Friday, April 30, 2010


ნიცშე

 

ეს ნაშრომი ცნობილი გერმანელი მოაზროვნის, ფილოსოფოსის დ ფრიდრიხ ნიცშეს პიროვნების ფსიქოლოგიური პორტრეტის დახატვის მცდელობას წარმოადგენს. ავტორი ბიოგრაფიასა და შემოქმედების გარკვეულ დეტალებზე დაყრდნობით განსაზღვრავს ნიცშეს სულიერი ტრაგედიის მიზეზებს. ყველასთვის ცნობილია, რომ გერმანელმა მოაზროვნემ სიცოცხლის ბოლო წლებში დაკარგა ფსიქიკური სიჯანსაღე, მაგრამ ამ ნაშრომის ავტორის მტკიცებით ეს პროცესი გაცილებით ადრე, ფარული სახით მიმდინარეობდა. რატი ნინუა კონკრეტულ დიაგნოზსაც კი სვამს, თუმცა მხოლოდ აქ არ ჩერდება, მისი მიზანია ახსნას, თუ რა "დაემართა" ნიცშეს და შემდგომ განსაზღვროს ამ სულიერი ტრაგედიის განმაპირობებელი მიზეზები. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მეცნიერება უძლურია, ამიტომ აქ ერთადერთი გზა, რელიგიური კუთხით ინტერპრეტირების გზაღა რჩება და რატიც მას მიმართავს. მისთვის სულიერი ტანჯვა არის სასჯელი და იმავდროულად კათარზისის საწყისიც. ბევრი დეტალი ალბათ საკამათოა, ნაშრომში ნახსენები ნიცშეს ათაშანგით დაავადების ფაქტი არ არის გაზიარებული მეცნიერთა უმრავლესობის მიერ. მიუხედავად ამისა მკითხველი ალბათ გაოცდება იმ განსწავლულობის ხარისხით, რასაც ფლობს ავტორი ფსიქიატრიის სფეროში. ფსიქიატრია ჩემი ჰობიაო – ამბობს ავტორი, მაგრამ დაკვირვებული მკითხველი შესაძლოა მიხვდეს, რომ ეს უბრალო ჰობი არ არის, არც მხოლოდ ფრიდრიხ ნიცშეს ტრაგედიაა მისი კვლევის საგანი. ავტორი ცდილობს ჩაგვახედოს იმ სამყაროში, სადაც მრავალი ადამიანი მარტოობაში ტანჯვისთვის არის განწირული: "ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სამყარო ორად არის გაყოფილი რკინის მავთულხლართით. აქეთ ვართ ისინი, ვინც თავს "ნორმალურებს" ვუწოდებთ, "იქით" კი ისინი, ვისაც გიჟები დავარქვით. ჩვენ არ გვინდა ბარიერის იქით გადახედვა, რადგან იქ გამუდმებული ტანჯვაა, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ჩვენ ვიცით: რომც გადავიხედოთ, სასიკეთოს ვერაფერს დავინახავთ. ამიტომ გვირჩევნია ისევ ჩვენი პატარ-პატარა სიამოვნებებით შევიქციოთ თავი". ეს ზღურბლი "ნორმალურსა" და "არანორმალურ" სამყაროს შორის ძალზედ მქრალია. ისტორიას ახსოვს ეპოქები, სადაც მასობრივი ფსიქოზის გამოვლინებებს ჰქონდა ადგილი. ამის მაგალითად თავად ნიცშეანურ იდეოლოგიაზე დამყარებული ფაშიზმი გამოდგება. ვფიქრობ, ფსიქიური დაავადებაც, რაც არ უნდა მძიმე იყოს იგი, ალბათ ბოლომდე მაინც ვერ შლის პიროვნებას, შიზოფრენია არღვევს ინდივიდის ინტელექტუალურ სამყაროს, მის ცნობიერებას, მაგრამ ვერ ძლევს მის სულს. სწორედ ღვთაებრივი სულია ადამიანის "მეობის" განმსაზღველი ასპექტი და არა მისი მენტალური სამყარო ან ფიზიკური სხეულის მდგომარეობა. ადამიანის თავისუფალი ნება მართავს ამ სულს და ვფიქრობ ეს ნებელობა ფსიქიურად დაავადებულსაც კი არ აქვს დაკარგული ბოლომდე. სხვაგვარად ყველა ფსიქიკური პრობლემების მქონე ავადმყოფი ერთმანეთის იდენტური უნდა იყოს, ანუ დაავადების სიმპტომების ერთგვარ  ჯამს უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ ეს ასე არ არის. ნიცშემ ვერ სძლია საკუთარ თავში “Mania grandioza”, რის შესახებაც არა ერთხელ აქვს რატის საუბარი, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისაც ფსიქიურმა დაავადებამ ვერ წაართვა ღვთაებრივი ნათელი, ვის სულშიც ვერ გაიმარჯვა ბოროტებამ, ლუციფერმა, ერთ დროს მთლიანი, ურღვევი ნათლის ნაწილმა ვერ სძლია ღმერთს. "შიზოფრენია" ცნობიერების გახლეჩას ნიშნავს. გარკვეულ ეტაპამდე, სანამ შიზოფრენიისათვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი იჩენს თავს, პიროვნების გაორება, ერთ ადამიანში ორი საპირისპირო პოლუსის არსებობა იწვევს ღრმა, სულიერ ჭიდილს, რაც რა თქმა უნდა დიდ ტანჯვასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამბოხი საკუთარი თავის წინააღმდეგ, დაპირისპირებულ პოლუსთა ჭიდილი წარმოადგენს გზას, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია იგრძნო სამყარო უფრო მძაფრად, ანუ იქ, სადაც ჩვეულებრივი ადამიანი საგანთა თუ მოვლენათა მხოლოდ ზედაპირს ხედავს, გაორების შემთხვევაში სამყარო მთელი სიმძაფრით სახიერდება შენს წინაშე, ეს გაორება გარკველწილად ყველა ადამიანშია, ჩვენ ვერსად გავექცევით ლუციფერს, ნათლის ანგელოზს, რომელიც განეშორა ღმერთს და მასთან ერთად სამყაროც გაიხლიჩა ორად, მაგრამ არის ღმერთიც, რომელიც ამ ნათლის საწყისია, ის ამ გაორების მიღმა დგას და შესაბამისად ადამიანის ჯანსაღი ფსიქიკის ბირთვსაც წარმოადგენს. ნიცშე ამ ბრძოლაში ლუციფერის მხარეს აღმოჩნდა, ეს ტრაგედიაა მისთვის. მაგრამ რა არის მთავარი ფასეულობა მისი შემოქმედებისა?! – როგორც უკვე ვთქვი, სამყარო ამ დუალიზმს თავისთავად ატარებს და შემოქმედიც სიტყვაში განიცდის, ქმნის იმ რეალობას, რომელიც არსებობს. შემოქმედის ძალმოსილება არა მხოლოდ მის ეთიურ სამყაროშია საძიებელი, არამედ იქ, სადაც სრულყოფილად ისახება ეგზისტენციის არსი, ანუ ყოველი სიტყვა ფასეულია იმდენად, რამდენადაც ცოცხლობს "სიცოცხლის სუნთქვით". ვფიქრობ არაფრის მომცემია ჯანსაღი ეთიკით განმსჭვალული უნიჭო ნაწარმოები. ნიცშეს შემოქმედებაც არის ხილვა სამყაროს მეორე, წყვდიადით მოსილი ნაწილისა. ღვთაებრივი ნათლის, სიკეთის ძალმოსილება სწორედ აქ სახიერდება, ყოველ ადამიანს აქვს არჩევანი, დაეცეს ვიტალურობის უმდაბლეს საფეხურზე, დაადგეს "ზეკაცის" გზას, რაც პირდაპირ ფაშიზმამდე მიდის, ან პირიქით, ბოლომდე გააცნობიეროს საშინელება ამ ნაბიჯისა და გაჰყვეს ჭეშმარიტ, ღმერთისაკენ მიმავალ გზას, გზას პირველქმნილი სისავსისაკენ.

ავტორის მოკლე წინასიტყვაობა

"ამ მწერალს მოწამებრივი გვირგვინი ადგას თავზე. მას წაერთვა ყველაფერი, რაც ჩვეულებრივ ალამაზებს ადამიანის ცხოვრებას და დააწვა ისეთი მძიმე ტვირთი, როგორიც იშვიათად უტარებია ვინმეს".

ლევ შესტოვი

"ათას მოგონებათა შორის რეული, მოქანცული ყველა ჭრილობით, გათოშილი მრავალი ყინვით, გაბმული საკუთარ მახეში, ჩემი თავის მცოდნე და ჯალათი! სნეული, რომელიც კვდება გველის შხამით, ტყვე, რომელსაც მწარე ბედი ეწია, ვმუშაობ წელში მოხრილი, ჩემს საკუთარ "მე"-ში გამომწყვდეული, როგორც გამოქვაბულში, მე თვითონ ვასამარებ ჩემს თავს და ჩემი საკუთარი საფლავი ვარ მე: უძლური, გაშეშებული, ლეში"

ფრიდრიხ ნიცშე. "დიონისეს დითირამბი". 

ნიცშეს ფილოსოფიამ გამიტაცა, როცა 14 წლის ვიყავი. მაშინ ნიცშე დაგმობილი იყო ყოფილ სსრკ-ში, და ეს ერთ-ერთი სტიმული იყო ჩემთვის ნიცშეთი დასაინტერესებლად. თავიდან ეს ბრმა ბავშვური გატაცება იყო ფილოსოფოსის ავანტიურისტული და ვოლუნტარისტული იდეებით, მაგრამ როცა მწერლის ადრეული თხზულებებიც წავიკითხე, მივხვდი, რომ მწერალი უკიდურესად რთული და წინააღმდეგობრივი, მთლიანობას მოკლებული პიროვნება იყო.

შემდეგ, თხზულებებზე უფრო მეტად დამაინტერესა თავად მისმა პერსონამ, ბიოგრაფიამ. ახლა დარწმუნებით ვიტყვი ჩემს აზრს, რომ მე-19 საუკუნის მოაზროვნეთა შორის ნიცშე ყველაზე ტრაგიკული ფიგურა იყო. მტანჯველი ბრძოლა საკუთარ თავთან, ერთი პოლუსიდან მეორისაკენ სწრაფვა, ფაქტიურად აზროვნებითი თვითგვემა, შემდეგ მძიმე ავადმყოფობით – ლუესით დაავადება, შემდეგ რიგი ფსიქიკური აშლილობანი (მათ შორის ყველაზე მტანჯველი სუბიექტური თვალსაზრისით ცენესთეზიაა); ბოლოს ფსიქოზი, ანუ სულიერი დაავადება, – ასეთი ხვედრის მოაზროვნე ძნელად თუ მოიძებნება კაცობრიობის ისტორიაში.

თავიდანვე მაწვალებდა აზრი, რომ ნიცშეს ეს ტანჯვა არ იყო შემთხვევითი, და "რაღაცნაირად" უკავშირდებოდა მისსავე "ძალაუფლების ფილოსოფიას".

რადგანაც ეს საკითხი შეუსწავლელი იყო და მეცნიერებისათვის დღემდე ღიად რჩებოდა, გადავწყვიტე ხელი მომეკიდა ამ პრობლემის კვლევისათვის და შეძლებისდაგვარად პასუხი გამეცა მთელ რიგ დღემდე პასუხგაუცემელ კითხვებზე "ნიცშეანოლოგიაში" (თუკი ასეთი საერთოდ არსებობს).

მომიხდა კლასიკოსი და "არაკლასიკოსი" ფსიქიატრების შრომების წაკითხვა, საერთოდ ფსიქიატრიის, როგორც მეცნიერული დისციპლინის შეძლებისდაგვარად გაცნობა, მის თავდაპირველ კორიფეთა თუ თანამედროვე ცნობილი თანამემამულე და უცხოელი სპეციალისტების თეორიების შესწავლა (6 წლის განმავლობაში) რათა გამერკვია, კერძოდ რომელი ფსიქოზით დაავადდა ნიცშე, რა იყო მისი ფსიქოზის განვითარების მიზეზი. მიმაჩნია, რომ ასე თუ ისე დასახულ მიზანს მივაღწიე, გარკვეული ჰიპოთეზა ჩამოვაყალიბე და ამ ნაშრომის სახით ვთავაზობ მკითხველს. სხვა საკითხია, რამდენად სწორია ჩემი ყველა დასკვნა და მოსაზრება. ძირეული დასკვნებისა და ვარაუდების ჭეშმარიტებაში კი ეჭვი არ მეპარება, რადგანაც ნიცშეს ფსიქოპათოლოგიური სურათი საკმაოდ ნათელია. საერთოდ გაკვირვებას იწვევს, რატომ არავინ არ დაინტერესებულა დღემდე ამ პრობლემით, მაგრამ ამის ახსნაც შეიძლება: ნიცშეს დროს ფსიქიატრია მეტისმეტად დაბალ დონეზე იდგა, მაშინ ვერაფერს ვერ გაარკვევდნენ, დღეს კი ფსიქიატრებს დღევანდელი ავადმყოფები აინტერესებთ და არა ასი წლის წინ გარდაცვლილები (თუნდაც გენიალურნი). ფილოსოფოსები კი ფსიქიატრიაში ნაკლებად ერკვევიან, ცხადია ამიტომ დარჩა ეს საკითხი ასე "ღიად".

მე კი მხოლოდ მკვლევარის ჟინი მამოძრავებდა, ამომეხსნა მწერლის ტრაგედია, როგორც მრავალუცნობიანი განტოლება. 

შესავალი

ფრიდრიხ ნიცშე – დიდი გერმანელი ფილოსოფოსი.

“Nietzsche (15.10.1844. რიოკენი, საქსონია – 25.08.1900, ვაიმარი), გერმანელი ფილოსოფოსი, ირაციონალისტი და ვოლუნტარისტი, ... 1889 წელს სულიერად დაავადდა და მოღვაწეობა შეწყვიტა. ნიცშეს მოღვაწეობის ყველა ეტაპზე (? – რ.ნ.) იგრძნობა "ძალაუფლების ნების" კონცეფციის განვითარების მიზანი.

...

ნიცშეს მოღვაწეობაში "ძალაუფლების ნება", პირველ რიგში, საზოგადოებრივ მოვლენათა კრიტერიუმია (? –რ.ნ.).

...

ნიცშეს "ახალი მორალის" სუბიექტია "ზეადამიანი" ...

"ზეადამიანი" თავისუფალია სოციალური იძულებისაგან და მოქმედებს მტაცებელი მხეცის უმწიკვლო სინდისით. "ზეადამიანი" არის ნახევრად თუ სავსებით ღვთაებრივი "ბელადი", "ფიურერი", რომლისთვისაც თანამედროვე კაცობრიობა ძალის გამოცდის ობიექტია... შემთხვევითი არ არის, რომ ნიცშეანელობას დაემყარა ფაშისტური "XX საუკუნის მითი" და მთელი კაცთმოძულებრივი იდეოლოგია...”

მცდარია აზრი, რომ ნიცშემ "ძალაუფლების ნების კონცეფციის" განვითარება დაიწყო მოღვაწეობის პირველი ეტაპიდანვე. ძალაუფლების "კონცეფცია" ნიცშემ სწორედ მოღვაწეობის უკანასკნელ ეტაპზე განავითარა. მაგრამ გადავდოთ გვერდზე ქსე და ვნახოთ, რას წერს თანამემამულე მეორე დიდი გერმანელი – თომას მანი, ნიცშეანელოგი სიტყვის სრული დატვირთვით: "იგი თავიდანვე, იმდენად რაღაც იდუმალი ზეკაცის წინამორბედი კი არ იყო ჩემთვის, როგორადაც მას მოდას აყოლილთა უმრავლესობა სახავდა, არამედ გაცილებით მეტი – უბადლო, დიდი და ღრმა ფსიქოლოგი დეკადენტიზმისა". "[ნიცშე] სიყვარულისა და მეგობრობისათვისაა გაჩენილი, უზენაესი ადამიანობისაკენ მიდრეკილი, მის სალუქ, ნაზსა და კეთილ სულს არც კი ძალუძს იმ უღრმესი, ცივი მარტოობის ატანა, რომელშიც ბოროტმოქმედი იკეტება ხოლმე". "მას [ნიცშეს] ხომ ერთობ კეთილშობილი და კაცთმოყვარე ზრახვები ამოძრავებდნენ..."

ისევ თომას მანი: "ბოლოსდაბოლოს არსებობს მხოლოდ ორი მსოფლაღქმა და შინაგანი პოზიცია: "ესთეტიკური და ზნეობრივი; ყოველგვარი "ესთეტიზმი", რომელიც პირადულს ემყარება, არსებითად "ბარბაროსობას" უდრის, ანტისოციალურია, მორალს და კულტურას ეწინააღმდეგება და საბოლოო ჯამში ფაშიზმს მოასწავებს"

როგორც დავინახეთ, "ქსე-ში" ნიცშეს სახით დახატულია "ანტიქრისტე", ფაშიზმის პირდაპირი იდეოლოგი, "ძალისა და მტაცებლური ჟინის" აპოლოგეტი, ანუ სინამდვილეში ჩვენის აზრით, ანტინიცშე. ყოველ შემთხვევაში დახასიათება აშკარად ცალმხრივია.

თომას მანი კარგად ჩასწვდა ნიცშეს წინააღმდეგობრივ, რთულ პერსონას და, თუ შეიძლება ასე ითქვას, მისი პიროვნული ტრაგედიის ფონზე სცადა "გამართლება" ბაზელის უნივერსიტეტის პროფესორის "ბოროტი" ფილოსოფიისა, მისი "კაცთმოძულებრივი მსოფლმხედველობისა". ("ზეტრაგიკული კაცი". თ. მანი).

კარგად დაინახა აგრეთვე ნიცშეს ტრაგედის არსი ქართველმა მკვლევარმა ო. ჯინორიამ: "სენმა აქცია იგი (ნიცშე) თავის წინააღმდეგობად, მასში მეფისტოფელს გაამარჯვებინა ფაუსტზე (იგულისხმება ფაუსტური პირველსაწყისი რ. ნ.), ............... იგი ჰამლეტად იქცა თითქმის, იმ "ცოდნის ტვირთმა" რომ გასტეხა, რისთვისაც არ იყო შობილი".

ძალაუნებურად იხატება ორი ნიცშე: 1. როგორიც იყო იგი თავიდან (ჭეშმარიტი ნიცშე), მარტივად რომ ვთქვათ: სენტიმენტალური, ფაქიზი, "სალუქი", თბილი, ადამიანური სიყვარულისაკენ მიდრეკილი, მართალი, "ნაზი და კეთილი ინტელექტუალი", ძველი ბერძნული კულტურის (ამ შემთხვევაში ბერძნული ესთეთიზმის) მოტრფიალე, ცოდნას და სწავლას მოწყურებული, "კულტუროსანი", საღად (პროგრესულად, ჯინორიას სიტყვებით – გოეთესეულად) მოაზროვნე.

და 2. განდიდების მანიით შეპყრობილი, საკუთარ სამყაროში მოქცეული "ძალაუფლების ნების კონცეფციის" განმავითარებელი, ღვთისმგმობელი, აგრესიული, ფაქტობრივად უსაფუძვლო სიამაყით სნეული (მის სიამაყეში არ იყო არანაირი რაციონალური მარცვალი), ანტიკულტუროსანი, ალის მაკულტივირებელი, ომისა და ინდივიდუალისტური ავტორიტარიზმის აპოლოგეტი, ახალი, ე.წ. "სიცოცხლის ფილოსოფიის" ფუძემდებელი, რომელიც გაჯერებულია სწორედ იმ ბარბაროსული იდეებით, ზემოთ რომ იყო საუბარი და რომელიც მართლაც ახლოს დგას ფაშისტურ იდეოლოგიასთან.

როგორ უნდა აიხსნას ადამიანის ისეთი გასაოცარი მეტამორფოზა, თუნდაც მეტისმეტად მერყევი ადამიანის? მიზეზის პოვნა დღეს, ფილოსოფოსის სიკვდილიდან ასი წლის შემდეგ, ცხადია, მეტისმეტად ძნელია, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ გარკვეული ჰიპოთეზის (ან ჰიპოთეზების) წამოყენება შეიძლება, მითუმეტეს, ხელთ გვაქვს ნიცშეს ბიოგრაფიული მონაცემები, თხზულებები, – როგორც განუწყვეტელი ენცეფალოგრამა მისი მსოფლმხედველობრივ-ფსიქიკური ევოლუციისა, ხელთ გვაქვს ისტორიული ფაქტები (მაგალითად 1889 წელს მისი სულიერად დაავადება, ბანალურად –"გაგიჟება"), დაახლოებით ვიცით მისი ქარაქტეროლოგია და პრემორბიდი (პიროვნება ფსიქიკურ დაავადებამდე, პერსონოლოგიური მონაცემები და ა.შ.) .

ის, რაც ნიცშესთან დაკავშირებით უკვე დამტკიცებულია, ჩვენი ინტერესის მიღმა დარჩება, ვინაიდან ამ ნაშრომის ცენტრალურ ბირთვს ფსიქიატრიული ნაწილი წარმოადგენს. წმინდა ფსიქიატრიული რაკურსით კი დიდი ფილოსოფოსი, ვგონებთ, ჯერ არ განუხილავთ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ამგვარი ნაშრომი უცნობია.

პირდაპირ ვიტყვით, რომ ჩვენს მიზანს წარმოადგენს ფრიდრიხ ნიცშესათვის კონკრეტული სამედიცინო-ფსიქიატრიული დიაგნოზის დასმა, ფსიქოზის გენეზისის (პათოგენეზის) გარკვევა და შეძლებისდაგვარად სრულად გადმოცემა ყოველივე ამისა.

გავიმეორებთ, – ეს არის ნაშრომის ცენტრალური ნაწილი. კვლევის პროცესში ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ მხოლოდ ფსიქიატრია (საერთოდ მედიცინა) ვერ გახსნის იმ ტრაგედიის რთულ მექანიზმს, რომელიც თავს დაატყდა ნიცშეს (ძირითადად ვგულისხმობთ ლუესს და სულით ავადმყოფობას 1889 წლიდან 1900 წლამდე).

საჭირო იყო კიდევ რაღაც. და ეს რაღაც აღმოჩნდა ქრისტიანული რელიგია, რაც არ უნდა უცნაურად მოეჩვენოს ვინმეს. რელიგიამ მთლიანად გახსნა ეს მექანიზმი და განტოლებაში მრავალ უცნობს გასცა პასუხი. მოკლედ, თუ ფსიქიატრიამ პასუხი გასცა კითხვას "რა", "რა დაემართა ნიცშეს", მართლმადიდებლურმა ქრისტიანობამ პასუხი გასცა კითხვას "რატომ". ("რატომ დაემართა").

***

ვინაიდან ჩვენ შევეცადეთ დიდი ფილოსოფოსის ტრაგედია დაგვენახა (განგვეხილა) ორი აბსოლუტურად განსხვავებული რაკურსით, ზედმეტი არ იქნება, წინასწარ იცოდეს მკითხველმა, რომ თავიდან ჩვენ შევეცდებით ნიცშეს ფილოსოფიის ემოციური საფუძვლების გააზრებას და მხოლოდ შემდეგ გადავალთ უშუალოდ ფსიქოპათოლოგიურ ნაწილზე.

 

(გაგრძელება იქნება)     

2 comments:

  1. baton rati ninuas vurchevdi rom sxva rame airchios hobad da tu ver xvdeba rom nicshe hobze metia aq ukve yvelaferi natqvamia.ubralod absurdia misi e.w daskvna. da ris safudzvelze daaskvna, piradi damokidebulebidan gamondinare? ukacravad magram me batoni ninua ufro mgonia shizofreniki vidre nicshe. me meechveba baton ninuas nicshe imaze metad esmodes (vityodi, gagnebashic ar ari metqi!) vidre ert chem axlobel adamians.nicshem is eklesiashi miiyvana da dgs is monazonia .ase rom tu sheidzleba daanebet nicshes tavi da demagogiuri daskvnebisganac sheikavet tavi. amit ubralod suleli adamianis shtabechdilebas tovebt, romelsac ragac gansakutrebulis tqma unda da aviwydeba ro amasac tavisi sazgvari aqvs, etikuri sazgvari. yochag, batono rati, mase ganagrdzet da saolood tqvennairebis xelshi, saqartvelo martla jojoxetshi agmochndeba.fsiqika da sindisi gaqvttqto gaorebuli getyodit, magram saertod gagachniat es meore, batono rati?!

    ReplyDelete
  2. მდაა... და რატომ გგონიათ რომ ნიცშე თქვენ უკეთ გესმით ვიდრე, იმ თქვენს ახლობელს?

    ReplyDelete