Thursday, October 14, 2010


ოსკარ უაილდის ტკივილი

ოლდ ბეილი”, ლონდონის მთავარი სასამართლო არასოდეს ყოფილა მოწმე ასეთი მძაფრი სასამართლო პროცესებისა, რომელმაც 1895 წელს მთელი ინგლისის, მეტწილად კი ლიტერატურული წრეების ყურადღება მიიპყრო. მაღალ წრეებში ცნობილი პიროვნების სახელთან დაკავშირებული სკანდალი, სექსუალური ლტოლვა, ბრძნული დიალოგები, პოლიტიკური ინტრიგები, მოვლენათა მოულოდნელი სვლა და ხელოვნებისა და მორალის მნიშვნელოვანი საკითხებინუთუ გასაოცარია, რომ ოსკარ უაილდის სასამართლო პროცესები მსოფლიოს ამ უდიდესი მწერლისა და სცენარისტის სიკვდილიდან ასი წლის შემდეგაც ასე ხიბლავს და ანცვიფრებს ადამიანებს?

ის მოვლენები კი, რამაც ოსკარ უაილდი ოლდ ბეილის დარბაზში მოიყვანა, ოთხი წლით ადრე, 1891 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც ოცდათვრამეტი წლის უაილდი ერთ-ერთ წვეულებაზე ახალგაზრდა ნიჭიერ პოეტს, ოცდაორი წლის ლორდ ალფრედ დუგლასს (“ბოსი”) შეხვდა. ისინი საოცრად დაახლოვდნენ. უაილდი იმ დროისათვის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ფიგურა იყო და დუგლასს ძალიან სიამოვნებდა პოეტის მიერ მისადმი გამოხატული ასეთი ინტერესი და მასმსოფლიოში ყველაზე რაინდულ მეგობარსუწოდებდა. უაილდი დუგლასის ინტელექტით არ მოხიბლულა მხოლოდ, მას ძალიან აღელვებდა ახალგაზრდა ყმაწვილის ადონისებრი სილამაზე და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, არ ფარავდა გრძნობას. მოგვიანებით დუგლასი იტყვისიგი გამუდმებით მიწვევდა ლანჩსა და სადილზე, მიგზავნიდა წერილებს და ათასგვარ შეტყობინებებს”. ოსკარ უაილდი არასოდეს იშურებდა საჩუქრებს ალფრედისთვის; მან დუგლასს სონეტებიც მიუძღვნა. ისინი ერთმანეთის სახლსა თუ სასტუმროში ხშირად რჩებოდნენ და სამოგზაუროდაც არაერთხელ ყოფილან ერთად. სიგიჟემდე შეყვარებული ირლანდიელი არაფერს იშურებდა ადამიანისთავის, რომელსაც ასე აღმერთებდა. ხელგაშლილი უაილდი მფლანგველიც გახდა, ბოლო არ უჩანდა დუგლასისთვის ბოძებულ საჩუქრებს, საუკეთესო რესტორნებში საგულდაგულოდ მოწყობილ სადილებს, წვეულებებსუაილდის ხარჯზე ცხოვრება ეგოისტი და კაპრიზი დუგლასის ცხოვრების წესი გახდა.

ერთხელ, როდესაც ზღვისპირეთში ისვენებდნენ, “ბოსიგაცივდა და გრიპი შეეყარა. დამწურხებული უაილდი ერთი წუთითაც არ მოსცილებია ავადმყოფს, საუკეთესო ექიმები დაახვია თავს, და სანამ დუგლასი კვლავ ფეხზე არ წამოდგა, მისთვის არც თეატრი არსებობდა და არც სხვა მეგობრები. “გემსახურებოდი არამარტო ტროპიკული ხილით, ყვავილებით, საჩუქრებით, წიგნებითა და იმ ყველაფრით, რაც შეიძლება ფულით იყიდო, არამედ სიყვარულით, სინაზითა და ყველა იმ გრძნობით, რასაც ვერასოდეს იყიდი ფულით” (De profundis) დაქანცულ უაილდს ბოსისგან იგივე დაავადება გადაედო, დუგლასი მის სასთუმალთან ნახევარი დღეც არ გაჩერებულა, ყურადღებასა და გასართობს მოკლებული ლონდონში დაბრუნდა, უაილდს კი ბარათი დაუტოვა: “შენ საიტერესო არ ხარ თუ აქტიური ცხოვრებით არ ცხოვრობ; აწი, როდესაც ავად გახდები, მაშინვე დაგტოვებ”.
ოსკარ უაილდისა და ალფრედ დუგლასის ურთიერთობაში პირველი სერიოზული უსიამოვნება მოხდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ოქსფორდის სტუდენტმა, დუგლასმა უმუშევარ და ღარიბ მეგობარ ვუდს თავისი ძველი პიჯაკი აჩუქა, რომლის ჯიბეშიც ვუდსმა უაილდის მიერ ახალგაზრდა დუგლასისადმი მიწერილი წერილები იპოვა. ვუდმა უაილდს 35 ფუნტი გამოსძალა ყველაზე მაკომპრომეტირებელი წერილების სანაცვლოდ, მათ შეეძლოთ მწერლისათვის სახელის გატეხვა და უზარმაზარი სირცხვილის მოტანა. მოგვიანებით უაილდმა განაცხადა რომ მან თანხა ვუდს ამერიკაში გასამგზავრებლად და ახალი ცხოვრების დასაწყებად აჩუქა. დანარჩენი ორი წერილი, რომელიც ასევე შანტაჟისათვის იყო გამოყენებული, შედარებით მცირე თანხაზე იქნა გაცვლილი.
ოსკარ უაილდის დიდების დასასრული შანტაჟი არ ყოფილა, მისი დაცემის მიზეზი უფრო ალფრედ დუგლასის მამა, ქვინსბერის მარკიზი, ჯონ შოლტო დუგლასი აღმოჩნდა. ქვინსბერი ქედმაღალი, გულფიცხი, ექსცენტრული და მორალურად გაუწონასწორებელი შოტლანდიელი აზნაური იყო, რომელსაც ყველაზე მეტად მოყვარულთა კრივში დამყარებული და განვითარებული წესებისთვის იცნობდნენ (“ქვინსბერის წესები”). ქვინსბერი ეჭვით შესცქეროდა მისი შვილისვინმე უაილდთანურთიერთობას, თუმცა მისი ეს ეჭვები სრულებით გაქარწყლდა, როდესაც 1892 წელს, კაფეროიალ”-ში დუგლასმა მამას აღიარებული ლიტერატურული ფიგურა გააცნო. ლანჩმა, სადაც უხვად მოწიეს სიგარები და მიირთვეს ლიქიორები დიდხანს გასტანა, უაილდმა საოცრად მოხიბლა ქვინსბერი. მაგრამ 1894 წლის აპრილში მარკიზმა დაასკვნა, რომ უაილდი ნამდვილად ჰომოსექსუალი იყო და უბრძანა ალფრედს შეეწყვიტა მასთან ყველანაირი ურთიერთობა: “შენი სიახლოვე ამ კაცთან, უაილდი რომ ჰქვია, უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მე უარს ვიტყვი შენზე, როგორც ჩემს შვილზე, და შეგიწყვეტ დაფინანსებას…”, მამის მკაცრ გამოსვლებს ბოლო არ უჩანდა. დუგლასმა კი ტელეგრამაში უპასუხა: “რა პატარა და სასაცილო კაცი ხარ”.
სასოწარკვეთილმა ქვინსბერიმ გადაწყვიტა სხვა ზომებისთვის მიემართა, ოღონდაც კი ეს ურთიერთობა შეეწყვიტა. იგი ცემით დაემუქრა რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯერებს, თუ უაილდსა და დუგლასს მათ ტერიტორიაზე შეამჩნევდა. 1894 წლის ივნისში, ქვინსბერი, ერთ-ერთი ძლიერი მოკრივის თანხლებით გაუფრთხილებლად


ჩელსიში, უაილდის სახლში გამოცხადდა. გაცეცხლებული კამათი იმით დამთავრდა, რომ უაილდმა ქვინსბერის სახლის დატოვება უბრძანა: “მე არ ვიცი როგორია ქვინსბერის წესები, მაგრამ ვიცი, რომ ოსკარ უაილდის წესი ადგილზე სროლაა”. ქვინსბერი, რომელსაც უკვე შეწყვეტილი ჰქონდა შვილისთვის ფინანსური სახსრების მიწოდება, კიდევ უფრო თავშეუკავებელი იყო: “ქვეწარმავალო, შენ ჩემი შვილი აღარ ხარ და მე უკვე დავივწყე თუ ოდესმე იყავი”. დუგლასის პასუხმაც არ დააყოვნა: “ ოსკარ უაილდს სასამართლოზე ცილისწმებაში რომ დაედო შენთვის ბრალი, შვიდი წელი მონური შრომით მოგიწევდა სასჯელის მოხდა შენი ბილწი აზრებისათვის”.
ქვინსბერის ქმედებები ამით არ დასრულებულა. უაილდის ერთ-ერთი წარმოდგენის პრემიერაზე მან გადაწყვიტა მაყურებლის წინაშე საჯაროდ გამოსულიყო და უაილდის საეჭვო ცხოვრების სტილზე ფარდა აეხადა, რაც უცილობლად მოსცხებდა ჩირქს ვიქტორიანული ინგლისის დენდის. თუმცა, უაილდმა შეძლო თავდაცვა და წარმოდგენის მსვლელობისას თეატრს პოლიციელთა არმია შემოარტყა. რამოდენიმე დღის შემდეგ ქვინსბერი კლუბ ალბემარლში მივიდა და შვეიცარს დაუტოვა ბარათი უაილდისათვის გადასაცემად. ბარათზე ქვინსბერიმ წააწერაჰომოსექსუალს, ოსკარ უაილდს”. პოეტი კლუბში ორი კვირის მერე გამოჩნდა და სწორედ მაშინ ნახა ბარათი შეურაცმყოფელი სიტყვებით. იმ საღამოს სასტუმრო ევონდეილში დაბრუნებულმა უაილდმა სასწრაფოდ დუგლასი დაიბარა. “ეს უკვე დანაშაულია, რადგან მე ცილს მწამებენ. მთელი ჩემი ცხოვრება ამ კაცის ხელით ინგრევა. უკადრისი ბრალდებებით მესხმიან თავს და ლაფში სვრიან ჩემს სახელს. ქვიშის ნამცეცებივით იფშვნება ჩემი ცხოვრება. მე კი არ ვიცი როგორ მოვიქცე”, სწერდა უაილდი დუგლასს.

მეორე დღეს, უაილდი, დუგლასი და კიდევ ერთი დიდი ხნის მეგობარი, რობერტ როსი ადვოკატ ტრავერს ჰემფრის ეწვივნენ, რომელმაც ჰკითხა უაილდს, იყო თუ რა რაიმე ჭეშმარიტი საბაბი ქვინსბერის მიერ გაკეთებულ განაცხადში. უაილდმა თქვა რომ ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა. ადვოკატმა ქვინსბერის დაპატიმრების ორდერი მოითხოვა. იმავე წლის 2 მარტს ქვინსბერის პოლიციამ ჯონ შოლტო დუგლასი აიყვანა და ვაინსტრიტის პოლიციის განყოფილებაში ბრალი ცილისწამებაში დასდეს.
ტრავერს ჰემფრიმ ლონდონის ვექილთა ასოციაციის წამყვან ფიგურას, ედუარდ კლარკს სთხოვა სასამართლოზე უაილდის დაცვა. საქმის გაცნობამდე კლარკმა უაილდს განუცხადა რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა საქმეს წარმოებაში თუ დარწმუნდებოდა უაილდის, როგორც ინგლისელი ჯენტლმენის პატიოსნებაში და რომ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებში არასოდეს და არაფერი ყოფილა ჭეშმარიტების მსგავსი, რაზედაც უაილდმა უპასუხა რომ ბრალდებები აბსოლიტურად ყალბი და უსაფუძვლო იყო. კლარკის ოფისიდან წამოსვლის შემდეგ უაილდი და დუგლასი სამხრეთ საფრანგეთში გაემგზავრნენ.
ოლდ ბეილი”-ში სასამართლო პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე უაილდი ლონდონში დაბრუნდა, სადაც მეგობრები დაჟინებით სთხოვდნენ სარჩელის უკან გამოტანას. ჯორჯ ბერნარდ შოუ და ფრენკ ჰარისი, უაილდის ცნობილი მეგობრები ლიტერატურული სამყაროდან, ურჩევდნენ უაილდს დაეტოვებინა ინგლისი და სამწერლობო მოღვაწეობა საზღვარგარეთ, კერძოდ კი შემწყნარებელ საფრანგეთში გაეგრძელებინა, რისი სასტიკი წინააღმდეგიც დუგლასი იყო, რომელიც ასევე ესწრებოდა მეგობრების საუბარს. “თქვენ არ ხართ უაილდის ნამდვილი მეგობრები, რადგან მას გაქცევისკენ მოუწოდებთ”. როდესაც მეგობრებმა რესტორანი დატოვეს, გულგატეხილი უაილდი ალფრედს მიუბრუნდაეს შენი ჭეშმარიტი საქციელი არ იყო”.

სასამართლო პროცესზე პირველი სიტყვით ედუარდ კლარკი გამოვიდა, რომლის განცხადებამ ქვინსბერის ადვოკატ, ედვარდ ქარსონზეც კი მოახდინა შთაბეჭდილება. ქარსონი და უაილდი დუბლინში, ტრინიტის კოლეჯში ერთად სწავლობდნენ; მეტოქეობის გამო ერთმანეთი გულზე დიდად არ ეხატებოდათ. კლარკი ცდილობდა ქვინსბერის მიერ წარმოდგენილ სამხილებში გარკვეული სირბილე შეეტანა, და მძიმე გარემოებები გაექარწყლებინა. მან წაიკითხა უაილდის დუგლასისადმი მიწერილი ერთ-ერთი წერილი, რომელშიც მკითხველთა უმეტესობა აუცილებლად შეამჩნევდა ჰომოსექსუალურ ლტოლვას. კლარკმა განაცხადა: “ეს წერილი უცნაურად შეიძლება მოეჩვენოთ მათ, ვინც მხოლოდ სავაჭრო და საქმიან მიწერ-მოწერას აწარმოებს”, მაგრამმინდა შეგახსენოთ, რომ ოსკარ უაილდი პოეტია, და ეს წერილიც წმინდა პოეტურ შეგრძნებებს გამოხატავს, რასაც არ შეიძლება რაიმე კავშირი ჰქონდეს იმ საძაგელ ბრალდებებთან, რომელიც ამ საქმეშია წარმოდგენილი”.

სადილის შემდეგ ქვინსბერის ადვოკატმა ძველი მეტოქის ოსტატური ჯვარედინი დაკითხვები დაიწყო. ეს დაკითხვები ორ ნაწილად დაიყო: კითხვების პირველი ნაწილი უაილდის შემოქმედებას ეხებოდა, მეორე კი უაილდის ბოლო დროს გახმაურებულ მავნე ურთიერთობებს. როდესაც ქარსონმა უაილდს დუგლასისადმი მიძღვნილ წერილებზე, “დორიან გრეის პორტრეტსადაახალგაზრდობისათვის დაწერილი ფრაზებისა და ფილოსოფიური ნარკვევების შესახებჰკითხა, უაილდმა თავგამოდებით დაიცვა თავისი შემოქმედება და აღნიშნა, რომ ქარსონის შეხედულებები ზღვარსგადასული იყო, რადგან ისინი ჰომოსექსუალურ თემებს ეხებოდნენ. “არ არსებობს უზნეო და ამორალური წიგნი”, წერს უაილდიდორიან გრეის პორტრეტში”, რადგანაცწიგნი შეიძლება იყოს კარგად ან ცუდად დაწერილი”. ქარსონის კითხვაზე, “ესე იგი თქვენის აზრით, გარყვნილი რომანი შეიძლება კარგი წიგნი იყოს?” აღშფოთებულმა უაილდმა უპასუხა: “მე არ ვიცი თქვენ რას გულისხმობთგარყვნილრომანში, დორიან გრეის მსგავსი ინტერპრეტაცია შეიძლება მხოლოდ პირუტყვმა და უწიგნურმა ადამიანმა გააკეთოს. ხელოვნებაზე მეშჩანთა შეხედულებები უსაზღვროდ ბრიყვულია”.

ქარსონის გამკილავ კითხვებზე უაილდი ხელოვნებას უდრეკად იცავდა და მახვილ პასუხებს არ იშურებდა. სასამართლო პროცესი იუმორისტულ სცენას დაემსგავსა, სადაც უხვად იყო ენამოსწრებული დიალოგები. უაილდი როგორც ლიტერატორი და ჭეშმარიტი ხელოვანი, არც თამაშს აკლებდა თავის ქმედებებს და ყოველთვის კრეატიული, მახვილგონიერი ფრაზებით იგერიებდა ქარსონის შეკითხვებს. მიუხედავად იმისა, რომ ქარსონის ჯვარედინი დაკითხვების ლიტერატურული ნაწილი უზომოდ საინტერესო იყო, მასში ნაკლებად ჩანდა საბრალდებო და გამამტყუნებელი დეტალები. როგორც ჩანს, ქარსონს სიამოვნებდა კიდეც და თავს იქცევდა ძველ მეტოქესთანთამაშით”.
როდესაც ქარსონმა უაილდს მის ახალგაზრდა ყმაწვილებთან ურთიერთობებზე ჩამოუგდო სიტყვა, უაილდი შესამჩნევად აღელდა. სასამართლო დარბაზი მღელვარებამ


მოიცვა როდესაც დამცველმა წარმოადგინა უაილდის მიერ მისი მისი ახალგაზრდა კომპანიონებისთვის ნაჩუქარი სხვადასხვა ძვირფასი ნივთი და სამოსი. ქარსონს საეჭვოდ მიაჩნდა ის ფაქტი, რომ ამ საჩუქართა ადრესატი იყო არაინტელექტუალთა წრე”, არამედ გაზეთების დამტარებლები, სასტუმროს მოსამსახურეები ან უმუშევარი, გაუნათლებელი ახალგაზრდა ყმაწვილები. პროცესზე ბრალმდებელს არ გამოუძახია მთავარი მოწმე ალფრედ დუგლასი, როგორც ამას დამსწრეთა უმეტესობა ელოდა. თუმცა უკვე აშკარა იყო, რაოდენ ძლიერი ჩვენება და მტკიცებულებაც არ უნდა წარედგინა დუგლასს, უაილდი პროცესს ვეღარ მოიგებდა.
იმ საღამოს უაილდი თავის დამცველს შეხვდა. მოგვიანებით ედუარდ კლარკი იგონებს: “როდესაც უაილდს შევხვდი, ავუხსენი, რომ არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, თითქმის შეუძლებელი იყო ნაფიც მსაჯულთა დარწმუნება იმაში, რომ დაეპატიმრებინათ მამა, რომელიც ასე თავგამოდებით იცავდა შვილს მავნე და დამღუპველი ურთიერთობებისაგან”. კლარკმა აიძულა უაილდი უარი ეთქვა ქვინსბერის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე; მაგრამ ქვინსბერის დამცველს საჯარო ბრალმდებლის ოფისში უკვე წარედგინა სასამართლო პროცესზე უაილდის წინააღმდეგ გამომსვლელი მოწმეების ჩვენებები. რის შედეგადაც, იმავე დღეს სკოტლანდ იარდის ინსპექტორმა უაილდის დაკავებაზე ორდერი მოითხოვა. მოსამართლე ბრიჯი ცდილობდა შეეყოვნებინა გადაწყვეტილება რამოდენიმე საათით, რადგანაც იმედი ჰქონდა რომ უაილდი ბოლო მატარებლით ლონდონს დატოვებდა და საფრანგეთს შეაფარებდა თავს.
უაილდიგაუბედაობის პათეტიკურმა განცდამშეიპყრო. დრო კი არ იცდიდა. “უკვე გვიანია, მატარებელი წავიდა”, უთხრა უაილდმა ერთგულ მეგობრებს სასტუმრო კადოგანში, როდესაც ჟურნალისტმა დაპატიმრების ორდერის გაცემის თაობაზე ცნობა მოიტანა. მეგობრები მიმოიფანტნენთეატრის აფიშებიდან და სარეკლამო განცხადებებიდან გაქრა ოსკარ უაილდის სახელი
სასამართლოზე უაილდის დამცველი ედუარდ კლარკი ძლიერი მტკიცებულებებით გამოდიოდა ცნობილი ლიტერატორის დასაცავად. ნაფიც მსაჯულთა საბჭოს მან მიმართა: “თქვენს გადაწყვეტილებზეა დამოკიდებული ათიათასობით იმედი. ძვირფასო ბატონებო გაამართლეთ იგი. თქვენ უნდა დაიცვათ განათლებული და აღიარებული პიროვნება, ჩვენი დროის კალმის უდიდესი დიდოსტატი ამ შემაძრწუნებელი ბრალდებისაგან. გაამართლეთ იგი და ამით საზოგადოებას თქვენ უდიდეს სირცხვილის ლაქას მოაცილებთ”.
ვიქტორიანული ინგლისის ბურჟუაზიული საზოგადოება მკარცად კონსერვატიული იყო. იმ დროისათვის ცნობილი ფრაზაარ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ, მაგრამ ნუ გააკეთებ ამას ქუჩაში და ნუ დააფრთხობ ცხენებს”, უაილდმა აბსოლიტურად საწინააღმდეგო მოქმედებაში მოიყვანა. იგი არ ფარავდა თავის სექსუალურ მიდრეკილებებს და საყვარელი ადამიანის თანხლებით ძვირფას რესტორნებს, სასტუმროებს და თეატრებს სტუმრობდა, სადაც ბოღმით აღვსილი ადამიანები ადამიანები, რომელნიც საბაბს ეძებდნენ, ყოველთვის ამჩნევდნენ მის განსხვავებულობასსტილშიც და საქციელშიც. უაილდი აღაშფოთებდა სწორედ იმ ადამიანებს, რომელნიც თავს რესპექტაბელურ პიროვნებებად მიიჩნევდნენ, ხედავდნენ რა, რომ ლონდონის ცნობილი ფიგურა, E”ეშმაკმა დალახვროს, ქუჩის ბიჭებთან მეგობრობს!”. სასამართლო პროცესების შემდეგ საზოგადოების დამოკიდებულება სოდომის ცოდვასთან უფრო დაუნდებელი და მკაცრი გახდა. მიუხედავად, იმისა, რომ იმდროინდელი მაღალი საზოგადოებისათვის ეს უცხო ხილი არ იყო, უაილდის მიერ ურთიერთობების დაუფარაობამ, ლოკოკინებივით ნიჟარებში ჩააყოფინა მათ თავი. სასამართლოს სხვა შედეგებიც მოჰყვა. ხალხი ხელოვნებას უკვე ჰომოეროტიზმთან აიგივებდა, ქალურ სინაზეს კი ჰომოსექსუალურობის მთავარ ნიშნად მიიჩნევდნენ. ადრე თუ ერთი და იგივე სქესის ადამიანების ურთიერთობები ჩვეულებრივად ითვლებოდა, ამიერიდან ეჭვის ქვეშ დადგა ყველანაირი ქმედება.

უაილდმა ორწლიანი სასჯელის უმეტესი ნაწილი რიდინგის ციხეში დაჰყო. სასჯელს სრული გაკოტრება ახლდა თან, თუმცა პოეტი მორალურად არ დაცემულა. “ციხეში ბევრი რამ ვისწავლე. ეხლა ვხვდები, ხელოვანი ადამიანისთვის შეუფერებელი ცხოვრებით მიცხოვრია”. ციხის მემუარებში “De Profundis)” (“გულის სიღრმიდან”) უაილდი წერს:

“…სურვილმა და ვნებამ საბოლოოდ ავადმყოფობისა და სიგიჟის სახე მიიღო. თანდათან გულცივი და გულგრილი ვხდებოდი სხვების მიმართ. რასაც კი შეიძლებოდა სიამოვნება მოენიჭებინა, არაფერზე ვიხევდი უკან. დამავიწყდა, რომ სულ მცირე მოქმედებაც კი ქმნის ან გარდაქმნის ადამიანის ხასიათს
მე ხელოვნება ფილოსოფიად ვაქცია და ფილოსოფიას ხელოვნების სახე ვარგუნეშევძელი შემეცვალა როგორც ადამიანთა გონება, ასევე საგანთა ფერები და ისინი ჩემი განკარგულებისამებრ მემართაჩემთვის ხელოვნება იყო რეალობის უმაღლესი გამოვლინება, ცხოვრება კი მხატვრული ლიტერატურის უბრალო სახეჩემი საუკუნის ადამიანების წარმოსახვა ისე გავაღვიძე, რომ ამ საუკუნემ ჩემს ირგვლივ მითები და ლეგენდები შექმნავართობდი საკუთარ თავს, ვთამაშობდი რა მეამბოხეს და დენდის, რომელსაც ბაძავდნენ. ჩემი საზოგადოება პატარა ნატურები და მარტივად მოაზროვნე ადამიანები გახდნენ. მე საკუთარი გენიის უმისამართოდ მფლანგველი გავხდი, მარადიული ახალგაზრდობით ტკბობა უცნაური სიამოვნებას მანიჭებდა. დიდების მწვერვალებით დაქანცული ფსკერისაკენ დავეშვი ახალი გრძნობების ძიებაში
ჩემს ირგვლივ მყოფთათვის ლორდი ვიყავი, მერე კი ყველაფერი შეწყდა. აღარ ვმართავდი საკუთარ სულს და თურმე ვერ ვგრძნობდი. ნება მოგეცი შენ (მიმართავს ალფრედ დუგლასს) გებატონა მთელ ჩემს ცხოვრებაზე, მამაშენი კი შიშის ზარს მგვრიდა. ჩემი ასეთი ცხოვრება წარუხოცელი სირცხვილით დამთავრდა. დღეს ჩემთან ერთადერთი შეგრძნება ცხოვრობს, რასაც დამცირება და სრული მორჩილება ჰქვია.
დავტოვებ ციხეს, თუმცა ვიცი, რომ საზოგადოებას ჩემთვის ადგილი აღარ ექნებამაგრამ ბუნება, რომელიც ერთნაირად უგზავნის წვიმას მართალს და უღირსს, აუცილებლად შემიფარებს კლდის ნაპრალებში. მდუმარე მინდვრები ჩემი უსაზღვრო ცრემლის მოწმენი გახდებიან, ჩემი ცხოვრება კი უშფოთველი იქნება მათთან. ბუნება გამომიგზავნის ღამით ვარსკვლავებს რათა შევძლო ბნელში უბორძიკოდ სიარული. ჩემთვის დაუბერავს ნაფეხურთა წამშლელი ქარი, რათა ვერავინ შეძლოს ჩემს ნაკვალევზე გამოდევნება: მხოლოდ ბუნება შესძლებს განმბანოს თავის წყლებში და ეკლიანი მცენარეებით გამამრთელოს სიცოცხლეში ახლად დაბრუნებული…”