პაპესა იოანა
პაპესა იოანა ლეგენდისეული ქალი პაპია, რომელსაც, ამ ლეგენდის თანახმად, საყდარი ეპყრა 853 წლიდან 855 წლამდე. იგი ისტორიკოსთა მიერ მიჩნეულია შუა საუკუნეთა მითად ან ლეგენდად, რომლის სათავეც, სავარაუდოდ, ანტიპაპისტურ სატირაში უნდა ვეძიოთ, რომელმაც ნამდვილი ამბის ნიღბად გამოიყენა მონათხრობში არსებული ზოგიერთი ელემენტის სიმართლე. მონათხრობის თანახმად, ყოფილა ქალაქ მაინცში აღზრდილი ერთი ინგლისელი ქალი, რომელიც მუდამ მამაკაცის სამოსს ატარებდა და იმდენად ოსტატურად, რომ შეძლო ბერად გახდომაც კი, იოჰანეს ანგლიკუსის სახელით. პაპ ლეონ IV-ის გარდაცვალების შემდეგ (855 წლის 17 ივლისს), ეპოქაში, როცა თურმე ზერელედ ხდებოდა პაპების არჩევა, იგი გამხდარა პაპის ტახტზე რჩეული, სახელით იოანე VIII. აღვირახსნილი სქესობრივი ცხოვრების გამო ერთ-ერთი საყვარლისაგან დაფეხმძიმებულა ვითომდა პაპესა. ლეგენდის თანახმად, საპასექო პროცესიისას, წმიდა კლემენტის ბაზილიკის მიდამოებში, რელიგიური ენთუზიაზმით აღტაცებული ბრბო გარს შემორტყმია პაპის ცხენს, დამფრთხალმა ცხენმა კინაღამ არ იმსხვერპლა მხედარი. ამ ტრავმამ კი `პაპ იოანეს თურმე ნაადრევი მშობიარობა დააწყებინა. საიდუმლოს გამჟღავნებისთანავე პაპესა იოანა ცხენისათვის გამოუბამთ და რომის ქუჩებში უთრევიათ, შემდეგ კი გააფთრებულ ბრბოს ჩაუქოლავს და იმ ადგილას დაუსაფლავებიათ, სადაც მისი ნამდვილი პიროვნება გამჟღავნებულა, წმ. იოანე ლატერანისა და ვატიკანის წმ. პეტრეს ტაძარს შორის. ამ გზას თურმე პაპები თავს არიდებდნენ შემდგომში პროცესიებისას _ არადა, როდესაც ლეგენდას ეს უკანასკნელი ელემენტი დაემატა XIV საუკუნეში, პაპები ავინიონში იმყოფებოდნენ, რომში ისინი პროცესიებს საერთოდ არ აწყობდნენ.
ისევ, ლეგენდის თანახმად, იოანას შემდეგ პაპის ტახტი დაუკავებია ბენედიქტე III-ს, რომელმაც მცირე დროის განმავლობაში კი იმყოფებოდა პაპის ტახტზე, მაგრამ მაინც მოუსწრია თავისი წინამორბედის მატიანიდან ამოშლა. ბენედიქტე III-ის პაპობის წლებია 855 წლიდან 858 წლის 7 აპრილამდე. სახელი, რომელსაც პაპესა ატარებდა, შემდგომში აირჩია სხვა პაპმა იოანე VIII-მ (872 წლის 14 დეკემბერი _ 882 წლის 16 დეკემბერი).
ამ ლეგენდის არსებითი ნაწილია ერთი რიტუალი (რა თქმა უნდა, გამოგონილი და სინამდვილეში არასოდეს შესრულებული, ხალხის ფანტაზიის ნაყოფი, რაც XVI საუკუნის პროტესტანტმა ავტორებმა ხალისით წამოსწიეს წინ, ანტირომაული განწყობით): თურმე ყოველი ახალი პაპი უნდა გულდასმით შეემოწმებინათ, შემთხვევით გადაცმული დედაკაცი ან საჭურისი რომ არ აღმოჩენილიყო. ეს შემოწმება მდგომარეობდა, თურმე საგანგებოდ ამოჭრილ სკამზე დაჯდომაში. ყველაზე ახალგაზრდა დიაკვნებს სკამქვეშ ხელის ფათურით უნდა დაედასტურებინათ, რომ ახალი პაპი მამრი იყო. ლეგენდა პირველად გამოაქვეყნა დომინიკელმა მემატიანემ იოანე მეცელმა, 1240 წელს, რომელსაც დაესესხა მისი კოლეგა მარტინ ტროპოელი, რამოდენიმე წლის შემდეგ.
როგორც ყველა სხვა მითის, ამ შემთხვევაშიც გვაქვს სიმართლის რამოდენიმე მარცვალი, რომელიც დაფარა გამონაგონის ფენამ. მსგავსი სკამი მართლაც არსებობს; როდესაც პაპი იკავებდა თავის კათედრას რომის ლატერანის წმ. იოანეს ბაზილიკაში, ტრადიციის თანახმად, ჯდებოდა პორფირის ორ ტახტზე (საიმპერატორო ქვა, რომელიც ძოწეულს წააგავს), რომელსაც დასაჯდომ ადგილზე აქვს რგოლისებრი ღიობი. მათი დანიშნულება ისტორიკოსთა კამათის საგანია, მაგრამ იმის გამო, რომ ორივე ტახტი რამდენიმე საუკუნით წინ უსწრებს პაპესა იოანას ამბავს, და უკავშირდება კონსტანტინეს ეპოქას, მათ, ცხადია, არაფერი აქვს საერთო პაპის სქესის დადგენასთან. არსებობს მოსაზრება, რომ ისინი წარმოადგენს ან რომაულ ბიდეს, ან საიმპერატორო სამშობიარო სკამს, რომლებსაც მათი სიძველისა და საიმპერატორო წარმომავლობის გამო, იყენებდნენ პაპები, თავიანთი იმპერიული მისწრაფებებისათვის ხაზის გასასმელად (ისევე, როგორც მათი ლათინური ტიტული PONTIFEX MAXIMUS). სხვანი კი საფუძვლიანად ამტკიცებენ, რომ ამ რიტუალს ჰქონდა არსებითად რელიგიური ხასიათი: სამშობიარო სკამი გამოხატავს დედა ეკლესიას, რომელიც შობს თავის შვილებს საუკუნო სიცოცხლისათვის. ერთ-ერთი ამ სკამთაგანი ამჟამად გამოფენილია ვატიკანის მუზეუმების ე.წ. ნიღბების კაბინეტში. მრავალ ავტორს შეცდომა მოსდის მესამე სკამთან დაკავშირებით, რომელიცაა მარმარილოსი და არა პორფირის, ნახვრეტის გარეშე, რომლის ნახვა დღესაც შეიძლება ლატერანის ბაზილიკის შიდა ეზოში; ამ სკამს ჰქვია «სანეხვე სკამი», რომლის პირველადი დანიშნულება უნიტაზი უნდა ყოფილიყო. ერთი მემატიანე უტიფრად და მცდარად ამბობს `ამ ამოჭრილ სკამზე ახლადარჩეული პაპი დაალაგებდა თავის წმიდა დუნდულებს, რათა შეემოწმებინათ მისი სქესი და ამგვარად თავიდან აეცილებინათ გაუგებრობები. სხვა მემატიანე, პაპესა იოანას ცხოვრებაში მოიხსენიებს ამ `სანეხვე სკამს შემდეგი სიტყვებით: `ეს სკამი ამგვარად იქნა მოწყობილი, რათა მას, ვინც ესოდენი ძალაუფლებით იქნა შემოსილი, ახსოვდეს, რომ იგი არაა ღმერთი, არამედ ბუნებრივი საჭიროებების მქონე ადამიანი~. პაპესა იოანას მითის სიყალბე აჩვენა XVII ს-ის შუა წლებში ისტორიკოსისა და პროტესტანტი პასტორის დავიდ ბლონდელის კვლევებმა. ბლონდელმა დაწვრილებითი ანალიზით დაამტკიცა, რომ ვერავითარი მსგავსი რამ ვერ მოხდებოდა. პაპესა იოანას ამბის სიყალბის მტკიცებულებებს შორის წარმოგვიდგენს შემდეგს:
_ პაპის საპასექო პროცესია არ გადიოდა იმ გზაზე, რომელზედაც მომხდარა გამოგონილი მშობიარობა.
_ არ არსებობს არავითარი საარქივო მასალა ამ მოვლენაზე.
_ სკამი, რომელზეც მიუთითებენ, როგორც პაპების მამრობითობის შესამოწმებელ იარაღზე, გაცილებით ძველია პაპესა იოანას ეპოქაზე და ამ სკამებს არაფერი აქვთ საერთო პაპების სქესის შემოწმების აუცილებლობასთან.
_ პაპი ლეონ IV (წმიდანი) ტახტზე იმყოფებოდა 847 წლიდან გარდაცვალებამდე, 855 წლამდე (პაპმა ბენედიქტე III-მ შეცვალა იგი რამდენიმე კვირაში), რითაც შეუძლებელია იოანას პაპად ყოფნა 853 წლიდან 855 წლამდე.
ამ ამბის პირველი გახმაურების დრო ემთხვევა ფრიდრიხ II-ის გარდაცვალებას, რომელიც მწვავე კონფლიქტში იყო პაპობასთან. ისტორიკოსების საერთო აზრია, რომ პაპესა იოანას ამბავი ანტიპაპისტური სატირაა, რომელიც პაპობისა და საღმრთო რომის იმპერიას შორის დაპირისპირების სამსახურშია და რაც კათოლიკური შუა საუკუნეების სამ შიშზეა გამიზნული:
_ სქესობრივად აქტიური პაპი,
_ მამაკაცებზე გაბატონებული ავტორიტეტის მქონე ქალი,
_ სიცრუე ეკლესიის წიაღშივე.
ევროპის კარნავალებისათვის გამიზნული სატირა დროთა განმავლობაში უტყუარ სიმართლედ წარმოდგა, იქამდეც კი, რომ უილიამ ოკამი პაპესა იოანას ისტორიულ პირად მიიჩნევს. მას ვხვდებით პაპების ზოგიერთ ჩამონათვალში, ძირითადად სიენას კათედრალში, სადაც მისი სურათი ნამდვილ პაპებს შორისაა. ლეგენდას დასაყრდენი მიეცა იმ არეულობაშიც, რასაც ვხვდებით იოანეს სახელით ცნობილ პაპების რიგით ნომრებში; იმის გამო, რომ იოანე ყველაზე ხშირად გამოყენებული სახელია პაპებს შორის, ზოგიერთი იოანე კი ანტიპაპიც იყო, ნამდვილი პაპების რიგითი ნომრის დადგენა ყოველთვის იოლი არ იყო. ამ მიზეზით პაპების სიაში არ გვხვდება იოანე XX.
ზღაპრის სიყვარული სრულებით უვნებელი და ჯანსაღი მოვლენაა, ბავშვობის ასაკიდან გამოსვლა კი გულისხმობს, სინამდვილეს სხვაგვარად შეხედო თვალებში. თუკი არსებობს, ვინმე, ვისაც სჯერა ამ ლეგენდის ამბავი, მისი ნებაა, ვერაფერს გახდები, თუკი ადამიანს სიმართლე კი არა, სხვა რამე აინტერესებს. ახსოვდეს მხოლოდ, რომ მას მოგონილისა სჯერა და შეუძლია გაყიდოს ეს ამბავი, როგორც ასეთი, თუკი მუშტარს იშოვის.
P.S. პაპესა იოანას ისტორია მორიგი საიდუმლოა ვატიკანის ისტორიაში რომელსაც დიდი გულდასმით ასაიდუმლოებს დღემდე პაპის ტახტ. არსებობს ბევრი მოსაზრება მის ლეგენდარულობაზე და ასევე მის რეალობაზე, რთულია სინამდვილის დადგენა მანამ სანამ არ იქნება კეთილი ნება და არ გაიხსნება ვატიკანის ლეგენდარული ბიბლიოთეკა, რომელიც არა მარტი ”ქალი პაპის” არამედ ბევრ საიდუმლოს მოჰფენს ნათელს. საინტერესოა მიზეზი რის გამო ადებს ვეტოს რომის კათოლიკური ეკლესია ”ქალი პაპის” ისტორიას, ვფიქრობ ეს მორიგი ანტიფემინისტური გამოვლინებაა ეკლესიის შიგნით და ამავედროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკლესიის შიდა სტრუქტურაში რომელსაც რომის კათოლიკური ეკლესია ჰქვია, და დაშვება იმისა რომ თუნდაც ერთხელ მოხდა პრეცედენტი, რომ ქალს ემართა პაპის ტახტი გამიოწვევს შეუქცევად პროცესს ქალთა ქიროტონიისა რაც არაწყობთ ეკლესიის მართველებს! ჩემთვის ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესი და გადაწყვეტილება რაც აბსოლუტურად მოკლებულია ყოველგვარ თეოლოგიურ საფუძველს!
თურმე ყოველი ახალი პაპი უნდა გულდასმით შეემოწმებინათ, შემთხვევით გადაცმული დედაკაცი ან საჭურისი რომ არ აღმოჩენილიყო. ეს შემოწმება მდგომარეობდა, თურმე საგანგებოდ ამოჭრილ სკამზე დაჯდომაში. ყველაზე ახალგაზრდა დიაკვნებს სკამქვეშ ხელის ფათურით უნდა დაედასტურებინათ, რომ ახალი პაპი მამრი
ReplyDeleteკი ეს სწორია მაგ ამბის შემდეგ მოხდა ასეთი რიტუალის დამტკიცება კერძოდ 1059 წელს ნიკოლოზ მე-2 ის მიერ
kargi saitia dzaan momewonaa ese gaagrdzelet da kargii siaxleebi dadettt
ReplyDelete