Friday, April 30, 2010



პაგანინი                      

           იტალიაში,  ქალაქ გენუის ღარიბულ უბანში, 1782 წლის 27 ოქტომბერს ერთ-ერთ ჩაბნელებულ ქუჩაზე, რომელსაც  ,,შავი კატის შესახვევსუწოდებენ, ნომერ 38-ის ძველ სახლში  დაიბადა ბავშვი სახელად ნიკოლო. უბრალო მუშის ანტონიოსი და ქალაქელი ქალის ტერეზა პაგანინის შვილი.

            ანტონიოს პატარა დუქანი ჰქონდა ნავსადგურში გახსნილი, ძალიან უყვარდა მუსიკა, ხშირად უკრავდა ვიოლინოსა და მანდოლინოზე, რითაც დუქნის მუშტარს ართობდა. ანტონიო იმ ადამიანთა რიგს ეკუთვნოდა, რომლებიც თვლიან რომ მათი კარიერა არ შედგა. ის მუსიკოსობაზე, სახელის მოხვეჭასა და აპლოდისმენტებზე ოცნებობდა. დაუკმაყოფილებელმა პატივმოყვარეობამ გულფიცხი და  ჭირვეული გახადა იგი.

            ნიკოლას დედა ტერეზა ნაზი, თვინიერი და ღვთისმოსავი ქალი იყო და ნიკოლო, თავისი ხუთი შვილიდან გამორჩეულად უყვარდა.

            შვიდი წლის ნიკოლოს, მამამ ვიოლინო მისცა ხელში და უთხრა: ,,ნიკოლო, შენ ვიოლინოს დაკვრა უნდა ისწავლო, ძალიან მინდა ფული იშოვო“. იგი საათობით მეცადინეობდა, მამა მეგობრებთან სათამაშოდაც არ უშვებდა, ყოველ შეცდომაზე მამის მუშტი და სახაზავი ხვდებოდა. სახე, ხელები და მთელი სხეული დალურჯებული ჰქონდა. მამა ხშირად უსადილოდ სტოვებდა, საკუჭნაოში კეტავდა და აიძულებდა საათობით ემეცადინა. დედა ფეხქვეშ უვარდებოდა შეიბრალეო, მაგრამ მისი გამოსარჩლება მამას უფრო ახელებდა. როდესაც მთვრალ მამას ეძინა ან სახლში არ იყო, მხოლოდ მაშინ ისვენებდა პატარა ნიკოლო.

            თავდაუზოგავმა მეცადინეობამ, ტანჯვა-წამებამ, უჰაერობამ და ცუდმა კვებამ დიდი დაღი დაასვა მის ჯანმრთელობას. იგი მთელი თავისი სიცოცხლე ავადმყოფობას უჩიოდა. მალე მამა მიხვდა, როიმ შვილს ბევრს ვერაფერს ასწავლიდა და გადაწყვიტა ისეთი მასწავლებლისთვის მიებარებინა, რომელიც სწორ გზაზე დააყენებდა და მისგან ვირტუოზსს გაზრდიდა, ეს საქმე მან მევიოლინეს ჯოვანი ჩერვეტოს მიანდო. მოკლე ხანში ნიკოლომ ისეთ საოცარ წარმატებებს მიაღწია, რომ მისი ნიჭისა და ხელოვნების ქება ,,შავი კატის შესახვევსგასცდა.

          ცხრა წლისა იყო ნიკოლო, როდესაც პირველ კონცერტზე გამოვიდა, მას შემდეგ იგი სცენიდან არ ჩამოსულა. 13 წლისამ გამართა პირველი კონცერტი, პაგანინის ტრიუმფალურ კონცერტთა შორის ეს იყო პირველი გამოსვლა. ამ საღამოს მოხდა სასწაული, საიდუმლო შეთანხმება ნიკოლოსა და ვიოლინოს სულთან, იდუმალმა ძალამ მოაჯადოვა ყმაწვილი, მას შემდეგ იგი აღარ ეკუთვნოდა არც საკუთარ თავს, არც სხვა ვინმეს - მას ვიოლინოს სული  დაუფლებოდა.

ნიკოლო გრძნობდა, რომ თუ თვითონ არ დაწერდა მუსიკას და თავადვე არ შეასრულებდა, თავს ვერ წარმოაჩენდა, იგი წერდა: ,,ძლიერად უნდა განიცადო, რომ სხვასაც განაცდევინო“.

          1795 წელს იგი ქალაქ პარმაში გაემგზავრა სწავლის გასაგრძელებლად პედაგოგ გასპერე გირეტისთან და ფერდინანო ჰერისთან სამეცადინოდ. 1796 წელს ნიკოლო დაბრუნდა გენუაში, 1800 წელს კი ტოვებს მშობლიურ სახლს და ქალაქ ლუკსში მართავს კონცერტებს. 1801 წელს მას რესპუბლიკის პირველი ვიოლინოს თანამდებობა უბოძეს, ამ პერიოდში იგი ორკესტრშიც უკრავს და თავისავით ხელმოკლე მუსიკოსებს გაკვეთილებს აძლევს.            ნიკოლო პაგანინი იმდენად ცნობილი გახდა, რომ ყველგან მისი სახელი ისმოდა: შემოიღეს თმის ვარცხნილობა პაგანინი, ჰალსტუხი პაგანინი, რესტორანში ყველაზე გემრიელ სადილს პაგანინი ერქვა.

          1827-1828 წლებში იგი მთლიანად იპყრობს ვენას. ერთმანეთს ცვლიდა პრაღა, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, ირლანდია. მისი ტრიუმფალური გამოსვლებით ხალხი აღფრთოვანებული იყო.

                1834 წელს სამშობლოში ბრუნდება. სამშობლოს ბუნებამ, რომელიც ასე ძალიან უყვარდა პაგანინს ძალა და ენერგია შემატა. იგი ხშირად ამბობდა: ,,იტალიელები იმისთვის გაჩნდნენ, რომ ლაჟვარდოვან ზღვის სანაპიროზე იმღერეონ, გიტარაზე დაუკრან... იტალიაში მიწაც მღერის, ზღვაც და მცენარეც. ღარიბსა თუ მდიდარ ოჯახებში, ყველგან ყველაზე ფუფუნებით მორთულ სასახლეებშიც ერთავად მუსიკა ისმის. ხალხს პური არა აქვს მაგრამ მღერის, ხალხი უბედურია, მაგრამ მაინც მღერის... მელოდია იბადება ცეცხლში, იტალიის მიწა, ჰაერი და ცა - ეს ხომ ცეცხლია, გიზგიზა ცეცხლი..."

პაგანინს ახლო მეგობრობა აკავშირებდა იტალიელ კომპოზიტორ ჯოაკინო როსინისთან, ფრანგ კომპოზიტორ ჰექტორ ბერლიოზთან, რომელსაც ხელმოკლეობისას ფულადი დახმარება გაუწია. ბერლიოზმა მას მიძღვნა სიმფონიური პოემა ,,რომეო და ჯულიეტა“.

              დედის გარდაცვალების შემდეგ, პაგანინის ერთადერთი ნუგეში მისი ვაჟი აქილე იყო,  რომელიც მას უიღბლო  ქორწინების შედეგად დარჩა. აქილე ყველგან თან დაჰყვებოდა და ეს აძლევდა სიცოცხლის ძალას.    ,,ქვეყანა ლატერნა მაგიკააწერს პაგანინი და კვლავ მიეშურება სამოგზაუროდ, კვლავ უბრუნდება სცენას.

              სიცოცხლის ბოლო პერიოდში იგი საკრავების შეგროვებამ გაიტაცა და მშვენიერი კოლექციაც შეაგროვა.

პაგანინიმ თავისი ვიოლინო ანდერძით გადასცა ქალაქ გენუას, რომელიც დღემდე ინახება. 

          პაგანინი გარდაიცვალა 1840 წელს. პაგანინმა ტანჯვითა და ტკივილით განვლო გზა ხელოვნებაში სიბერემდე და ოსტატობამდე.

         გაზეთი ,,რევიუ მიუზიკლი“, პაგანინის ინტერვიუს ასე ამთავრებს:

,,იმედი მრჩება, მტრებს ჩემი სიკვდილის მერე მაინც შეაწუხებთ სირცხვილის გრძნობა და თავს დამანებებენ, ასე სასტიკად რომ მისწორდებოდნენ და მყუდროებას კუბოში მაინც არ დამირღვევენ“.

          ბედმა მარტო გარდაცვალება არ აკმარა პაგანინს, მისმა ნეშტმა მხოლოდ 56 წლის შემდეგ ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი. ვინაიდან მსმენელი მოჯადოებული იყო მისი შესრულებით, მას ,,ეშმაკისეულიუწოდეს, ამიტომ ეკლესიამ უარი განაცხადა მის ქრისტიანულ დამარხვაზე, ვერც აქილე მოესწრო მამის ცხედრის ღირსეულ პატივისცემას, მხოლოდ მისმა შვილმა ატილა პაგანინიმ შეძლო ეკლესიის ხელისუფლების გადაწყვეტილების შეცვლა. 1896 წელს იგი დაკრძალეს პარმის სასაფლაოზე, მარმარილოს ქვაზე კი შემდეგნაირი წარწერაა გაკეთებული: 

,,აქ განისვენებს ნეშტი ნიკოლო პაგანინისა,

ვინც ვიოლინოს ღვთიური ჰანგებით აჟღერებდა, 

მთელი ევროპა უბადლო გენიით მოაჯადოვა 

და იტალია ახალ ბრწყინვალე

გვირგვინით შეამკო“.

No comments:

Post a Comment