Wednesday, December 29, 2010


გ  ა  ნ  დ  ი
მაჰათმა “დიდი სული” ასე შეარქვა ინდოელმა ხალხმა თავის ეროვნულ- განმათავისუფლებელი ბრძოლის წინამძღოლსა და სულიერ მოძღვარს მოჰანდას კარამჩანდ განდის.ის მუდამ შეუჩერებლივი ძიების პროცესში იყო, მიისწრაფოდა სრულყოფისკენ, იგი ცხოვრობდა ასკეტურად და ღარიბი ხალხისადმი უსაძღვრო სიბრალული ამოძრავებდა. იგი გახლდათ ჰინდუს რელიგიის მიმდევარი და წინააღმდეგი იყო თვით მწერის მოკვლისაც, რადგან ის ყოველ ცოცხალ არსებაში ხედავდა სულს, მსგავსად ადამიანისა. მან დაარსა მოძრაობა “სატიაგრაჰა” /ჭეშმარიტების მიმდევარი/ რომლის ქმედებებიც მიმართული იყო ბრიტანეთის კოლუნიალური იმპერიის წინააღმდეგ. მისი კრედო იყო არაძალმომრეობრივი სულიერი სიმტკიცე და ეროვნული დაუმორჩილებლობა. იგი პიროვნებებში არ ეძებდა მტერს, არამედ უღრმავდებოდა საქმის არსს.
მაჰათმა განდი დაიბადა გუჯარატის შტატის ქალაქ პორბანდარში 1869 წლის 2 ოქტომბერს. მისი მშობლები არ იყვნენ ძალზედ განათლებულნი, მაგრამ გამოირჩეოდნენ უაღრესი სიპატიოსნით და რელიგიურობით. პატარაობისას, განდი გამოირჩეოდა კეთილი ხასიათითა და გონებამახვილობით. ერთხელ როდესაც მაჰათმა პატარა იყო, მისმა უფროსმა ძმამ ყური აუწია მას. მაჰათმამ დედას შესჩივლა. დედამ მიუგო – “მერე შენ რატომ არ მისცხე საპასუხოდ შენს ძმას?” პატარა განდიმ უპასუხა – “დედი, რატომ მეუბნები, რომ ვინმეს უნდა ვცემო? ხელი რატომ უნდა შემოვკრა ჩემს ძმას?”დედა არ მოელოდა პატარა ბიჭისგან ასეთ პასუხს და გაკვირვებული დარჩა. ცამეტი წლის ბიჭი დანიშნეს თავის მეზობელ გოგონაზე კასტურბაიზე, რომელიც შემდგომში მისი უერთგულის თანამებრძოლი გახდა.
ინდოეთში, მან მიიღო დაწყებითი განათლება, რის შემდეგაც შევიდა კერძო კოლეჯში,ხოლო 1888 წელს მუმბაის (ბომბეი) ნავსადგურიდან გაემგზავრა ინგლისში, უმაღლესი განათლების მისაღებად. იგი ირიცხება იურიდიული ფაკულტეტზე. ამ პერიოდში, მისი მოღვაწეობა გამოირჩევა აქტიურობით. იგი თანამშრომლობდა ჟურნალ “ვეგეტარიანელთან”,(თვითონ განდი ბავშვობიდან ვეგეტარიანელი იყო),ეცნობა ფილოსოფოსებს, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს.

1891 წელს იგი ბრუნდება ინდოეთში და ქალაქ რაჯკორში იწყებს ადვოკატად მუშაობას. ამ დროს, იგი შესანიშნავად ფლობს ინგლისურ, გუჯარატულ,ჰინდის,სანკრისტს,სპარსულს და ფრანგულ ენებს.
1893 წელს მაჰათმა განდი მიემგზავრება სამხრეთა აფრიკაში, ქალაქ იოჰანესბურგში, სადაც იწყება მისი მოღვაწეობა როგორც პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, მებრძოლი იქ მცხოვრები ინდოელთა უფლებების დასაცავად. 1896 წელს იგი ისევ ბრუნდება ინდოეთში, სადაც აქვეყნებს შრომებს თანამემამულეების მძიმე ცხოვრების შესახებ აფრიკაში. მისი მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა ბურების(ჰოლანდიური წარმოშობის სამხრეთ აფრიკელები) აჯანყების პერიოდში ბრიტანელების წინააღმდეგ. განდი, გარკვეული მოსაზრებებით ემხრობოდა ბრიტნელებს. 1902 წელს, ნატალის რეგიონში (სამხრეთ აფრიკა) გაიმართა ინდოელთა კონგრესი, რომელმაც სთხოვა განდის ჩასულიყო მათ ქვეყანაში და მხარი დაეჭირა მათთვის. იგი ისევ მიემგზავრება ქ.იოჰანესბურგში, სადაც ირჩევენ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის წევრად. ამ პერიოდში მისი თაოსნობით დაარსდა ჟურნალი “ინდური აზრი”. 1906 წელს ნატალის რეგიონში იწყება ზულუსთა აჯანყება ადგილობრივი მმართველობის წინააღმდეგ. სწორედ ამ დროს მიმართავს განდი პოლიტიკური ბრძოლის ახალ მეთოდს “სატიაგრაჰა”-ს რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. იგი აქტიურად მოღვაწეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. მისი ერთ-ერთი მეგობარი ყიდულობს მიწას,რომელსაც განდი არქმევს “ტოლსტოის ფერმას” (ტოლსტოისადმი უაღრესი პატივისცემის გამო), სადაც მოწეული მისავალი მთლიანად ხმარდება უმწეო მოსახლეობას. ასევე, ფერმის ტერიტორიაზე აშენებს სკოლას და სხვადასხვა საამქროებს. 1913 წელს ქალაქ ტრანსვაალში იგი ხელმძღვანელობს ინდოელ მუშათა პოლიტიკურ აქციას, რისთვისაც მას აპატიმრებენ მაგრამ მალევე უშვებენ თავისუფლებაზე. 1914 წელს მაჰათმა სამშობლოში ბრუნდება და აარსებს “სატიაგრაჰა აბრამს”, ორგანიზაციას სადაც იგი აწევრიანებს ყველა კასტის წარმომადგენლებს, მათ შორის “ჰარიჯანებსაც”, (უმდაბლესი კასტა).

1916 წელს, ბენარეთის ჰინდუთა უნივერსიტეტის დაარსების ცერემონიალზე, განდიმ წარმოთქვა პირველი მწვავე, კრიტიკული სიტყვა ბრიტანული მმართველობის წინააღმდეგ. 1919 წელს იგი მოგზაურობს მთელს ინდოეთში, სადაც პირისპირ წარსდგა ყველა პრობლემისა თუ გასაჭირის წინაშე.1920 წლიდან განდი სიცოცხლის ბოლომდე ინდოეთის ერვნული კონგრესის ლიდერი ხდება. ამავე წელს ქვეყნდება მისი ნაშრომი “ახალგაზრდა ინდოეთი”, სადაც მოუწოდებს ხალხს არ ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან და აყალიბებს მშვიდობიანი ბრძოლის ხერხებს.
1921 წელს იწყება დიდი გამოღვიძება ინდოელი ხალხის ეროვნული თვითგამორკვევისა, რასაც მმართველობისგან მოჰყვა მკაცრი რეპრესიები. განდი, მოუწოდებდა ინდოელებს ბოიკოტი გამოეცხადებინათ ინგლისელების მიერ დაწესებულ ყველა საზეიმო თარიღზე. ამავე წელს, იგი უერთდება ინდოეთის პოლიტიკურ მოძრაობას დევიზით “სვარაჯ” (ბრძოლა თვითმმათველობის დამკვიდრებისთვის). მას ისევ აპატიმრებენ და სვავენ ციხეში. იგი ციხეშიც აგრძელებს მუშაობას. წერს ნაშრომებს, ეუფლება მედიტაციას, სწავლობს ხელობას
(მას მიაჩნდა რომ, ადამიანმა თავი უნდა ირჩინოს მხოლოდ საკუთარი ფიზიკური შრომით). იგი გულისყურით ეკიდება “ჰარიჯანების” (უმდაბლესი კასტა) სოციალურ პრობლემებს და ჰინდუიზმისა და მუსულმანური რელიგიის მიმდევრებს შორის წარმოშობილ პრობლემებს. 1929 წელს იგი სრულიად ინდოეთის ეროვნული კონგრესის პრეზიდენტობის კანდიდატად ასახელებს ჯავაჰარლალ ნერუს. ამავე წელს, ინდოეთის მმართველობამ გაზარდა ყადაღა მარილის მოპოვებაზე, როდესაც იგი უმნიშვნელოვანეს პროდუქტს წარმოადგენდა ინდოელთათვის ტროპიკულ პირობებში. მაჰათმა განდიმ გაილაშქრა ამ კანონის წინააღმდეგ და წამოიწყო მოძრაობა “სოლტ სატიაგრაჰა” ( დაუმორჩილებლობა მარილის კანონს).

1930 წლის 2 მარტს განდი ვრცელ მემორანდუმს უგზავნის ლორდ ირვინს, ინგლისის მეფისნაცვალს ინდოეთში, სადაც ხაზგასმულია განდის სულისკვეთება და შეუპოვრობა. განდი აწყობს სამ კვირიანი საპროტესტო სვლას ინდოეთის სხვადასხვა კეთხეებში, რითაც მიიპყრო მსოფლიო საზოგადოებისა და პრესის ყურადღება. რეპრესიები გაძლიერდა. ეროვნული კონგრესი გამოაცხადეს არალეგალურად და ლიდერები დააპატიმრეს. დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდებობნენ, მაგრამ ისინი მოძალადეებს წინააღმდეგობას არ უწევდნენ და მიწაზე წვებოდნენ. განდის დაპატიმრებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია მსოფლიო საზოგადოებაში. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინტსონ ჩერჩილი მრავალ წერილს იღებდა განდის მხარდასაჭერი შინაარსით, რამაც აუძულა მთავრობა დათმობაზე წასულიყო და ციხიდან გამოეშვა დაპატიმრებული ლიდერები.

1931 წლის აგვისტოში, ლონდონში გაიმართა კონფერენცია, სადაც ინდოეთის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო. ინდოეთიდან მაჰათმა განდი გაემგზავრა მცირე დელეგაციით. განდი მიიღეს დიდი პატივით, თუმცა ჩერჩილმა უარი განაცხადა მასთან შეხვედრაზე. განდი მიიწვიეს ინგლისის მეფე-დედოფლის ვახშამზე, სადაც განდის ემოსა ქვედეწელზე შემოხვეული “დჰოტი” (ტრადიციული ინდური სამოსი). წვეულების დამთავრებისას ჟურნალისტმა ჰკითხა: --“თუ გიფიქრიათ რომ, უფრო უკეთ გცმოდათ მეფის წვეულებაზე?“ რაზედაც განდიმ მიუგო: --“რა საჭირო იყო მე რომ მცმოდა, როდესაც ორივეს სამყოფი თავად მეფე-დედოფალს ეცვა?!”. ინდოეთში ჩასვლიდან ცოტა ხანში იგი ისევ საპატიმროში აღმოჩნდა. მისი საპატიმროში ყოფნის დროს, ბრიტანეთის მთავრობამ გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც “ჰარიჯანების” (დაბალი კასტა) წარმომადგენლებს ცალკე უნდა მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა, რაც აშკარად მათი მოქალაქეობრივი უფლებების შელახვა იყო. ამიტომ, განდიმ 1932 წლის 20 მარტს სასიკვდილო შიმშილობა გამოაცხადა. ეს დღე განდის საპატივცემულოდ გამოცხადდა როგორც “წმინდა მარხვის” დღედ მთელს ინდოეთში. მან თვეზე მეტი იშიმშილა, რითაც პანიკაში ჩააგდო ინგლისის ადგილობრივი მმართველობა და შიშით შეპყრობილებმა რომ, განდი არ გარდაცვლილიყო საპატიმროში, გააუქმეს აღნიშნული კანონი.
1933-39 წლებში განდი უთმობს დიდ დროს თავისი ხალხის სოციალურ და სულიერ-ზნეობრივ საკითხებს. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას, ინდოეთის ეროვნულმა კონგრესმა მხარდაჭერა აღუთქვა ინგლისის მთავრობას გერმანიის წინააღმდეგ, ოღონდ სანაცვლოდ მოითხოვდნენ დამოუკიდებლობის სტატუსს. ამ წინადადებაზე ინგლისმა უარი განაცხადა. 1942 წელს განდი ეროვნულ კონგრესში შევიდა წინადადებით, რათა შექმნათ ინდოეთის დროებითი მთავრობა. ინგლისის მთავრობა ისევ აპატიმრებს განდის და სხვა ლიდერებს. მთელს ინდოეთში ვრცელდება მისი ლოზუნგი: “სიკვდილი ან სიცოცხლე”. 1943 წლის თებერვალში იგი კვლავ აცხადებს შიმშილობას რომელიც გასტანს რამოდენიმე კვირას და შესაძლებელი იყო იგი ტრაგიკულად დამთავრებულიყო, რომ არა მისი ცოლი კასტურბაი, რომელიც მის გვერდით იყო ყოველთვის და უმსუბუქებდა მას მძიმე ხვედრს. თუმცა, კასტურბაის დაეწყო გულის შეტევები და მიუხედავად განდის მცდელობისა გადაერჩინა იგი სიკვდილისგან, ვერაფერს გახდა და დაიღუპა მისი ყველაზე ერთგული მეგობარი და ცხოვრების თანამგზავრი, ხოლო განდი ხალხის დაჟინებული მოთხოვნით ისვე ციხის გარეთ აღმოჩნდა. 1945 წელს დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი, გარდაიცვალა ჩერჩილი, მისი ადგილი დაიკავა ეტლიმ, მრავლი ქვეყანა მხარს უჭერდა ინდოეთის დამოუკიდებლობას, მაგრამ ინდოეთის დროებით მთავრობაში განხეთქილება მოხდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჰინდუიზმისა და მუსულმანური რელიგიის მიმდევრები. ინდოეთი მოიცვა სისხლისმღვრელმა შეტაკებებმა. სამწუხაროდ, განდი რომელიც მუდამ ქადაგებდა მშვიდობიან თანაარსებობას, უძლური აღმოჩნდა გაეჩერებინა სისხლისღვრა.
1947 წლის 3 ივნისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ეტლიმ, დაამტკიცა ინდოეთის გაყოფის გეგმა ორ სახელმწიფოდ: პაკისტანად-მუსულმანური ინდოელთათვის და ინდოეთად. ამავე წლის 15 აგვისტოს ინდოეთი გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. კონფლიქტი უფრო გაღვივდა ძმებს შორის. მუსულმანი ინდოელები დაიძრნენ ინდოეთიდან პაკისტანისკენ, ხოლო ჰინდიუს რელიგიის მიმდევრები პირიქით, პაკისტანიდან ინდოეთისაკენ. მაჰათმა განდი აღქმული იქნა, როგორც მოღალატედ ჰინდუ-ექსტრემისტების თვალში. 1948 წლის 13 იანვარს განდიმ გადაწყვიტა სასჯელი საკუთარ თავზე აეღო და ისევ გამოაცხადა შიმშილობა, იმ იმედით რომ ფანატიკოსი ინდოელები მაინც მოეგებოდნენ გონს. ხალხი აღელდა და სევდამ მოიცვა რადგან, მოხუცი განდისთვის ეს შეიძლება საბედისწერო ქმედება ყოფილიყო.18 იანვარს ინდოეთის მშვიდობის კომიტეტმა ხელი მოაწერა საგანგებო პაქტს, რომელიც ითვალისწინებდა ინდოეთში დარჩენილი უმცირესობების, მათ შორის-მუსლიმანთა სიცოცხლის, სარწმუნოების და პირადა ქონების დაცვის გარანტიებს. ამ ფაქტის შემდგომ, განდიმ შეწყვიტა შიმშილობა, მაგრამ მას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა. 30 იანვარს, როდესაც მაჰათმა განდი თავის ორ შვილიშვილთან ერთად ტაძრისკენ მიემართებოდა, მასთან ახალგაზრდა ჰინდუ მიიჭრა. იგი ჩაიჩოქა განდის წინაშე, თითქოს კურთხევას სთხოვსო, მაგრამ მის ხელში იელვა რევოლვერმა და სამჯერ დაახალა მოხუც განდის. იგი ადგილზევე გარდაიცვალა.

Monday, December 13, 2010


თეონა კონტრიძე

თეონამ ქართული სცენა და მასთან ერთად მშობლიური მუსიკალური სამყარო რვა წლის წინათ მიატოვა. ჩვიდმეტი წლის გოგონას ჩრდილოეთის გზაზე ამბიცია, პროტესტი, განგებისა და საკუთარი თავის იმედი ამოძრავებდა. მოსკოვში მან ის დიდი სტადიონი იპოვა, რომელზეც საქართველოში ვერც კი იოცნებებდა. დანარჩენი თეონას აქაც ჰქონდა: ნიჭი და თავდაუზოგავი შრომის სურვილი, რაც სამწუხაროდ, აქ შეუმჩნეველი დარჩა. სამაგიეროდ, ხუთწლიანმა მუშაობამ სასურველი შედეგი გამოიღო მოსკოვში. სამი წლის წინათ თეონა კონტრიძე მოსკოვის ყველაზე პოპულარული მიუზიკლის, მეტროს ერთ-ერთ წამყვან სოლისტად აიყვანეს. სადღეისოდ მას აქვს სტაბილური სამსახური, კონკრეტული სტატუსი (რუსეთში პირველი მიუზიკლის ერთ-ერთი წამყვანი პერსონა) და თვითგანვითარებისთვის საჭირო ატმოსფერო. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, თეონასთვის არ არის სულ ერთი საქართველოში მიმდინარე მუსიკალური თუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენები. ამიტომაც იგი პერიოდულად ჩამოდის სამშობლოში და ყველაფერს ყურადღებით აკვირდება. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტისას თეონა ჩვენც გამოვიჭირეთ.

თეონა კონტრიძე მოსკოვში საკმაოდ ცნობილი მომღერალია. პოპულარობა კი მოუტანა მიუზიკლმა მეტრო, სადაც იგი ერთ-ერთი წამყვანი სოლისტია (სადაც შესარჩევი ტურების წყალობით მოხვდა). მოსკოვის მუსიკალურ სცენაზე მისი ხუთწლიანი პრაქტიკული მოღვაწეობის საფუძველი კი, თბილისში დამთავრებული ნიჭიერთა ათწლედი (ფორტეპიანოს განხრით) და მოსკოვში გნესინების საესტრადო-ჯაზური ფაკულტეტი (ოთხწლიანი კურსი ორ წელიწადში დაამთავრა) იყო.

ისევე, როგორც ყოველთვის, თეონას შემთხვევაშიც წარმატებები დაუღალავი შრომის შედეგია. 17 წლის ამბიციებითა და საკუთარი ნიჭის საქვეყნოდ დამტკიცების სურვილით შეპყრობილი გოგონა მოსკოვში ნათესავის მეგობრის ოჯახში ცხოვრობდა და ზამთრის კონსერვებს ამზადებდა. გაცილებით რთული იყო პირველი ნაბიჯები რუსულ სცენაზე: ჯერ ქართული მენტალიტეტი, არაპუნქტუალობა მიშლიდა ხელს, ყველა შეხვედრაზე ვაგვიანებდი, მქონდა ძალიან მაქსიმალისტური ტექსტები, რაც ბევრს აღიზანებდა; არც წონა მიწყობდა ხელს იმისთვის, რომ პოპ-ინდუსტრიაში საერთოდ, რაიმე ადგილი მქონოდა. 68-72 კგ. ვიწონიდი და არ მესმოდა, რატომ მელაპარაკებოდნენ გახდომაზე, რა მნიშვნელობა ჰქონდა, სქელი ხარ თუ თხელი – თურმე აქვს მნიშვნელობა. 30 დოლარად ვმღეროდი რესტორანში, იქიდან კი, 10 დოლარი უკანა გზაზე მეხარჯებოდა. ვიჯექი ტაქსში, 20 დოლარიან კუპიურას ვუყურებდი და დავტიროდი: როგორ შეიძლება 20 დოლარისთვის ოთხი საათი იმღერო გაუჩერებლად. მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. 17 წლის კონტრიძეს გადაწყვეტილი ჰქონდა, სხვების შეუწუხებლად გადაელახა დაბრკოლებები. მითუმეტეს, იცოდა, დახმარებას აღარ სთხოვდა სოსო პავლიაშვილს. ყველა ადამიანს საკუთარი გზა აქვს. მე იმ დროს მამოძრავებდა ინტუიცია, რომ სოსო მეორედ აღარ შემეწუხებინა (თბილისის დიდ სცენებზე თეონა პავლიაშვილის Just Do It მღეროდა). მან იმხელა საქმე გამიკეთა კომპოზიციის ჩუქებით, რომ ჩავთვალე, ჩემს გზაზე სოსოს თავისი მისია შესრულებული ჰქონდა. არ მინდოდა, ვინმეს წიგნით მეცხოვრა და ვინმეს სისტემა გამეზიარებინა. მინდოდა, ჩემი გზა გამეკვალა.

შოუ-ბიზნესში განა იმიტომ არ ვმოღვაწეობ, რომ მე იქ არ მიშვებენ. უბრალოდ, შოუ-ბიზნესი რუსეთში საერთოდ არ არსებობს, ახლა ყალიბდება, – ახალგაზრდა მომღერალს კიდევ უფრო უძნელდება შოუ-ბიზნესი დაარქვას პოპულარული ქართული მუსიკის საზღვრებში მიმდინარე ცხოვრებას და მიაჩნია, რომ შოუ-ბიზნესი მხოლოდ დიდი ქვეყნების პრეროგატივაა. შოუ-ბიზნესი ესაა სხვადასხვა ხალხზე გათვლილი კულტურა, სადაც უნდა იყოს რამდენიმე ფორმატი: პოპ-მუსიკა, არტ-როკი, ტრეშ-მეტალი, ჰიპ-ჰოპი, სოული და ა.შ. პატარა ქვეყნებში არასდროს არ არის იმდენი მსმენელი, რომ მთელი ეს სპექტრი წარმოდგენილი იყოს. ენა არ მიტრიალდება შოუ-ბიზნესი დავარქვა იმას, რაც საქართველოში ხდება. არც მაღიზიანებს ეს ყველაფერი და არც აგრესიას იწვევს, შესაძლოა მომწონდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ჩემი მეგობრები არიან და მათაც კომპრომისზე წასვლა უწევთ. პრინციპში საქართველოში არის ერთადერთი ფორმატი – სუფრა. როდესაც ვისმენ აქაურ მუსიკას, ვხვდები, რომ ეს არის აბსოლუტურად სუფრული მელოდიები, რაც ყოველთვის ჟღერდა კიდეც საქართველოში.

თავად თეონა ამჟამად ექსპერიმენტული მუსიკით არის დაინტერესებული. ტრეშ-მეტალის გარდა არ არსებობს ჟანრი, რომელიც არ შეესრულებინოს. მაგრამ ეს არ ყოფილა კომერციული ინტერესების გამო. თეონა უდიდეს მიღწევად საკუთარი პრინციპებისადმი ერთგულებას მიიჩნევს, თუმცა მაინც ჰგონია, რომ გაუმართლა. მანამდე კი, ვიდრე მოიფიქრებს, რა ფორმით შეძლებს სცენაზე ელექტრონული მუსიკის გატანას, იგი მორიგ მიუზიკლში ითამაშებს. თეონა კონტრიძე მოსკოვში კვირას დაბრუნდება და შემოდგომამდე ძალებს მოიკრებს; ოქტომბრიდან კი, მეტროს ბაზაზე შექმნილ ახალ მიუზიკლში, რომეო და ჯულიეტა. მიიღებს მონაწილეობას.


                                                     

Sunday, December 12, 2010


ეთერ ჭკადუა

ამ მხატვარზე არაერთხელ დაგვიწერია. ამერიკაში მოღვაწეობს და პერიოდულად გამოფენების მოსაწყობად სამშობლოშიც ჩამოდის. ეთერ ჭკადუა ერთი თვეა აქ არის. თოჯინების მუზეუმის გალერეაში ახალი ნამუშევრები უნდა გამოფინოს. ორ ნახატზე მუშაობას ახლა ასრულებს. ერთს „მყვინთავი“ ჰქვია, მეორეს - „თამადა“. ნახატების გმირები ისევ მას ჰგვანან, მუქი, მეტყველი თვალებით და ძალიან გრძელი თმით. ყველა ტილოში ეთერს იპოვით, ოღონდ სხვადასხვანაირად ემოციურსა და ინსპირირებულს.

„მყვინთავი“ და „თამადა“

„მართალია, „მყვინთავს“ ჩემნაირი თვალები აქვს. ამ ნახატის ერთ ესკიზში მყვინთავის უკან, ჰორიზონტზე, აფეთქებული გემი, „მისტრალი“ ჩანს. ააფეთქებს და გამოცურავს. მოკლედ, ეს მყვინთავი ტერორისტია და თემატიკას ანეკდოტის დონეზე მივუდექი. ჩემი ნახატები ხუმრობიდან მოდის. მერე ვიზუალურად სერიოზული გამოდის. ხუმრობაც ასე არ არის? მასში ჭეშმარიტება იმალება. მეორე ნახატი ჩემი ერთი სურათის, „თამადის“ გაგრძელებაა. „თამადა“ ჩემი მამიდაშვილის, მალხაზ გირგვლიანის ხსოვნას მივუძღვენი, რადგან ის მაშინ მოყვა ავარიაში, როდესაც ამ ნახატზე ვმუშაობდი. სვანური დღესასწაულიდან ბრუნდებოდა და მთვრალებს ავარია მოუვიდათ. რვა ადამიანი ერთდროულად დაიღუპა. ჩვენთან ქეიფი და სმა თვითმკვლელობის ტოლფასია. ნახატში ამას გავუსვი ხაზი და იარაღიც ამიტომ დევს მაგიდაზე. იარაღი მესამედ გამოვიყენე. „თამადა“ კანადელმა კოლექციონერმა შეიძინა. სწორედ მან შემიკვეთა ზუსტად იგივე ნახატის შესრულება. ორი თვე ჩანახატებს ვაკეთებდი, რომ პირველისგან გასხვავებული ყოფილიყო. ზუსტად მიმსგავსებულის დახატვა ჩემთვის სამუშაოდ უინტერესო იქნებოდა. მოკლედ, ეს ნახატიც გაყიდულია.“

დეკემბერში ნიუ-იორკში ჩაიტანს, კოლექციონერს ჩააბარებს და მერე გეზს იამაიკისკენ აიღებს.

დილერები

ეთერს ორი დილერი ჰყავს, იტალიელი და კანადელი. მათ ნახატების კოლექციონერებამდე მიტანა და გაყიდვა ევალებათ. მხატვრის გაყიდული ნახატიდან 50 პროცენტს იღებენ. ფასი ნახატის ზომაზეა დამოკიდებული. „თამადაში“ მხატვარი 35 ათას დოლარს აიღებს, ერთი იმდენს კი დილერი.



იტალიელ ცნობილ დილერს, ჯანეცო სპერონეს, ეთერ ჭკადუას 40 ნახატი აქვს შეგროვილი. მათ ჯერ არ ყიდის, ინახავს. ეს ათი წლის ნამუშევარია. „მან ჩემში ინვესტიცია ჩადო. ჯანეცოს გემოვნების დამმკვიდრებლად თვლიან. მეუბნება, შენგან მითი უნდა გავაკეთოო. კოლექციონერი აგვისტოში უარით გაისტუმრა. ნახატები უნდა გაძვირდეს, დროს ელოდება. გავრცელებული ხმები, ჯანეცო ჭკადუას ნახატებს არ ყიდისო, კოლექციონერებს ინტერესს უღვივებს. მას უნდა ბევრი ფული გააკეთოს. ნახატმაც თავისი თავი უნდა დაიმკვიდროს. რა ვიცი, მე შეიძლება ვერც მოვესწრო ამ დროს. ახლა ამერიკაში იმ თანხით ვმოღვაწეობ, რაც წინასწარ, ათი წლის წინათ გადამიხადა. სახელოსნოს დასაქირავებლად და საარსებოდ საკმარისია. ახლა ვკითხულობ წიგნს „თამაში“, დილერებზეა. ცნობილი დილერების ინტერვიუებია და მათზე ბევრი რამ ახლა გავიგე. ბოლო ორი წელია ჩემი მეგობრები ყიდულობენ ჩემს ნახატებს. ამ ხნის განმავლობაში სულ სამი ნახატი დავხატე. ამერიკაში ორ წელიწადში სამი გაყიდული ნახატით ცხოვრება ძალიან რთულია.

დრო და საშულება რომ მქონდეს, ინსტალაციებს გავაკეთებდი. ადგილს რომ შევხედავ, მაშინვე მოვუფიქრებ ხოლმე ინსტალაციას. ტანსაცმლის დიზაინს ვიგონებ. ხშირად გამოფენების გახსნებზე ჩემი ტანსაცმელი მაცვია. ამასაც დრო უნდა. სახლის დიზაინზეც ვფიქრობ.“

იამაიკა, გეტოელები და „პასა-პასა“

ზამთარს იამაიკაზე თბილად ატარებს. იქ სახელოსნოს და ბინას ქირაობს, ბევრი მეგობარი ჰყავს და კუნძულის ერთი ქალაქიდან მეორეში მანქანით მოგზაურობს.

„შეძლებული იამაიკელები ვილების უზარმაზარ ეზოებში, ღია ცის ქვეშ, ან სანაპიროზე აწყობენ ფართებს, სადაც ხალხი ძალიან გამოპრანჭული მიდის. მუსიკაა ჩართული და საღამო ცეკვით მთავრდება. გეტოს წვეულება საინტერესო და განსხვავებულია. ახალგაზრდა გეტოელები ძალიან შემოქმედები, გაბედულები, მოდურები არიან. მსუქანს თუ გამხდარს, მოდა ძალიან უყვარს. პოზიტიურები არიან. ცეკვა და სიმღერა უყვართ. ეროტიკულად და ლამაზად ცეკვავენ. კინგსტონში ოთხშაბათობით ფართი „პასა-პასა“ იმართება, რომელიც იქაური დონების კონტროლის ქვეშ ტარდება. ცნობილი დიჯეები უკრავენ. ჩემი მეგობრები ძველ რეგის უსმენენ, ახალი დანსჰოლის მოსასმენად იქ არ დადიან. დანსჰოლის ერთი ვარსკვლავი ჩემი სახლის წინ ცხოვრობს.“

„ძალიან ლამაზი ადამიანია...“

ეთერს პირადი ცხოვრებაც საინტერესო აქვს. გვერდით მეგობარი მამაკაცი ყოველთვის ჰყავს. ამაზე ღიად საუბარს არ ერიდება. მართალია ამჯერად რჩეულის ვინაობა არ გაამხილა, თუმცა მასზე ისედაც საინტერესოდ გვესაუბრა. „ძალიან სულიერი და ლამაზი ადამიანია. ეს არ არის სერიოზული ურთიერთობა და ჩემს მომავალში მას ვერ ვხედავ. თუმცა მასთან კარგად ვარ. გარეგნულად ძალიან ლამაზია, ეს მჭირდება. ძალიან წყნარი, ემოციური და შინაგანად სუფთა ადამიანია. სადილს კარგად ამზადებს. იამაიკაზე მამაკაცები გემრიელ საკვებს ამზადებენ. იმდენად ფრთხილად უდგებიან საკვების თემას, რომ წვეულებებზე ზოგჯერ სხვის მომზადებულ კერძებს არ ჭამენ. მე ბოსტნეულს უმად ვჭამ, თან ვეგეტარიანელი ვარ და ჩემს მეგობარს ბევრი მზადება არ სჭირდება. მოხარშულს მხოლოდ ლობიოს და ბრინჯს გეახლებით. მარილს და შაქარს საერთოდ არ ვიღებ. შემწვარს თითქმის არ ვჭამ. ის ალკოჰოლს არ სვამს, სიგარეტს არ ეწევა.

- მასთან ურთიერთობას სერიოზულად რატომ არ უყურებთ?

- ჩემზე ბევრად უმცროსია. რომ გითხრათ მიყვარს-მეთქი, მოგატყუებთ. ვერ წარმომიდგენია მასთან სამომავლო ურთიერთობა. თვითონ მეუბნება, რომ ვუყვარვარ, მაგრამ ვერ ვიღებ. რამდენჯერმე უნდოდა ჩემთვის დედამისი გაეცნო, მაგრამ მე არ ვისურვე. პატარა კუნძულია და ყველა ყველას იცნობს.

- ანუ იქაც მალავენ პირად ცხოვრებას?

- კუნძული თბილისზე პატარაა. ყველგან ჭორაობს ხალხი. გაზეთებიც წერენ.

- მახსოვს, ერთი წლის წინ, ჩვენი წინა ინტერვიუს დროს სხვა იამაიკელი მეგობარი მამაკაცი გყავდათ. ანუ, პირადი ცხოვრებისთვის მუდმივად გცალიათ.

- ჩემთვის მთავარია ვიმუშაო, დრო მქონდეს. მერე ჩემს სამუშაოს ვურგებ ურთიერთობებს. გათხოვება არ მაინტერესებს. რა რაოდენობითაც მინდა ურთიერთობა, მაქვს კიდეც. ეს ჩემი თავისუფლებაა.

- რამდენჯერ გიყვარდათ?

- 21 წლის ასაკიდან სამჯერ ძლიერად მიყვარდა. ისინი ახლაც მიყვარს. ახლა შეყვარებული არა ვარ, რადგანაც მომთაბარე ცხოვრებას ვეწევი, აქეთ-იქით ვმოგზაურობ. რომ ვიცი, უნდა გავიქცე, სიყვარულს არ ვეძებ. ახლა ნახატის დასრულება მინდა.
























Saturday, November 27, 2010


ჩ ე გ ე ვ ა რ ა

ჩემს ძარღვებში ირლანდიელი მეამბოხეების, ესპანელი დამპყრობლების და არგენტინელი პატრიოტების სისხლი ჩქეფსჩე გევარა.

 

ერნესტო გევარა ლინჩი 1928 წლის 14 ივლისს მოევლინა ქვეყნიერებას

დონ ერნესტო გევარა ლინჩისა და ვენესუელური წარმოშობის_ხულია დე ლა სერნას

ოჯახში არგენტინის ქალაქ როსარიოში.

,,ტეტე,, როგორც მას ბავშვობაში ეძახდნენ უაღრესად ნიჭიერი და ამავე დროს უცნაური ბავშვი იყო.

იყო უსაზღვროდ გულწრფელი და სიგიჟემდე უყვარდა სპორტი, მაგრამ მისი ფანატიკური გატაცება

ველოსიპედი იყო.მოგვიანებით ის მეგობართან ერთად მოპედით შემოივლის მთელ მსოფლიოს.

მას ბავშვობიდანვე დაყვა ასთმა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე ტანჯავდა, თუმცა არასოდეს მალავდა ამას.

კარგ მოსწავლედ არასოდეს ითვლებოდა ,,ტეტე,, მაგრამ ავადმყოფობის გამო ხშირად უწევდა გაცდენა.

1941 წელს სწავლა განაგრძო კორდოვაში დეან-ფუნისის სახელობის სახელწიფო კოლეჯში.

ოთხი წლის შემდეგ მან დაამთავრა კოლეჯი და ადგოლობრივი ვი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე

მოეწყო.

სწორედ ამ პერიოდში შეარქვეს მას მეგობრებმა ,,ჩე,, რომელიც სამხრეთ ამერიკულ გრამატიკულ თავსართს წარმოადგენს, რომელიც აღტაცებას, გაოცებას და რიგ შემთხვევებში დათანხმებას აღნიშნავს.სწორედ ამ სიტყვის ხშირად ხმარებისთვის შეერქვა მას ეს მეტსახელი, რომელიც მთელი ცხოვრება თან გაყვა და დღესაც ასე იცნობს მთელი მსოფლიო.

1951 წელს ჩე იწყებს მოგზაურობას ლათინური ამერიკის ქვეყნებში, სწორედ ამ დროს ჩამოუყალიბდა სურვილი დახმარებოდა ხალხს იმპერიალისტების წინააღმდეგ ბრძოლაში.

მისი პირველი რევოლუციური ნათლობა 1954 წელს მოხდა გვატემალაში. 1956 წელს ჩემ გაიცნო შემდგომში მისი ერთგული მეგობარი და თანამოაზრე ფიდელ კასტრო, რომელიც ასევე გატაცებული იყო რევოლუციური იდეებით. იმავე წელს თანამოაზრეებთან ერთად იწყებენ პარტიზანულ ბრძოლას ბრძოლას ბოლივიაში_სიერა მაესტრეს მთებში ბოლივიის დიქტატორის ბატისტას წინააღმდეგ.

მის დაჯგუფებას ხალხმა ,,წვეროსნები,, უწოდა, ისინი მოსახლეობაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდნენ. მათ 1959 წელს ჰავანაშიც მოახდინეს გადატრიალება.

1959 წელს ჩე უდიდესი დამსახურების გამო კუბის ეროვნული ბანკის დირექტორად ინიშნება, სადაც ორი წელი მუშაობს ხოლო 1961 წელს მრეწველობის მინისტრად გადაყავთ.

ჩეს ხუთი შვილი ყავდა, პირველი ცოლისგან ერთი, დანარჩენები მეორისგან.

პირველი ცოლი_პერუელი ჰილდა გადაე 1953 წელს გვატემალაში მოგზაურობისას გაიცნო, ისიც მეუღლის მსგავსად რევოლუციონერი იყო. მეორე ცოლი ალეიდა მარჩი კი კუბელი რევოლუციონერი გახლდათ, ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ, თუმცა ჩე ძალიან იშვიათად ჩნდებოდა სახლში, ის არცერთი შვილის დაბადებას არ დასწრებია.

მისი შვილი ალეიდა, რომელიც დღეს ცნობილი პედიატრია, იხსენებს როგორ მოდიოდა მათთან სახლში უცხო მამაკაცი, როგორ მოჰქონდა ბავშვებისთვის კანფეტები და როგორ ეფერებოდა მათ. ჩეს ეშინოდა შვილებს არ ეცნოთ და მისი და ფიდელის ადგილსამყოფელი არ გაეცათ. კუბიდან წასვლის შემდეგ აღარც უნახავს ისინი

1965 წელს დაირხა ხმები ჩეს სიკვდილთან დაკავშირებით, ის გაუჩინარდა, მის სახელს დომენიკის რესპუბლიკაში მომხდარ არეულობებს უკავშირებდნენ, როგორც შემდგომ გაირკვა ეს უცნაური გაუჩინარება ახალი, უდიდესი რევოლუციური ბრძოლისთვის მზადება იყო. 1965 წლის სექტემბერში მაიორმა ჩე გევარამ კუბა დატოვა.

ისევ ბოლივია, ისევ სიერა მაესტრეს კლდეებიეს მისი საბედისწერო ადგილი აღმოჩნდა. აქ შეეწირა მაიორი ბრძოლას იმპერიალისტი დამპყრობლების წინააღმდეგ.


შეუდრეკელი და შეუდარებელი იყო მისი სიცოცხლის უკანასკნელი წუთები, როცა დაჭრილი, ფეხებმოწყვეტილი თავის ორ ერთგულ მეგობართან ერთად დაატყვევეს და სოფლის სკოლის ერთ-ერთ საკლასო ოთახში ჩაკეტეს. მან არავისთან ისურვა ლაპარაკი, მხოლოდ სკოლის მასწავლებელ ახალგაზრდა ქალს გაუღიმა და დაფაზე შემორჩენილ ორთოგრაფიულ შეცდომაზე მიუთითა და ესაუბრა ახალგაზრდობის განვითარების უდიდეს მნიშვნელობაზე.

ჯერ მისი მეგობარი მოკლეს, სანამ ავტომატის ხმა გაისმებოდა მან მოასწრო სიკვდილის წინ ხმამაღლა დაეყვირა: ,, ვამაყობ რომ ჩესთან ერთად ვკვდები…,,

ამერიკელი რეინჯერი შეეცადა მის დაკითხვას, მაგრამ მაიორი სდუმდა.

__ რაზე ფიქრობთ? _ კითხა ჩეს.

__ ვფიქრობ რევულუციის უკვდავებაზე, მესროლე შვილო ნუ გეშინია…_ გაამხნევა ჯარისკაცი, თუმცა ახალგაზრდა აკანკალებულმა ოფიცერმა ვერ გაბედა სროლა.

ამ დროს ოთახში შემოვარდა ამერიკელი უმცროსი ლეიტენანტი მარიო ტერანი და რამდენიმე გასროლით მაიორი ერნესტო ჩე გევარა სიცოცხლეს გამოასალმა.

 

ჩეს სიკვდილის შემდეგ ფარდა აეხადა საშინელ საიდუმლოს: მისი ვერაგული მკვლელობის შემდეგ ამერიკელმა აგენტებმა აიღეს მისი სახის ნიღაბი, მიცვალებულს მოკვეთეს ხელის მტევნები, სხეული კი სადღაც გადამალეს.

ხელები და ნიღაბი მათ სჭირდებოდათ როგოეც ნივთმტკიცება, რომ მაიორი მართლა მოკლული იყო, ეშინოდათ რომ ხალხი არ დაიჯერებდა ლეგანდარული რევოლუციონერის სიკვდილს.

1970 წელს ფიდელ კასტრომ ერთ-ერთი მიტინგის დროს კუბელ ხალხს აუწყა ჩეს ხელების მოკვეთის ამბავი:

ჩვენი ერის ტრადიციები ცნობილია, იგი ასაფლავებს თავის შვილებს, მაგრამ მე გეკითხებით თქვენ: რა ვუყოთ ჩეს ხელებს? ესაა ერთადერთი რამ რაც ჩვენ ჩე გევარასგან დაგვრჩა, შევძლებთ კი ოდესმე ვიპოვოთ მისი სხეული? მაგრამ ჩვენ გვაქვს მისი ხელები, რომლებიც კარგადაა შენახული, ამიტომაც მინდა ხალხს შევეკითხო_ რა ვუყოთ ჩეს ხელებს?

__ შევინახოოოოოთ, შევინახოოოოოთ_შეაზანზარა ქალაქი მილიონი ადამიანის შეძახილმა.

რევოლუციურმა კუბამ შეინახა ჩეს ხელები


Thursday, October 14, 2010


ოსკარ უაილდის ტკივილი

ოლდ ბეილი”, ლონდონის მთავარი სასამართლო არასოდეს ყოფილა მოწმე ასეთი მძაფრი სასამართლო პროცესებისა, რომელმაც 1895 წელს მთელი ინგლისის, მეტწილად კი ლიტერატურული წრეების ყურადღება მიიპყრო. მაღალ წრეებში ცნობილი პიროვნების სახელთან დაკავშირებული სკანდალი, სექსუალური ლტოლვა, ბრძნული დიალოგები, პოლიტიკური ინტრიგები, მოვლენათა მოულოდნელი სვლა და ხელოვნებისა და მორალის მნიშვნელოვანი საკითხებინუთუ გასაოცარია, რომ ოსკარ უაილდის სასამართლო პროცესები მსოფლიოს ამ უდიდესი მწერლისა და სცენარისტის სიკვდილიდან ასი წლის შემდეგაც ასე ხიბლავს და ანცვიფრებს ადამიანებს?

ის მოვლენები კი, რამაც ოსკარ უაილდი ოლდ ბეილის დარბაზში მოიყვანა, ოთხი წლით ადრე, 1891 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც ოცდათვრამეტი წლის უაილდი ერთ-ერთ წვეულებაზე ახალგაზრდა ნიჭიერ პოეტს, ოცდაორი წლის ლორდ ალფრედ დუგლასს (“ბოსი”) შეხვდა. ისინი საოცრად დაახლოვდნენ. უაილდი იმ დროისათვის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ფიგურა იყო და დუგლასს ძალიან სიამოვნებდა პოეტის მიერ მისადმი გამოხატული ასეთი ინტერესი და მასმსოფლიოში ყველაზე რაინდულ მეგობარსუწოდებდა. უაილდი დუგლასის ინტელექტით არ მოხიბლულა მხოლოდ, მას ძალიან აღელვებდა ახალგაზრდა ყმაწვილის ადონისებრი სილამაზე და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, არ ფარავდა გრძნობას. მოგვიანებით დუგლასი იტყვისიგი გამუდმებით მიწვევდა ლანჩსა და სადილზე, მიგზავნიდა წერილებს და ათასგვარ შეტყობინებებს”. ოსკარ უაილდი არასოდეს იშურებდა საჩუქრებს ალფრედისთვის; მან დუგლასს სონეტებიც მიუძღვნა. ისინი ერთმანეთის სახლსა თუ სასტუმროში ხშირად რჩებოდნენ და სამოგზაუროდაც არაერთხელ ყოფილან ერთად. სიგიჟემდე შეყვარებული ირლანდიელი არაფერს იშურებდა ადამიანისთავის, რომელსაც ასე აღმერთებდა. ხელგაშლილი უაილდი მფლანგველიც გახდა, ბოლო არ უჩანდა დუგლასისთვის ბოძებულ საჩუქრებს, საუკეთესო რესტორნებში საგულდაგულოდ მოწყობილ სადილებს, წვეულებებსუაილდის ხარჯზე ცხოვრება ეგოისტი და კაპრიზი დუგლასის ცხოვრების წესი გახდა.

ერთხელ, როდესაც ზღვისპირეთში ისვენებდნენ, “ბოსიგაცივდა და გრიპი შეეყარა. დამწურხებული უაილდი ერთი წუთითაც არ მოსცილებია ავადმყოფს, საუკეთესო ექიმები დაახვია თავს, და სანამ დუგლასი კვლავ ფეხზე არ წამოდგა, მისთვის არც თეატრი არსებობდა და არც სხვა მეგობრები. “გემსახურებოდი არამარტო ტროპიკული ხილით, ყვავილებით, საჩუქრებით, წიგნებითა და იმ ყველაფრით, რაც შეიძლება ფულით იყიდო, არამედ სიყვარულით, სინაზითა და ყველა იმ გრძნობით, რასაც ვერასოდეს იყიდი ფულით” (De profundis) დაქანცულ უაილდს ბოსისგან იგივე დაავადება გადაედო, დუგლასი მის სასთუმალთან ნახევარი დღეც არ გაჩერებულა, ყურადღებასა და გასართობს მოკლებული ლონდონში დაბრუნდა, უაილდს კი ბარათი დაუტოვა: “შენ საიტერესო არ ხარ თუ აქტიური ცხოვრებით არ ცხოვრობ; აწი, როდესაც ავად გახდები, მაშინვე დაგტოვებ”.
ოსკარ უაილდისა და ალფრედ დუგლასის ურთიერთობაში პირველი სერიოზული უსიამოვნება მოხდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ოქსფორდის სტუდენტმა, დუგლასმა უმუშევარ და ღარიბ მეგობარ ვუდს თავისი ძველი პიჯაკი აჩუქა, რომლის ჯიბეშიც ვუდსმა უაილდის მიერ ახალგაზრდა დუგლასისადმი მიწერილი წერილები იპოვა. ვუდმა უაილდს 35 ფუნტი გამოსძალა ყველაზე მაკომპრომეტირებელი წერილების სანაცვლოდ, მათ შეეძლოთ მწერლისათვის სახელის გატეხვა და უზარმაზარი სირცხვილის მოტანა. მოგვიანებით უაილდმა განაცხადა რომ მან თანხა ვუდს ამერიკაში გასამგზავრებლად და ახალი ცხოვრების დასაწყებად აჩუქა. დანარჩენი ორი წერილი, რომელიც ასევე შანტაჟისათვის იყო გამოყენებული, შედარებით მცირე თანხაზე იქნა გაცვლილი.
ოსკარ უაილდის დიდების დასასრული შანტაჟი არ ყოფილა, მისი დაცემის მიზეზი უფრო ალფრედ დუგლასის მამა, ქვინსბერის მარკიზი, ჯონ შოლტო დუგლასი აღმოჩნდა. ქვინსბერი ქედმაღალი, გულფიცხი, ექსცენტრული და მორალურად გაუწონასწორებელი შოტლანდიელი აზნაური იყო, რომელსაც ყველაზე მეტად მოყვარულთა კრივში დამყარებული და განვითარებული წესებისთვის იცნობდნენ (“ქვინსბერის წესები”). ქვინსბერი ეჭვით შესცქეროდა მისი შვილისვინმე უაილდთანურთიერთობას, თუმცა მისი ეს ეჭვები სრულებით გაქარწყლდა, როდესაც 1892 წელს, კაფეროიალ”-ში დუგლასმა მამას აღიარებული ლიტერატურული ფიგურა გააცნო. ლანჩმა, სადაც უხვად მოწიეს სიგარები და მიირთვეს ლიქიორები დიდხანს გასტანა, უაილდმა საოცრად მოხიბლა ქვინსბერი. მაგრამ 1894 წლის აპრილში მარკიზმა დაასკვნა, რომ უაილდი ნამდვილად ჰომოსექსუალი იყო და უბრძანა ალფრედს შეეწყვიტა მასთან ყველანაირი ურთიერთობა: “შენი სიახლოვე ამ კაცთან, უაილდი რომ ჰქვია, უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მე უარს ვიტყვი შენზე, როგორც ჩემს შვილზე, და შეგიწყვეტ დაფინანსებას…”, მამის მკაცრ გამოსვლებს ბოლო არ უჩანდა. დუგლასმა კი ტელეგრამაში უპასუხა: “რა პატარა და სასაცილო კაცი ხარ”.
სასოწარკვეთილმა ქვინსბერიმ გადაწყვიტა სხვა ზომებისთვის მიემართა, ოღონდაც კი ეს ურთიერთობა შეეწყვიტა. იგი ცემით დაემუქრა რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯერებს, თუ უაილდსა და დუგლასს მათ ტერიტორიაზე შეამჩნევდა. 1894 წლის ივნისში, ქვინსბერი, ერთ-ერთი ძლიერი მოკრივის თანხლებით გაუფრთხილებლად


ჩელსიში, უაილდის სახლში გამოცხადდა. გაცეცხლებული კამათი იმით დამთავრდა, რომ უაილდმა ქვინსბერის სახლის დატოვება უბრძანა: “მე არ ვიცი როგორია ქვინსბერის წესები, მაგრამ ვიცი, რომ ოსკარ უაილდის წესი ადგილზე სროლაა”. ქვინსბერი, რომელსაც უკვე შეწყვეტილი ჰქონდა შვილისთვის ფინანსური სახსრების მიწოდება, კიდევ უფრო თავშეუკავებელი იყო: “ქვეწარმავალო, შენ ჩემი შვილი აღარ ხარ და მე უკვე დავივწყე თუ ოდესმე იყავი”. დუგლასის პასუხმაც არ დააყოვნა: “ ოსკარ უაილდს სასამართლოზე ცილისწმებაში რომ დაედო შენთვის ბრალი, შვიდი წელი მონური შრომით მოგიწევდა სასჯელის მოხდა შენი ბილწი აზრებისათვის”.
ქვინსბერის ქმედებები ამით არ დასრულებულა. უაილდის ერთ-ერთი წარმოდგენის პრემიერაზე მან გადაწყვიტა მაყურებლის წინაშე საჯაროდ გამოსულიყო და უაილდის საეჭვო ცხოვრების სტილზე ფარდა აეხადა, რაც უცილობლად მოსცხებდა ჩირქს ვიქტორიანული ინგლისის დენდის. თუმცა, უაილდმა შეძლო თავდაცვა და წარმოდგენის მსვლელობისას თეატრს პოლიციელთა არმია შემოარტყა. რამოდენიმე დღის შემდეგ ქვინსბერი კლუბ ალბემარლში მივიდა და შვეიცარს დაუტოვა ბარათი უაილდისათვის გადასაცემად. ბარათზე ქვინსბერიმ წააწერაჰომოსექსუალს, ოსკარ უაილდს”. პოეტი კლუბში ორი კვირის მერე გამოჩნდა და სწორედ მაშინ ნახა ბარათი შეურაცმყოფელი სიტყვებით. იმ საღამოს სასტუმრო ევონდეილში დაბრუნებულმა უაილდმა სასწრაფოდ დუგლასი დაიბარა. “ეს უკვე დანაშაულია, რადგან მე ცილს მწამებენ. მთელი ჩემი ცხოვრება ამ კაცის ხელით ინგრევა. უკადრისი ბრალდებებით მესხმიან თავს და ლაფში სვრიან ჩემს სახელს. ქვიშის ნამცეცებივით იფშვნება ჩემი ცხოვრება. მე კი არ ვიცი როგორ მოვიქცე”, სწერდა უაილდი დუგლასს.

მეორე დღეს, უაილდი, დუგლასი და კიდევ ერთი დიდი ხნის მეგობარი, რობერტ როსი ადვოკატ ტრავერს ჰემფრის ეწვივნენ, რომელმაც ჰკითხა უაილდს, იყო თუ რა რაიმე ჭეშმარიტი საბაბი ქვინსბერის მიერ გაკეთებულ განაცხადში. უაილდმა თქვა რომ ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა. ადვოკატმა ქვინსბერის დაპატიმრების ორდერი მოითხოვა. იმავე წლის 2 მარტს ქვინსბერის პოლიციამ ჯონ შოლტო დუგლასი აიყვანა და ვაინსტრიტის პოლიციის განყოფილებაში ბრალი ცილისწამებაში დასდეს.
ტრავერს ჰემფრიმ ლონდონის ვექილთა ასოციაციის წამყვან ფიგურას, ედუარდ კლარკს სთხოვა სასამართლოზე უაილდის დაცვა. საქმის გაცნობამდე კლარკმა უაილდს განუცხადა რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა საქმეს წარმოებაში თუ დარწმუნდებოდა უაილდის, როგორც ინგლისელი ჯენტლმენის პატიოსნებაში და რომ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებში არასოდეს და არაფერი ყოფილა ჭეშმარიტების მსგავსი, რაზედაც უაილდმა უპასუხა რომ ბრალდებები აბსოლიტურად ყალბი და უსაფუძვლო იყო. კლარკის ოფისიდან წამოსვლის შემდეგ უაილდი და დუგლასი სამხრეთ საფრანგეთში გაემგზავრნენ.
ოლდ ბეილი”-ში სასამართლო პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე უაილდი ლონდონში დაბრუნდა, სადაც მეგობრები დაჟინებით სთხოვდნენ სარჩელის უკან გამოტანას. ჯორჯ ბერნარდ შოუ და ფრენკ ჰარისი, უაილდის ცნობილი მეგობრები ლიტერატურული სამყაროდან, ურჩევდნენ უაილდს დაეტოვებინა ინგლისი და სამწერლობო მოღვაწეობა საზღვარგარეთ, კერძოდ კი შემწყნარებელ საფრანგეთში გაეგრძელებინა, რისი სასტიკი წინააღმდეგიც დუგლასი იყო, რომელიც ასევე ესწრებოდა მეგობრების საუბარს. “თქვენ არ ხართ უაილდის ნამდვილი მეგობრები, რადგან მას გაქცევისკენ მოუწოდებთ”. როდესაც მეგობრებმა რესტორანი დატოვეს, გულგატეხილი უაილდი ალფრედს მიუბრუნდაეს შენი ჭეშმარიტი საქციელი არ იყო”.

სასამართლო პროცესზე პირველი სიტყვით ედუარდ კლარკი გამოვიდა, რომლის განცხადებამ ქვინსბერის ადვოკატ, ედვარდ ქარსონზეც კი მოახდინა შთაბეჭდილება. ქარსონი და უაილდი დუბლინში, ტრინიტის კოლეჯში ერთად სწავლობდნენ; მეტოქეობის გამო ერთმანეთი გულზე დიდად არ ეხატებოდათ. კლარკი ცდილობდა ქვინსბერის მიერ წარმოდგენილ სამხილებში გარკვეული სირბილე შეეტანა, და მძიმე გარემოებები გაექარწყლებინა. მან წაიკითხა უაილდის დუგლასისადმი მიწერილი ერთ-ერთი წერილი, რომელშიც მკითხველთა უმეტესობა აუცილებლად შეამჩნევდა ჰომოსექსუალურ ლტოლვას. კლარკმა განაცხადა: “ეს წერილი უცნაურად შეიძლება მოეჩვენოთ მათ, ვინც მხოლოდ სავაჭრო და საქმიან მიწერ-მოწერას აწარმოებს”, მაგრამმინდა შეგახსენოთ, რომ ოსკარ უაილდი პოეტია, და ეს წერილიც წმინდა პოეტურ შეგრძნებებს გამოხატავს, რასაც არ შეიძლება რაიმე კავშირი ჰქონდეს იმ საძაგელ ბრალდებებთან, რომელიც ამ საქმეშია წარმოდგენილი”.

სადილის შემდეგ ქვინსბერის ადვოკატმა ძველი მეტოქის ოსტატური ჯვარედინი დაკითხვები დაიწყო. ეს დაკითხვები ორ ნაწილად დაიყო: კითხვების პირველი ნაწილი უაილდის შემოქმედებას ეხებოდა, მეორე კი უაილდის ბოლო დროს გახმაურებულ მავნე ურთიერთობებს. როდესაც ქარსონმა უაილდს დუგლასისადმი მიძღვნილ წერილებზე, “დორიან გრეის პორტრეტსადაახალგაზრდობისათვის დაწერილი ფრაზებისა და ფილოსოფიური ნარკვევების შესახებჰკითხა, უაილდმა თავგამოდებით დაიცვა თავისი შემოქმედება და აღნიშნა, რომ ქარსონის შეხედულებები ზღვარსგადასული იყო, რადგან ისინი ჰომოსექსუალურ თემებს ეხებოდნენ. “არ არსებობს უზნეო და ამორალური წიგნი”, წერს უაილდიდორიან გრეის პორტრეტში”, რადგანაცწიგნი შეიძლება იყოს კარგად ან ცუდად დაწერილი”. ქარსონის კითხვაზე, “ესე იგი თქვენის აზრით, გარყვნილი რომანი შეიძლება კარგი წიგნი იყოს?” აღშფოთებულმა უაილდმა უპასუხა: “მე არ ვიცი თქვენ რას გულისხმობთგარყვნილრომანში, დორიან გრეის მსგავსი ინტერპრეტაცია შეიძლება მხოლოდ პირუტყვმა და უწიგნურმა ადამიანმა გააკეთოს. ხელოვნებაზე მეშჩანთა შეხედულებები უსაზღვროდ ბრიყვულია”.

ქარსონის გამკილავ კითხვებზე უაილდი ხელოვნებას უდრეკად იცავდა და მახვილ პასუხებს არ იშურებდა. სასამართლო პროცესი იუმორისტულ სცენას დაემსგავსა, სადაც უხვად იყო ენამოსწრებული დიალოგები. უაილდი როგორც ლიტერატორი და ჭეშმარიტი ხელოვანი, არც თამაშს აკლებდა თავის ქმედებებს და ყოველთვის კრეატიული, მახვილგონიერი ფრაზებით იგერიებდა ქარსონის შეკითხვებს. მიუხედავად იმისა, რომ ქარსონის ჯვარედინი დაკითხვების ლიტერატურული ნაწილი უზომოდ საინტერესო იყო, მასში ნაკლებად ჩანდა საბრალდებო და გამამტყუნებელი დეტალები. როგორც ჩანს, ქარსონს სიამოვნებდა კიდეც და თავს იქცევდა ძველ მეტოქესთანთამაშით”.
როდესაც ქარსონმა უაილდს მის ახალგაზრდა ყმაწვილებთან ურთიერთობებზე ჩამოუგდო სიტყვა, უაილდი შესამჩნევად აღელდა. სასამართლო დარბაზი მღელვარებამ


მოიცვა როდესაც დამცველმა წარმოადგინა უაილდის მიერ მისი მისი ახალგაზრდა კომპანიონებისთვის ნაჩუქარი სხვადასხვა ძვირფასი ნივთი და სამოსი. ქარსონს საეჭვოდ მიაჩნდა ის ფაქტი, რომ ამ საჩუქართა ადრესატი იყო არაინტელექტუალთა წრე”, არამედ გაზეთების დამტარებლები, სასტუმროს მოსამსახურეები ან უმუშევარი, გაუნათლებელი ახალგაზრდა ყმაწვილები. პროცესზე ბრალმდებელს არ გამოუძახია მთავარი მოწმე ალფრედ დუგლასი, როგორც ამას დამსწრეთა უმეტესობა ელოდა. თუმცა უკვე აშკარა იყო, რაოდენ ძლიერი ჩვენება და მტკიცებულებაც არ უნდა წარედგინა დუგლასს, უაილდი პროცესს ვეღარ მოიგებდა.
იმ საღამოს უაილდი თავის დამცველს შეხვდა. მოგვიანებით ედუარდ კლარკი იგონებს: “როდესაც უაილდს შევხვდი, ავუხსენი, რომ არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, თითქმის შეუძლებელი იყო ნაფიც მსაჯულთა დარწმუნება იმაში, რომ დაეპატიმრებინათ მამა, რომელიც ასე თავგამოდებით იცავდა შვილს მავნე და დამღუპველი ურთიერთობებისაგან”. კლარკმა აიძულა უაილდი უარი ეთქვა ქვინსბერის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე; მაგრამ ქვინსბერის დამცველს საჯარო ბრალმდებლის ოფისში უკვე წარედგინა სასამართლო პროცესზე უაილდის წინააღმდეგ გამომსვლელი მოწმეების ჩვენებები. რის შედეგადაც, იმავე დღეს სკოტლანდ იარდის ინსპექტორმა უაილდის დაკავებაზე ორდერი მოითხოვა. მოსამართლე ბრიჯი ცდილობდა შეეყოვნებინა გადაწყვეტილება რამოდენიმე საათით, რადგანაც იმედი ჰქონდა რომ უაილდი ბოლო მატარებლით ლონდონს დატოვებდა და საფრანგეთს შეაფარებდა თავს.
უაილდიგაუბედაობის პათეტიკურმა განცდამშეიპყრო. დრო კი არ იცდიდა. “უკვე გვიანია, მატარებელი წავიდა”, უთხრა უაილდმა ერთგულ მეგობრებს სასტუმრო კადოგანში, როდესაც ჟურნალისტმა დაპატიმრების ორდერის გაცემის თაობაზე ცნობა მოიტანა. მეგობრები მიმოიფანტნენთეატრის აფიშებიდან და სარეკლამო განცხადებებიდან გაქრა ოსკარ უაილდის სახელი
სასამართლოზე უაილდის დამცველი ედუარდ კლარკი ძლიერი მტკიცებულებებით გამოდიოდა ცნობილი ლიტერატორის დასაცავად. ნაფიც მსაჯულთა საბჭოს მან მიმართა: “თქვენს გადაწყვეტილებზეა დამოკიდებული ათიათასობით იმედი. ძვირფასო ბატონებო გაამართლეთ იგი. თქვენ უნდა დაიცვათ განათლებული და აღიარებული პიროვნება, ჩვენი დროის კალმის უდიდესი დიდოსტატი ამ შემაძრწუნებელი ბრალდებისაგან. გაამართლეთ იგი და ამით საზოგადოებას თქვენ უდიდეს სირცხვილის ლაქას მოაცილებთ”.
ვიქტორიანული ინგლისის ბურჟუაზიული საზოგადოება მკარცად კონსერვატიული იყო. იმ დროისათვის ცნობილი ფრაზაარ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ, მაგრამ ნუ გააკეთებ ამას ქუჩაში და ნუ დააფრთხობ ცხენებს”, უაილდმა აბსოლიტურად საწინააღმდეგო მოქმედებაში მოიყვანა. იგი არ ფარავდა თავის სექსუალურ მიდრეკილებებს და საყვარელი ადამიანის თანხლებით ძვირფას რესტორნებს, სასტუმროებს და თეატრებს სტუმრობდა, სადაც ბოღმით აღვსილი ადამიანები ადამიანები, რომელნიც საბაბს ეძებდნენ, ყოველთვის ამჩნევდნენ მის განსხვავებულობასსტილშიც და საქციელშიც. უაილდი აღაშფოთებდა სწორედ იმ ადამიანებს, რომელნიც თავს რესპექტაბელურ პიროვნებებად მიიჩნევდნენ, ხედავდნენ რა, რომ ლონდონის ცნობილი ფიგურა, E”ეშმაკმა დალახვროს, ქუჩის ბიჭებთან მეგობრობს!”. სასამართლო პროცესების შემდეგ საზოგადოების დამოკიდებულება სოდომის ცოდვასთან უფრო დაუნდებელი და მკაცრი გახდა. მიუხედავად, იმისა, რომ იმდროინდელი მაღალი საზოგადოებისათვის ეს უცხო ხილი არ იყო, უაილდის მიერ ურთიერთობების დაუფარაობამ, ლოკოკინებივით ნიჟარებში ჩააყოფინა მათ თავი. სასამართლოს სხვა შედეგებიც მოჰყვა. ხალხი ხელოვნებას უკვე ჰომოეროტიზმთან აიგივებდა, ქალურ სინაზეს კი ჰომოსექსუალურობის მთავარ ნიშნად მიიჩნევდნენ. ადრე თუ ერთი და იგივე სქესის ადამიანების ურთიერთობები ჩვეულებრივად ითვლებოდა, ამიერიდან ეჭვის ქვეშ დადგა ყველანაირი ქმედება.

უაილდმა ორწლიანი სასჯელის უმეტესი ნაწილი რიდინგის ციხეში დაჰყო. სასჯელს სრული გაკოტრება ახლდა თან, თუმცა პოეტი მორალურად არ დაცემულა. “ციხეში ბევრი რამ ვისწავლე. ეხლა ვხვდები, ხელოვანი ადამიანისთვის შეუფერებელი ცხოვრებით მიცხოვრია”. ციხის მემუარებში “De Profundis)” (“გულის სიღრმიდან”) უაილდი წერს:

“…სურვილმა და ვნებამ საბოლოოდ ავადმყოფობისა და სიგიჟის სახე მიიღო. თანდათან გულცივი და გულგრილი ვხდებოდი სხვების მიმართ. რასაც კი შეიძლებოდა სიამოვნება მოენიჭებინა, არაფერზე ვიხევდი უკან. დამავიწყდა, რომ სულ მცირე მოქმედებაც კი ქმნის ან გარდაქმნის ადამიანის ხასიათს
მე ხელოვნება ფილოსოფიად ვაქცია და ფილოსოფიას ხელოვნების სახე ვარგუნეშევძელი შემეცვალა როგორც ადამიანთა გონება, ასევე საგანთა ფერები და ისინი ჩემი განკარგულებისამებრ მემართაჩემთვის ხელოვნება იყო რეალობის უმაღლესი გამოვლინება, ცხოვრება კი მხატვრული ლიტერატურის უბრალო სახეჩემი საუკუნის ადამიანების წარმოსახვა ისე გავაღვიძე, რომ ამ საუკუნემ ჩემს ირგვლივ მითები და ლეგენდები შექმნავართობდი საკუთარ თავს, ვთამაშობდი რა მეამბოხეს და დენდის, რომელსაც ბაძავდნენ. ჩემი საზოგადოება პატარა ნატურები და მარტივად მოაზროვნე ადამიანები გახდნენ. მე საკუთარი გენიის უმისამართოდ მფლანგველი გავხდი, მარადიული ახალგაზრდობით ტკბობა უცნაური სიამოვნებას მანიჭებდა. დიდების მწვერვალებით დაქანცული ფსკერისაკენ დავეშვი ახალი გრძნობების ძიებაში
ჩემს ირგვლივ მყოფთათვის ლორდი ვიყავი, მერე კი ყველაფერი შეწყდა. აღარ ვმართავდი საკუთარ სულს და თურმე ვერ ვგრძნობდი. ნება მოგეცი შენ (მიმართავს ალფრედ დუგლასს) გებატონა მთელ ჩემს ცხოვრებაზე, მამაშენი კი შიშის ზარს მგვრიდა. ჩემი ასეთი ცხოვრება წარუხოცელი სირცხვილით დამთავრდა. დღეს ჩემთან ერთადერთი შეგრძნება ცხოვრობს, რასაც დამცირება და სრული მორჩილება ჰქვია.
დავტოვებ ციხეს, თუმცა ვიცი, რომ საზოგადოებას ჩემთვის ადგილი აღარ ექნებამაგრამ ბუნება, რომელიც ერთნაირად უგზავნის წვიმას მართალს და უღირსს, აუცილებლად შემიფარებს კლდის ნაპრალებში. მდუმარე მინდვრები ჩემი უსაზღვრო ცრემლის მოწმენი გახდებიან, ჩემი ცხოვრება კი უშფოთველი იქნება მათთან. ბუნება გამომიგზავნის ღამით ვარსკვლავებს რათა შევძლო ბნელში უბორძიკოდ სიარული. ჩემთვის დაუბერავს ნაფეხურთა წამშლელი ქარი, რათა ვერავინ შეძლოს ჩემს ნაკვალევზე გამოდევნება: მხოლოდ ბუნება შესძლებს განმბანოს თავის წყლებში და ეკლიანი მცენარეებით გამამრთელოს სიცოცხლეში ახლად დაბრუნებული…”