Monday, September 24, 2012


რადიკალური იდეები ადამიანის გონებისთვის უცხო არარის, ეს "ის", არის რაც ზრდის ადამიანს როგორც ევოლუციურ ადეპტს და აძლევს საშუალებას უფრო მეტი გაიაზროს ვიდრე მას წარმოუდგენია...შემდგომ აღმოაჩენს ერთ დღესაც რომ ის ადამიანელი უბრალოდ აღარ არის, მან პროგრესი განიცადა...!

იესო გეი_ა

ანგლიკანელი მღვდელი აცხადებს, რომ იესოსა და მის მოციქულს, იოანეს, შორის არსებული ურთიერთობა მიუთითებს, რომ იესო გეი იყო, თუმცა, ეს სასულიერო კუთხით არსებითი არ არის.

პოლ ოსტრაიხერმა, ქოვენთრის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, ჟურნალ Guardian-ში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ის აცხადებს, რომ მტკიცებულებები იმისა, რომ მთავარი ბიბლიური ფიგურა „გეის ჩვენს თანამედროვე განმარტებას“ შეესაბამება, ძალზედ მრავლადაა.
წინამძღვარი ოსტრაიხერი, რომლის მშობლებიც ნაცისტური გერმანიიდან ახალ ზელანდიაში 1938 წელს გაიხიზნენ და რომელიც 1960 წელს ლონდონში აკურთხეს მღვდლად, ამ სტატიაში მიუბრუნდა იმ განცხადებას, რომელიც მან წითელ პარასკევს ველინგტონში, ახალ ზელანდიაში, ნათქვამი ქადაგებისას გააკეთა.
ის წერს, რომ იოანე ერთადრთი მამაკაცი მოციქულია, რომელიც იესოს ჯვარზე გაკვრას დაესწრო და ციტირებს: „ხოლო იესომ, როცა დაინახა დედა და იქვე მდგომი მოწაფე, რომელიც უყვარდა, უთხრა დედას:  დედაო, აჰა, შენი ძე! მერე კი მოწაფეს უთხრა: აჰა, დედა შენი! და იმ საათიდან მოწაფემ თავისას წაიყვანა იგი.“ (სახარება იოანესი, თ. 19 )
წინამძღვარი ოსტრაიხერი წერს: „მიუხედავად იმისა, რომ შოკისმომგვრელი განცხადების გაკეთების არანაირი სურვილი არ მაქვს, ბევრი ფიქრის შემდეგ სხვა გამოსავალი არ მრჩება, გარდა იმისა, რომ ჩემ მიერ ანგლიკანურ ეკლესიაში ნახევარსაუკუნოვანი მსახურების შემდეგ, პირველად ვივარაუდო: იესო, სრულიად შესაძლებელია, ჰომოსექსუალი ყოფილიყო.“
“იგი რომ სექსუალობისგან მთლიანად თავისუფალი ყოფილიყო, ჭეშმარიტად ადამიანი არ იქნებოდა. ამის ფიქრი ერეტიკულია.“
წინამძღვარი ასევე წერს, რომ იესო აგრეთვე, შეიძლება, ჰეტეროსექსუალი ან ბისექსუალი ყოფილიყო, მაგრამ „ის ვარიანტი, რომ იგი ჰომოსექსუალი იყო, ყველაზე მეტად სავარაუდოა.“
“ბიბლიის თანამედროვე განმარტებით,” _ წერს იგი, _ „საყვარელ მოციქულთან ინტიმური ურთიერთობა ამაზე მიგვანიშნებს. დღევანდელობაში ნებისმიერი ადამიანის საქციელს ასეთი ინტერპრეტაცია მიეცემოდა.“
 „მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ცელიბატის რაბინული ტრადიცია, იესოს შეეძლო, თავად აერჩია სექსუალური აქტივობისგან თავშეკავება, იმისდა მიუხედავად, იყო ის გეი, თუ _ არა. ბევრი ქრისტიანი ისურვებდა ასეთი დასკვნის გამოტანას, მაგრამ მე ვერ ვხედავ ვერავითარ თეოლოგიურ საჭიროებას ამის გასაკეთებლად. ერთგული სიყვარულის ფიზიკური გამოხატულება ღვთისმიერია. საპირისპიროს მტკიცება იქნება იმ პურიტანიზმთან დათანხმება, რომელიც ეკლესიას დიდი ხანია, ჩრდილს აყენებს.
მღვდელი ასევე აცხადებს, რომ ამ საკითხზე წითელ პარასკევს საუბარი  მისი მხრიდან იყო „ჰომოსექსუალ ადამიანთა ტანჯვისა და დევნის მონანიების აქტი, რადგან მსგავსი ძალადობა კვლავაც ძლიერია ქრისტიანულ ეკლესიაში.“
წინამძღვარი აღიარებს, რომ ეს შეხედულება „თეოლოგიურად კონსერვატიული, ან უბრალოდ ტრადიციული“ ადამიანებისათვის, შეიძლება, შეურაცხმყოფელი იყო, მაგრამ მისი აზრით, ამას სასულიერო მხრივ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
“თუ ქრისტიანული ეკლესიები უფრო ღიად მიიღებენ და შეიყვარებენ თავიანთ გეი და ლესბოსელ მრევლს, ეკლესიას გაცილებით მეტი მიმდევარი ეყოლება,  _ ამბობს ოსტრაიხერი.

Sunday, February 5, 2012


ჟან ნიკოლა არტიურ რემბო

ჟან ნიკოლა არტიურ რემბო (Jean Nicolas Arthur Rimbaud) (დ. 20 ოქტომბერი, 1854 — გ. 10 ნოემბერი, 1891) - ფრანგი პოეტი, სიმბოლისტი.
დაიბადა საშუალო შეძლების ოჯახში შარლვილში ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში. სიყმაწვილეში ცელქი, თუმცა უაღრესად ნიჭიერი მოწაფე იყო. თხუთმეტი წლის ასაკში უამრავი პრიზი ჰქონდა მიღებული და მრავალი ლექსი და დიალოგი ჰქონდა დაწერილი ლათინურად. 1870 წელს მისი მასწავლებელი ჟორჟ იზამბარი რემბოს პირველი ლიტერატურული მენტორი ხდება, შედეგად მისი ლექსები ფრანგულად სწრაფად იხვეწება. რემბო ხშირად გარბოდა შინიდან და 1871 წელს მცირე ხნით პარიზის კომუნას შეუერთდა კიდეც, რაც შემდეგში მის პოემაში "L'Orgie parisienne ou Paris se repeuple" (პარიზული ორგია ან პარიზის რეპოპულაცია) აისახა. აქ სავარაუდოდ ის კომუნარმა ჯარისკაცებმა გააუპატიურეს (რაზეც გადაკვირთ მიანიშნებს ლექსში "Le Cœur supplicié" - "ტანჯული გული"). ამ პერიოდისთვის ის უკვე ანარქისტი ხდება, იწყებს ლოთობას და ბურჟუაზიულ თავყრილობებში დებოშებს აწყობს. 1871 წლის სექტემბრის ბოლოს ის პარიზში ბრუნდება განთქმული პარნასელი პოეტის, პოლ ვერლენის მოწვევით (ვერლენისთვის მისი რამდენიმე სანიმუშო ლექსის გაგზავნის შემდეგ), და მცირე ხნით მასთან სახლდება. ვერლენს ცისფერთვალება ჯიუტი ხასიათის ყმაწვილი მყისვე შეუყვარდება და წყვილი დეკადენტურ, აბსენთითა და ჰაშიშით გაჯერებულ, მომთაბარე ცხოვრებას მიჰყვება. მათი ამგვარი ცხოვრების სტილი ხშირად გამხდარა პარიზის ლიტერატურული ელიტის წრეში სკანდალების მიზეზი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რემბო აგრძელებს წერას განსაკუთრებულ, იმ დროისთვის სრულიად ახალ სტილში. რემბოს გამო ვერლენი ცოლსა და ახალშობილ შვილს ტოვებს და წყვილი 1872 წელს ლონდონში გადადის.
1873 წლის ივლისში რემბო პარიზში გამგზავრებას გეგმავს ვერლენის გარეშე, რის გამოც ეს უკანასკნელი ეჭვიანობის ნიადაგზე მას რევოლვერით დაჭრის. რემბო მსუბუქად იჭრება, თუმცა მოსამართლემ ვერლენს ორ-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. რემბო შინ, შარლევილში, ბრუნდება და ასრულებს შრომას პროზაულ ნაწარმოებზე "Une Saison en Enfer" (ერთი სეზონი ჯოჯოხეთში). ეს ნამუშევარი საყოველთაოდ აღიარებულ იქნა, როგორც თანამედროვე სიმბოლისტური მწერლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი. 1874 წელს რემბო ლონდონში ბრუნდება პოეტ ჟერმენ ნუვოსთან, სადაც ასრულებს მუშაობას მის ერთობ საკამათო წარმოსახვებზე, რომელშიც შევიდა მისი პირველი ორი ფრანგული ვერლიბრი.

Saturday, February 4, 2012


შარლ ბოდლერი _ კურთხევა

როცა პოეტმა უზენაეს ძალების ნებით
ამ ჩვენს მოწყენილ ქვეყანაზე დაიდო ბინა,
მისმა დამფრთხალმა დედამ, გულში წყევლა-გინებით,
მუშტებშეკრულმა ღმერთს შესძახა და მან ისმინა:

“ო, რატომ არ ვშვი მე შხამიან ასპიტთა ბუდე,
ნაცვლად იმის, რომ ამ სიჩლუნგის ვიყო გამზრდელი!
წყეულიმც იყოს ღამე, როცა წუთს ჩავეხუტე
და ჩემს მუცელში ჩაისახა ჩემივ სასჯელი!

გამომარჩიე შენ რადგანაც ყველა სხვა ქალში,
ჩემი ბედშავი მეუღლის ზიზღს რადგან მამსხვერპლე,
ეს ჩემი კუტი საფრთხობელა თუნდ ცეცხლის ალში
სასიყვარულო ბარათივით მე ვერ დავფერფლე,-

ნაცვლად დავატეხ შენს სიძულვილს, ტვირთად რომ მაწევს,

მას- ბოროტებათ შენმიერთა წყეულ იარაღს-

და ჩემი ხელი ამ ჯუჯა ხეს იმ დღეს დააწევს,
რომ ვეღარ გაზრდის ყლორტს შხამიანს და რტოს ხვიარას!”

ასე ხდის იგი ქაფს მდუღარე თვის მძულვარებას
და, მარადიულ ზრახვებს რადგან ვერ აცნაურებს,
ქვესკნელის ფსკერზე თვითვე ანთებს კოცონთა წყებას,
რაც უმზადდება სწორედ დედურ დანაშაულებს.

ამ დროს, უხილავ ანგელოზის მფარველობაში,
მემკვიდრეობაწართმეული – მზის სხივით თვრება,
და ყველაფერში, რასაც ჭამს თუ სვამს დიდი ბავშვი,
ცხოველ ნექტარს და ამბროზიას ის ეწაფება.

ქართან თამაშI და ღრუბელთან ჩურჩული უყვარს,
ჯვარცმის გზაზეც კი სიმღერებით შეთრობას ბედავს,
და ხეტიალში მუდამ მისი მდევარი სული
ტირის, როცა მას ტყის ჩიტივით მხიარულს ხედავს.

შიშით უცქერენ მას ყველანი, ვინც სურს უყვარდეს,
ან კიდევ მისი უწყინარ ზნით თამამდებიან
და ცდით – როგრომე კვნესის ბგერა ამოუვარდეს-
მას თავიანთი სისასტიკის სამიზნედ ხდიან.

პურსა და ღვინოს, განწესებულს მის ბაგეთათვის,
მარჯვენა მათი ნერწყვს უწმინდურს და ნაცარს ურევს,
ფარისებლურად იშორებენ რასაც ეკარვის
და თავს კიცხავენ თუ გაუყვნენ მის ნაფეხურებს.

მისი სატრფო კი გაიძახის ბრბოს გასაგონად:
“რაკი მან ისე ტურფად მცნო, რომ ღმერთად დამსახოს,
ამიერიდან ვარჩევ ყოფნას მე ძველ ბომონად,
რათა, მის დარად, მან მომრთოს და მომავარაყოს.

მე გამოვტყვრები ნარდიონით, ნელსაცხებლებით,
მირონ-გუნდრუკით, მუხლისჩოქით, ხორცით და ღვინით,
რათა მჯეროდეს – ამ ჩემს მიჯნურს ჩემივ შეძლებით
თაყვანისცემას გამოვძალავ მხიბლავი ღიმით.

ხოლო უღმერთო მომწყინდება როცა ეს ფარსი,
მე ამ არსებას წამოვავლებ რკინის ნატიფ ხელს
და ეს ფრჩხილები, კუდიანის ფრჩხილების მსგავსი,
მას თვით გულამდე გაუყვანენ არხებს საშინელს.

სრულიად ნორჩი ფრინველის დარ ამ ალისფერ გულს,
აფართხალებულს, ამოვართმევ მე სხეულს მისას
და რათა ჟინი მოვუკლა მხესც, ჩემში დამალულს,
ამ გულს სისხლიანს წყევლა-კრულვით დავახლი მიწას!”

- ცისაკენ, სადაც თვალი მისი ჭვრეტს ბრწყინვალებას,
თავის ღვთისნიერ ხელებს იწვდის პოეტი წყნარი
და მისი სულით გამომავალ დიად ციალებს
წარმოუქმნიათ ავი თვალის ამრეკლი ფარი.

“უფალო ჩემო, კურთხეულო! შენა ხარ მარტო,
ვინც ციურ წამალს – ტანჯვას – უვლენ ჩვენს ცოდვა-ზადებს,
საუკეთესო და სპეტაკი ის არის საზრდო,
ჩვენს შორის ძლიერთ ტანჯვისათვის რომ მოამზადებს.

ვიცი, რომ პოეტს შენ წყალობით უნახავ ადგილს
წმინდა დასებში ანგელოზთა, სულთა ნეტართა;
რომ არ გამართავ მის გარეშე მეჯლისს მარადისს
სათნოებათა, სუფევათა, სამეფო ტახტთა;

რომ ტანჯვა არსი სიდიადე ჩვენი, ეული,
ვერ მოინელებს მას მიწა და გეენას ხარო;
და რომ დამედგას მე გვირგვინი ცით კურთხეული,
ხამს გამოვსახო ყველა დრო და ყველა სამყარო.

მაგრამ პალმირის, უძველესის, განძი ქებული,
ზღვის მარგალიტი, არნახული ჯერ ლითონები,
არ ეყოფოდა – ხელით შენით ამოღებული -
ამ დიადემას გაბრწყინებულს სხივთა კონებით:

ის მარტოოდენ წმინდა ნათლით თუ დაიწვნება,
რომელსაც სხივთა პირველქმნილთა შობს წყაროსთვალი,
ხოლო მოკვდავთა თვალ-გუგაში მბჟუტავი გზნება
ანარეკლია იმ ნათლისა, მწირი და მკრთალი!”

Friday, February 3, 2012


ავსტრალიის პირველი პრემიერი ქალი
ავსტრალიის ისტორიაში პირველად ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს ქალი დაიკავებს.

ეს იქნება ამჟამინდელი ვიცე-პრემიერი ჯულია გილარდი, რომელმაც “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა.

გამარჯვებისთვის ბრძოლაში მან პრემიერ-მინისტრი კევინ რადი გამოიწვია, რომელმაც ნახევარი წლის შემდეგ დაგეგმილი საერთო ეროვნული არჩევნების წინ პოპულარობა დაკარგა. მოვლენები სწრაფად განვითარდა. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ რადი ბოლო 30 წლის მანძილზე ავსტრალიის ყველაზე პოპულარული პრემიერ-მინისტრი იყო.

ავსტრალია იმ იშვიათი ქვეყნების რიცხვშია, რომლებიც ბოლო ორი წლის ეკონომიკურ კრიზისს გადაურჩნენ. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ამომრჩევლები რადის ხელისუფლებაში ყოფნას ათწლეულის განმავლობაში მაინც უზრუნველყოფდნენ, რასაც გაზეთები "რადის ერას" უწოდებდნენ.

თუმცა მის პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი თებერვალში დადგა, როდესაც რადიმ გადაწყვიტა დაესამარებინა კანონ-პროექტი, რომელიც გამონაბოლქვზე კვოტების დაწესებას ითვალისწინებდა.

ეს წინადადება ეკოლოგიის საკითხებში მთავრობის სტრატეგიის ქვაკუთხედს წარმოადგენდა. ავსტრალიაში ბევრმა რადის გადაწყვეტილება პოლიტიკურ სილაჩრედ მიიჩნია.

ამავე დროს მისი პარტიული კოლეგების მხრიდან გახშირდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ რადი მათ ცუდად ეპყრობოდა. აღმოჩნდა, რომ კევინ რადი ამომრჩევლებში ბევრად პოპულარული იყო, ვიდრე თანაპარტიელებში.

გარდა ამისა, რადიმ სამთო კომპანიებისთვის უკიდურესად მაღალი გადასახადის დაწესების ინიციატივა წამოაყენა. ამის შემდეგ მისმა პოპულარობამ ვარდნა დაიწყო, განსაკუთრებით დასავლეთ ავსტრალიისა და კვინსლენდის შტატებში, სადაც სამთო მრეწველობა კარგად არის განვითარებული.

ამომრჩეველთა მხარდაჭერის შემცირების შემდეგ რადის პარტიის შიდა ოპოზიციასთან მოუხდა შეჯახება.

ჯულია გილარდი, რომელიც წარმოშობით უელსიდან არის, პარტიაში დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. რადის აშკარა მომხრეებიც კი აღიარებენ, რომ გილარდის გამარჯვება უმრავლესობის გადაწყვეტილებას ეყრდნობოდა.

ყოველივე ამის შემდეგ კანბერაში გაიმართა “ლეიბორისტების” ფრაქციის სხდომა, რომელზეც გილარდმა ხმების საჭირო რაოდენობა მარტივად მოიპოვა.

რადის ოფიციალური კენჭისყრის ჩატარებაც კი არ მოუთხოვია, რადგან მიხვდა, რომ მარცხი გარდაუვალი იყო.

პარტიის ლიდერად არჩეული ჯულია გილარდი ავტომატურად ხდება პრემიერ-მინისტრი. ავსტრალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი უახლოეს დღეებში დადებს ფიცს.