Wednesday, January 19, 2011


მანანა მენაბდე

ყოველთვის გამორჩეული იყო. ეცვა შარვალი, დადიოდა გიტარით და ატარებდა უცნაურ ვარცხნილობას. იშხნელების შთამომავალი მუდმივად ყურადღების ცენტრში ექცეოდა და მასზე მუდმივად ჭორაობდნენ. იყო „რეროს“ სოლისტი. დაუვიწყარი ტემბრის მომღერალს ადვილად გამოარჩევდით სხვებში. მახსოვს, ბავშვობაში, ლანა ღოღობერიძის ფილმში „დღეს ღამე უთენებია“ როგორ ველოდი მენაბდის კადრის გამოჩენას. ყელზე წითელი წიწაკების ასხმით და ემოციური სიმღერებით დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. მერე დაიკარგა. 90-იან წლებში ბერლინში გაემგზავრა. დაახლოებით 14 წელი ცხოვრობდა იქ. გერმანიის მოქალაქეც გახდა. ხუთი წლის წინათ საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 20-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისობის ფარგლებში ცოცხალი კონცერტი გამართა.

„სანამ აქ ვარ...“

„ცოცხალი კონცერტი ადვილი არ არის. ცოტათი იმაზე მეტად ვღელავდი, რაც უნდა მეღელვა. ლაივს თან ახლავს კურიოზი. არც ეს კონცერტი იყო გამონაკლისი. ამას ვერ მოყვები, არ შეიძლება. მაყურებელი ვერასდროს ხვდება, სინამდვილეში რა ხდება სცენაზე. პირველ ბგერაზე გაჩნდა დარბაზთან კონტაქტი, სითბო, რამაც დამმუხტა. ეს კონცერტი გაცილებით მეტმა მაყურებელმა უნდა მოისმინოს, ვიდრე სამეფო უბნის თეატრი იტევს. საუბარია დიდ კონცერტზე. სანამ აქ ვარ, აუცილებლად უნდა გამოიყენონ.“

მოსკოვში ფომენკოს თეატრ-სტუდიის მსახიობია. მუსიკალური პოეზიის თეატრში წელიწადში სამ კონცერტს მართავს. ამჟამად ოსტროვსკის „უმზითვოში“ თამაშობს. უფრო სწორად მღერის. სპექტაკლისთვის მუსიკა დაწერა. სცენაზე მთავარ გმირთან ერთად ჩნდება და მღერის. „ჩემი გმირი სპექტაკლის ნაწილია. ისე უნდა მოახერხო სიმღერა, რომ ტაში არ დაგიკრან. თუ დაგიკრეს, ესე იგი სპექტაკლიდან ამოვარდი...“

ბერლინში მარტო

ბერლინში 1991 წელს ჩავიდა. სიმღერები უჯრაში რომ არ ჩაედო და თვითრეალიზება მოეხდინა, 42 წლის ასაკში ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. გერმანული ენა არ იცოდა. სახლში, სადაც საცხოვრებლად გაჩერდა, შავ-თეთრი ტელევიზორი იდგა. სწორედ ამ ტელევიზორში საყვარელი მწერლის, თომას მანის ეკრანიზაცია გერმანული ენის უცოდინარმა მომღერალმა უტიტრებოდ გამოიცნო. „ასე შემხვდა ბერლინი, ჩემი საყვარელი მწერლით. საოცარი დამთხვევა იყო. ვცხოვრობდი მეშვიდე სართულზე. სადგურს გადაჰყურებდა ჩემი ფანჯრები. მუქი წითელი ფერის მატარებლებს მზერით ვაცილებდი. დავდიოდი ბერლინის ქუჩებში. ცივი იყო ქალაქი...“ მალე გერმანელ მეზობლებს მეზობლობა ასწავლა, რომლებმაც თუ მანამდე ჭიქა წყლის მიწოდება არ იცოდნენ, მერე უკვე ხახვზეც კი შედიოდნენ მანანასთან. ცხოვრობდა მარტო.

„მე მიყვარს სიმარტოვე. ფიქრის დრო, წერის საშუალება მაქვს. ხან ლექსს ვწერ. თავყრილობებში თითქმის არ დავდივარ. არც არასდროს მყვარებია. არც სცენაა ჩემი ამოსავალი წერტილი. უფალმა ბევრი რამის ნიჭი დამაბერტყა თავზე. თუ სცენაზე არ გავედი, მოთხრობებს, მუსიკას, იგავ-არაკებს დავწერ, დავხატავ.“

ბერლინში კონცერტებს ჟურნალისტების სახლში, ჯაზკლუბებში ატარებდა. მღეროდა ქართულად. გერმანულად არ უმღერია. „გერმანელები თავშეკავებული ხალხია. ემოციებს არ გამოხატავენ. მაღაზიაში რაიმეს ყიდვისას რომ გაუგონიათ ჩემი ხმა, უთქვამთ, რა ლამაზი ხმა გაქვსო. მათგან ასეთი შეფასება გამკვირვებია. მოსკოვში ხმაზე ხშირად მეუბნებიან კომპლიმენტს.“

მალე მოსკოვში გამოვა წიგნი, რომელიც მანანა მენაბდის 150 ფოტონამუშევრით გაფორმდება. ეს არის წიგნი, სადაც თავმოყრილია „სიყვარული რუსულ პროზაში“. მანანას ფოტოები სპეციალურად ამ წიგნისთვის არ გადაუღია. თავისთვის იღებდა და მერე მიესადაგა პროზიდან ამოღებულ სასიყვარულო ნაწყვეტებს. „მაგალითად „ანა კარენინადან“ ნაწყვეტს - როგორ უხსნის ვრონსკი ანას სიყვარულს შეიძლება ედოს ფოტო - როგორ ამოდის ჩანთებით დატვირთული დაღლილი ქალი კიბეებზე ან ქუჩაში დგას ხელგაწვდილი და მათხოვრობს. ეს არის ალტერნატიული ფოტოები, მაგალითად, როგორ ტრანსფორმაციას განიცდის კარენინა დღეს. ფოტოებს მიეწერება კომენტარები ნაწარმოებიდან. ჩემთან ერთად წიგნზე მუშაობდა პროფესორი მაშა გალავანენსკაია, რომელიც ასევე თავის კომენტარებს მიაწერს ფოტოებს, რატომ ხდება რუსებთან სიყვარულის ასე ახსნა. ხანძრის დროს ორი თვე შინა პატიმრობაში ვიყავი. გარეთ ვერ გავდიოდი და კონდიციონერმა გადამარჩინა. ვიჯექი და ამ წიგნისთვის შესაფერის ფოტოებს ვარჩევდი. 1000 ფოტოდან 150 ფოტოს ამორჩევა ადვილი არ იყო. ასევე თავიდან გადავიკითხე ნაწარმოებები.“ მანანა მენაბდეს უნდა იგივე პროექტით ქართული წიგნი გამოსცეს.    

  

სიყვარული

თავის სიყვარულზე საჯაროდ არ საუბრობს. მიაჩნია, რომ ეს გრძნობა დაფარული უნდა იყოს.

„ყველანაირი სიყვარული იდუმალია და მას იდუმალებას თუ აკლებ, მოცულობას კარგავს და მერე ყველაფერი ბრტყელი ხდება. სიყვარული სხვისი შვილისთვისაც ისევე უნდა გაიღო, როგორც საკუთარისთვის. როცა სხვის შვილს ნაკლებ პურს მისცემ და შენსას მეტს, ეს არ არის სიყვარული. მთლიანად და ერთნაირად უნდა გასცე. ეს ხდება მაშინ, როცა უფალი დავიწყებული არ გყავს.

- რამდენჯერ გიყვარდათ? ვინ იყო თქვენი სიყვარული?

- რა თქმა უნდა, მიყვარდა. როგორ შეიძლება ამას ასცდე, როცა ახალგაზრდა ხარ? ქართველი ხარ და ასეთი ცის და მზის ქვეშა ხარ დაბადებული? შეიძლება ბევრს გაეღიმოს, მაგრამ მთელი ჩემი არსებით ასკეტი ვარ და სიმარტოვეში ცხოვრება მიყვარს. თითქმის სულ მარტო ვარ. თუმცა ვინც მე მიყვარს, ჩემთან არის. აუცილებელი არ არის ფიზიკურად ჩემთან იყოს. თუ სიყვარული გაქვს, ესე იგი გაქვს. როცა გიყვარს, არ გყოფნის, გინდა მასაც ისევე უყვარდე, როგორც შენ გიყვარს. იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა შენ გიყვარს. მართლა დიდი ხანია ჩემთვის მნიშვნელობა აღარ აქვს ფიზიკურ სიყვარულს და „მას“ ვუყვარვარ თუ არა. ამას გულახდილად გეუბნებით. რაში გჭირდებათ ჩემი სიყვარულის ისტორია? სიყვარულსა მალვა უნდაო... არ უნდა გავაშიშვლოთ. უფრო საინტერესო გავხდები, რაც ფარული ვიქნები.“

ფანები, შარვალი და მეგობრები

როგორც მომღერალს ჰყავდა ბევრი თაყვანისმცემელი, რომლებიც თან დაჰყვებოდნენ. „ფანების სულ მეშინოდა, გავურბოდი. არადა, უამრავი მყავდა... ფანობას არაჯანმრთელი რაღაც ახლავს თან. მიყვარს კონცერტის შემდეგ განათებული სახეებით რომ მოდიან, მაგრამ ფანატიზმამდე მისული თაყვანისცემა არ მიყვარს.“

სცენასა და გარდასახვაზე თავისი დამოკიდებულება აქვს. „სცენა საშიშია. დიდ გამოცდაში ხარ. ისე არ უნდა გარდაისახო, რომ შენი თავი დაკარგო. სცენაზე უკვე განცდილით უნდა გამოხვიდე.“

- თქვენი იმიჯის ნაწილი - შარვალი და მხატვრულად აშლილი თმა დღემდე გაქვთ შემორჩენილი...

- სამწუხაროდ, ჩაცმულობით გაფასებენ. მე შარვალი არ მაპატიეს იმიტომ, რომ პირველი ვიყავი, ვინც შარვალი თავის სტილად აქცია. მარლენ დიტრიხის მსგავსად, ფრაკი მეც მეცვა „რეროში“.

- რას ნიშნავს არ „გაპატიეს“?

- ბევრს საუბრობდნენ ამაზე. ისეთი ადამიანებიც ლაპარაკობდნენ, ვისაც არც კი ვიცნობდი. საერთოდ ასეა - ჯერ აღგაზევებენ, მერე ჩამოგაგდებენ, ან - პირიქით. ყველას თავის საკუთარ ჯვარზე აკრავენ. მე ამან არ შემაშინა. მყავს ძლიერი მეგობრები და ისინი დამეხმარნენ. მათ იციან მე რა შემიძლია“.

                                                    

მენაბდის შემოქმედება

კაცი ისეთი მხცოვანი იყო, რომ ჯერ კიდევ შეეძლო პატიოსანი კაცის გახსენება.

კაცი თავისი თავისგან სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად.

კაცს გენიოსობამდე მხოლოდ სიკვდილიღა აკლდა…

კაცისთვის სიმართლე ისეთი ღირებული იყო, რომ იგი ძალზე იშვიათად სარგებლობდა ამით.

ღმერთი სწყალობდა კაცს და ცუდ ადამიანებს თავიდან აცილებდა. კარგი ადამიანები კი თვითონ იცილებდნენ თავიდან კაცს.

ერთი კაცი ისე ბევრი იყო, რომ ადგილი აღარ რჩებოდა სიკეთისთვის.

ერთი კაცი არასოდეს მოგზაურობდა. შემთხვევით რომ მოვხვდე სხვაგან, როგორ უნდა მოვიქცეო, ასე ფიქრობდა.

ერთ კაცს ძალიან უნდოდა ფული ეშოვნა. ამიტომ ოცნებობდა, ვინმე მილიონერი გადაერჩინა წყალში დახრჩობას.

ერთი კაცი ყველაფერს სხვის მაგივრად აკეთებდა და ერთ მშვენიერ დღეს თავის მაგივრად მიიბარა უფალმა.

კაცმა თავის ჩამოხრჩობა განიზრახა. ავიდა სკამზე და როდესაც თავი ყულფში გაყო, კედლის საათმა 10-ჯერ ჩამოჰკრა. კაცს გაახსენდა, რომ ძილის დროა და თავის ჩამოხრჩობა მეორე დღისთვის გადადო… დრო გადიოდა…

ერთ კაცს ტირილი უნდოდა, მაგრამ გაიხედ-გამოიხედა და ახლომახლო რომ ვერავის მოჰკრა თვალი, გადაიფიქრა. ერთ კაცს გაბრაზება უნდოდა, მაგრამ გაიხედ-გამოიხედა და ახლომახლო რომ ვერავის მოჰკრა თვალი, გადაიფიქრა. ერთ კაცს უნდოდა გახარებოდა, მაგრამ გარემოება არ უწყობდა ხელს.

ცხოვრობდა კაცი, ცხოვრობდა და არავინ იცოდა რომ იყო.

დრო გადიოდა...

გადიოდა დრო...

ცხოვრობდა კაცი ყველასგან მიტოვებული, ყველასაგან მივიწყებული, მოხუცდა და მოკვდა. ჰოდა, მიაბარეს კაცი მიწას, აბა ზევით ვინ დატოვებდა. დადგა გაზაფხული, შემდეგ - ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი… საფლავი ეკალ-ბარდმა დაფარა. დრო გადიოდა…

იყო ერთი კაცი. ცხოვრობდა კაცი, ცხოვრობდა და ყველამ იცოდა, რომ იყო.

გადიოდა დრო…

ცხოვრობდა კაცი ყველასგან დაფასებული, ცხოვრობდა, მოხუცდა და მოკვდა. კაცის სიკვდილის ამბავი მთელ ქვეყანას მოედო, დიდი პატივით დაკრძალეს და უზარმაზარი საფლავის ქვა გულზე დაადეს. დადგა გაზაფხული, შემდეგ - ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. საფლავი ეკალ-ბარდმა დაფარა.

დრო გადიოდა…

                                                      

                                                  

წლებია, არ მინახავს. ვღელავ. მინდა ისევ ის განცდა დავიბრუნო, როცა პირველად ვნახე, როცა კითხვაც კი ვერ დავუსვი, როცა მიხვდა ჩემს აღელვებას და მითხრა: გიმღერებთ!

როცა მანანა მენაბდე მღერის, მართლა რაღაც ხდება - ეს შეგრძნება სიტყვიერ ახსნას ძნელად ემორჩილება.

არავის არ ჰგავს. სადაც არ უნდა იყოს, თავისი სამყარო "დააქვს". ყველგან ატარებს, როგორც ლოკოკინა - თავის ნიჟარას. სიტუაციაში ის არასოდეს არ არის ერთ-ერთი. ყველა ვერ უძლებს მის ენერგეტიკას. არ ვიცი, ეს კომპლიმენტია თუ არა, მაგრამ ასეა.

1991 წელს გერმანიაში წავიდა. თუ ვინმე ბერლინში, მანანა მენაბდის სახლში მისულა, მაშინვე თავი ამოუყვია პატარა სალონში, რომელსაც საქართველო ჰქვია. თვითგამოხატვის საშუალება მანანა მენაბდისთვის იყო და არის სიმღერა, ხატვა და სიტყვა. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა საინტერესო პუბლიცისტური ნაწარმოებების - იგავ-არაკების, ესეების, მოთხრობებისა და ლექსების შექმნა. ბერლინში ახალ ცხოვრებას იწყებს სტიპენდიის ხარჯზე. ენიშნება სხვადასხვაგვარი სტიპენდიები. ერთ-ერთი, რომელიც მისთვის ყველაზე საამაყოა, ჰაინრიხ ბიოლის სტიპენდიაა. "ფულადი ანაზღაურება საშუალებას მაძლევდა, თავისუფლება მქონოდა. როცა ხელოვანს აქვს დრო ერთი წელი და საკუთარ თავს ეკუთვნის, აკეთებს იმას, რაც და როგორც სურს. ხოლო როდესაც ფული არ არის, უნდა იფიქრო ყოფაზე."

კონცერტებსა და საღამოებს მართავს გერმანიის ქალაქებში, იღებს მონაწილეობას მსოფლიო ფესტივალებსა და სიმპოზიუმების მუშაობაში. დგამს პერფორმანსებსა და ინსტალაციებს, აწყობს გამოფენებს. მუსიკალური სიმპოზიუმი და მუშაობა ამერიკელ ჯაზმენთან და კლარნეტისტთან ჯიორა ფაიდმანთან დორტმუნდში. ერთობლივი კონცერტი კათოლიკურ ეკლესიაში. ლაიფციგისა და კიოლნის რადიო ამზადებენ გადაცემებს - "მღერის მანანა მენაბდე". ზეთის ნამუშევრების გამოფენა ციკლიდან "კავკასიური ხალიჩების მოტივები", ბერლინის კომპიუტერული ცენტრი მასთან დებს ხელშეკრულებას და ცენტრში მისი ნამუშევრები იფინება. ისევ კონცერტები ევროპის ქალაქებში, კამერულ თეატრებში, გალერეებში, სალონებში, მაღალი კლასის ჯაზკლუბებში. მსმენელს არ ესმის უცხო სიტყვები, მაგრამ ყველა გრძნობს, რას ეხება მისი თითოეული სიმღერა.

1994 წელს ლენა კამბუროვის მუსიკისა და პოეზიის თეატრმა მანანა მენაბდე სამუშაოდ მიიწვია. თეატრი საინტერესო შეხვედრებს მართავს და სხვადასხვა დასებიდან იწვევენ კოლეგებს. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე მივიდა ექსპერიმენტული სტუდია-თეატრის ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი პეტრე ფომენკო.

- შემიძლია ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვთქვა, რომ ეს არის უძლიერესი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თეატრი. როდესაც ფომენკომ ჩემი ორი სიმღერა მოისმინა, თავისი მისამართი მომცა. ყოველდღე მირეკავდა გერმანიაში. თავიდან მის თეატრში მოლაპარაკებით ვიყავი. მითხრა, რომ დგამს ოსტროვსკის პიესას "უმზითვო". დავიწყე რეპეტიციებზე სიარული. მას უნდოდა, სპექტაკლში ეპიზოდური როლი მეთამაშა. ფომენკოსთან, თეატრში, როგორც კი პატარა ეპიზოდს ამოიღებ, ყველაფერი ინგრევა. მისთვის არ არსებობს მთავარი და ეპიზოდური როლი. სახლში რომ ვბრუნდებოდი, ფომენკოს ზარები მხვდებოდა. მიმესიჯებდა და პუშკინის ლირიკულ ლექსებს მიკითხავდა. მოკლედ, გამტეხა. მე თავისუფალი ადამიანი ვარ, საერთოდ არ მიყვარს კოლექტივები. მიყვარს კატასავით მარტო სიარული. მოკლედ, თავისუფლება მიყვარს.

როდესაც ფომენკო თავის თეატრში გეძახის, ბევრი არ უნდა იფიქრო... ადამიანი სულ რაღაცას სწავლობ. ხომ არ შეიძლება თქვა: უკვე ყველაფერი ვიცი, თავი დამანებეთ, ვერავინ ვერაფერს ვერ მასწავლისო. მე არ მივეკუთნები ამ კატეგორიას. რასაკვირველია, შემოთავაზებას მალე დავთანხმდი. მასთან, დასში, მსახიობად და მუსიკოსად უნდა ვყოფილიყავი. მოკლედ, ფომენკომ მომცა საშუალება, ქართული პროგრამით გამოვსულიყავი. მას უყვარს ქართველები. ის ერთდროულად რეჟისორი და მსახიობია. თბილისში, გრიბოედოვის თეატრშიც უმუშავია. იცი, როგორ სპექტაკლებს დგამს? დრო რომ გადის, კი არ იშლება, - ძველდება, როგორც ღვინო.

უკვე ორი წელია, მანანა მენაბდე მოსკოვში ცხოვრობს. "ცენტრში ცხოვრებამ გადამღალაო," - ამბობს. ამიტომ ახლა მოსკოვის გარეუბანში, "ნა ულიცე სოლნიჩნოი", მეგობრის შვილის სახელოსნოშია დაბინავებული. ცხოვრობს არაჩვეულებრივ რაიონში, მზიან სახლში, მესამე სართულზე. "არავინ მაწუხებს". ყოველ დილით ადრე დგება და "ბეთჰოვენთან" ერთად სეირნობს. ძაღლია მისი. ხატავს აბსტრაქციებს, წერს მუსიკას, ლექსებს, იგავებს, თარგმნის… თეატრში კონცერტებს მართავს.

- თეატრში ოსტროვსკის დადგმით ახალი სცენის გახსნა მხვდა წილად. ისტორიაში უკვე მოვხვდი, რადგან ფომენკოსთან ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დასში ახალი მისული, მათთვის ახალი ადამიანი ვიყავი, 60 წლის იუბილე თეატრმა გადამიხადა. საოცარი იყო… თეატრი რთული ორგანიზმია. რეპეტიცია იწყება იმით, რომ ჩვენ, ყველანი, პირველ რიგში, ადამიანები ვართ და ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს… მერე ვაკეთებთ სხვა რაღაცებს.

- თბილისში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ კონცერტზე ვინ მოგიწვია?

- ახალგაზრდა ქალბატონმა, ნინო ნახუცრიშვილმა დამირეკა მერიიდან. მაგრამ იდეა ნიკა მემანიშვილს მოუვიდა. ისე მოვედი დღემდე, არავისთვის არაფერი მითხოვია. თუ ნამდვილი მომღერალი ხარ, როგორც ეკლესიის მსახური, ისე უნდა ემსახურო უკლებლივ ყველას... სამი წელია თბილისში არ ვყოფილვარ. კონცერტამდე სამი დღით ადრე ჩამოვფრინდი. როგორ ვიმგზავრე? მშვენივრად… ხომ იცი, მოწესრიგებული ადამიანი ვარ, არსად არ ვაგვიანებ, არსად არაფერი მრჩება… და წიკ-წიკ-წიკ… ჩამოვფრინდი.

- ისევ ხატავ?

- ახალი რაღაცები აღმოვაჩინე. ფერადი ქაღალდებისგან ვაკეთებ რაღაც-რაღაცებს, კიდევ ქართული ასოებისგან… ქართული ანბანის გამოფენაზე ვფიქრობ.

- აქ, თბილისში?

- თუ ვინმე დაინტერესდება და დამაფინანსებს, რა თქმა უნდა, აქ მირჩევნია.

რამდენიმე წლის წინ მის ცხოვრებაში კიდევ ერთი ამბავი მოხდა. მანანა მენაბდის სიმღერა გულგრილს არავის ტოვებს. ერთხელ, სოლო კონცერტზე, როცა, სხვა მუსიკოსებთან ერთად, ქართულ ტრადიციებზე დაყრდნობით პირველად ასრულებდა ჯაზს, მასთან მეტალო-ინვესტის გენერალური დირექტორი ნაზიმ ეფენდიევი მივიდა. ეს ადამიანი 200 კილომეტრით დაშორებული იყო მოსკოვიდან და მანქანაში შემთხვევით უსმენდა "ეხო მოსკვის", რომელიც მანანას შესრულებით ბულატ ოკუჯავას სიმღერას ატრიალებდა. მოისმინა და მის კონცერტზეც აღმოჩნდა. კონცერტის შემდეგ საგრიმიოროში შევიდა. მასთან მეგობრობის სურვილი გამოთქვა და უთხრა: "ძალიან მინდა, რაღაც გავაკეთო თქვენთვის". და ოფისში დაიბარა. მანანა შეხვედრაზე მივიდა სქელი წიგნით, რომელშიც ჩაწერილი ჰქონდა თავისი პროექტები. "ამოირჩიეთ, რომელი გაინტერესებთ," - პირდაპირ უთხრა მანანამ. "ეს არის უიშვიათესი ადამიანი, ძალიან განათლებული, კარგად იცის ლიტერატურა, ესმის მუსიკა." და მან მომღერალი დააფინანსა… სამუშაოდ არაჩვეულებრივი პირობები შეუქმნა. მისთვის შეიძინა კომპიუტერი, ახალი გიტარა. გაუშვა დასასვენებლად. დააფინანსა მისი სამი პროექტი…

- ხვალ კონცერტია. ღელავთ?

- ყოველთვის ვღელავ, როცა საქართველოში ჩამოვდივარ, როცა ქართველებს ვუმღერი. ქართველებს ანალიზისა და ბგერის შეგრძნების საოცარი უნარი აქვთ... საერთოდ, მაყურებელს ვერ მოატყუებ, მით უმეტეს, ქართველს. უნდა ვიმღერო ისეთი სიმღერა, რომელიც ახლოს არის ქართველ მსმენელთან. ამიტომ ავარჩიე ბებიების რეპერტუარიდან "ისევ შენ და ისევ შენ". თუმცა, ყოველთვის ვერიდებოდი საერთო კონცერტში მონაწილეობას.

- იტალიაში ტონინო გუერასთან როგორ მოხვდი?

- იტალიაში ორი თვის წინ ვიყავი. იქ ტონინოს დაჯილდოებაზე მოვხვდი. 30 წელია, ტონინოს და ლორას ვიცნობ. მათი რომანის დაწყებისა და ქორწინების მომსწრეც ვარ. მათ ძალიან უყვარდათ საქართველო და ხშირად ჩამოდიოდნენ აქ. თბილისშიც ვხვდებოდით ერთმანეთს. ტონინო მაშინ წერდა სცენარს ფილმისთვის "და მიცურავს გემი". როცა მოსმინა ჩემი ახლად დაწერილი "აი, რა", მოუნდა, სიმღერა ფელინისთვის წაეღო. სურდა, რომ ეს მუსიკა ფილმში ყოფილიყო. მაგრამ ცუდი რამ მოხდა… ახლა არ მინდა, შურსა და ცუდ რაღაცებზე ვილაპარაკო… ერთი სიტყვით, იდეა ვერ განხორციელდა.

- თქვენს მიმართ შური ხშირად გიგრძვნიათ?

- როგორ არა. საერთოდ, წასვლამ ბევრი რამ დამანახა. ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლა, მეორიდან - მესამეში თავისუფალს არ გაგხდის. თავისუფლება სხვა რამეა… ადამიანს თავისუფალს ხდის მხოლოდ აკრძალვა. ის კი არ უნდა გააკეთო, რაც გინდა. ის უნდა გააკეთო, რაც მას უნდა და იმ წამსვე თავისუფალი გახდები… ეს დიდი სიბრძნეა, რომელსაც ვერ მიხვდები, თუ ერთ ადგილზე ხარ. რაღაც უნდა დაკარგო, რომ იპოვო, ან შორს უნდა წახვიდე, რომ შენი თავი დაინახო. საკუთარ თავს კი ვერ გაექცევი… როდესაც წავედი და იქ სრულიად მარტო აღმოვჩნდი, ბევრი რამ მოხდა. ბევრი რამ დავინახე.

ისევ გუერას ამბავი გავაგრძელოთ… მოკლედ, სრულიად შემთხვევით, 30 წლის შემდეგ, მანანა ტონინო გუერას გამოფენაზე მოხვდა. ტონინო არ უნახავს, მანანა იქ სხვამ მიიწვია. თუმცა, იქვე დაპატიჟეს ტონინოს დაჯილდოებაზე. იკითხა: "როგორი საღამო იქნება?" უპასუხეს, რომ პირველი ნაწილის მერე პატარა კონცერტს აპირებდნენ. დაჯილდოების ცერემონიალზე მანანა მენაბდემ ორი სიმღერა შეასრულა.

ტონინო და ლორა პირველ რიგში ისხდნენ. როგორც კი მანანა სცენაზე გამოვიდა, ხმამაღლა დაიწყეს ყვირილი: "მანანა, ტი შტო, ს უმა საშლა? გდე ტი ბილა 30 ლეტ?"

"ტონინო დასახმარებლად მუდმივ მზადყოფნაშია. უნდა, რომ სულ რაღაც გაგიკეთოს". ძალიან დაკავებულია. წესად ჰქონია ხანმოკლე შეხვედრები - მხოლოდ 15 წუთით მიგიღებს. მანანა მენაბდეს ტონინო გუერამ საათ-ნახევარი დაუთმო. ბევრი ისაუბრეს. ტონინომ სურვილი გამოთქვა, რომ მანანა მას იტალიაში სწვეოდა. "მალე 90 წლის გავხდები. მინდა ჩამოხვიდე".

იტალიაში, ამ იუბილეზე, სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. ამ სტუმრებიდან მანანა მენაბდე იყო ერთადერთი, ვინც იუბილარმა თავისი ხარჯით მიიწვია. საოცარი შეხვედრები ჰქონდა. მენაბდის სიმღერის შემდეგ მასთან მივიდა ბენსონის ძმის შვილი, მეუღლესთან ერთად. იტალიელმა ქალბატონმა აღფრთოვანებით წამოიძახა: "არ შეიძლება თქვენი ხმა მსოფლიომ არ მოისმინოს". როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ბენსონის ძმის შვილს და მის მეუღლეს საფრანგეთსა და რომში თავიანთი საგამოფენო დარბაზები აქვთ. როდესაც მანანას ნამუშევრები ნახეს, "აიფონში" გამოფენის მოწყობა შესთავაზეს. ყველაზე დიდი საოცრება კი, რაც იქ მანანასთვის მოხდა, იყო ის, რომ მასთან მიქელანჯელო ანტონიონის მეუღლე - ერიკა მივიდა და უთხრა: "არ ვიცი, რა გითხრათ. სიტყვები არ მყოფნის. ის, რაც ჩემთვის სანუკვარი და საყვარელი ახლა თან მაქვს, ესაა ეგზემპლარი ფილმისა ჩემს ქმარზე, რომელიც თავად გადავიღე და ამას გაჩუქებთ." "ჩემს გარდა, ეს ფილმი არავის არა აქვს. ფანტასტიკური საჩუქარია," - ამბობს მანანა.

დღეს მისი ნამუშევრების კატალოგი დგება. მენაბდე პროფესიით რეჟისორია. (დამთავრებული აქვს თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი და "გიტისი".) დღეს ის საკუთარი შემოქმედების რეჟისორია.

- ოცი წლის წინანდელ ამბავს გიყვები. გიგა ლორთქიფანიძე რეკავს და მეუბნება: "ჩამოსული ვარ, სპექტაკლზე ვმუშაობ". ვიფიქრე, ალბათ სპექტაკლისთვის მუსიკა უნდა. მოულოდნელად მეუბნება: "მანანა, დაბრუნდი საქართველოში. გემუდარები, დაბრუნდი საქრთველოში. შენნაირი ადამიანები საქრთველოში უნდა იყვნენ". მაშინ ის მსახიობთა სახლის დირექტორი იყო. ჩემთან ჩამოდი და რეჟისორად იმუშავეო. ეს იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც უკან დამიძახა. დიდი მადლობა ნიკა მემანიშვილს, რომ გავახსენდი… ის ნამდვილი მუსიკოსია და იმიტომ. რაც შეეხება მის უწმინდესობას, სულ მეუბნება: მანანა, დაბრუნდი, შვილო, დაბრუნდი."

- მერე?

- დაბრუნებული არ ვარ? სადაც არ წავედი, ჩემი საქართველო ყველგან წავიღე…

- ეს ის გიტარაა, ნაზიმმა რომ გაჩუქა?

- ჰო. თავისით დადის და თავისით მღერის…

მენაბდე მღეროდა… და განვიცადე ის, რაც დიდი ხანია მაკლდა, ის, რაც მენატრებოდა. მინდა იგივე იგრძნონ სხვებმაც… ბევრმა, ყველამ…

მანანა, დაბრუნდი საქართველოში...