რომ პაციენტთა ისტერიული სიმპტომები განპირობებულია ცხოვრებისეული შთამბეჭდავი, მაგრამ დავიწყებული მომენტებით (ტრავმებით). თერაპია ეფუძნება იმას, რომ პაციენტებს გაახსენებინონ და აღადგენინონ ეს განცდები ჰიპნოტურ მდგომარეობაში (კათარზისი). (ამ პერიოდს დაემთხვა უთანხმოება ბრეიერთან, რომლის მიზეზებიც ბოლომდე არ არის გარკვეული, და მათ გაწყვიტეს ურთიერთობა).
თუმცა, შემდგომში, ფროიდი დარწმუნდა, რომ ჰიპნოზი არც ისეთი ეფექტურია, როგორც ეგონა. ის არ იძლეოდა პაციენტის წინააღმდეგობაზე მუშაობის საშუალებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა მეხსიერებაში ტრავმატული გამოცდილების აღდგენისას. საბოლოოდ მან უარი თქვა პრაქტიკაში ჰიპნოზის გამოყენებაზე. ამის ნაცვლად მან თავისი უნიკალური მეთოდი _ თავისუფალი ასოციაციების მეთოდი შეიმუშავა, რომელიც ბრეიერის მიდგომის ერთ-ერთ ძირითად პრინციპზე იყო აგებული. ბრეიერის მიერ ისტერიის მკურნალობისას გამოყენებული მეთოდი, რომელსაც ეს უკანასკნელი კატარსისულ ან ”საუბრით მკურნალობას” უწოდებდა, გულისხმობდა პაციენტის მიერ ყოველი თავისი სიმპტომის პირველად გამოჩენის შესახებ თავისუფალ თხრობას. ფროიდის თავისუფალი ასოციაციების მეთოდი მდგომარეობდა იმაში, რომ პაციენტს სთხოვდნენ, ელაპარაკა ყველაფერზე, რაც თავში მოუვიდოდა, ყოველგვარი შეზღუდვებისა და იმის მცდელობის გარეშე, რომ ნათქვამს ჰქონოდა გააზრებული, ლოგიკური საუბრის ხასიათი.
1896 წელს თავისი მეთოდიკის აღსაწერად ფროიდმა პირველად გამოიყენა ტერმინი “ფსიქოანალიზი”. 1896-1900 წლები მისთვის პროდუქტული მარტოობის პერიოდი იყო. ამ დროს იწყებს საკუთარი სიზმრების ანალიზს, ხოლო 1897 წლიდან (მამის სიკვდილის შემდეგ) იწყებს თვითანალიზს. საკუთარი და პაციენტთა სიზმრების ანალიზის აღწერით დასაბუთებული მისი მოსაზრებები არაცნობიერის არსის შესახებ ჩამოყალიბდა მის პირველ დამოუკიდებელ ნაშრომში, “სიზმრების ინტერპრეტაცია” (1900წ.). ეს იყო იმ დროისთვის საკმაოდ სერიოზული და ფუნდამენტური ნაშრომი სიზმრების აზრის შესახებ, რომელიც შემდგომში მის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომად იქნა აღიარებული. ფროიდმა შემდეგ თავისი იდეები განავითარა ახალ წიგნებში “ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგია” (1901წ.), “სამი ნარკვევი სექსუალობის შესახებ” (1905ა), “იუმორი და მისი დამოკიდებულება არაცნობიერთან” (1905ბ).
დროთა განმავლობაში ფროიდის მიმდევრები გახდნენ ისეთი ცნობილი ექიმები, როგორებიც იყვნენ ალფრედ ადლერი, შანდორ ფერენცი, კარლ გუსტავ იუნგი, ოტო რანკი, კარლ აბრაჰამი და ერნსტ ჯონსი. ამ ჯგუფმა დააარსა ფსიქოანალიტური საზოგადოება, დაიწერა მეცნიერული სტატიები, გამოდიოდა ჟურნალი, შესაბამისად ფსიქოანალიტურმა მოძრაობამ გავრცელება ჰპოვა. მალევე სხვადასხვა ქვეყნებშიც გაჩნდა ფსიქოანალიტიკური ჯგუფები.
1919 წელს ფროიდი სტენლი ჰოლის მიერ მიწვეულ იქნა კლარკის უნივერსიტეტში, ვუსტერში, მასაჩუსეტსის შტატში, ლექციების წასაკითხად. მისი შრომები ითარგმნა ინგლისურად.
ფროიდმა დანარჩენი ცხოვრება დაუთმო ფსიქოანალიზის განვითარებას, გავრცელებასა და განმარტებას. იგი ცდილობდა ფსიქოანალიტური მოძრაობის კონტროლირებას იმ ადამიანთა ჩამოშორებით, ვინც არ ეთანხმებოდა. თეორიულ საკითხებში შეუთანხმებლობის გამო დატოვეს იგი იუნგმა, ადლერმა და რანკმა.
ფროიდი ბევრს წერდა. მისი თხზულებების კრებული 24 ტომს ითვლის, რომელიც მოიცავს კლინიკური პრაქტიკის რთულ საკითხებს, ლექციათა ციკლებს, რომლებიც წარმოდგენას იძლევიან ზოგადად თეორიაზე და სპეციალიზირებულ მონოგრაფიებს რელიგიურ და კულტუროლოგიურ საკითხებზე. ის ცდილობდა ისეთი სტრუქტურის შექმნას, რომელიც მასზე დიდხანს იარსებებდა და შემდგომში მთელ ფსიქიატრიას შეუცვლიდა ორიენტაციას. ზოგიერთ საკითხში ფროიდი ძალზე კატეგორიულია, ზოგში კი ღიაა კრიტიკისადმი და მზად არის თავისი პოზიციების გადასასინჯად. მას აშფოთებდა, რომ ანალიტიკოსები მის მიერ დადგენილი მეთოდიკებიდან გადახრით დაასუსტებდნენ ფსიქოანალიზის ძალასა და შესაძლებლობებს. მას ძირითადად სურდა ფსიქოანალიზის თეორიის დამახინჯებისა და არასწორი გამოყენების თავიდან აცილება.
ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, ფროიდი ეწეოდა კერძო პრაქტიკას და ადგენდა თავისი ნაშრომების სრულ კატალოგს.
გახდა რა ფროიდის შრომები უფრო ხელმისაწვდომი, კრიტიკა გაძლიერდა. 1933 წელს სექსუალობის საკითხებზე მისი ღია მსჯელობებით გაღიზიანებულმა ფაშისტებმა ბერლინში სახალხოდ დაწვეს მისი წიგნები. ამ მოვლენას ფროიდმა ასეთი კომენტარი გაუკეთა: “რა პროგრესს მივაღწიეთ! შუა საუკუნეებში მე თავად დამწვავდნენ, ჩვენს დროში კი ჩემი წიგნების დაწვით კმაყოფილდებიან.”
ფროიდის ცხოვრების ბოლო წლები მძიმე იყო. 1923 წლიდან ის ავად იყო საყლაპავი მილისა და ყბების კიბოთი (ყოველდღიურად 20 კუბურ სიგარას ეწეოდა). თითქმის განუწყვეტლივ განიცდიდა ტკივილს, მაგრამ ჯიუტად ამბობდა უარს მედიკამენტურ მკურნალობაზე და ასპირინის მცირე დოზებით კმაყოფილდებოდა. უწყვეტად მუშაობდა, მთლიანობაში გადაიტანა 33 მძიმე ოპერაცია (ამის გამო უხდებოდა უხერხული პროტეზის ტარება, რომელიც ავსებდა წარმოქმნილ ცარიელ სივრცეს ცხვირხახაში და ამიტომ დროდადრო ვერ ლაპარაკობდა) ავადმყოფობის გავრცელების შესაჩერებლად. ავსტრიის ჰიტლერული ოკუპაციის პერიოდში 1938 წელს მისი ქალიშვილი ანა დაპატიმრებულ იქნა გესტაპოს მიერ და მხოლოდ შემთხვევის წყალობით დააღწია იქიდან თავი. ამასთან დაკავშირებით, ფროიდი იძულებული გახდა ინგლისში გადასახლებულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1939 წლის 23 სექტემბერს.
ფროიდის რეალური მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა შეიძლება არა მარტო მისი ქცევების შეფასებისა და ფსიქოანალიზის თეორიის ასპექტების არაერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციის გზით, არამედ, უმეტესწილად, იმ იდეების რაოდენობით, რომელიც დასავლური კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. ჩვენ ყველანი ვალში ვართ მის წინაშე იმის გამო, რომ მან ნაწილობრივ გადაგვიშალა ადამიანის სამყარო, რომელიც ცნობიერების ფარგლებს გარეთ არსებულით იმართება.
(გაგრძელება იქნება...)
No comments:
Post a Comment