Wednesday, April 28, 2010


სოკრატე


სოკრატეს- Σωκράτης  დახასიათება ისტორიული გაურკვევლობის ნათელი ილუსტრაციაა. თუ სოკრატეს ოდესმე ერთი სიტყვა მაინც დაუწერია, ჩვენამდე მას არ მოუღწევია. მაშასადამე, სოკრატეზე თანამედროვე წარმოდგენა მთლიანად ისეთ მეორად წყაროებს ეყრდნობა, როგორიცაა პლატონის, არისტოტელეს, არისტოფანესა და ქსენოფონტის ნაშრომები. არისტოფანე ცნობილი იყო, როგორც სატირიკოსი, და ამგვარად სოკრატეს მისეული დახასიათება გაზვიადებული, გადაჭარბებული ან სრულიად ფალსიფიცირებული შეიძლება იყოს.

ნაწილობრივი მინიშნებები ასევე არსებობს სოკრატეს თანამედროვეთაგან. ჯანანტონი, მის მონუმენტურ ნაშრომშისოკრატე და სოკრატესეული რელიქვიები“ („Socratis et Socraticorum Reliquiae“) აგროვებს სოკრატეზე არსებული ყველა დოკუმენტის ფრაგმენტსაც კი. ის იშველიებს მწერლებს ესქინეს სოკრატიკუსს, ანტისთენეს და სხვა დანარჩენებს რომლებიც პირადად იცნობდნენ სოკრატეს. პლატონი, ბერძნული ტრადიციებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, საკუთარ იდეებს, თეორიებსა და შესაძლოა პიროვნულ თვისებებსაც კი თავის მენტორს მიაწერდა. ასეთი მიდგომიდან გამომდინარე პრობლემების გამო, ინფორმაცია სოკრატეზე უნდა მივიჩნიოთ, როგორც სავარაუდო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, როგორც სარწმუნო.

ანტიკურ წყაროებზე დაყრდნობით, სოკრატეს მამა, სოფრონისკუსი, მოქანდაკე იყო, დედას ფენარეტი ერქვა. ჰყავდა მეუღლე, ქსანთიპე, ვისგანაც სამი ვაჟი ეყოლა. იმ დროის არსებული კულტურული რეალიების გათვალისწინებით ქსანთიპე კაპას, მძიმე ხასიათის მქონე ქალად მოიაზრებოდა. სოკრატე თავადაც აღნიშნავდა, რომ ქსანთიპესთან თანაცხოვრების წყალობით ის ნებისმიერი ხასიათის ადამიანთან შეძლებდა შეგუებას, ადარებს რა ამ თვისებას ველური ცხენების გამხედნის მოთმინებას. ამავე წყაროებიდან გამომდინარე, სოკრატეს შეხება ჰქონია სამხედრო მოქმედებებთან პოტიდეასთან, დელიუმსა და ამფიპოლისის ბრძოლებში. ერთგან მას დაჭრილი მეგობარი ალკიბიადე სიკვდილს გადაურჩენია. თუმცა სოკრატეს საბრძოლო მამაცობისთვის მინიჭებულ ჯილდოებსა და წოდებებზე უარი განუცხადებია, გამოუვლენია ხასიათის სიმტკიცე, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ მას ზამთარში ფეხშიშველს და ლაბადის გარეშე უვლია.

უცნობია, თუ რით ირჩენდა თავს სოკრატე ცხოვრებაში. ის არ მუშაობდა; ქსენოფონტისნადიმშისოკრატე ხაზგასმით აცხადებს, რომ იგი საკუთარ ბედს ფილოსოფიას უკავშირებს, და, რომ მისი აზრით, ფილოსოფია უმნიშვნელოვანესი ხელოვნება ან პროფესიაა. ძნელად სავარაუდოა, რომ მას ოჯახისგან რაიმე ქონება დარჩენოდა, ვინაიდან მამამისი ღარიბი მოქანდაკე-ხელოსანი იყო. პლატონის ჩანაწერებით, სოკრატე სწავლებისთვის ფულს არ იღებდა; თუმცა, ქსენოფონტისნადიმშიასევე ნახსენებია, რომ სოკრატეს მოსწავლეებისგან გასამრჯელო მიუღია, ხოლო არისტოფანე აღნიშნავს, რომ სოკრატეს სოფისტიკის საკუთარი სკოლა ჰქონდა. ასევე შესაძლოა, რომ სოკრატე მისი მოწყალე, გავლენიანი და მდიდარი მეგობრების ხარჯზე არსებობდა. 

1 .

სოკრატე ერთ-ერთი იდუმალი მოვლენაა ანტიკურ სულისა, რადგან მისი ფილოსოფია გარდამავალი სულისკვეთებისა გახლავთ. შეუძლებელია ეს პიროვნება ისე მიამიტი და გულუბრყვილო წარმოიდგინო, ქსენოფონტე და პლატონი რომ გადმოგვცემენ. ამ ფილოსოფოსში რაღაც ერთობ ღვრაჭნილი, ძალზე არაჩვეულებრივი იგრძნობა; არსებითად იგი დღემდე უცნობია ისევე, როგორც გაურკვეველი და უცნაურია მისი სატანჯველი. ფიქრობ და გგონია რომ ათენელებმა კი არ აწამეს, არამედ თავად აიძულა ათენელები-ეწამებინათ იგი. სოკრატე კოსმოლოგი არაა, მან შეგნებულად უკუაგდო ყველა პრობლემა, უარყო, როგორც თავისი თანამედროვე სოფისტები, სხვა ფილოსოფოსებიც, თვით ანაქსაგორაც განთქმულიტვინითდა წმინდა ადამიანურ სიბრძნეს მიაყურადა. არა! იგი მიზანშეწონილობის საკითხს როდი გაუუცხოვდა. ამ მხრივ გვარიანად იღვაწა და როგორც დავინახავთ განზე არ გამდგარა ერთობ საპასუხისმგებლო თემებისაგან. სოკრატე - არც სოფისტია, თუმცა სულ კამათობს, მუდამ სხვებს ედავება, არწმუნებს და მართლაც მისი ერისტიკა გაცილებით ნატიფია ვიდრე სოფისტებისა. და ბოლოს, მას არაფერი აქვს საერთო პლატონის ობიექტურ იდეალიზმთან და კონსტრუქტივიზმთან, დაღათუ ცხადია რომ პლატონი მის მხრებზე ამოიზარდა და წარმოუდგენელია ის უზარმაზარი ფილოსოფოსი სოკრატეს პროპედევტიკის გარეშე. ძნელია სოკრატეს უბრალოდ დახასიათება. მასში ყველაფერი დუღს, ჩქეფს და არანაკლებ, ვიდრე სოფისტებში, ამასთან ბევრად უფრო ღრმად, პრინციპულად, სახიფათოდ. სოკრატე გჰამქირდავია, ერეტიკოსია, ბებიაქალია. ამ კაცში ცოცხლობს უცნაური, იქნებ აბდაუბდაც მაგრამ უძირო სიღრმის გულუბრყვილობა, მის სიგონჯესთან ასე კარგად შეთავსებული.

2 .  

რა უნდოდა ამ უცნაურ ადამიანს და რატომაა სოკრატეს მოღვაწეობა შემობრუნების ცენტრი ბერძნული სულის მთელი ისტორიისათვის? ამ კაცმა სიცოცხლის შემეცნება და შეფასება განიზრახა. აი თურმე რაა მისი საბედისწერო მისია, ის როლი, ურომლისოდაც წარმოუდგენელი იქნებოდა ანტიკურობის მომავალი და რა თქმა უნდა მომდევნო საუკუნეების კულტურისა. ვისა აქვს უფლება შეიმეცნოს და შეაფასოს სიცოცხლე? ღმერთმანი, ხომ არ ნიშნავს ეს ყველაფერი ამქვეყნიური ყოფნის აზრთან შეკამათებას?! მოუსმინოთ ნიცშეს: „თუკი ფილოსოფოსი ყოფიერებას პრობლემას უწოდებს, ეს შეხედულება უკვე თავისთავად სულდგმის აზრთან შეპასუხებას ნიშნავს, კითხვის ნიშანს, დასმულს მისივ სიბრძნის წინ, უგუნურების ნიშანს.“ სოკრატემდელ ფილოსოფიას არ შეეძლო და არც უნდოდა ლოგიკით ჩაწვდომოდა სიცოცხლეს, მით უმეტეს მას არ სურდა ლოგიკითვე გამოესწორებინა იგი. მაგრამ სოკრატემ წამოჭრა არსებობის საკითხი, იგი პირდაპირ მიეჭრა ყოფიერების აზრის თემას და აი, დაშრეტვა იწყო ძველთაძველმა დიონისურმა ტრაგიზმმა, შეწყდა ის უბოლოო, მაგრამ საუცხოო მუსიკა კოსმოსისა, რომლის ფსკერზედაც ვნებიანი, ცნობამიხდილი, შეუპოვარი მელოდია ექსტაზისა განისვენებდა. სოკრატეს ჟინი არსებობის თვითშემეცნების სამეფოში გადაყვანაა, მან თავისუფალი სულის ძალა ცხოვრების მანკიერ მხარეებს დაუპირდაპირა, ყოფიერების ბიწიერება გამოამზეურა და ასე იშვა ეს უცნაური, ყოველ წარმავალთან შეუთავსებელი, თითქმის არაბერძნული, არაანტიკური, სათნოების ცოდნასთან გამათანასწორებელი მოძღვრება. ყველა სულდგმულის საწადელი მხოლოდ სათავისო კეთილდღეობა და ამქვეყნიური სიამენია მაგრამ კმარა ასწავლო ადამიანს და ისიც გასათნოვდება. ვინაა გულადი, ღვთისმოსავი ან სამართლიანი? გულოვანი ისაა ვინც იცის თუ რაა სიმამაცე და როგორ უნდა იმოქმედოს განსაცდელის ჟამს. ღვთისმოსავი ის ადამიანია, რომელიც თუ როგორ უნდა ემსახუროს ღმერთებს ხოლო პირუთვნელმა-ხალხს და .. ეს საოცარი სწავლება თვალის ერთი შევლებით სიცოცხლის თვითშემეცნებად, ცოცხალ ყოფიერების თვითშეგნებად, ლოგიკად გარდაქმნას ქადაგებს და ანტიკური სამყაროც გაჰყვა სოკრატეს. ამ მოძღვრებაში არაფერი არ ყოფილა რაიმე არაბერძნული თუ ანტიელინური როგორც ზოგიერთი ფიქრობდა. მაგრამ არც იმ გულუბრყვილო და უსამანო ტრაგიზმს განგაცდევინებდა, როცა ოიდიპოსიოს შეცოდებაში ირკვეოდა რომ თურმე ბრალეული არავინაა. სული გოდებდა და პასუხს ითხოვდა კითხვაზერატომ იტანჯება ოიდიპოსი, ვით გაიმეტა იგი განგებამ ამ არნახული განსაცდელისათვისო მაგრამ პასუხს არავინ იძლეოდა ხოლო ბედის მორევი, ასე დიდებული და კუშტი უბრალოდ დუმდა. სოკრატემ პირველმა ინება გაეგო თუ რაა სიცოცხლე. ეს მუსიკალური, ტრაგიკული, დაუცხრომელი ყოფიერება მან ცნებებად დაანაწევრა და ამ ნახევრად ფილოსიოფიურ და ნახევრად სატირულ მეთოდით იგი ყველაზე ბნელ უფსკრულებს გადააწყდა. სოკრატეს ესთეტიკის დედაარსთან, თუკი მას სადად ჩამოვაყალიბებთ და მაქსიმალურად გავაშიშვლებთ, ფარ-ხმალს დაჰყრიან: ჰომეროსი; პინდარე; ესქილე და თვით სოფოკლეც. მშვენიერი გონიერია! მშვენიერი აზროვნებს! მშვენიერი ნიშნეულია! სოკრატე რაღაც არაჩვეულებრივი ბერძნული ტვინია. იგი თითქოს ერთადერთი ფხიზელია ხოლო მის გარშემო ყველა დამთვრალა. ამ ავთვალადმა, მუდამდღე მხიარულმა, ქარაფშუტა და გამჭრიახმა ბრძენმა მარსიამ, დიონისური ორგიით გაჯერებული, ნარნარი აპოლონისეული სინამდვილე ელინურ ტრაგიკულ სამყაროსი, თეორიულ კვლევად გადააქცია, ლოგიკურ სქემატიზმად და როგორ გგონია - საბრალობლად არ აჭყვიტინდებოდა ტრაგიზმის თვით უკანასკნელი საფუძველი? ნუთუ უბედურია ვინაც შეცდა მხოლოდ იმიტომ რომ არ იცოდა?. რა?! რომ სცოდნოდა არ შეცდებოდა?! განა ტრაგიკულად განსაცდელია როცა შეცოდების გამო ვიტანჯებით და როცა შესაძლებელია სიცოცხლის უწყვეტად კაეშნიანი მელოდიის ლოგიკით ჩანაცვლება? მიაგნო რა ამ აზრს, სოკრატემ ყველა სოფისტს აჯობა. სოფისტები ხომ ბერძნული კლასიკის ანთროპოლოგიურ პერიოდს განეკუთვნებიან. ისინი წარმოუდგენელნიც არიან ადამიანის, გონებისა და ცნობიერების შესახებ ფილოსოფოსობის გარეშე. მაგრამ სოფისტები მათთვის გადაშლილ გრძნობათა და შეგრძნებათა უკიდეგანო სამყაროში ჩაძირულიყვნენ, ემპირიით გაბრუებულიყვნენ, მით ერთობოდნენ, ასე რომ, სოფისტების სულის, მათი თვითშეგნების ყველა ჰორიზონტი მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა. თუმცა შთაგონება სულაც არ გახლავთ მხოლოდ და მარტო გრძნობათა შეგრძნება და ნაირფეროვან განცდათა წყურვილი. შთაგონების უფრო სიღრმისეული ფორმა სიცოცხლის პრობლემა გახლავთ. ამ პრობლემის არსებობა წარმოუდგენელია საარსებო, მძაფრი, სასიცოცხლო შეგრძნებების გარეშე, სენსუალიზმის თვინიერ. ხოლო სოკრატე გაცილებით შორს მიდის. ამქვეყნიურ განცდათა მრავალფეროვნებას იგი არა მარტო პირველი მიაყურადებს, არამედ გონების ძალით, ბეჯითად შეეცდება ყოველი ცალკეული საყოველთაოში აახარისხოს და ამ გზით ამსოფლიურ ნაირგვარ განცდებიდან მათ განზოგადებულ პრობლემატიკაზე გადაინაცვლოს. დეკადანსის თვალსაზრისით ასე ჩამოიტოვა სოკრატემ უკან მისი თანამედროვე სოფისტები.

3 .             .

ახლა უკვე შეიძლება, დრტვინვა, კივილი და სამდურავი ძველი კლასიკური სულის დაღუპვის გამო როგორც ამას აკეთებდა სიტყვაზე ნიცშე. ახლა უკვე შეიძლება ლანძღვა სოკრატესი, ამ თავში დომხალის მქონე მორალისტის და ფილოსოფოსის. მოდით აღვშფოთდეთ, ვაძაგოთ იგი რამეთუ დასამარდა დრო ულევი და დიადი ტრაგედიებისა, ათენის დემოკრატიის აყვავებისა, ჯანმრთელ, ხელშეუვალ რეფლექსიებისა, ბადროს მტყორცნელებისა, მარათონელების დრო. მაგრამ ჭმუნვით და ფილოსოფოსის სიძულვილით არაფერი არ შეცვლილა. ჩამოჰკრა ისტორიის ჟამმა და ძველის ადგილზე ახალი მოვიდა. არ არსებობს ისეთი ადამიანური ძალა, რომელიც ახალწარმოშობილს შეაკავებს. ამიტომ როგორც არ უნდა გიყვარდეს და გძულდეს სოკრატე, იგი მაინც რჩება სრულიად ბუნებრივ, კანონზომიერ და აბსოლუტურად გამართლებულ პროდუქტად ანტიკურ სულისა. , , , . აი გარდაუვალი-სასურველი თუ არასასურველი ეს სხვა საკითხია, მაგრამ აუცილებლად მორიგი, შეიძლება ითქვას იძულებითი-ისტორიული პოზიცია, რომელიც გინდა არ გინდა-წარმოიშვა ანტიკურ ესთეტიკის ისტორიაში და სოკრატე მისი პირველი მაუწყებელია.

4 .           .

 აქვე უნდა გვახსოვდეს, სოკრატეს მოძღვრება მშვენიერების შესახებ არ უნდა გავიაზროთ ვიწრო რაციონალისტურად, ისე, თითქოს ამ სწავლების მიღმა სწორედ რაციონალიზმი იმალებოდა, რამაც კიდეც განაპირობა ტრაგედიის დასამარებაო. ამაზე კამათი შეუძლებელია. მაგრამ ფილოსოფიის ის მიმართულება, სოკრატესგან რომ წარმოიშვა, მშვენიერების უბრალოდ ახსნას შეეცადა, განმარტებას როგორც შემეცნების ფაქტისა. აქ არაფერია ცალმხრივი და უცნაური. ის, რომ შესაძლოა სილამაზე შემეცნების ობიექტად იქცეს, სულაც არ ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომ მშვენიერება იმავდროულად მატერიალური სამყაროს კუთვნილებაცაა. ხომ გცვაქვს უფლება, ვიმსჯელოთ არა მხოლოდ ლამაზ საგნებზე, არამედ იმაზეც თუ რაა საერთოდ სილამაზე, რაა აზრი და დანიშნულება მშვენიერებისა. დე განგვირისხდნენ ლოგიკისა და დიალექტიკის მტრები. ტერმინიმშვენიერიმაინცრაიმესნიშნავს, ვინაიდან თუკი იგი არაფერს არ ნიშნავს, მაინც შეუძლებელი იქნებოდა მშვენიერი საგნების უშნო საგნებისაგან გარჩევა. კი, შეიძლებოდა ლამაზი და გონჯი ბუნებაში არ გვეძებნა და მითუმეტეს ერთმანეთისაგან არც განგვესხვავებინა, უბრალოდ შეგვექმნა სილამაზე და მით დავმტკბარიყავით, მაგრამ რას იზამ, თუკი კულტურის განვითარების ცნობილ ეტაპზე დგება ჯერი ასეთი აზროვნებისა? ასეთი საკითხებისა? მათ არა მხოლოდ კაცობრიულ აზროვნების იმანენტური განვითარება განაპირობებთ, არამედ უდრეკი, მკაცრი, სოციალური აუცუილებლობითაც არიან გამოწვეულნი. ასეთია სპარსული ოქროს მეშვეობით თუ ალექსანდრე მაკედონელის სამხედრო ტალანტის შედეგად მონათმფლობელური საზოგადოების დემოკრატიიდან ანარქიისაკენ, ლიბერალურ ათენის რესპუბლიკიდან პერიკლეს ტირანიის რესტავრაციისაკენ მიმავალი ელინთა ხვედრი. ეს აუცილებლობა, თუმცა ლოგიკურად რთული მაგრამ ერთობ მომთხოვნი და მკაცრი გარდაუვალობა. მისთვის წინააღმდეგობის გაწევა უშედეგოა. ასე წარმოიშვა ისტორიულად უკვდავი აზროვნების სოკრატესეული მეთოდი.

სოკრატეს იერი ის, რაც გამოთქვა სოკრატემ ხელოვნებასა და მშვენიერებაზე, საკმარისია, რომ ჩვენ იგი შემეცნების პრობლემის თვალსაზრისით ესთეტიკის ფუძემდებლად დავასახელოთ. მისი იდეები, ერთი შეხედვით უბრალონი, ისეთად ფუნდამენტალურია, რომ მათ გარეშე ფილოსოფოსობა ხელოვნებასა და მშვენიერებაზე თითქმის წარმოუდგენელია. ტექსტიც რომ განადგურებულიყო, ზემოთ მოყვანილი მისი პორტრეტი გვაიძულებდა ამ მოაზროვნეზე სწორედ ასე გვემსჯელა და არა სხვაგვარად. ძველი ბერძნული და რომაული ესთეტიკის ისტორიკოსები ხშირად მიმართავენ ანტიკურობის საერთო ფილოსოფიოურ პრობლემებს ვინაიდან კლასიკურ ფილოსოფიაში ესთეტიკა როგორც ცალკე სპეციალური დისციპლინა საერთოდ არ არსებობდა. ხდება ხოლმე, ამა თუ იმ ანტიკურ ფილოსოფიის მზა ესთეტიკურ შეხედულებებს ვერ იმოწმებ, არამედ გიწევს შეხედულებათა დედუცირება საერთო საფილოსოფოსო თეორიებიდან კლასიკურ სამყაროსი. სოკრატე ამ მხრივ მეტ უშუალო მასალას გვთავაზობს ვიდრე სხვა ფილოსოფოსები, და მიუხედავად სოკრატეს ფილოსოფიის დამატყვევებლობისა, მისი ესთეტიკური შეხედულებანი ცოტა არ იყოს ბუნდოვანი და გაურკვეველია. ამ ბუნდოვანების მიზეზი თავად სოკრატეა, მისთვის დამახასიათებელ ყველა ორიგინალობით და რა თქმა უნდა წარმოუდგენელი სულიერი იერით. ის ორიგინალობა, ზოგჯერ განსაცვიფრებლად დიადი იმ დროის გარდამავალი ხასიათით, დაღუპვისათვის განწირული კლასიკურ ბერძნულ საზოგადოებაში შექმნილი დომხალით, ძველისა და ახლის არევ-დარევით თუ აიხსნება. და ვინაიდან ამ კუთხით სოკრატე არც ერთ ფილოსოფოსს არ დაუნახავს და გაუანალიზებია, რამდენიმე შტრიხის გავლებას შევეცდები და შორს არ გავედევნები თითქმის ამოწურულ თემას.

ის საერთო იერი იდუმალებით მოსილი და ცოტა შემაძრწუნებელიცაა. ამ, სულისა და სულდგმის დიად პრობლემებზე მოსაუბრე, ირონიულად და ეშმაკურად გამომზირალ კაცს ვერ მოიხელთებ, მაგრამ შეუძლებელია ყოველთვის გულითადი იყო. სოკრატე კი მუდამდღე გულითადი და ხალისიანია. არა, იგი იმ უწყინარ მოხუცს როდი ჰგავს, ზოგ-ზოგიერთებს ბრძენი და სრულყოფილი რომ ჰგონიათ. სოკრატე გესლიანად მხიარულია, სარკასტულად გულმხიარული და გარკვეულწილად შურისმაძიებელიცაა თავისი ხალისიანობით. მან თითქოს თითოეულ ადამიანზე რაღაც საიდუმლო იცის და განსაკუთრებით ბილწი საიდუმლო. მართალია, იგი არ სარგებლობს ამ ცოდნით, პირიქით, ხელს აფარებს მათ თავისი უწყინარობით მაგრამ-მტანჯველი, შემაძრწუნებელი უწყინარობით. ზოგიერთი ალბათ პირდაპირ საყვედურს ან თუნდაც შეურაცხყოფას ამჯობინებს ვიდრე ამ პრიაპეს მანჭვა-გრეხვას, რომლისგანაც არ იცი, შემდგომში რას უნდა მოელოდე. აკი მისი ერთ-ერთი აღტკინებული მოწაფე ალკიბიადე ამბობს: „მთელი თავისი ცხოვრება იგი გამუდმებით ვიღაცას დასცინის, ოხუნჯობს, ამასხარავებს ხალხს.“ და იქვე: „თანამოსაუბრეს გული უჩვეულოდ ძალუმად უცემს, კარიბანტივით ხელდება და ცრემლი მდინარესავით სდის.“ ინსტიქტს ლოგიკით შეებრძოლები? დაამტკიცებ ზნეობის წინსვლას? იქნები ყოველთვის გონიერი,. წინდახედული და ფრთხილი? სოკრატესთვის ეს კითხვები არ არსებობს. მან ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტაგონიერება უპირველესიაოდა ისიც გონიერია, უკიდეგანოდ, შემაძრწუინებლად ჭკვიანი. სოკრატე არათუ არ ცხოვრობს ინსტიქტით, ეს შეუგნებელი, ანგარიშმიუცემელი ლტოლვა ვინმესკენ ან რაიმესკენ მისთვის საერთოდ უცხოა. იქ, სადაც შეგრძნებებით და ინსტიქტით მოქმედებენ, სოკრატე გესლიანად შენიშნავს. მან ხომ თავისი დიალექტიკა, კამათისა და გაბაიბურების ეს ვირტუოზული ხელოვნება სწორედ ინსტიქტებსა და შეგრძნებებს ჩაანაცვლა. მაგრამ რას მიაღწია ამით ფილოსოფოსმა და ვის სჭირდება ეს დიალექტიკა. საეჭვოა არსებითად იგი ვინნმეს დასჭირვებოდა. სათუოა დიალექტიკით ვინმე დაარწმუნო ან გადაარწმუნო (აქ რა თქმა უნდა იმდროინდელ სოფისტურ დიალექტიკას ვგულისხმობ) მაგრამ თავად მას იგი აუცილებლად სჭირდება. დიალექტიკა მისთვის სიცოცხლეა, სიცოცხლე და ეროსი. გვირჩევენ და გვაფრთხილებენ ნუ შეგვედავებითო, თუკი დავდგებით ნიადაგზე ადრეულ და მკაცრი კლასიკისა, ჰერაკლიტეს აფორისტიკის ბრელოზე, შესაძლებნელი იქნება თამამად განვაცხადოდ რომ ჭეშმარიტება საერთოდ არ მტკიცდება და არც საჭიროებს დასაბუთებას. მტკიცებულებანი დამამძიმებელია, ფუჭია, დამამცირებელია, სულ სხვა ტონია ჭეშმარიტების მიმართ. მტკიცებულება ჭეშმარიტების ვულგარიზებაა, არაარისტოკრატიულია, რაღაც საყოველთაოა. მასში ერთგვარი უხამსობა გამიოსჭვივის თვითკმაყოფილი გონისა. იმოწმებ ვინმეს ან რამეს და იქვე ფაქიზი ჩაცინება იგრძნობა, ირონიათქვენ ყველანი სულელები ხართ! ტვინის ნასახი არ გაგაჩნიათ! იგი, ვინაც ჭეშმარიტებაზე პრეტენზიას აცხადებს, მბრძანებლობს და არაფერს არ ასაბუთებს. თუკი გზა არსითაა და ვერც ვერაფერს ვერ ეყრდნობი, შიშველ ლოგიკას უბნდა ჩაეჭიდო. თუმც ყველამ იცის, რომ მით ვერაფერს გახდები, ვერავის დაარწმუნებ, .. ნებისმიერ ჭეშმარიტებას დაამტკიცებ და რაგინდა რა სიცრუეს დაასაბუთებ. ძირითადად ასეთი იყო თვალთახედვა ადრეული და მკაცრი კლასიკისა. მაგრამ სოკერატემ იგი დაანგრია. მისთვის უცხო გახლდათ ავტორიტეტების წინაშე ქედის მოხრა, რომელთაც არავითარი მტკიცებულებანი არ სჭირდებოდათ და ხალხს მორჩილებას აიძულებდნენ ყოველგვარი ლოგიკის, მტკიცებულებების, ფუსფუსის, დავიდარაბის, არგუმენტების გარეშე, ხოლო ეს ყველაფერი იმ დროში ერთობ არაარისტოკრატიულად, ძალზე დემოკრატიულად განიცდებოდა. სოკრატე ამ ყოველივეთი შემკული ფილოსოფოსია: ჭეშმარიტების იმიტაცია, არა მბრძანებლური, არამედ მაარგუმენტირებელი, ვულგარული ალალმართლობა, მოსულელო, ბაზრის ანუ ასპარეზობათა სიტყვარი, ირონიული ტონი და სატირული ჩაცინება, ეს ყველაფერი ჰქონდა სოკრატეს და ეს ყოველივე გახლდათ მისი ძალა. სოკრატე უნიჭო გამოდგა ჰერაკლიტეს ტრაგედიებისათვის და ესქილეს გოდება კოსმოსის ბედზე მას არ ესმოდა. მაგრამ ფილოსოფოსმა სხვა ძალას უხმო, ახალ ძალას. ეს სოფისტური, ეროტიკული, პრიაპული სიბრძნე, უცაბედი არგუმენტები და სატირული ჩაღიმებანი პირდაპირ ახელებდათ ყველაზე ენაკვიმატ, ყველაზე შეუპოვართაც კი. ასეთი ირონია აუტანელი გახდა. როგორ უნდა ჩააწყვეტინო ხმა ამგვარ მოუხელთებელს. ის ხომ სატირია, სასაცილო და შემზარავი სინთეზი ღმერთისა თხასთან. მას ვერ გააკრიტიკებ, ზურგს ვერ შეაქცევ, ვერ დაივიწყებ, ვერსად დაემალები, ვერ შეეკამათები და ვერც ვერაფერში დაარწმუნებ. ასეთი გესლიანი, უმრავლესობისათვის კი უბრალოდ საზიზრარი მოხუცი შეგეძლო მხოლოდ მოგეკლა და ისიც მოკლეს. „შე თავხედო დამცინავოერთხელ მას ალკიბიადემაც უთხრა და რა უნდა მოსთხოვო ანიტს, მელეტეს ან ლიკონს. ამგანათლების რეაქციონერებსრომელთაც სოკრატესეული რაციონალიზმი უფრო აღიზიანებდათ, ვიდრე უკიდურესი ხულიგნობა სოფისტებისა. იმდროინდელი არისტოკრატია სოკრატეზე ასე ფიქრობდა: სოკრატე ირაცხებოდა გადაგვარებად ძველი, კეთილშობილური, დიონისურ-აპოლონური ტრაგიკული ელინობისა. მართლაც, იგი ფიზიკურად გადაგვარებული გახლდათ. ვინ არ იცნობდა ამ ძლიერ, ჯმუხ კაცს, დაკიდებულ მუცლითა და ჩამოღვენთილ მოკლე კეფით? ბრძენ და დამცინავ სახისა, აშვერილ, თითქოს გადმოცვენაზე თვალებით ბოჩოლასავით რომ იმზირებოდა, ბრტყელი და აბზეკილი ცხვირით, ფართე ტუჩებით, ვეება ჩამოწოლილ შუბლზე განთქმულ კლასიკურ კოპით, სრულიად მელოტი. მართლა კაცი იყო? არა! იგი ჩამოჰგავდა რაღაცნაირ კომიკურ ნიღაბს, კარიკატურას ადამიანისა და ბერძენისა, იგი გადაგვარება გახლდათ. კი, ეს გახლავთ ანტიკურობის ანარქიული მონაკვეთი, ერი ყოყმანობს და ერთ ადგილს ტკეპნის, ივიწყებს მიამიტობას და პატრიარქალურ ტრაგიკულ მსოფლშეგრძნებას, მას ჯერ კიდევ არ ძალუძს პლატონური გონიერება. ასეთ დროს ხალხი ან საშინელია ან სასაცილო. სოკრატე თანადროულად საშინელიცაა და სასაცილოც. აი, რატომ სძულთ იგი არისტოკრატებსაც. მაგჰრამ სოკრატე სწორედ დემოკრატებმა აწამეს და არა არისტოკრატებმა. დემოკრატებს მისგან სიცოცხლე ჰქონდათ გამწარებული. სოკრატეს ბრალმდებელი მამათმავალი ანიტია. მას სქესობრივი კავშირი ჰქონდა ალკიბიადესთან და სოკრატეც დასცინოდა მას. ანიტმა მილეტე დაიქირავა და დაავალა, ფილოსოფოსი რელიგიის მტრად გამოეცხადებინა. ასეთია ხშირად გარდამავალი ხანის მოღვაწეთა ხვედრი. ისინი სძულთ როგორც ძველი, ასევე ახალი იდეალებისათვის მებრძოლთ ვინაიდან სიმბოლოებად ევლინებიან კულტურულ-სოციალურ გზაგასაყარებს, ან უკეთ რომ ვთქვათ გარდამავალი ხანის გზაჯვარედინზე სასიშ და უფორმო ძალის მამოძრავებელ სიმბოლოებს წარმოადგენენ. როცა ძველის საფუძველი შერყეულია, ეს ნიშნავს დადგა დრო მისი ლოგიკის შენებისა. მაგრამ არსებობის ლოგიკის აგება მის შეგრძნებათა და მტკიცებულებათა ენაზე თარგმნას ნიშნავს. ასეთ დროს ძველი იდეალები უმწიკვლობას ვერ ინარჩუნებენ. თუმცა მრავალი ამბავი როცა ლოგიკის მიღმა განიცდება, დღის სინათლის მიღმა, როდესაც ძველი ჭეშმარიტება შერგრძნებათა სტიქიაში გადაინაცვლებს, ეს უკვე აღარც ბიწიერებაა, ეს დეკადანსია, ფაქიზი გახრწნა გემოვნებისა, და მასში ისტორია ინტიმურადაა გაიგივებული ზეშთაგონებასთან. სოკრატე, ნებისმიერი სოფისტი მისი დროისა-დეკადენტები არიან. სოკრატე პირველი ანტიკური დეკადენტია, მან პირველმა გაუსინჯა გემო ჭეშმარიტებას როგორც შემეცნების პრობლემას. პლატონი-სისტემაა, მეცნიერებაა, იგი რარაც ძალზე უზარმაზარი და დარბაისლურია, დეკადენტობაში დაგვირგვინებული. არისტოტელე აპოთეოზია მეცნიერული სიფხიზლისა და ღრმააზროვნებისა, მაგრამ სოკრატე - უქონლობაა ყოველგვარი მეცნიერებისა და სისტემისა. სოკრატე-უწესრიგობაა. იგი სულ ცურავს, დნება, თავს ისულელებს, ენას იჩლექს, ხითხითებს ადამიანების სულთა სიღრმეებში მიძვრება მერე რომ შეუმჩნევლად გადმოხტეს როგორც თევზი ოჩხიდან ხოლო თქვენ მეყსეულად თითქოს კუდის გაელვებაღა დაინახეთ. სოკრატე ფაქიზად დამცინავი, შემზარავად ჭკვიანი და ყველა სკნელგამოვლილი დეკადენტია. მის სიახლოვეს იფხიზლე! ჭირს გათვითცნობიერება სოკრატეს სიცოცხლის უკანასკნელი საათებისა, გასაოცარი უბრალოებით რომაა აღწერილი პლატონისფედონში“. ხოლო როდესაც გონებით წვდები-ძრწუნდები. ამ გენიალურმა მასხარამ იცოდა რაღაც ისეთი, რაც ხალხმა არ იცის. აბა რას ნიშნავს ის ზერელობა, ის ქარაფშუტობა შხამით სავსე ფიალის წინ? სოკრატესათვის, ვინაც იცის რომ არაფერი არ იცის-ყველაფერი სულერთია, ჩუმად იცინის და მეტი არაფერი. მის გარშემო მოწაფეები ცრემლებად იცლებიან, ყველაზე მტკიცენიც კი იმდუღრებიან, ვიღაც გარეთაც გავიდა, ვერ გაუძლო და გავიდა. იგი კი უმშვიდესი და საქმიანი, შეარცხვინა თავისი მეგობრებისიკვდილი მოკრძალებულ მდუმარებაშია მართებულიო...“ შემზარავი კაცი! ცივი გონება და დეკადენტური მგზნებარება შეგრძნებებისა მასში ერთ ზორბა დელტათ ირწყმებოდა, განმაცვიფრებლად, განმსჭვალავად, სულის შემაგუბებლად. დიადი და ტრაგიკული, სასაცილო, ფუქსავატი, სოფისტური. სოკრატე იქნებ ყველაზე ამაღელვებელი, ყველაზე მშფოთარე პრობლემაა ანტიკური ფილოსოფიის მთელ ისტორიისათვის. თარგმნა ნოდარ შანიძემ

No comments:

Post a Comment