Monday, July 26, 2010


მარინა აბრამოვიჩი

 

 

დაბადების დღე მნიშვნელოვანი თარიღია მარინა აბრამოვიჩისთვის, ბელგრადში, ყოფილ იუგოსლავიაში, 1946 წლის 30 ნოემბერს დაბადებული პერფორმანს არტისტისთვის. სხეული - მისი თემაა, დრო - მედიუმი, დაბადების დღე კი აღნიშნავს მომენტს, როცა ცხოვრების პერფორმანსი ოფიციალურად იწყება.

 

ასაკის გამხელა არ ეუხერხულება. 60 წლის იუბილე გუგენჰაიმის მუზეუმში პომპეზური წვეულებით აღნიშნა. პრინციპში ასაკი უფრო მოწყალეა მარინა აბრამოვიჩის მიმართ, ვიდრე - თვითონ. 40 წლის წინანდელ ფოტოებზე მარინა აბრამოვიჩს აუცილებლად ამოიცნობთ ერთ შავგვრემან, სახასიათო გარეგნობის მქონე გოგონაში, რომელსაც სევდიანი თვალები და გამოკვეთილი სახის ნაკვთები აქვს. გოგონას იმდენად მეტყველი იერი აქვს, რომ ლამაზს ვერც უწოდებ, სახეზე ერთდროულად დასთამაშებს თან ჯიუტი და თან დამყოლი გამომეტყველება. მაგრამ ზოგი ქარიზმული ქალი, როგორიც აბრამოვიჩია, ანდა მისი კერპი მარია კალასი, თავიანთი შინაგანი ძალის გამო გეჩვენებათ ლამაზი.

63 წლის ასაკშიც აბრამოვიჩი უდიდეს ენერგიას ასხივებს. და რთულია გაუძლო მის მაცდუნებელ ბუნებასაც. მხრებზე ბზინვარე თმა აქვს დაფენილი. თუკი არ ვარჯიშობს, ანდა პერფორმანსი არ აქვს, დიზაინერის ტანსაცმლით დადის. ასაკში რაც შევიდა, ტანიც შეევსო, მაგრამ ახლა მის სხეულს სულ სხვაგვარი პიკანტურობა ახასიათებს, ვიდრე წლების წინ. 2005-ში აბრამოვიჩმა თავიდან ითამაშა პერფორმანსი "ტომას ლიპსი", რომელიც პირველად 30 წლით ადრე, ავსტრიულ გალერეაში დადგა (ტომას ლიპსი აბრამოვიჩის შვეიცარიელი საყვარელი იყო. რაც მარინას ამ კაცში ხიბლავდა, მისი ანდროგენულობა იყო). "ტომას ლიპსის" ახალ ვარიანტში, რომელიც გუგენჰაიმის როტონდაში გათამაშდა, შოუ, ორი საათის ნაცვლად, შვიდ საათს გაგრძელდა. პერფორმანსი წარმოდგენილი იყო, როგორც ახალი დადგმის "შვიდი იოლი ნაწარმოების" ნაწილი. ანოტაცია, რომელიც ამ პერფორმანსს თან ახლდა, ჰგავდა რეცეპტს იმ საბანკეტო სადილისთვის, მარკიზ დე სადს რომ მოეწონებოდა:

 

ვერცხლის კოვზით ნელ-ნელა ვჭამ 1 კილო თაფლს.

 

ბროლის ჭიქით ნელ-ნელა ვწრუპავ 1 ლიტრ წყალს.

 

მარჯვენა ხელით ვამსხვრევ ჭიქას.

 

სამართებლის პირით ვისერავ მუცელს და ხუთქიმიან ვარსკვლავს ვიხატავ.

 

ცხარე ცრემლებით ვტირი, ვიდრე ტკივილის შეგრძნება საერთოდ გამიქრება.

 

ყინულის კუბებისგან შეკრულ ჯვარზე ვწვები.

 

მუცლისკენ მოშვერილი რეფლექტორიდან სითბო უბერავს და ჭრილობიდან სისხლდენას იწვევს.

 

სხეულის დანარჩენი ნაწილი მეყინება.

 

ყინულის ჯვარზე ნახევარ საათს ვწევარ, ვიდრე დამთვალიერებლები ჩაერევიან პერფორმანსში და ყინულის კუბებს მაცლიან.

შარშან, აგვისტოში აბრამოვიჩმა თავის მამულში დამპატიჟა, რომელიც ჰადსონ ველიში 2007 წელს შეიძინა. მთავარი ნაგებობა, რომელიც მე-19 საუკუნით თარიღდება, პატარა გორაკზე დგას, საიდანაც 10 ჰექტარზე გადაჭიმული მდელოები, ხეხილის ბაღი და ტყის კორომი მოჩანს. შენობა შეიქმნა ერთი ვარსკვლავის ფორმის სასახლის შთაგონებით, რომელიც ბალტიისპირეთში დგას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვარსკვლავს ექვსი ქიმი აქვს, ხოლო წითელი ვარსკვლავი, რომელიც აბრამოვიჩის ბავშვობას ფონად გასდევდა და რომელიც მუდმივად გვხვდება მის არტში, პენტაგრამაა, აბრამოვიჩს მაინც სჯერა, რომ ამ მამულამდე ბედისწერამ მიიყვანა. დეკორი მინიმალისტურია, სახლში რამდენიმე თანამედროვე ტახტი და ჭყეტელა ფერის სკამები დგას, კედლები კი ცარიელია. ბოლო დრომდე აბრამოვიჩი აქ ატარებდა ყოველ შაბათ-კვირას თავის მეორე ქმართან პაოლო კანევარისთან ერთად. კანევარი - იტალიელი სკულპტორი და ვიდეო არტისტი აბრამოვიჩზე 17 წლით უმცროსია. ერთმანეთს ევროპაში 1997 წელს შეხვდნენ და მას მერე ხან ამსტერდამში აბრამოვიჩის არხისპირა სახლში, ხანაც კანევარის ბინაში, რომში ცხოვრობდნენ. 2001 წელს სოჰოში დასახლდნენ. 12-წლიანი ქორწინების შემდეგ ისინი ერთმანეთს შარშან დეკემბერში დაშორდნენ. აბრამოვიჩი მაშინ პირველად დაჯდა მანქანის საჭესთან. "ეს იმიტომ გავაკეთე, რომ დამოუკიდებლობა მესწავლა", - ამიხსნა. საჭესთან საკუთარ თავში დაურწმუნებელი და დამფრთხალი ჩანს, არადა, ცხოვრებაში უშიშარია. აბრამოვიჩი ამბობს: "ადამიანური შიში ჩემთვის ყოველთვის იყო გზა შიშების გადასალახად".

 

როცა ჩავედი, აბრამოვიჩს თავის მამულში არტისტები ჰყავდა შეკრებილი. მთელი ტერიტორია ერთ უზარმაზარ სამუშაო სივრცედ იყო ქცეული. სახლში წესრიგი და ჰიგიენა სუფევდა. სწორედ ასეთ გარემოს ეძახის აბრამოვიჩი "სუფთა სახლს". დღეს აბრამოვიჩი პერფორმანს არტს შვიდ კონტინენტზე ასწავლის. ლექციების პროცესში ის ხშირად იყენებს ხოლმე აიურვედას, შამანიზმის, ბუდიზმის, გიორგი გურჯიევისა და სხვა წმინდა და ასკეტურ სწავლებებს.

ამჯერად 32 ახალგაზრდა შეარჩია. აბრამოვიჩი მათთან ერთად ამზადებს უზარმაზარ რეტროსპექტივას "მარინა აბრამოვიჩი: არტისტი აწმყოა", რომელსაც ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 14 მარტიდან წარმოადგენს. ამხელა პატივი არც ერთ სხვა პერფორმანს არტისტს არ რგებია წილად. წინასწარ შერჩეულ ჯგუფთან ერთად აბრამოვიჩი ხელახლა დადგამს ხუთ შოუს იმ 39 პერფორმანსიდან, რომლებიც 1969 წლიდან მოყოლებული შექმნა. სამი პერფორმანსი აბრამოვიჩმა თავის დროზე გერმანელ არტისტთან ულეისთან ერთად დადგა (ფრანკ უვე ლეისაიპენი)  Imponderabilia - მათი ერთობლივი შოუ, რომელიც პირველად 1977 წელს ითამაშეს, შეიცავს ცოცხალ და, რა თქმა უნდა, ინტერაქციულ ნუდიზმს - ესეც პირველად მუზეუმის ისტორიაში. ერთ-ერთი პერფორმანსის მიხედვით, გალერეის ვიწრო ჰოლის ორივე მხარეს შიშველი არტისტები ბერძენ ქალღმერთ კარიატიდას ქანდაკებებივით დადგებიან, ზურგით შენობისკენ. ყველა, ვისაც გალერეაში შესვლა მოუნდება, იძულებული იქნება, მათ შორის გაიაროს და თავად გადაწყვიტოს, რომელ სხეულს შეავლოს თვალი. თუმცა, მუზეუმის დირექციის გადაწყვეტილებით, შენობას ამ პერფორმანსის მიმდინარეობის პარალელურად, მეორე, ალტერნატიულ შესასვლელსაც გაუხსნიან, რაზეც აბრამოვიჩს გული წყდება. აბრამოვიჩს ხომ სჯერა - მისი, როგორც არტისტის, როლია, რომ პუბლიკა ამ ამაღელვებელი ბილიკით უნდა შეიყვანოს სრული თავისუფლების სივრცეში, სადაც ისინი ყველა იმ შეზღუდვისგან განთავისუფლდებიან, რაც მანამდე განუცდიათ.

 

აბრამოვიჩის კარიერა სამ თავად იყოფა - ულეიმდე, ულეისთან ერთად და ულეის შემდეგ.

ულეი, ნაცისტი ჯარისკაცის ვაჟი 1943 წელს, მარინას დაბადების დღეს, 30 ნოემბერს დაიბადა ვესტფალიის ინდუსტრიული ქალაქის სოლინგენის თავშესაფარში. ეს ქალაქი პირდაპირი მნიშვნელობით ყველა იმ "მჭრელი" ნივთის წარმოების ადგილია, რაც გერმანიაშია გამოშვებული: პირველი ხმლები, შემდეგ პირველი დანები და სამართებლები. ულეი 15 წლის იყო, როცა დაობლდა და საკუთარ თავზე ზრუნვა თავად დაიწყო. აბრამოვიჩი მას 1975 წლის 30 ნოემბერს შეხვდა. ამსტერდამელმა გალერისტმა ულეის სთხოვა, აბრამოვიჩს აეროპორტში დახვედროდა და შემდეგ ჰოლანდიური ტელევიზიისთვის "ტომას ლიპსის" ეკრანიზაციაში დახმარებოდა. მათ შორის მყისიერი კავშირი დამყარდა. მარინას პირველი შთაბეჭდილება ულეიზე ასეთი იყო: კაცი ახოვანი სხეულით, როკ-ვარსკვლავივით გამხდარი და მომხიბვლელად უცნაური. "მისი სახე გულის ფორმას მაგონებდა", - ასე ახასიათებს აბრამოვიჩი ულეის, უკეთ რომ აღმიწეროს მისი ორსახა იერი. "ნახევარი სახე ბრგე ვაჟკაცს ეკუთვნოდა, გაუპარსავი პირითა და მოკლედ შეჭრილი თმით, ნახევარ სახეზე კი მაკიაჟი ესვა და გრძელი თმა ჩემსავით სარჭით ჰქონდა შეკრული".

 

ულეის არტი მაშინ ჯერ კიდევ პოლაროიდით გადაღებული ავტოპორტრეტებისგან შედგებოდა. ეს ფოტოები ასახავდა თვითგვემის დოკუმენტურ კადრებს, რომლებზეც ულეი სხეულის სხვადასხვა ნაწილს იხვრეტდა, ისერავდა, ანდა ისვირინგებდა. ფოტოებზე ჩანდა ულეის გატაცება ადამიანის ორმაგი ბუნებითაც, კერძოდ კი ქალური და კაცური საწყისების გაერთიანების სურვილი. გაცნობის ღამეს, თურქულ რესტორანში სადილის შემდეგ ულეიმ მარინას იქვე, სუფრასთან თავისი დღიური უჩვენა, მარინამ საკუთარი გადაუშალა; შემდეგ ბლოკნოტებიდან ორივემ ამოხია ის ფურცლები, რომელზეც მათი დაბადების თარიღები ეწერა, როგორც კარმული ნიშანი. "რესტორნიდან პირდაპირ მის სახლში წავედით და ლოგინიდან ათი დღის განმავლობაში არ ავმდგარვართ, - მითხრა აბრამოვიჩმა და შემდეგ სწრაფადვე დაამატა, - შინ დაბრუნებულს ისეთი მარტოობის გრძნობა დამეუფლა, ისე მომენატრა, რომ ლაპარაკისა და განძრევის თავი არ მქონდა". იმ დროს მარინა თავისი თანაკურსელის ცოლი იყო, რომელიც ბელგრადის სახვითი ხელოვნების აკადემიაში გაიცნო. მაგრამ ასეთი უენერგიო კავშირი ცოტას თუ ჰქონია. ცოლი და ქმარი მშობლების სახლებში ცხოვრობდნენ. აბრამოვიჩი იძულებული იყო, ერთ მკაცრ წესსაც დამორჩილებოდა - ყოველ საღამოს, ათზე შინ უნდა ყოფილიყო (ერთმანეთს 1977 წელს დაშორდნენ).

 

მარინას დედამ პოლიცია გამოიძახა, როცა რამდენიმე თვის შემდეგ მისი 29 წლის ქალიშვილი სახლიდან გაიქცა ულეისთან შესახვედრად.

აბრამოვიჩი და ულეი 12 წლის განმავლობაში მოგზაურობდნენ ერთად და აკეთებდნენ არტს. ასე გრძელდებოდა 1976 წლიდან 1988 წლამდე. ერთი წელი მათ ცენტრალური ავსტრალიის უდაბნოში იცხოვრეს აბორიგენებთან ერთად. ბაზა ამსტერდამში ჰქონდათ, მაგრამ სინამდვილეში, ევროპის გზებზე ხეტიალის დროს მათი სახლი შავი "სიტროენის" ფურგონი იყო. ამ მანქანამ უამრავ რამეს გაუძლო, და ახლა მუზეუმის რეტროსპექტივაშიც შედის. მათი კავშირიც ამ მანქანასავით მრავალჯერ "გაფუჭდა" და "შეაკეთეს". თუმცა უკიდურესი სიახლოვე და ჭრილობები ულეიმ და მარინამ მაინც ვერც მოიშუშეს, ანდა, როგორც ულეიმ მომწერა, მათი დაშორების მიზეზი ბოლოს სხვადასხვა მისწრაფებებიც გახდა. "ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად გესმოდეთ, თუ რამდენ ძალას აქსოვს მარინა თავის არტისტულ კარიერაში. ეს არის მთელი მისი ცხოვრება. იმის ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო, რომ არასდროს უნდოდა შვილის გაჩენა". ულეისთან განშორებამ მარინას საშინელი ტკივილი დაუტოვა. მაგარი ნერვები აქვს, ყველანაირ დარტყმას გაუძლებს, მაგრამ მიტოვებას - ვერა. მას დღემდე სჯერა, რომ არსებობს ნამდვილი სიყვარული და შეუძლია მთელი არსებით მიეცეს გრძნობას, რომელსაც ასევე მთელი არსებით ელოდა. თუმცა, ისიც მითხრა: "ადამიანები იმდენ ძალისხმევას ახარჯავენ ურთიერთობას, ვიდრე ყველაფერი ახალია, მაგრამ არაფერს აკეთებენ, როცა ურთიერთობა მთავრდება".

1988 წლის 30 მარტს ულეიმ და მარინამ თავიანთი უკანასკნელი პერფორმანსი წამოიწყეს. ჩინეთის დიდ კედელს მარინა აღმოსავლეთის მხრიდან შეუყვა, იქიდან, საიდანაც გზა მთებში ადის, ულეიმ კი მოძრაობა დასავლეთიდან დაიწყო - საიდანაც გზა უდაბნოზე გადის. სამი თვისა და ათასობით მილის დაფარვის შემდეგ ერთმანეთს შუა გზაზე შეხვდნენ. შეხვდნენ და დაემშვიდობნენ.

 

პლასტიკა და ენერგია - ეს იყო ორი მთავარი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც აბრამოვიჩმა თავისი დიდი რეტროსპექტივის მონაწილეები აარჩია. ის დიდ ყურადღებას აქცევდა მათ გარეგნობასაც და შინაგან სინათლესაც, ზუსტად ისე, როგორც ერთხანს წმინდა მხატვრობაზე მომუშავე მხატვრები იქცეოდნენ.

ამ ადამიანების უმრავლესობა მოცეკვავეა. ზოგი იოგას ანდა პილატეს ასწავლის. სხვები თვითონ არიან პერფორმანს არტისტები და ამ წამოწყებაში ის ხიბლავთ, რომ მაესტროსთან ერთად არტის კეთებისა და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დებიუტის შანსი მიეცემათ.

აბრამოვიჩის მამულში შეკვეთილი ავტობუსით ჩამოვიდნენ. აბრამოვიჩი თითოეულ მათგანს დედობრივი ამბორით შეხვდა, შემდეგ კი სათითაოდ ყველას ჩამოართვა მობილური ტელეფონი. არტისტებმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს, რითაც სიჩუმის აღთქმა დადეს; აღუთქვეს ისიც, რომ ვიდრე საჭირო იქნება, არაფერს გაეკარებიან, მწვანე ჩაისა და წყლის გარდა, დაიძინებენ ძველ თავლაში, ზედ იატაკზე და მთლიანად დაემორჩილებიან მაესტროს დისციპლინას. აბრამოვიჩი კი, თავისი წესებით, ხან გურუსავით იქცეოდა, ხან სერჟანტ-ინსტრუქტორს ჰგავდა (მაგალითად, ის მოითხოვდა შეგირდებისგან ენის დასერვას და ნესტოების გამორეცხვას, ჯანსაღი საკვების გაკვეთილებზე დასწრებას, სადაც მომარხულე შეგირდები ბეჯითად იწერდნენ რეცეპტებს საკუთარ ბლოკნოტებში).

ამინდი ამ ნიუ ეიჯისტური თავყრილობისთვის შესაფერისი იყო - მშრალი და ცხელი. როცა წრეზე განლაგებული შეგირდები სუნთქვის ვარჯიშებს დაასრულებდნენ, ყინულივით მდინარეზე ჩადიოდნენ, რომელიც იქვე, აბრამოვიჩის მამულში ჩამოდიოდა. იქ კი, ყველანი - შეგირდებიცა და მასწავლებელიც, კოლექტიურად შიშვლდებოდნენ და ბანაობდნენ.

გაშიშვლება, უფრო ფართო გაგებით, ანუ განძარცვა კომფორტისგან, თავმდაბლობისგან, მოუთმენლობისგან, ჩვევებისგან და მიჯაჭვულობებისგან - ეს ის იყო, რასაც აბრამოვიჩი ეძებდა. ერთხელ, შუადღეს შეგირდები სახლის უკან ხეხილის ბაღში შეიკრიბნენ მორიგი ინსტრუქციის მოლოდინში. ნელი სვლით იწყეთ სიარულიო, - უბრძანა მათ აბრამოვიჩმა. ასე უნდა ევლოთ, ვიდრე სამი საათი არ გაილეოდა. დრო აბრამოვიჩს უნდა დაენიშნა. ფანჯრიდან ვუყურებდი მზის გულზე მოძრავ სხეულებს და მათ წაგრძელებულ ჩრდილებს მიწაზე. იმდენი ხანი გავიდა, მომეჩვენა, რომ პეიზაჟს შეერწყნენ კიდეც. ნივთიერებათა ცვლის პროცესი ჩემს ორგანიზმშიც შენელდა და გარშემო ისეთი რაღაცები შევნიშნე, რასაც დაძაბული მზერით ვერასდროს დაინახავ. მაგალითად, თითქმის იმასაც კი ვხედავდი, თუ როგორ მწიფდებოდა ვაშლები ხეებზე.

 

ვიდრე აბრამოვიჩის მოსწავლეები სხვადასხვა ცვლაში ჩაატარებენ პერფორმანსებს მუზეუმის მეექვსე სართულზე, თვითონ აბრამოვიჩი მარონის ატრიუმში ახალ ნამუშევარს წარადგენს - "არტისტი აწმყოა". დილიდან საღამომდე - დღეში 8-10 საათით - რეტროსპექტივის მიმდინარეობის 77 დღის განმავლობაში, ანუ 31 მაისის ჩათვლით, აბრამოვიჩი ხის მაგიდაზე გაუნძრევლად იჯდება, სივრცეში, ერთ წერტილზე მიშტერებული მზერით.

თავდაპირველი კონცეფციის მიხედვით, შოუში წამყვანი ელემენტი ეშაფოტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ მარინამ პერფორმანსის კონცეფცია მეგობართან და მუზეუმის მთავარ კურატორ კლაუს ბაისენბახთან ერთად დახვეწა და წარმოდგენასაც სანახაობრივი ელემენტები მოაშორეს. "როდესაც გავაკეთე "სახლი ოკეანის ხედით", უდიდესი შეცდომა დავუშვი, - მითხრა მან იმ პერფორმანსზე, რომელიც 8 წლის წინ, ჩელსიში შონ კელის გალერეაში წარადგინა, - კვარცხლბეკზე დაჯდომა რა საჭირო იყო". 12 დღის განმავლობაში აბრამოვიჩმა თავი სამ, მაგარ კუბში დაიმწყვდია, რომლებსაც კუთხეები გახსნილი ჰქონდა. კუბიკები სპეციალურ სადგამზე, იატაკიდან დაახლოებით ხუთი ფუტის სიმაღლეზე იყო დამაგრებული. მარინას შეეძლო, გადასულიყო კუბიდან კუბში, რომელთაც კიბეებიც ჰქონდა, მაგრამ მათ ვერ გამოიყენებდი - საფეხურების ნაცვლად დანები ჰქონდა, ბასრი ზედაპირით. პირსახოცები, ახალი ტანსაცმელი, წყალი და მეტრონომი - ეს იყო მარინას მთელი ავლადიდება პერფორმანსის მიმდინარეობისას. გალერეა დაბალი შუქით ნათდებოდა და ამ ფონზე მარინას "სახლი" კიდევ უფრო ჩახჩახა ჩანდა. არტისტი ხან იჯდა, ხან იწვა, ხან იდგა, აშტერდებოდა სივრცეს, იზმორებოდა, ეძინა, შხაპს იღებდა, შარდავდა და მარხულობდა მდუმარებაში - არც ერთი წამით მნახველებისგან ფარულად. ზოგიერთი ვიზიტორი იმიტომ მოდიოდა, რომ უკანა კედელზე დამაგრებული ტელესკოპით დაჰკვირვებოდა მარინას. სხვები კი, პატივისცემის ნიშნად, გალერეაში მარინასთან ერთად მორიგეობდნენ. "ყოველ ანტიკურ კულტურაში გვხვდება რიტუალები, რომელთა მიზანია სხეულის დამცირება იმის გასაცნობიერებლად, რომ მარადიული სულია. რაც უფრო მეტს ვფიქრობ სულისმიერ ენერგიაზე, მით უფრო მარტივი ხდება ჩემი არტი, რადგან ეს არტი იმაზეა, რაც ახლაა და აქ".

"არტისტი აწმყოა" იქნება ყველაზე ხანგრძლივი ნამუშევარი, რომელიც მუზეუმში ოდესმე დაუდგამთ (მანამდე, ნიუ იორკელმა არტისტმა Tehching Hsieh-მა ტრიბეკაში, თავის სტუდიაში 1 წლის განმავლობაში დაიტყვევა თავი). პერფორმანსში მონაწილეობა მნახველებსაც შეეძლებათ, თუკი აბრამოვიჩის პირისპირ მოთავსებულ სკამზე ჩამოსხდებიან. აბრამოვიჩს იმედი აქვს, რომ დაამყარებს "ემოციურ კავშირს ნებისმიერ ადამიანთან, რომელსაც მარინას ცქერა მოუნდება". თუმცა, ბაისენბახს ის აღელვებს, რომ შოუს წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია: "ეს არის ექსპერიმენტი, რომლის ჩატარებაც დღემდე არავის უცდია. არ ვიცით, რა მოხდება".

თუ მარინას წინა პერფორმანსებით ვიხელმძღვანელებთ, ზოგიერთი მნახველი მარინას მიწვევას "ენერგიათა გასაცვლელად" მიიღებს, როგორც - ზიარებაზე მიწვევას. ბაისენბახი იმასაც ამბობს, რომ შეიძლება შოუზე სრულიად მოულოდნელად გამოცხადდნენ "ადამიანები მარინას წარსულიდან". "ყველაფერი ამ ნამუშევრის ნაწილია, ისიც, რისი გაკონტროლებაც შეგვიძლია და ისიც, რაც ჩვენს ძალებს აღემატება, - ამბობს აბრამოვიჩი, - შუქი ჩაქრება, თუ არავინ მოვა - მნიშვნელობა არ აქვს. თუ ასი პროცენტით არ ვიქნები აქ, არ ვიქნები ჩართული, ამას პუბლიკა, ძაღლივით, იმ წუთასვე იყნოსავს".

 

უკვე წინასწარ იცის, რომ "აუტანელი ფიზიკური ტკივილის" დაძლევა მოუწევს, "განსაკუთრებით კი დასაწყისში. უმოძრაო პერფორმანსები ყველაზე რთულია".

ტკივილი მისი არტის მუდმივი ელემენტია (ძალიან იშვიათად შეუწყვეტია შოუ ტკივილის გამო, ერთხელ კი მის გადასარჩენად შოუში სტუმარიც კი ჩაერია. ეს 1974 წელს მოხდა, ბელგრადის სტუდენტური კულტურის ცენტრში, სადაც მარინამ წარმოადგინა შოუ "რიტმი 5". აალებული ვარსკვლავის შიგნით მდგარმა მარინამ გონება დაკარგა და გარეთ გაიყვანეს). თავის პერფორმანსებში მარინა ხან ხმის ჩაწყვეტამდე კიოდა, ხან დაცემამდე ცეკვავდა, ზოგჯერ კი თმას ივარცხნიდა, ვიდრე თავის კანიდან სისხლი არ წამოუვიდა. თავის ერთ-ერთ ადრეულ ნამუშევარში მარინამ ანტი-ფსიქოტური ნარკოტიკი გაიკეთა, რომელმაც დროებითი კატატონია გამოიწვია. თავიანთ ერთობლივ შოუებში ულეი და მარინა ერთმანეთს სახეში ულაწუნებდნენ და კედლებს ანარცხებდნენ, მოკუმული ტუჩებით, იქამდე უტარებდნენ ერთმანეთს ხელოვნურ სუნთქვას, ვიდრე რომელიმე გონს არ დაკარგავდა. იყო ასეთი შემთხვევაც - ულეი პირდაპირ გულში უმიზნებდა ისარს, როცა მარინა მშვილდს ჭიმავდა.

რა განასხვავებდა ამ პერფორმანსებს მაზოხიზმისგან? - ვკითხე მარინას. "სასაცილოა, დედაჩემმა მკითხა ერთხელ იგივე, - მიპასუხა მან,  - განსხვავება ისაა, რომ რეალურ ცხოვრებაში ჩემთვის წარმოუდგენელია, საკუთარ თავს ამხელა ტკივილი მივაყენო. სინამდვილეში, სულ სხვანაირი ვარ. მაგალითად, როცა კარტოფილის გათლისას შემთხვევით თითი გამეჭრება, ვტირი. როცა თვითმფრინავით მგზავრობისას ტურბულენტურ ზონაში მოვხვდებით, შიშისგან ვცახცახებ. ჩემს ნამუშევრებში კი თითქოს ვკარგავ იმ თვისებებს, რაც მოკვდავებს გვახასიათებს. ყველა ჩემი კომპლექსი, დაუცველობის თითოეული შეგრძნება - მსუქანი ვარ, გაჩხიკული ვარ, დიდი ტრაკი მაქვს, გრძელი ცხვირი მაქვს, კაცი მიყვარს, მიმატოვა, რაც არ უნდა იყოს - მავიწყდება. პერფორმანსის დროს აღარაფერს არ აქვს მნიშვნელობა". რა აქცევს ამ ყველაფერს ხელოვნებად? კონტექსტი და მიზანი: "მიზანი, ჩავიდინო გმირული საქციელი, სურვილი, გავაკეთო რაღაც ლეგენდარული, ისეთი, რაც მაყურებელს შეძრავს, აღმაფრენას და გამბედაობას შეჰმატებს. თუ მე შევძელი გამევლო ტკივილის ზღვარზე, რომ განმეცადა სიცოცხლე მეორე მხარეს, ესე იგი, ეს სხვასაც შეუძლია".

ზოგიერთი ადამიანი განგებ აყენებს საკუთარ თავს ტკივილს, რათა ხელახლა შეიგრძნოს და როგორმე ისწავლოს იმ აგრესიასთან გამკლავება, რომელმაც წინათ უსასოო მდგომარეობაში ჩააგდო. აბრამოვიჩის დედა, დანიკა როსიჩი დაიბადა მდიდარ და გავლენიან მორწმუნე ოჯახში. მისი ბიძა სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი იყო. მარინას მამას ვოჯინ აბრამოვიჩს (მეტსახელად ვოჯო) კი პირიქით - მრავალრიცხოვანი და ღარიბი ოჯახი ჰყავდა. ორივე მონტენეგროელი იყო. კომუნისტურ პარტიაში 1941 წელს გაწევრიანდნენ და წინა ხაზებზე იბრძოდნენ. ომის შემდეგ თავდადება დაუფასეს და ტიტოს მთავრობაში მაღალი პოსტებით დააჯილდოეს. ვოჯო მარშალის ელიტურ რაზმში ჩარიცხეს, დანიკას ისტორიული ძეგლების დაცვის სააგენტო ჩააბარეს. მისი მოვალეობა იყო საჯარო შენობებისთვის ხელოვნების ნიმუშების შეგროვება (1960-იან წლებში დანიკა იუგოსლავიის რევოლუციის მუზეუმს უძღვებოდა). ამ სამსახურს რამდენიმე სიკეთე ახლდა: საზღვარგარეთ მოგზაურობის შანსი, ვილა ზღვისპირას და უზარმაზარი ბინა დედაქალაქში, რომელიც მათ ოჯახს ნაცისტური ოკუპაციის დროს ჩამოართვეს. დანიკა სახლს მდიდრული ნივთებით გულმოდგინედ რთავდა და ოჯახის თითოეულ წევრს, მოახლეების, მეუღლისა და ბავშვების ჩათვლით (მარინას ძმა, ველიმირი, ცნობილი ფილოსოფოსი 1952 წელს დაიბადა), სასტიკად ეკრძალებოდა რომელიმე ნივთზე თითის დაკარება. "ჩვენ წითელი ბურჟუები ვიყავით", - ამბობს აბრამოვიჩი.

მარინას დედასთან მუდამ რთული ურთიერთობა ჰქონდა. დანიკა და ვოჟო ფეთქებადი ხასიათით გამოირჩეოდნენ. ვოჟოს დატენილი პისტოლეტებით ეძინა და ცოლი მუდამ ეჩხუბებოდა სასიყვარულო ისტორიების გამო. დანიკა, რომელიც ქალიშვილს სცემდა, იმიტომ, რომ მის ჯიუტ და გამომწვევ ქცევას ვერ იტანდა, სპარტანული პრინციპით ცხოვრობდა - "გაანგრიე კედელი". "მისგან ვისწავლე თვითდისციპლინა. დედაჩემის სულ მეშინოდა", - მითხრა მარინამ. დედასთან ინტერვიუში, რომელიც აბრამოვიჩმა თეატრალური წარმოდგენისთვის გადაიღო, სახელად "წარმოსახვითი", დანიკა წარსულიდან იხსენებს ისეთ ეპიზოდებს, რაც მის ფოლადისებრ ბუნებას წარმოაჩენს: "რაც შეეხება ტკივილს, მე შემიძლია ტკივილის ატანა, - ასკვნის ის, - დღემდე არავის გაუგია და ვერც ვერავინ გაიგებს ჩემს ტკივილს". ასეთივე სტოიციზმის დემონსტრაციულ გამოვლენას მოითხოვდა ის ქალიშვილისგან და არათუ ინდიფერენტული იყო, არამედ არც კი თანაუგრძნობდა შვილს იმის გამო, რომ მარინას ბავშვობიდანვე აუტანელი შაკიკი განუვითარდა, რითაც თურმე თვითონ დანიკაც იტანჯებოდა. აბრამოვიჩის ძველი ასისტენტის ჯეიმს უესტკოტის ახალ ბიოგრაფიაში "როცა მარინა აბრამოვიჩი კვდება" (M.I.T. 27.95 დოლარი) წერია, რომ სწორედ ამ მტანჯველმა, მარტოობაში გატარებულმა დღეებმა ასწავლა მარინას გაუსაძლისი ტკივილის ატანა, რაც პერფორმანსების შექმნასა და თამაშის დროს განცდილი ტკივილის გადატანაში დაეხმარა.

მიუხედავად ყველაფრისა, დანიკას უხაროდა, რომ მისი ქალიშვილი ხელოვნებით იყო გატაცებული. სასტიკი ხასიათის მიუხედავად, მას ძალიან მოსწონდა "კულტურული აღზრდა", განათლება, რომელსაც მისი კლასის გოგონა აუცილებლად მიიღებდა, კომუნისტურ ეპოქამდე რომ ეცხოვრა. ("მამაჩემს სძულდა ოპერა, რუსული ბალეტი, მოსწონდა ძველ პარტიზანებთან ერთად დალევა, - მითხრა აბრამოვიჩმა, - დედაჩემი გიჟდებოდა კარგ განათლებაზე. მე მყავდა ფორტეპიანოს მასწავლებელი, ინგლისურის მასწავლებელი, ფრანგულის მასწავლებელი, მქონდა წიგნები, სულ ისეთები, როგორიცაა, ვთქვათ, პრუსტი ან კაფკა".

1963 წლის 11 ივნისს, პირველად ოჯახური ზედამხედველობის გარეშე, მარინა პარიზში გაუშვეს სამოგზაუროდ. გოგონა უკვე ჭადრაკის ჩემპიონი იყო. სქელშუშებიანი სათვალე ეკეთა უხეში ჩარჩოთი და უქუსლო ფეხსაცმელი ეცვა (ის ორთოპედიულ ფეხსაცმელს ატარებდა). როგორც თვითონ ახლა იხსენებს, იმ პერიოდში სულ ტიროდა. ხატვა სერიოზულად იტაცებდა და დანიკამაც ჯერ სახლში ერთი ოთახი გამოაცარიელა, მარინასთვის სახელოსნო რომ მოეწყო, შემდეგ კი ფრანგულ კულტურასთან საზიარებლად ეს პარიზული ტურნეც მოუწყო. (ორი წლის შემდეგ მარინამ ბელგრადის სახვითი ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა, 1960-იანი წლების ბოლოს კი უკვე სტუდენტურ დემონსტრაციებს ედგა სათავეში. სტუდენტურ პროტესტს მაშინ ანგარიში ტიტომაც გაუწია და, საბოლოო ჯამში, მისი საიდუმლო აგენტების მეუღლეთათვის შექმნილი სოციალური კლუბი ავანგარდული ექსპერიმენტებისთვის განკუთვნილ ხელოვნების ცენტრად გადაკეთდა. სწორედ იქ გამართა მარინა აბრამოვიჩმა თავისი პირველი პერფორმანსი).

 

იმავე პერიოდში დედამიწის მეორე ბოლოში, საიგონის ერთ ქუჩაზე 66 წლის ბერი თიჩ ქუან დუკი ლოტოსის პოზაში დაჯდა და ცეცხლი უდრტვინველად წაიკიდა სხეულზე. ასე გამოხატა პროტესტი ვიეტნამში დიემის რეჟიმის დროს მოკლული ბუდისტების გამო. მისი სიკვდილი ფირზე აღბეჭდა მალკოლმ ბრაუნიმ, დევიდ ჰალბერსტამმა კი რეპორტაჟი დაწერა. ჰალბერსტამი თავის ტექსტში წერდა, რომ იმდენად შოკისმომგვრელი სანახაობა იყო, თუ როგორ ნთქავდა ცეცხლის ალი ბერის სხეულს, რომ ვერც კი იტირა.

თვითშეწირვის, როგორც საჯარო სანახაობის, პრეცედენტი აზიურ კულტურაში მანამდეც ყოფილა, მაგრამ თიჩის რიტუალმა - თუ როგორ მშვიდად გაკრა მან ასანთი და წაიკიდა ტანზე, მერე კი, როგორ წარბშეუხრელად იჯდა მთელი 10 წუთის განმავლობაში ამ გაუსაძლისი აგონიის დროს - მთელი დასავლეთი შეძრა. ამ შემთხვევამ დასავლეთის კოლექტიურ წარმოსახვაშიც შეაღწია. "მსოფლიოში ახალი ამბების ამსახველ არც ერთ ფოტოს არასდროს არ გამოუწვევია ამხელა ემოცია", - თქვა პრეზიდენტმა კენედიმ მაშინ.

აბრამოვიჩიც ამბობს, რომ მის მეხსიერებაში სამუდამოდ ჩარჩა ეს ხატება, რომელიც მისთვის "მიზნისთვის მსხვერპლშეწირვის" სიმბოლოდ იქცა. ულეიმ კი თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვიეტნამიდან გავრცელებულმა ამ ფოტო და ვიდეოკადრებმა მისი თაობის არტისტებისთვის აქტუალურ თემად აქცია პოლიტიკა. თიჩის ეს თვითგანაჩენი ემთხვევა იმ ისტორიულ მომენტს, როდესაც ახალი ჟანრი - გვემის ხელოვნება გაჩნდა. მისი ბიძგისმიმცემი იყო თაობათა კონფლიქტი და 1960-იან წლებში დაწყებული დიდი სოციალური ძვრები.

გვემის ხელოვნებას არტისტები საბოტაჟისა და პროტესტის სახელით მისდევდნენ. ისინი ჰგავდნენ დადაისტებსა და რომანტიკოსებს, რომლებიც თავის დროზე ილაშქრებდნენ ბურჟუების მაძღარი ყოფის წინააღმდეგ. ისინი ახალ მნიშვნელობას სძენდნენ სიტყვას "სათაკილო" (ისევე, როგორც ახალი ამბები აკეთებდა ამას), უარყოფდნენ მატერიალიზმს - ანუ, ისეთი ხელოვნების კეთებას, რომელიც კომერციულ პროდუქტად გარდაიქმნებოდა. "პიესაში დანა არის იმის იდეა, რაც კლავს, ჩემს ნამუშევრებში კი დანა ყოველთვის ნამდვილი დანაა", - მითხრა აბრამოვიჩმა. მის შოუებზე მისული პუბლიკა უკიდურესად დაძაბული, ზოგჯერ კი სიცოცხლისთვის საშიში რიტუალების მოწმე ხდებოდა. ამ პერფორმანსებში უხვად იყო თვითგვემის ელემენტები, რომელთა საშუალებითაც აბრამოვიჩი, თითქმის ყოველ ჯერზე არღვევდა ღრმად ფესვგამჯდარ ტაბუებს. არტისტიცა და სტუმარიც, ერთ დროსა და სივრცეში ერთვებოდნენ ესთეტურად სტილიზებულ, მაგრამ აშკარად დიდი შინაგანი ძალის მქონე სანახაობაში. რაც უფრო მეტად გულუბრყვილო და გაუაზრებელი იყო ამ სკოლის წარმომადგენელთა ძალისხმევა, სკოლისა, რომელსაც "სხეულის ხელოვნება" ერქვა (დღეს უფრო პერფორმანს არტს, ანდა დროზე მიბმულ არტს უწოდებენ), მით უფრო მძლავრ პორნოგრაფიულ აღტყინებას იწვევდა მნახველში, თითქოს ვულკანის ამოფრქვევის მსგავსს. ამ პერფორმანსების ნაწილი მნახველებს შეახსენებდა, რომ ვუაერიზმი დასჯის გარეშე არ არსებობს.

1969 წელს ველი ექსპორტი (არტისტი, რომელიც თავის ფსევდონიმს სიგარეტის ბრენდს დაესესხა) მიუნხენის პორნო-თეატრში შეიჭრა, ბოქვენზე ამოჭრილი შარვლითა და შემართული ავტომატით და თეატრის მეპატრონეებს დაემუქრა, მიეღოთ გამოწვევა "ნამდვილი ქალისგან". 1970-იანი წლების შუა პერიოდამდე ფრანკო-იტალიელი არტისტი ჯინა პეინი ხშირად ატარებდა პერფორმანსებს, რომელთა დროსაც სხეულს ეკლებითა და ბრიტვით ისერავდა. ბოსტონელმა კრის ბარდენმა კი ერთხელ ასეთი პერფორმანსი მოაწყო: მეგობარს თოფი დააჭერინა, ახლოს დააყენა და აიძულა, ტყვია მისთვის პირდაპირ მკლავში ესროლა, მეორედ ის "ფოლკსვაგენის" სახურავზე აღმართულ ჯვარზე გაეკრა.

ბრუკლინელმა ვიტო აკონჩიმ სონაბენდის გალერეაში, პოდიუმის ქვეშ მასტურბაციის აქტი ჩაატარა. ვიდრე აკონჩი მასტურბირებდა, ზევიდან, პოდიუმზე გალერეის მეპატრონეები დადიოდნენ. მეორე ნიუ იორკულ გალერეაში გერმანელმა ჯოზეფ ბეისმა, რომელიც გერმანულ ავიაციაში მსახურობდა, სამი დღე კოიოტთან ერთად გაატარა. ატლანტიკის ოკეანის გადაღმა, ნეაპოლში, აბრამოვიჩი ეპატიჟებოდა მნახველებს თავის პერფორმანსზე. 6 საათის განმავლობაში გალერეაში მისულ ყველა სტუმარს შეეძლო, ისე მოქცეოდა მარინას სხეულს, როგორც "თვითონ მოისურვებდა" - ხელით მოესინჯა, ტალახი ესროლა, ტანსაცმლისგან განეძარცვა, დაება, შეეღწია, ანდა დაედაღა მისი ტანი იმ 72 ხელსაწყოს მეშვეობით, რომლებიც იქვე მაგიდაზე ეწყო. ესენი იყო: ლურსმნები, პომადა, ასანთი, საღებავი, ხერხი, ჯაჭვი, ალკოჰოლი, ტყვიაწამალი და თოფი, რომელიც ერთხელ პირდაპირ შუბლში დაუმიზნეს მარინას. პერფორმანსის თანდართულ ანოტაციაში ეწერა: "მე ვარ საგანი. ამ პერიოდის განმავლობაში მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას". საათი საათს მისდევდა, მარინა კი წყნარად უძლებდა ყველაფერს, მაგრამ ცრემლებს მაინც ვერ იკავებდა და გაუნძრევლად მდგარი, უხმოდ ტიროდა. ზოგმა სტუმარმა მარინას ცრემლები მოსწმინდა და როცა გალერეაში მისულმა რამდენიმე ადამიანმა მისი სხეულით თამაში დაიწყო, მნახველები ორ გუნდად გაიყვნენ: ვანდალები და მფარველები. ისინი არ დაჯგუფებულან მხოლოდ გენდერული ნიშნით. "ქალები არ მეხებოდნენ, - იხსენებს მარინა, - სამაგიეროდ ზოგიერთი მათგანი კაცებს აქეზებდა, რამე ექნათ ჩემთვის". ფოტოებზე, რომლებიც ამ პერფორმანსის, "რიტმ 0"- ეპიზოდებს ასახავს, მარინა ხან ცხედარივით განისვენებს, ხან მანეკენივით გაუნძრევლად დგას, ხან სლოგანებს აკრავენ ტანზე, ხან წელამდე აშიშვლებენ, ზოგჯერ კი კოცნიან, ვარდის ფურცლებში აბანავებენ, წყალს ასხურებენ, ატყვევებენ და თავზე ტომარას აფარებენ სიკვდილმისჯილივით. ერთმა ვიზიტორმა პომადა გამოიყენა იმისთვის, რომ მარინასთვის შუბლზე დაეწერა - "დასასრული".

აბრამოვიჩის ფემინისტურ შეხედულებებს უფრო მითიური საწყისი აქვს, ვიდრე პოლიტიკური. მას ბოლომდე ესმის ქალების ტანჯვაც და მათი ძალაც. როუზ-ლი გოლდბერგი, პერფორმანს არტის წამყვანი ისტორიკოსი და კურატორი ამბობს, რომ აბრამოვიჩის თაობის ამერიკელი ქალებისთვის "ფემინისტობა იგივე იყო, რაც პარტიაში გაწევრიანება. ასეთი ტიპის სოლიდარობა, ანდა კონფორმიზმი სულ სხვა რამეს ნიშნავდა მარინასთვის. იმ დროისთვის, როცა ის არტისტი გახდა, ის უკვე ისწრაფვოდა თავისუფლებისკენ, რომელიც აბსოლუტურად თავისებურად ესმოდა. ულეისთან ერთად დადგმულ ნამუშევრებში კი ყოველთვის ვამჩნევდი, რომ ყველაფერს თვითონ განაგებდა".

აბრამოვიჩს ბევრჯერ აღუნიშნავს ირონიულად, რომ მის დაბადების მოწმობაზე წითელი ვარსკვლავია გამოსახული, ულეის დაბადების მოწმობაზე კი - სვასტიკა. კომუნიზმსა და ფაშიზმს შორის ამ კონფლიქტმა მარინას სამყაროს აღქმა ჩამოუყალიბა. მაგრამ 1997 წელს, ნეაპოლში გამართული პირველი "დიდი წამების" შემდეგ ის დაბრუნდა იტალიაში ნამუშევრით, რომელიც მისი სამშობლოს უახლეს ისტორიას ეხებოდა.

დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებიდან ორი წლის შემდეგ მონტენეგროს კულტურის მინისტრმა აბრამოვიჩს, როგორც მონტენეგროელების ეროვნული გმირების შვილს, სთხოვა, ვენეციის ბიენალეზე სამშობლოს სახელით გამოსულიყო. გალერისტმა შონ კელიმ მარინას ურჩია, შეთავაზებაზე უარი ეთქვა. როგორც უესტკოტი წერს, კელის ეს იდეა არ მოსწონდა იმიტომ, რომ არსებობდა რისკი, რომ მარინას სახელს ძალაუნებურად სლობოდან მილოშევიჩის საქმეებს დაუკავშირებდნენ. თუმცა აბრამოვიჩმა მაინც გადაწყვიტა, მონაწილეობა მიეღო ბიენალეში. მიუხედავად იმისა, რომ ის აღიარებდა სერბეთის როლს ძალადობის გაღვივებაში, უესტკოტის თქმით, "მარინა აგრესიას ხედავდა კონფლიქტის ორივე მხარეში", ბიენალეზე მიწვევა კი მისთვის იყო "შანსი, შეესრულებინა გლოვის პერფორმანსი" იმ ადამიანების პატივსაცემად, რომლებიც ორივე მხარეს დაიღუპნენ. როცა მინისტრმა პერფორმანსის იდეის შესახებ გაიგო და მას ისიც მოახსენეს, თუ რა დაუჯდებოდა აბრამოვიჩის ამ ნამუშევრის დაფინანსება - დაახლოებით 100 ათასი დოლარი, მან თავისი სიტყვები უკან წაიღო და მარინას შეურაცხმყოფელი წერილი მისწერა: "მონტენეგრო კულტურული პერიფერია არ არის და არ შეიძლება ჩვენი ქვეყანა მხოლოდ მეგალომანიაკი პერფორმერების სამშობლო-კოლონიად ვაქციოთ".

გაცოფებულმა აბრამოვიჩმა და კელიმ ბიენალეს კურატორს ჯერმანო ჩელანტის სთხოვეს, როგორმე პატარა სივრცე მაინც გამოეძებნა მათთვის. ჩელანტიმ ერთადერთი თავისუფალი ადგილი იპოვა იტალიურ პავილიონში, ერთ მყრალ სარდაფში. სარდაფს დაბალი ჭერი და ბეტონის იატაკი ჰქონდა, მაგრამ აბრამოვიჩის არტის კონცეფციაში ზუსტად ასეთი ადგილი ჯდებოდა. ნამუშევარმა, "ბალკანური ბაროკო", რომელიც აბრამოვიჩმა სწორედ ამ სარდაფში დადგა, მას "ოქროს ლომი" და წლის საუკეთესო არტისტის წოდება მოუტანა.

"ბალკანური ბაროკო" იმ სირცხვილისა და მიჯაჭვულობის გამოხატულება იყო, რასაც აბრამოვიჩი განიცდიდა, როგორც ეროვნებით იუგოსლავი და როგორც ვოჯოსა და დანიკას ქალიშვილი. ოთხი დღის განმავლობაში, დღეში ექვსი საათით მარინა სარდაფში ვედროთი და ჯაგრისით იჯდა და გულგრილი გამომეტყველებით, მაგრამ მონდომებით ასუფთავებდა ძროხის ძვლებს, რომელთაც ზაფხულის იმ საშინელ სიცხეში ჭიები ეხვია. კედელზე პროექტორის საშუალებით გადიოდა ნაწყვეტები დანიკას და ვოჟოს ინტერვიუებიდან. ერთ-ერთ კადრში, ვოჟო იარაღს იქნევდა და ომის ბინძურ ისტორიებს ჰყვებოდა (ორივე ინტერვიუ ბელგრადშია გადაღებული, 1994 წელს, როცა ქალაქი ჯერ კიდევ სამხედრო ბანაკს ჰგავდა). მოპირდაპირე კედელზე კი მარინას ვიდეო გადიოდა. კადრში მარინას თეთრი ცხვრის ქურქი ეცვა და ხსნიდა, ვირთხების დახოცვის როგორი სადისტური წესი აქვთ სერბებს. თვითონ კი, ძვლების გასუფთავების პროცესში, თან ტიროდა და თან ცრემლნარევი ხმით ასრულებდა მშობლიურ ხალხურ სიმღერებს. ბაისენბახი იხსენებს, რომ სარდაფში გაუსაძლისი სუნი იდგა, მაგრამ კიდევ უფრო გაუსაძლისი იყო ემოცია, რომელსაც პერფორმანსი აღძრავდა მნახველში.

 

აბრამოვიჩის კოლეგების უმრავლესობა, რომლებიც, მარინასთან ერთად, "გვემის არტის" პიონერები იყვნენ, დიდი ხანია, პენსიაზე გავიდა, ზოგი ახალგაზრდაც გარდაიცვალა.

აკონჩიმ, რომელმაც პერფორმანსების მოწყობა 1973 წელს შეწყვიტა და არქიტექტორი გახდა, მითხრა: "ამ პერფორმანსებში ყველაზე მეტად მომწონდა კონტრაქტი. ვამბობდი, რომ აი, მე უნდა გავაკეთო ეს და პირობას ვასრულებდი. რაც ყველაზე მეტად მძულდა, ეს იყო საკუთარი თავის გამოფენა და ადამიანისგან კულტის შექმნა". მან აბრამოვიჩის "სახლი ოკეანის ხედით" ნახა და თქვა: "ვერაფრით ვერ გავიგე, რა შეიძლებოდა მომწონებოდა ამ ნამუშევარში. რაში დასჭირდა მარინას პუბლიკა ამ პირადული გამოცდილების დასამოწმებლად? საინტერესოა, ადამიანები მართლა ხდებიან მისი ნამუშევრების მონაწილეები"? აკონჩი ეჭვქვეშ აყენებს პერფორმანსების გამეორების იდეასაც. მისთვის ეს არის ძალიან საკამათო კონცეფცია არტში. ერთი ჯგუფის აზრით, დროსა და კონკრეტულ კონტექსტზე მიბმული არტის სრულყოფილად აღქმა მხოლოდ იმ კონკრეტულ მომენტშია შესაძლებელი, როცა ის დაიდგა და არც ერთი პერფორმანსი არ უნდა აღადგინონ.

აბრამოვიჩი პურისტების სამიზნე ბევრჯერ გამხდარა. ულეიმაც კი ცოტა ხნის წინ თქვა: "არ მჯერა ამ პერფორმანსების აღდგენის. მათში აღარაფერია მართალი. ეს უკვე არტინდუსტრიის ნაწილია და სხვა არაფერი". კრედო, რითაც ის და აბრამოვიჩი 1970-იან წლებში ცხოვრობდნენ, გულისხმობდა, რომ წყვილი უარს ამბობდა რეპეტიციაზე, პერფორმანსის დასასრულის წინასწარ განსაზღვრაზე, გამეორებაზე, ისინი არაფერზე იხევდნენ უკან და შემთხვევითობებსა და ვიზიტორების პირველად რეაქციებს ბოლომდე მისდევდნენ. აკონჩიმ მითხრა: "ახლა კი მარინას უნდა, რომ პერფორმანსი აქციოს ისეთ რამედ, რისი სწავლაც და რისი გამეორებაც შეიძლება და ასეთ შემთხვევაში, ვერაფრით ვერ ვხვდები, რით განსხვავდება მაშინ პერფორმანსი თეატრისგან" (თუმცა აკონჩი აბრამოვიჩის გადაწყვეტილებას მაინც დამორჩილდა და მარინას უფლება მისცა, გაემეორებინათ მისი მასტურბაციის ეპიკური აქტი. აბრამოვიჩმა ეს ნამუშევარი შეიტანა პერფორმანსში "შვიდი იოლი ნაწარმოები", რომელიც შეიცავს სპეციალურ მიძღვნებს ბეისის, პეინის, ექსპორტის, ბრიუს ნაუმანის და საკუთარი ახალგაზრდობის, ანუ "ტომას ლიპსელი" მარტვილი ქალის მიმართ).

აბრამოვიჩისთვის ეს კამათი ზედმეტად ეზოთერულია. "70-იან წლებში, დიახ, არ გვჯეროდა, რომ პერფორმანსის გამეორება ღირდა, მაგრამ ახლა ახალი საუკუნეა, და თუ ხელახლა არ გაიმეორებ პერფორმანსს, ერთადერთი, რასაც შემდეგ თაობას დაუტოვებ, უსულო დოკუმენტები და ფირებია. მართა გრეჰემსაც არ სურდა, მისი ცეკვები სხვა ქორეოგრაფებს დაედგათ. მგონი, ეს არტისტის ეგოიზმია და სხვა არაფერი, თუკი არ სურს, რომ მისმა ნამუშევარმა ავტორის გარეშე განაგრძოს ცხოვრება".

მარინა აბრამოვიჩი აპირებს, ინვესტორებისგან მოიზიდოს რამდენიმე მილიონი დოლარი ჰადსონში, ნიუ იორკში, სამი წლის წინ ნაყიდი ძველი კინოთეატრის რეკონსტრუქციისთვის. არტისტს უნდა, რომ იქ პერფორმანს არტის შესანარჩუნებლად მარინა აბრამოვიჩის სახელობის ფონდი გახსნას, რომელსაც სასწავლო დარბაზი და მედიაცენტრი, კაფე და პერფორმანსებისთვის განკუთვნილი უზარმაზარი სივრცე ექნება. თუმცა, ჩანაფიქრის განხორციელებამდე ამ ძველ შენობაში წლების განმავლობაში დაგროვილ დოკუმენტებს ინახავს. დასტად დაწყობილი ნაბეჭდების, წიგნების, წერილების გარდა, აბრამოვიჩი ვერ ელევა ვერც ძველ პოსტერებს, ბილეთების ნაკუწებს, გაზეთების გაყვითლებულ გვერდებს და სუვენირებს მოგზაურობებიდან. მომთაბარე ცხოვრებით მცხოვრები არტისტისთვის მართლაც უზარმაზარი მემკვიდრეობაა. ამ ყველაფერს ემატება რეტროსპექტივაც, რისთვისაც ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა 224-გვერდიანი კატალოგი დაბეჭდა. ამ ხანგრძლივი რეტროსპექტივისთვის გამოიცა არტ კრიტიკოსის ტომას მაქევილის ესეების კრებულიც "ხელოვნება, სიყვარული, მეგობრობა: მარინა აბრამოვიჩი და ულეი, ერთად და ცალ-ცალკე". გამოვიდა დოკუმენტური ფილმი მეთიუ აკერსის რეჟისორობით, რომელიც აბრამოვიჩს შარშანდელი ზაფხულის შემდეგ ყველგან დაჰყვება და ფილმისთვის ასობით საათის მასალა აქვს გადაღებული (ის ასევე უწყვეტად გადაიღებს მისი პერფორმანსის ყოველ წამს).

სამუზეუმო რეტროსპექტივას ემთხვევა უესტკოტის ბიოგრაფიის გამოცემაც. მასში ორიგინალურადაა მოთხრობილი აბრამოვიჩის ამაღელვებელი ისტორია და მთლიანად არის შენარჩუნებული მისი წამებით აღსავსე ნარატივიც, რომლის თხრობასაც თვითონ არტისტი ვერ ანებებს თავს. უზარმაზარი ავტოპორტრეტია, ვიდეოარტისტ ჩარლზ ატლასის მიერ 1990-იანი წლების დასაწყისში შექმნილი ვიდეო "ბიოგრაფია" და მისი გამეორებაც - "ბიოგრაფიის რემიქსი". მასში შესულია ფრთხილი დრამატურგიით აგებული მულტიმედია-ნამუშევრები, რომლებშიც, დამხმარე მსახიობებთან ერთად, გვხვდება ცოცხალი პითონები, ფერადი განათება, მოტკეცილი კოსტიუმები, კალასის მუსიკა, ძველი პერფორმანსების ახალი ვერსიები, რომელთაც აბრამოვიჩის ხმა ადევს. არტისტი იხსენებს მთავარ ეპიზოდებს თავისი ცხოვრებიდან და შიგადაშიგ სერბულად ლაპარაკობს. სწორედ ამ მასალაზე მუშაობა დაეხმარა აბრამოვიჩს ულეის დავიწყებაში და რამდენიმე წელიწადში ერთხელ ის ახალ თავს ამატებს თავის ბიოგრაფიას. ამ ყველაფერთან ერთად, დამუშავების პროცესშია თეატრალური დადგმაც რობერტ უილსონის რეჟისორობით - "მარინა აბრამოვიჩის ცხოვრება და სიკვდილი".

შარშან ნოემბერში აბრამოვიჩმა თავისი ძველი მეგობრები სოჰოში, დაბადების დღეზე დაპატიჟა. აბრამოვიჩი 63 წლის გახდა. ეს მდიდრული ბინა, უზარმაზარი სივრცით აბრამოვიჩმა საკუთარ თავს აჩუქა პაოლო კანევარისთან დაშორების შემდეგ. მას უყვარს, როცა სადილებს შინ ამზადებს, თავის მამულში კი ორგანული მეურნეობაც აქვს, სადაც ბოსტნეული მოჰყავს. სწორედ იქ დაკრეფილი ბოსტნეულით მოუმზადა სუპი პერფორმერებს ჰადსონ ველიში, როცა მათ მარხვა დაასრულეს.

კულინარიით გატაცების მიუხედავად, საკუთარი დაბადების დღის წვეულებაზე რატომღაც შეფ-მზარეული დაიქირავა. ეს იყო ახალგაზრდა არტისტი, რომლის მენიუსაც უცნაური კონცეფცია ჰქონდა: სადილი ეძღვნებოდა ქარიშხალ "კატრინას" დროს დაღუპულ ადამიანებს. სტუმრებს რომსა და ბურბონს მუყაოს ჭიქებით სთავაზობდნენ, ეს კოქტეილის საათი კარგა ხანს გაგრძელდა, შემდეგ კი სამზარეულოს კარიც გაიღო, სადაც პლასტმასის კონტეინერებში უზარმაზარი ლუიზიანური კერძი გუმბო გამოჩნდა. სტუმრები გაოცებულები უყურებდნენ კურიერებს, რომლებმაც გუმბოს კონტეინერები აბრამოვიჩის სახლიდან რიგრიგობით გაიტანეს უსახლ-კაროებისთვის დასარიგებლად. ვიდრე აბრამოვიჩთან შეკრებილი პუბლიკა ფიქრობდა, - საინტერესოა, საჭმელს ჩვენთვისაც თუ გამოიტანენო (ბოლოს მართლა გამოიტანეს - ბამის დონატები), ჯადოქარი დევიდ ბლეინი კარტით ფოკუსებს ატარებდა, და ლორი ანდერსონის მაჯის საათზე ისრები ოთახის მეორე ბოლოდან გადასწია.

ბლეინი საკუთარი წამების არტის გაკეთებას გეგმავს - მას დაამწყვდევენ უზარმაზარი შუშის ბოთლში და ოკეანეში მოისვრიან. "მარინა უდიდეს შთაგონებას მაძლევს", - მითხრა ბლეინმა.

იმ საღამოს აბრამოვიჩი გლამურულ განწყობაზე იყო - მოტკეცილი შავი კაბა ეცვა, სახეს თეატრალური მაკიაჟი უფარავდა, თმა გაშლილი ჰქონდა. "მინდა, ვიღაც გაგაცნო", - მითხრა და ოთახის კუთხისკენ გამიძღვა. შორიდანვე დავინახე კედელს მიყრდნობილი, ქერუბიმივით უმანკო გარეგნობის ახალგაზრდა კაცი, ნაზი და სევდიანი იერსახით. "ეს ენტონია. იმედი მაქვს, რომ ის ჩემს პანაშვიდზე იმღერებს", - ამიხსნა აბრამოვიჩმა.

ენტონი ჰეგარტი, ჯგუფიდან "Anthony & the Johnsons", თავისი არაამქვეყნიური ხმითაა ცნობილი. მაგრამ მივხვდი, რომ აბრამოვიჩს მხოლოდ მისი მუსიკა არ იზიდავს. ენტონის მგრძნობიარე, ნაზი ბუნება მისი დანახვისთანავე ნათელი ხდება, მარინა კი საჯაროდ უნდა ეწამოს, რომ ადამიანებმა მისი ამაზონური გარეგნობის მიღმა როგორმე მისი არსების სინატიფეც დაინახონ.

როცა მარინა მოკვდება, "თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა", ენტონი მისი დაკრძალვის ცერემონიალზე შეასრულებს სიმღერას My Way. შემდეგ აბრამოვიჩმა თავისი გამოსამშვიდობებელი პერფორმანსის სრული პროგრამაც გამაცნო: მარინა აბრამოვიჩის პანაშვიდები ერთდროულად სამ ქალაქში გაიმართება: ბელგრადში, ამსტერდამსა და ნიუ იორკში. მგლოვიარეებს ფერადი ტანსაცმელი ეცმევათ. სამივე ქალაქში იქნება კუბო და, როგორც მარინა ამბობს, არავის, არც ერთ მგლოვიარეს არ ეცოდინება სინამდვილეში რომელ კუბოში განისვენებს ცხედარი".