Friday, April 30, 2010


ბოდლერი

 

იყო შარლ ბოდლერი..XIX საუკუნის საფრანგეთში მწვანედ შეღებილი თავით რომ დადიოდა. საღამოობით ელისეს მინდვრებზე ხეტიალი უყვარდადა კიდევსარკეში ყურება. მთელი მისი შემოქმედება საკუთარი თავია, მასავით უცნაური, თუმცა ძალიან მიმზიდველი და სიმბოლური. მისი ცხოვრების ბრალიც იყო ამგვარი თვითგამოხატვა ალბათ. მის დაბადებას 62 წლის მამა და 28 წლის დედა დიდი სიხარულით და აღტაცებით შეხვდნენ.ნანატრი ერთადერთი შვილი იყო და თავს ევლებოდნენ. 5 წლამდე ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, 6 წლისას მამა მოუკვდა და დედა მეორედ გათხოვდა. უზომოდ დედაზე შეყვარებულმა ბოდლერმა მთელი ცხოვრება ვერაპატიამას ესღალატი”. მოგვიანებით კი, ალბათ დედისგან მიღებული ტრამვის შედეგად უცნაური სიყვარული უყალიბდება. მის პროზაულ ლექსებში კარგად არის გადმოცემული მისი შინაგანი სამყარო და მისი ცხოვრებისთვის ჩვეული ამბები. ”საყვარლის პორტრეტებშიბოდლერი თითქოს ოთხივე მამაკაცის პირით ერთი ადამიანის, თავისისიყვარულისამბავს ყვება-”სილამაზე თავისთავად უკვე აღარ გვაკმაყოფილებს, თუ მას არ ახლავს არომატები, მორთულობა და .. მე მზად ვარ ვაღიარო , რომ ველტვი ზოგჯერ რაღაც მეოთხე სტადიას, როგორც ნეტარებას, რომელიც სრულ სიმშვიდეს მომიტანდა”-და ეს მართლაც ასეა. მის ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც უყვარდა ბოდლერს, მაგრამ არც ერთი მათგანი ლამაზი არ ყოფილა,მეტიც-უშნოები უფრო ეთქმოდათ.და როცა ერთ-ერთი საყვარელი ავარიაში მოყვა და ხეიბრად იქცა, ბოდლერი კიდევ უფრო მიეჯაჭვა მას. მისი ტანჯვის გაზიარებით ერთგვარ ტკბობას განიცდიდა.მას ყოველთვის ცივი, უემოციო ქალები იზიდავდა და საკმარისი იყო მათ ბოდლერის მიმართ რაღაც გრძნობა გასჩენოდათ, საპასუხო სიყვარული გამოეხატათ, რომ ფრთხებოდა და უკან მოუხედავად გარბოდა; მეორე მამაკაცის პირით იმავესაყვარლის პორტრეტებშიამბობს-”არც ისე დიდი ხნის წინათ ხელში ჩამივარდა ქალი, რომელიც უდავოდ უნაზესი, უმორჩილესი და უერთგულესი არსება იყო, მუდამ მზადყოფნით აღსავსე . თან ყოველგვარი გატაცების გარეშე!…ურტყით ჯოხები ამ კედელს ან ტახტს და თქვენ გაცილებით უფრო მეტ გმინვა-ოხვრას გაიგონებთ მათგან,ვიდრე ჩემი საყვარლის მკერდს აღმოხდებოდა ვნების თვით უკიდურესად მძვინვარე შეტევების დროსაც კიზოგჯერ გული მწყდება, რატომ არ შევირთე ცოლად.”და ამ თავისი უცნაური სიყვარულის გამომწვევ მიზეზებზე, თუ რატომ უყვარდებოდა ცივი ქალები, რატომ აშინებდა საპასუხო გრძნობა და ალბათ კიდევ ბევრი რამპასუხს იმავე ნაწარმოებში მეოთხე მამაკაცის პირით გვიყვება: ”წარმოიდგინეთ ეს აუტანელი გაურკვევლობა და სიმშვიდე ხასიათისა, ეს ერთგულება ყოველგვარი სიყალბისა და პათოსის გარეშემე ვერ მიმეცა ჩემი თავისთვის უფლება რაიმე გაუაზრებელი ნაბიჯის გადადგმისა, ან გრძნობას აყოლისა, ვინაიდან თან მდევდა მუნჯი საყვედური ამ მარადის ჩემგან განუყრელი აჩრდილისა. სიყვარული რაღაც მეურვეობად იქცა ჩემთვის”. ბოლოს კი იმდენად ვერ იტანს მას თავისი სრულყოფილებით , რომ კლავს კიდეც.მის ცხოვრებაში ყოველთვის უნდა ყოფილიყო რაღაც გიჟური, და ისწმინდა სიყვარულიმისთვის დამღუპველი იქნებოდა – ”რამდენი სისულელის ჩადენისგან მიხსნა მან და რაოდენ ვნაღვლოდ , რომ არ ჩავიდინე ისინი!…მან წამართვა ყველა ის სიამე, რისი მონიჭებაც შეეძლო ჩემთვის ჩემსავე დაუფიქრებლობას”. აი ბოდლერის ფილოსოფია, და ამ ნაწარმოებში ასახული მისი ცხოვრების ერთი მომენტი. ხოლო სიამესა და დაუფიქრებლობას რაც შეეხება, მისთვის ეს შეიძლება მათხოვრი

ცემით იყოს გამოწყვეული (”მივასიკვდილოთ უპოვარნი”) და თუ პირიქით მოხდებოდა ამითაც არა დააკლდება რა მის სიამოვნებას, თუ არ მოემატება. შეიძლება ეს იყოს ჯამბაზის დიდებული სიკვდილიც სცენაზეერთი შეხედვით მისი პერსონაჟები და ქმედებანი თითქოს ირონიული დასასაცილოა ”.სინამდვილე კი სულ სხვაა, ბოდლერი მათ არ დასცინის, სინამდვილეში მისი ნაწარმოებები (აქცენტი ამ შემთხვევაში მის პროზაულ ლექსებზეა ) მისი სულის ნაზავია გულსიმომკვლელი რეალობის, შეფარული სევდის, სიმახინჯის და ასევე, ფარული სიკეთის. თითქოს ეშინია ირონიის გარეშე მათი გამოხატვა. იქნებ გაკიცხონ ასეთი გულმოწყალებისთის?! თუმცა ამის, წესით არ უნდა ეშინოდეს, ბოდლერი ყოველთვის ცდილობს მარტო დარჩეს, სულ მარტო, საკუთარ თავთან. თავისმარტოობაშილა ბრუიერის პირით ამბობს -”რა უბედურია კაცი, რომელიც ვერ ეგუება მარტოობას”-ამით თითქოს მათი შერცხვენა სურს ვინც საკუთარ თავს გაურბის და ბრბოში ეძებს თავდავიწყებას, ”როგორც ჩანს იმის შიშით, აუტანელი არ გახდეს საკუთარი თავისთვის”. ბოდლერს კი ეს შიში არ აწუხებს. მისთვის საკუთარი თავი ამოსავალი წერტილია და მასვე უბრუნდება. მისი გრძნობების და განცდების მრავალფეროვნება, მისი დამოკიდებულება სამყაროსადმი მას ამის საშუალებას აძლევს . მეტიც-”ყველას როდი ხელეწიფება ბრბოში გათქვეფა, ბრბოში ყვინთვა, ბრბოში განცხრომა, ეს ხომ ხელოვნებაა ერთგვარი”- (”ბრბო”), და ამხელოვნებასნაკლებად დაუფლებულ შარლს ისღა დარჩენია საკუთარ თავში ეძებოს სამყარო მთელი თავისი მრავალფეროვნებით და მიმზიდველობით.

დასასრულ ისევ ბოდლერის მრწამსს მივუბრუნდეთ, იმას რითაც დავიწყეთ, მისი ცხვრების ფილოსოფიას…”თრობას მიეძალე. თრობაა ყველაფერი. ეგ არის ხსნა ერთადერთი, რათა არ შეიგრძნო ამაზრზენი ტვირთი დროისა, რომელიც დაგცემს, წელში გაგტეხს. ჰოდა,ამადაც თრობას მიეძალე, გამოუნელებელს. ჰო , მაგრამ რითი? ღვინით, პოეზიით, სიქველით, რითაც გენებოს, ოღონდ იყავი მთვრალი.

და თუ ოდესმე კვლავ გამოფხიზლდები -სასახლის კიბეზე, მდინარის პირა მდელოზე, თუ შენი ოთახის შემზარავ სიმარტოვეში, მაშინ ქარს, ტალღას, ვარსკვლავს, ჩიტს, საათს, ყოველივეს, რაც დარბის, ან დაჰქრის, კვნესის ან მიედინება, ყოველივეს, რაც მღერის ან საუბრობს, ჰკითხე: რომელი საათია? და მაშინ ქარი, ტალღა, ვარსკვლავი, ჩიტი, საათი მოგიგებენ: თრობის საათია! თრობისა და თავდავიწყების, რათა არ ვეყმოთ, არ ვემონოთ დროს, არ შევიქმნათ მისი მარტვილნი; ამიტომ თრობას მივეძალოთ დაუსრულებელს: ღვინით , პოეზიით, ან სიქველით -წადილისამებრ.”


ნიცშე

 

ეს ნაშრომი ცნობილი გერმანელი მოაზროვნის, ფილოსოფოსის დ ფრიდრიხ ნიცშეს პიროვნების ფსიქოლოგიური პორტრეტის დახატვის მცდელობას წარმოადგენს. ავტორი ბიოგრაფიასა და შემოქმედების გარკვეულ დეტალებზე დაყრდნობით განსაზღვრავს ნიცშეს სულიერი ტრაგედიის მიზეზებს. ყველასთვის ცნობილია, რომ გერმანელმა მოაზროვნემ სიცოცხლის ბოლო წლებში დაკარგა ფსიქიკური სიჯანსაღე, მაგრამ ამ ნაშრომის ავტორის მტკიცებით ეს პროცესი გაცილებით ადრე, ფარული სახით მიმდინარეობდა. რატი ნინუა კონკრეტულ დიაგნოზსაც კი სვამს, თუმცა მხოლოდ აქ არ ჩერდება, მისი მიზანია ახსნას, თუ რა "დაემართა" ნიცშეს და შემდგომ განსაზღვროს ამ სულიერი ტრაგედიის განმაპირობებელი მიზეზები. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მეცნიერება უძლურია, ამიტომ აქ ერთადერთი გზა, რელიგიური კუთხით ინტერპრეტირების გზაღა რჩება და რატიც მას მიმართავს. მისთვის სულიერი ტანჯვა არის სასჯელი და იმავდროულად კათარზისის საწყისიც. ბევრი დეტალი ალბათ საკამათოა, ნაშრომში ნახსენები ნიცშეს ათაშანგით დაავადების ფაქტი არ არის გაზიარებული მეცნიერთა უმრავლესობის მიერ. მიუხედავად ამისა მკითხველი ალბათ გაოცდება იმ განსწავლულობის ხარისხით, რასაც ფლობს ავტორი ფსიქიატრიის სფეროში. ფსიქიატრია ჩემი ჰობიაო – ამბობს ავტორი, მაგრამ დაკვირვებული მკითხველი შესაძლოა მიხვდეს, რომ ეს უბრალო ჰობი არ არის, არც მხოლოდ ფრიდრიხ ნიცშეს ტრაგედიაა მისი კვლევის საგანი. ავტორი ცდილობს ჩაგვახედოს იმ სამყაროში, სადაც მრავალი ადამიანი მარტოობაში ტანჯვისთვის არის განწირული: "ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სამყარო ორად არის გაყოფილი რკინის მავთულხლართით. აქეთ ვართ ისინი, ვინც თავს "ნორმალურებს" ვუწოდებთ, "იქით" კი ისინი, ვისაც გიჟები დავარქვით. ჩვენ არ გვინდა ბარიერის იქით გადახედვა, რადგან იქ გამუდმებული ტანჯვაა, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ჩვენ ვიცით: რომც გადავიხედოთ, სასიკეთოს ვერაფერს დავინახავთ. ამიტომ გვირჩევნია ისევ ჩვენი პატარ-პატარა სიამოვნებებით შევიქციოთ თავი". ეს ზღურბლი "ნორმალურსა" და "არანორმალურ" სამყაროს შორის ძალზედ მქრალია. ისტორიას ახსოვს ეპოქები, სადაც მასობრივი ფსიქოზის გამოვლინებებს ჰქონდა ადგილი. ამის მაგალითად თავად ნიცშეანურ იდეოლოგიაზე დამყარებული ფაშიზმი გამოდგება. ვფიქრობ, ფსიქიური დაავადებაც, რაც არ უნდა მძიმე იყოს იგი, ალბათ ბოლომდე მაინც ვერ შლის პიროვნებას, შიზოფრენია არღვევს ინდივიდის ინტელექტუალურ სამყაროს, მის ცნობიერებას, მაგრამ ვერ ძლევს მის სულს. სწორედ ღვთაებრივი სულია ადამიანის "მეობის" განმსაზღველი ასპექტი და არა მისი მენტალური სამყარო ან ფიზიკური სხეულის მდგომარეობა. ადამიანის თავისუფალი ნება მართავს ამ სულს და ვფიქრობ ეს ნებელობა ფსიქიურად დაავადებულსაც კი არ აქვს დაკარგული ბოლომდე. სხვაგვარად ყველა ფსიქიკური პრობლემების მქონე ავადმყოფი ერთმანეთის იდენტური უნდა იყოს, ანუ დაავადების სიმპტომების ერთგვარ  ჯამს უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ ეს ასე არ არის. ნიცშემ ვერ სძლია საკუთარ თავში “Mania grandioza”, რის შესახებაც არა ერთხელ აქვს რატის საუბარი, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისაც ფსიქიურმა დაავადებამ ვერ წაართვა ღვთაებრივი ნათელი, ვის სულშიც ვერ გაიმარჯვა ბოროტებამ, ლუციფერმა, ერთ დროს მთლიანი, ურღვევი ნათლის ნაწილმა ვერ სძლია ღმერთს. "შიზოფრენია" ცნობიერების გახლეჩას ნიშნავს. გარკვეულ ეტაპამდე, სანამ შიზოფრენიისათვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი იჩენს თავს, პიროვნების გაორება, ერთ ადამიანში ორი საპირისპირო პოლუსის არსებობა იწვევს ღრმა, სულიერ ჭიდილს, რაც რა თქმა უნდა დიდ ტანჯვასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამბოხი საკუთარი თავის წინააღმდეგ, დაპირისპირებულ პოლუსთა ჭიდილი წარმოადგენს გზას, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია იგრძნო სამყარო უფრო მძაფრად, ანუ იქ, სადაც ჩვეულებრივი ადამიანი საგანთა თუ მოვლენათა მხოლოდ ზედაპირს ხედავს, გაორების შემთხვევაში სამყარო მთელი სიმძაფრით სახიერდება შენს წინაშე, ეს გაორება გარკველწილად ყველა ადამიანშია, ჩვენ ვერსად გავექცევით ლუციფერს, ნათლის ანგელოზს, რომელიც განეშორა ღმერთს და მასთან ერთად სამყაროც გაიხლიჩა ორად, მაგრამ არის ღმერთიც, რომელიც ამ ნათლის საწყისია, ის ამ გაორების მიღმა დგას და შესაბამისად ადამიანის ჯანსაღი ფსიქიკის ბირთვსაც წარმოადგენს. ნიცშე ამ ბრძოლაში ლუციფერის მხარეს აღმოჩნდა, ეს ტრაგედიაა მისთვის. მაგრამ რა არის მთავარი ფასეულობა მისი შემოქმედებისა?! – როგორც უკვე ვთქვი, სამყარო ამ დუალიზმს თავისთავად ატარებს და შემოქმედიც სიტყვაში განიცდის, ქმნის იმ რეალობას, რომელიც არსებობს. შემოქმედის ძალმოსილება არა მხოლოდ მის ეთიურ სამყაროშია საძიებელი, არამედ იქ, სადაც სრულყოფილად ისახება ეგზისტენციის არსი, ანუ ყოველი სიტყვა ფასეულია იმდენად, რამდენადაც ცოცხლობს "სიცოცხლის სუნთქვით". ვფიქრობ არაფრის მომცემია ჯანსაღი ეთიკით განმსჭვალული უნიჭო ნაწარმოები. ნიცშეს შემოქმედებაც არის ხილვა სამყაროს მეორე, წყვდიადით მოსილი ნაწილისა. ღვთაებრივი ნათლის, სიკეთის ძალმოსილება სწორედ აქ სახიერდება, ყოველ ადამიანს აქვს არჩევანი, დაეცეს ვიტალურობის უმდაბლეს საფეხურზე, დაადგეს "ზეკაცის" გზას, რაც პირდაპირ ფაშიზმამდე მიდის, ან პირიქით, ბოლომდე გააცნობიეროს საშინელება ამ ნაბიჯისა და გაჰყვეს ჭეშმარიტ, ღმერთისაკენ მიმავალ გზას, გზას პირველქმნილი სისავსისაკენ.

ავტორის მოკლე წინასიტყვაობა

"ამ მწერალს მოწამებრივი გვირგვინი ადგას თავზე. მას წაერთვა ყველაფერი, რაც ჩვეულებრივ ალამაზებს ადამიანის ცხოვრებას და დააწვა ისეთი მძიმე ტვირთი, როგორიც იშვიათად უტარებია ვინმეს".

ლევ შესტოვი

"ათას მოგონებათა შორის რეული, მოქანცული ყველა ჭრილობით, გათოშილი მრავალი ყინვით, გაბმული საკუთარ მახეში, ჩემი თავის მცოდნე და ჯალათი! სნეული, რომელიც კვდება გველის შხამით, ტყვე, რომელსაც მწარე ბედი ეწია, ვმუშაობ წელში მოხრილი, ჩემს საკუთარ "მე"-ში გამომწყვდეული, როგორც გამოქვაბულში, მე თვითონ ვასამარებ ჩემს თავს და ჩემი საკუთარი საფლავი ვარ მე: უძლური, გაშეშებული, ლეში"

ფრიდრიხ ნიცშე. "დიონისეს დითირამბი". 

ნიცშეს ფილოსოფიამ გამიტაცა, როცა 14 წლის ვიყავი. მაშინ ნიცშე დაგმობილი იყო ყოფილ სსრკ-ში, და ეს ერთ-ერთი სტიმული იყო ჩემთვის ნიცშეთი დასაინტერესებლად. თავიდან ეს ბრმა ბავშვური გატაცება იყო ფილოსოფოსის ავანტიურისტული და ვოლუნტარისტული იდეებით, მაგრამ როცა მწერლის ადრეული თხზულებებიც წავიკითხე, მივხვდი, რომ მწერალი უკიდურესად რთული და წინააღმდეგობრივი, მთლიანობას მოკლებული პიროვნება იყო.

შემდეგ, თხზულებებზე უფრო მეტად დამაინტერესა თავად მისმა პერსონამ, ბიოგრაფიამ. ახლა დარწმუნებით ვიტყვი ჩემს აზრს, რომ მე-19 საუკუნის მოაზროვნეთა შორის ნიცშე ყველაზე ტრაგიკული ფიგურა იყო. მტანჯველი ბრძოლა საკუთარ თავთან, ერთი პოლუსიდან მეორისაკენ სწრაფვა, ფაქტიურად აზროვნებითი თვითგვემა, შემდეგ მძიმე ავადმყოფობით – ლუესით დაავადება, შემდეგ რიგი ფსიქიკური აშლილობანი (მათ შორის ყველაზე მტანჯველი სუბიექტური თვალსაზრისით ცენესთეზიაა); ბოლოს ფსიქოზი, ანუ სულიერი დაავადება, – ასეთი ხვედრის მოაზროვნე ძნელად თუ მოიძებნება კაცობრიობის ისტორიაში.

თავიდანვე მაწვალებდა აზრი, რომ ნიცშეს ეს ტანჯვა არ იყო შემთხვევითი, და "რაღაცნაირად" უკავშირდებოდა მისსავე "ძალაუფლების ფილოსოფიას".

რადგანაც ეს საკითხი შეუსწავლელი იყო და მეცნიერებისათვის დღემდე ღიად რჩებოდა, გადავწყვიტე ხელი მომეკიდა ამ პრობლემის კვლევისათვის და შეძლებისდაგვარად პასუხი გამეცა მთელ რიგ დღემდე პასუხგაუცემელ კითხვებზე "ნიცშეანოლოგიაში" (თუკი ასეთი საერთოდ არსებობს).

მომიხდა კლასიკოსი და "არაკლასიკოსი" ფსიქიატრების შრომების წაკითხვა, საერთოდ ფსიქიატრიის, როგორც მეცნიერული დისციპლინის შეძლებისდაგვარად გაცნობა, მის თავდაპირველ კორიფეთა თუ თანამედროვე ცნობილი თანამემამულე და უცხოელი სპეციალისტების თეორიების შესწავლა (6 წლის განმავლობაში) რათა გამერკვია, კერძოდ რომელი ფსიქოზით დაავადდა ნიცშე, რა იყო მისი ფსიქოზის განვითარების მიზეზი. მიმაჩნია, რომ ასე თუ ისე დასახულ მიზანს მივაღწიე, გარკვეული ჰიპოთეზა ჩამოვაყალიბე და ამ ნაშრომის სახით ვთავაზობ მკითხველს. სხვა საკითხია, რამდენად სწორია ჩემი ყველა დასკვნა და მოსაზრება. ძირეული დასკვნებისა და ვარაუდების ჭეშმარიტებაში კი ეჭვი არ მეპარება, რადგანაც ნიცშეს ფსიქოპათოლოგიური სურათი საკმაოდ ნათელია. საერთოდ გაკვირვებას იწვევს, რატომ არავინ არ დაინტერესებულა დღემდე ამ პრობლემით, მაგრამ ამის ახსნაც შეიძლება: ნიცშეს დროს ფსიქიატრია მეტისმეტად დაბალ დონეზე იდგა, მაშინ ვერაფერს ვერ გაარკვევდნენ, დღეს კი ფსიქიატრებს დღევანდელი ავადმყოფები აინტერესებთ და არა ასი წლის წინ გარდაცვლილები (თუნდაც გენიალურნი). ფილოსოფოსები კი ფსიქიატრიაში ნაკლებად ერკვევიან, ცხადია ამიტომ დარჩა ეს საკითხი ასე "ღიად".

მე კი მხოლოდ მკვლევარის ჟინი მამოძრავებდა, ამომეხსნა მწერლის ტრაგედია, როგორც მრავალუცნობიანი განტოლება. 

შესავალი

ფრიდრიხ ნიცშე – დიდი გერმანელი ფილოსოფოსი.

“Nietzsche (15.10.1844. რიოკენი, საქსონია – 25.08.1900, ვაიმარი), გერმანელი ფილოსოფოსი, ირაციონალისტი და ვოლუნტარისტი, ... 1889 წელს სულიერად დაავადდა და მოღვაწეობა შეწყვიტა. ნიცშეს მოღვაწეობის ყველა ეტაპზე (? – რ.ნ.) იგრძნობა "ძალაუფლების ნების" კონცეფციის განვითარების მიზანი.

...

ნიცშეს მოღვაწეობაში "ძალაუფლების ნება", პირველ რიგში, საზოგადოებრივ მოვლენათა კრიტერიუმია (? –რ.ნ.).

...

ნიცშეს "ახალი მორალის" სუბიექტია "ზეადამიანი" ...

"ზეადამიანი" თავისუფალია სოციალური იძულებისაგან და მოქმედებს მტაცებელი მხეცის უმწიკვლო სინდისით. "ზეადამიანი" არის ნახევრად თუ სავსებით ღვთაებრივი "ბელადი", "ფიურერი", რომლისთვისაც თანამედროვე კაცობრიობა ძალის გამოცდის ობიექტია... შემთხვევითი არ არის, რომ ნიცშეანელობას დაემყარა ფაშისტური "XX საუკუნის მითი" და მთელი კაცთმოძულებრივი იდეოლოგია...”

მცდარია აზრი, რომ ნიცშემ "ძალაუფლების ნების კონცეფციის" განვითარება დაიწყო მოღვაწეობის პირველი ეტაპიდანვე. ძალაუფლების "კონცეფცია" ნიცშემ სწორედ მოღვაწეობის უკანასკნელ ეტაპზე განავითარა. მაგრამ გადავდოთ გვერდზე ქსე და ვნახოთ, რას წერს თანამემამულე მეორე დიდი გერმანელი – თომას მანი, ნიცშეანელოგი სიტყვის სრული დატვირთვით: "იგი თავიდანვე, იმდენად რაღაც იდუმალი ზეკაცის წინამორბედი კი არ იყო ჩემთვის, როგორადაც მას მოდას აყოლილთა უმრავლესობა სახავდა, არამედ გაცილებით მეტი – უბადლო, დიდი და ღრმა ფსიქოლოგი დეკადენტიზმისა". "[ნიცშე] სიყვარულისა და მეგობრობისათვისაა გაჩენილი, უზენაესი ადამიანობისაკენ მიდრეკილი, მის სალუქ, ნაზსა და კეთილ სულს არც კი ძალუძს იმ უღრმესი, ცივი მარტოობის ატანა, რომელშიც ბოროტმოქმედი იკეტება ხოლმე". "მას [ნიცშეს] ხომ ერთობ კეთილშობილი და კაცთმოყვარე ზრახვები ამოძრავებდნენ..."

ისევ თომას მანი: "ბოლოსდაბოლოს არსებობს მხოლოდ ორი მსოფლაღქმა და შინაგანი პოზიცია: "ესთეტიკური და ზნეობრივი; ყოველგვარი "ესთეტიზმი", რომელიც პირადულს ემყარება, არსებითად "ბარბაროსობას" უდრის, ანტისოციალურია, მორალს და კულტურას ეწინააღმდეგება და საბოლოო ჯამში ფაშიზმს მოასწავებს"

როგორც დავინახეთ, "ქსე-ში" ნიცშეს სახით დახატულია "ანტიქრისტე", ფაშიზმის პირდაპირი იდეოლოგი, "ძალისა და მტაცებლური ჟინის" აპოლოგეტი, ანუ სინამდვილეში ჩვენის აზრით, ანტინიცშე. ყოველ შემთხვევაში დახასიათება აშკარად ცალმხრივია.

თომას მანი კარგად ჩასწვდა ნიცშეს წინააღმდეგობრივ, რთულ პერსონას და, თუ შეიძლება ასე ითქვას, მისი პიროვნული ტრაგედიის ფონზე სცადა "გამართლება" ბაზელის უნივერსიტეტის პროფესორის "ბოროტი" ფილოსოფიისა, მისი "კაცთმოძულებრივი მსოფლმხედველობისა". ("ზეტრაგიკული კაცი". თ. მანი).

კარგად დაინახა აგრეთვე ნიცშეს ტრაგედის არსი ქართველმა მკვლევარმა ო. ჯინორიამ: "სენმა აქცია იგი (ნიცშე) თავის წინააღმდეგობად, მასში მეფისტოფელს გაამარჯვებინა ფაუსტზე (იგულისხმება ფაუსტური პირველსაწყისი რ. ნ.), ............... იგი ჰამლეტად იქცა თითქმის, იმ "ცოდნის ტვირთმა" რომ გასტეხა, რისთვისაც არ იყო შობილი".

ძალაუნებურად იხატება ორი ნიცშე: 1. როგორიც იყო იგი თავიდან (ჭეშმარიტი ნიცშე), მარტივად რომ ვთქვათ: სენტიმენტალური, ფაქიზი, "სალუქი", თბილი, ადამიანური სიყვარულისაკენ მიდრეკილი, მართალი, "ნაზი და კეთილი ინტელექტუალი", ძველი ბერძნული კულტურის (ამ შემთხვევაში ბერძნული ესთეთიზმის) მოტრფიალე, ცოდნას და სწავლას მოწყურებული, "კულტუროსანი", საღად (პროგრესულად, ჯინორიას სიტყვებით – გოეთესეულად) მოაზროვნე.

და 2. განდიდების მანიით შეპყრობილი, საკუთარ სამყაროში მოქცეული "ძალაუფლების ნების კონცეფციის" განმავითარებელი, ღვთისმგმობელი, აგრესიული, ფაქტობრივად უსაფუძვლო სიამაყით სნეული (მის სიამაყეში არ იყო არანაირი რაციონალური მარცვალი), ანტიკულტუროსანი, ალის მაკულტივირებელი, ომისა და ინდივიდუალისტური ავტორიტარიზმის აპოლოგეტი, ახალი, ე.წ. "სიცოცხლის ფილოსოფიის" ფუძემდებელი, რომელიც გაჯერებულია სწორედ იმ ბარბაროსული იდეებით, ზემოთ რომ იყო საუბარი და რომელიც მართლაც ახლოს დგას ფაშისტურ იდეოლოგიასთან.

როგორ უნდა აიხსნას ადამიანის ისეთი გასაოცარი მეტამორფოზა, თუნდაც მეტისმეტად მერყევი ადამიანის? მიზეზის პოვნა დღეს, ფილოსოფოსის სიკვდილიდან ასი წლის შემდეგ, ცხადია, მეტისმეტად ძნელია, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ გარკვეული ჰიპოთეზის (ან ჰიპოთეზების) წამოყენება შეიძლება, მითუმეტეს, ხელთ გვაქვს ნიცშეს ბიოგრაფიული მონაცემები, თხზულებები, – როგორც განუწყვეტელი ენცეფალოგრამა მისი მსოფლმხედველობრივ-ფსიქიკური ევოლუციისა, ხელთ გვაქვს ისტორიული ფაქტები (მაგალითად 1889 წელს მისი სულიერად დაავადება, ბანალურად –"გაგიჟება"), დაახლოებით ვიცით მისი ქარაქტეროლოგია და პრემორბიდი (პიროვნება ფსიქიკურ დაავადებამდე, პერსონოლოგიური მონაცემები და ა.შ.) .

ის, რაც ნიცშესთან დაკავშირებით უკვე დამტკიცებულია, ჩვენი ინტერესის მიღმა დარჩება, ვინაიდან ამ ნაშრომის ცენტრალურ ბირთვს ფსიქიატრიული ნაწილი წარმოადგენს. წმინდა ფსიქიატრიული რაკურსით კი დიდი ფილოსოფოსი, ვგონებთ, ჯერ არ განუხილავთ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ამგვარი ნაშრომი უცნობია.

პირდაპირ ვიტყვით, რომ ჩვენს მიზანს წარმოადგენს ფრიდრიხ ნიცშესათვის კონკრეტული სამედიცინო-ფსიქიატრიული დიაგნოზის დასმა, ფსიქოზის გენეზისის (პათოგენეზის) გარკვევა და შეძლებისდაგვარად სრულად გადმოცემა ყოველივე ამისა.

გავიმეორებთ, – ეს არის ნაშრომის ცენტრალური ნაწილი. კვლევის პროცესში ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ მხოლოდ ფსიქიატრია (საერთოდ მედიცინა) ვერ გახსნის იმ ტრაგედიის რთულ მექანიზმს, რომელიც თავს დაატყდა ნიცშეს (ძირითადად ვგულისხმობთ ლუესს და სულით ავადმყოფობას 1889 წლიდან 1900 წლამდე).

საჭირო იყო კიდევ რაღაც. და ეს რაღაც აღმოჩნდა ქრისტიანული რელიგია, რაც არ უნდა უცნაურად მოეჩვენოს ვინმეს. რელიგიამ მთლიანად გახსნა ეს მექანიზმი და განტოლებაში მრავალ უცნობს გასცა პასუხი. მოკლედ, თუ ფსიქიატრიამ პასუხი გასცა კითხვას "რა", "რა დაემართა ნიცშეს", მართლმადიდებლურმა ქრისტიანობამ პასუხი გასცა კითხვას "რატომ". ("რატომ დაემართა").

***

ვინაიდან ჩვენ შევეცადეთ დიდი ფილოსოფოსის ტრაგედია დაგვენახა (განგვეხილა) ორი აბსოლუტურად განსხვავებული რაკურსით, ზედმეტი არ იქნება, წინასწარ იცოდეს მკითხველმა, რომ თავიდან ჩვენ შევეცდებით ნიცშეს ფილოსოფიის ემოციური საფუძვლების გააზრებას და მხოლოდ შემდეგ გადავალთ უშუალოდ ფსიქოპათოლოგიურ ნაწილზე.

 

(გაგრძელება იქნება)     

ფროიდი

-ნაწილი II


იდეური წანამძღვრები

ფროიდის აზროვნება მისი ფილოსოფიური მსოფლმხედველობის, მეცნიერული სიზუსტის სულისკვეთებით აღზრდისა და არაცნობიერთან მისი საკუთარი კონტაქტის შემოქმედებითი სინთეზია.

ფილოსოფია

ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში ფროიდი გერმანელი პოეტ-რომანტიკოსის კლემენს ბრენტანოს მძლავრ ზეგავლენას განიცდიდა და ამავე დროს გაეცნო ფრიდრიხ ნიცშეს იდეებს. ნიცშე, მაგალითად, ვარაუდობდა, რომ ზნეობრივი მოსაზრებები ინტერნალიზირებული აგრესიის შედეგია. ფროიდი ეთანხმებოდა მას. ფროიდის იდეები, ასევე, ახლოსაა არტურ შოპენჰაუერის იდეებთან. მათი აზრები ნაწილობრივ თანხვდებოდა ნებისყოფის, ადამიანის ქცევის დეტერმინაციაში სექსუალობის მნიშვნელობისა და განდევნის (ანუ იმის არმიღების, რასაც განიცდის ადამიანი) პირველხარისხოვანი მნიშვნელობის საკითხებში.

ბიოლოგია

ფროიდის ზოგიერთი მოსაზრება ცნობიერების ბიოლოგიური საფუძვლის შესახებ ამ საკითხზე მისი მასწავლებლის ბრუკეს შეხედულებებში იღებს სათავეს. ბრუკეს მიხედვით, არ არსებობს სხვა ძალა, გარდა ზოგად ფიზიკურისა და ქიმიურისა, რომლებიც მოქმედებენ ორგანიზმში.

შარკომ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ შესაძლებელია ისტერიული სიმპტომების გამოწვევა და მოხსნა ჰიპნოტური შთაგონების მეშვეობით. ფროიდი, სხვების მსგავსად, აკვირდებოდა ისტერიული პაციენტების სიმპტომებს, რომელთა არსებობა, ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, შეუძლებელია. მაგალითად, “ხელთათმანის ანესთეზიის” (გლოვე ანესტჰესია) შემთხვევაში ადამიანის ხელის მტევანი მოკლებულია მგრძნობელობას მაშინ, როცა მაჯასა და მთელ ხელში მგრძნობელობა ჩვეულებრივია. ვინაიდან ნერვები მთელ ხელს უწყვეტად გასდევს მხრიდან მტევნისკენ, არ არსებობს ამ სიმპტომის არსებობის ფიზიკური მიზეზი. ფროიდისთვის ნათელი გახდა, რომ ისტერია იყო დაავადება, რომლის გენეზისი ითხოვდა ფსიქოლოგიურ ახსნას.

არაცნობიერი

ფროიდს არ აღმოუჩენია არაცნობიერი. ძველი ბერძნები, სხვა საკითხების გარდა, გვირჩევენ შევისწავლოთ სიზმრები. ფროიდამდე ცოტა ხნით ადრე იოჰან ვოლფგანგ გოეთე და ფრიდრიხ შილერი ისევე ეძებდნენ არაცნობიერში პოეტური შთაგონების წყაროს, როგორც მრავალი სხვა პოეტი-რომანტიკოსი და ფროიდის თანამედროვეც კი, მწერალი-რომანისტი ჰენრი ჯეიმსი. ფროიდის წვლილი ისაა, რომ მან ფსიქიკის ეს ნაწილი, მისი პირველსაფუძვლები და არსი გამოიკვლია მეცნიერული ანალიზის ახალი მეთოდით. მისმა ნაშრომებმა და მათ მიმართ ყურადღებამ სიტყვაარაცნობიერიჩვენი ყოველდღიური ლექსიკონის შემადგენელ ნაწილად აქცია. 

ფსიქოანალიზი: ძირითადი კონცეფციები და ცნებები

ტერმინიფსიქოანალიზისამი სხვადახვა მნიშვნელობის მატარებელია:

1.       პიროვნების თეორია;

2.       პიროვნული აშლილობების თერაპიის მეთოდი;

3.       ინდივიდუმის არაცნობიერი აზრებისა და გრძნობების შესწავლის მეთოდი.

ახსნის მეთოდი ძირითადი პრინციპი აქსიომები

მკაცრი ფსიქიკური დეტერმინიზმი განვითარების პრინციპი თვითშენახვის აქსიომები

ფროიდმა ივარაუდა, რომ ადამიანის სულიერი ცხოვრება უწყვეტობით ხასიათდება და რომ ნებისმიერ აზრსა და ნებისმიერ ქცევას თავისი მნიშვნელობა აქვს. თითოეულ აზრს, გრძნობას, მოგონებას ან მოქმედებას თავისი მიზეზი, მრავალრიცხოვანი მიზეზიც კი, გააჩნია. ყოველ მოვლენას იწვევს ცნობიერი ან არაცნობიერი განზრახვები და განისაზღვრება მისი წინმსწრები მოვლენებით. ერთი შეხედვით, მრავალი ფსიქიკური მოვლენა თვითნებურად წარმოიქმნება, თუმცა, ფროიდმა იმ დაფარული კავშირების აღწერა და გამოკვლევა დაიწყო, რომლებიც ერთ ცნობიერ მოვლენას მეორესთან აკავშირებენ.

სამი ძირითადი აქსიომა:

1. ბიოლოგიური არსებობა:

სუნთქვა

შიმშილი ვარსებობ-

წყურვილი არ ვარსებობ

გამოყოფა

ძილი

სექსუალური

2. ფსიქოლოგიური ფუნქცია:

შემეცნებითი ძლიერი

გრძნობითი საშუალო = ნორმა

ნებელობითი სუსტი

3. სოციალური გარემო

მეორის დადებითი

(მეორეების) ნეიტრალური

არსებობა უარყოფითი

შენიშვნა: როცა სოციალური გარემო იჭრება ბიოლოგიურ ფუნქციათა დაკმაყოფილებაში, ჩვეულებრივ, ეს სექსუალურ სფეროს ეხება ხოლმე, ვითარდება ნევროზი.

პიროვნების თეორიის, თერაპიისა და შეფასების ეს გაერთიანება მთლიანობაში ასახავს ფროიდის წარმოდგენებს ადამიანის ქცევაზე. უნდა აღინიშნოს, რომ მის მოსაზრებათა მთელ სირთულეს საფუძვლად უდევს მცირე რაოდენობის ძირითადი კონცეფციები და პრინციპები, რომელიც ამომწურავად ასახავს პიროვნებისადმი ფსიქოანალიტურ მიდგომას.

ფროიდის ყველა მსჯელობას საფუძვლად უდევს დაშვება, რომ ადამიანის სხეული მთელი ფსიქიკური ენერგიის ერთადერთი წყაროა. იგი მოუთმენლად ელოდა იმ დროს, როდესაც ყველა ფსიქიკური მოვლენის ახსნა ტვინის ფიზიოლოგიასთან უშუალო კავშირში იქნებოდა შესაძლებელი. ცდილობდა რა თეორიის შექმნას, რომელიც მთლიანობაში მიმოიხილავდა ფსიქიკურ აქტივობას, ფროიდმა გამოიკვლია ბიოლოგიური მოდელები. მისი ძირითადი კონცეფციები მოიცავს სტრუქტურულ ანალიზს, ფსიქიკური ორგანიზაციის კომპონენტებს, მათი განვითარების ფაზებს _ რაში ვლინდება მათი მოქმედება და რასთან მივყავართ ამას.

ფროიდის ფსიქოანალიტური თეორიის წყობის ზოგადი სტრუქტურა:

ცნობიერების დონეები: ტოპოგრაფიული მოდელი

ფსიქოანალიზის განვითარების ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ფროიდი იყენებდა ფსიქიკის ორგანიზაციის ტოპოლოგიურ მოდელს, რომელიც გულისხმობს ცნობიერების სხვადასხვა დონის არსებობას მასში მოთავსებული აზრებისა და ემოციების გაცნობიერებულობის ხარისხის მიხედვით.

ფროიდის მიხედვით, რასაც ცნობიერი ეწოდება, არ საჭიროებს განხილვასა და მსჯელობას. ცნობიერება აშკარაა, თვალსაჩინოა და ამიტომაც იგი ფსიქიკის ის ნაწილია, რომელსაც მეცნიერება შეისწავლიდა ფროიდამდე.

ცნობიერება ფსიქიკური ორგანიზაციის მცირედი ნაწილია და მოიცავს იმ შეგრძნებებსა და განცდებს, რომელთაც ჩვენ ვაცნობიერებთ დროის მოცემულ მომენტში. მაგალითად, ამ წუთას თქვენს ცნობიერში მოცემულია ის შინაარსი, რასაც ახლა კითხულობთ და, ასევე, ვთქვათ, შიმშილის ბუნდოვანი განცდა. ფროიდი ამტკიცებდა, რომ ფსიქიკური ცხოვრების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი (აზრები, აღქმა, გრძნობები, მეხსიერება) შედის ცნობიერების სფეროში. რასაც არ უნდა განიცდიდეს ადამიანი ცნობიერ დონეზე დროის მოცემულ მომენტში, უნდა განვიხილოთ, როგორც გადარჩევის პროცესის შედეგი, რომელიც მნიშვნელოვანწილად გარეგანი სიგნალებით რეგულირდება. უფრო მეტიც, გარკვეული შინაარსი ცნობიერებაში დროის ხანმოკლე პერიოდის მანძილზე იმყოფება, შემდეგ კი ისევ სწრაფად იძირება არაცნობიერში, ინდივიდის ყურადღების სხვა სტიმულებზე გადანაცვლებასთან ერთად. შეიძლება ითქვას, რომ ცნობიერებას ტვინში დაგროვილი ინფორმაციის მხოლოდ მცირე პროცენტზე მიუწვდება ხელი.

ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ცნობიერში გაჩენილი აზრი ან გრძნობა არანაირ კავშირში არ არის მასში მანამდე არსებულ შინაარსებთან. ფროიდმა ივარაუდა კავშირების არსებობა არაცნობიერ დონეზე, რითაც მოხსნა ცნობიერების ნაკადის (ერთი შეხედვით) არათანმიმდევრულობის საკითხი.

ფროიდის მიხედვით, არაცნობიერის ყველაზე ძველი და კარგი მნიშვნელობა აღწერითია. იგი არაცნობიერს უწოდებს ფსიქიკურ პროცესს, რომლის არსებობაზეც არაფერი ვიცით, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ მისი არსებობა და ამის შესახებ ქცევაზე მისი ზემოქმედების შედეგის მიხედვით ვმსჯელობთ და ვასკვნით. მის მიმართ ისეთივე დამოკიდებულება გვაქვს, როგორიც სხვა ადამიანის ფსიქიკურ პროცესისადმი. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, პროცესს არაცნობიერს ვუწოდებთ, თუ ვვარაუდობთ, რომ ის ამჟამად გააქტიურდა, თუმცა, არაფერი ვიცით მასზე. არაცნობიერი მასალა აღქმის სიცხოველითა და უშუალობით ხასიათდება. ეს იმას ნიშნავს, რომ არაცნობიერი ფსიქიკური პროცესები არ მიეკუთვნებიან დროის გარკვეულ მომენტს ანუ არ არიან დალაგებულნი ქრონოლოგიურად, დროს არ შეაქვს მათში არანაირი ცვლილება, არანაირი კორექტივა, მათ მიმართ ვერ გამოვიყენებთ დროის ცნებას. მოგონებები, რომელიც ათობით წლებს ითვლიან, ცნობიერში ამოტანის შემთხვევაში მცირედითაც არ კარგავენ თავიანთ ემოციურ ძალას, მუხტს.

დინამიკური დამოკიდებულების თვალსაზრისით ფროიდი ორი სახის არაცნობიერზე საუბრობს. მათ შორის არსებული განსხვავების საილუსტრაციოდ მას მცდარი ქმედებების მაგალითი მოჰყავს: თუ ადამიანს მის მიერ განხორციელებული მცდარი ქმედების (ვთქვათ, წამოცდენის) შემდეგ ვეტყვით ამ ქმედებაში გამოხატული ფარული განზრახვის შესახებ და ის დაგვეთანხმება, აღიარებს ამ უკანასხნელის არსებობას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს განზრახვა მხოლოდ მცირე ხნით იყო არაცნობიერი (ლატენტური); თუ იგი მასზე უარს იტყვის და მისთვის უცხოდ მიიჩნევს, ამ შემთხვევაში ხანგრძლივ არაცნობიერთან გვაქვს საქმე.

ამრიგად, ერთი ტიპის არაცნობიერის შემთხვევაში მასში მოთავსებული ინფორმაცია (ხშირად განმეორებად პირობებში) იოლად გადადის ცნობიერში, ხოლო მეორე შემთხვევაში ინფორმაციის ცნობიერში გადასვლა ძნელად (ანუ გარკვეული ძალისხმევით) ან საერთოდ არ ხდება. პირველს ფროიდი წინარეცნობიერს უწოდებს, ხოლო მეორეს _ არაცნობიერს. ამრიგად, დინამიკური თვალსაზრისით, სამი ტერმინი გვაქვს: ცნობიერი, წინარეცნობიერი და არაცნობიერი.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, წინარეცნობიერი იგივე არაცნობიერია. მასხელმისაწვდომ მეხსიერებასაცუწოდებენ. მასში მოთავსებულია მთელი ჩვენი გამოცდილება, რომელიც არ ცნობიერდება მოცემულ მომენტში, მაგრამ იოლად შეიძლება გაცნობიერდეს სპონტანურად ან მინიმალური ძალისხმევით. მაგალითად, მასში ინახება ცოდნა იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებდით გუშინ, რომელ ქალაქებში ვართ ნამყოფი, ნაცნობ-მეგობრების სახელები, საყვარელი საჭმლის დასახელება, ბოლის სუნით გამოწვეული შეგრძნებები და .. ერთი სიტყვით, ეს არის ჩვენი გამოცდილების რეზერვუარი. აქვეა მოთავსებული ჩვენი სიზმრები, ფანტაზიები და ოცნებები.

არაცნობიერი წინარეცნობიერისგან სიღრმითა და მნიშვნელოვნობით განსხვავდება. მასში მოთავსებულია პრიმიტიული ინსტინქტური მისწრაფებები და მიუღებლობის გამო ცნობიერიდან განდევნილი ემოციები და მოგონებები. ასეთი განდევნილი და დავიწყებული შინაარსების მაგალითებია ბავშვობის დავიწყებული ტრავმები, დაფარული მტრული განწყობები მშობლებისადმი და დათრგუნული სექსუალური სურვილები, რომელთაც არ ვაცნობიერებთ. ფროიდის თანახმად, ასეთი გაუცნობიერებული მასალა მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენს ყოველდღიურ ფუნქციონირებას.

ფროიდი არ იყო პირველი, ვინც ყურადღება მიაქცია ადამიანის ქცევაში არაცნობიერი პროცესების მნიშვნელობას. XVIII-XIX საუკუნის ზოგიერთი ფილოსოფოსი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ჩვენი შინაგანი სამყაროს ძირითადი შინაარსი მიუწვდომელია ცნობიერებისთვის. ფროიდის დამსახურება ისაა, რომ თავისი იდეური წინამორბედებისგან განსხვავებით, მან არაცნობიერი ცხოვრების კონცეფციას ემპირიული სტატუსი მიანიჭა. კერძოდ, ის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ არაცნობიერი უნდა განვიხილოთ არა როგორც ჰიპოთეტური აბსტრაქცია, არამედ როგორც რეალობა, რომელიც ექვემდებარება დემონსტრირებასა და შემოწმებას.

ფროიდს მტკიცედ სწამდა, რომ ადამიანის ქცევის რეალურად მნიშვნელოვანი ასპექტები მთლიანად ცნობიერების ფარგლებს გარეთ მოთავსებული იმპულსებითა და მისწრაფებებით ფორმირდება და წარიმართება. ეს ზეგავლენები არა მხოლოდ არ ცნობიერდება, არამედ, უფრო მეტიც, თუ რამენაირად იწყება მათი გაცნობიერება ან ქცევაში ღიად გამოხატვა, თავად ინდივიდის მხრიდან აწყდება ძლიერ შინაგან წინააღმდეგობას. გაუცნობიერებელი განცდები, წინარეცნობიერისგან განსხვავებით, მთლიანად მიუწვდომელია გაცნობიერებისათვის, მაგრამ მნიშვნელოვანი ხარისხით განსაზღვრავენ ადამიანის მოქმედებებს. უნდა ითქვას, რომ გაუცნობიერებელი მასალა შეიძლება გამოიხატოს შენიღბული ან სიმბოლური სახით ისევე, როგორც არაცნობიერი ინსტინქტური მისწრაფებები არაპირდაპირ დაკმაყოფილებას ნახულობენ სიზმრებში, ფანტაზიებში, თამაშსა და მუშაობაში.

ფსიქიკის ასეთი სამდონიანი _ ცნობიერი, წინარეცნობიერი, არაცნობიერი _ სტრუქტურა თანდათანობით ყალიბდება და იძენს საბოლოო სახეს პიროვნების განვითარებასთან ერთად. ფსიქიკის სტრუქტურის განვითარების პროცესი სქემატურად ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ:

ფსიქიკის სტრუქტურის საბოლოო სახე ასეთია:

რაციონალიზაციის საფეხური, მიმღებლობის საფეხური, ცენზურა, ცნობიერი, წინარეცნობიერი, არაცნობიერი, კატექსისი.

კატექსისი არის საშუალება, რომლითაც არსებული ლიბიდოზური, ფსიქიკური ენერგია მიემაგრება ანუ ჩაიდება რომელიმე ადამიანში, იდეაში ან საგანში. ლიბიდო კატექსისის მდგომარეობაში უკვე აღარ არის მობილური და ვეღარ გადაინაცვლებს ახალ ობიექტებზე. ამის მიზეზი ფსიქიკის იმ სფეროშია, რომელიც მიიზიდავს და აკავებს, აჩერებს მას.

გერმანული სიტყვა “Bესეტზუნგ”, რომელსაც ფროიდი ამ ცნების აღსანიშნად იყენებს, “ჩადებას”-აც ნიშნავს დამიტაცება”-საც. თუ ლიბიდოს მარაგს შევადარებთ ფულის მოცემულ რაოდენობას, კატექსისი ამ ფულის დაბანდების ანალოგიური პროცესი იქნება. მაგალითად, ახლობელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული დარდის შემთხვევების ფსიქოანალიტური ინტერპრეტაცია გულისხმობს, რომ ყოველდღიური საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა და მოჭარბებული კონცენტრირებულობა გარდაცვლილ ადამიანზე შედეგია ჩვეული ურთიერთობების სფეროდან ლიბიდოს გადანაცვლებისა და განიხილება, როგორც უკიდურესი ზომის კატექსისი გარდაცვლილისადმი.

ფსიქოანალიტური თეორია უკავშირდება იმის გარკვევას, თუ სადმიემაგრა” (ცატჰეცტედ) ლიბიდო არასათანადო სახით. როდესაც ეს ენერგია გამონთავისუფლდება და სხვა მიმართულებით წარიმართება, მაშინ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა არსებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მოსაზღვრე ენერგიის (ბოუნდ ენერგიეს) გამონთავისუფლების აუცილებლობის იდეა მოცემულია კარლ როჯერსისა და აბრაჰამ მასლოუს შრომებში, ასევე, ბუდიზმსა და სუფიზმში. თითოეული ამ თეორიათაგანი განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს ფსიქიკური ენერგიის წყაროს შესახებ, მაგრამ ყველა ეთანხმება ფროიდის მტკიცებას, რომ ფსიქიკური ენერგიის იდენტიფიკაცია და მიმართულობა ცენტრალური საკითხია პიროვნების გაგებაში.

(გაგრძელება იქნება...)