Wednesday, December 29, 2010


გ  ა  ნ  დ  ი
მაჰათმა “დიდი სული” ასე შეარქვა ინდოელმა ხალხმა თავის ეროვნულ- განმათავისუფლებელი ბრძოლის წინამძღოლსა და სულიერ მოძღვარს მოჰანდას კარამჩანდ განდის.ის მუდამ შეუჩერებლივი ძიების პროცესში იყო, მიისწრაფოდა სრულყოფისკენ, იგი ცხოვრობდა ასკეტურად და ღარიბი ხალხისადმი უსაძღვრო სიბრალული ამოძრავებდა. იგი გახლდათ ჰინდუს რელიგიის მიმდევარი და წინააღმდეგი იყო თვით მწერის მოკვლისაც, რადგან ის ყოველ ცოცხალ არსებაში ხედავდა სულს, მსგავსად ადამიანისა. მან დაარსა მოძრაობა “სატიაგრაჰა” /ჭეშმარიტების მიმდევარი/ რომლის ქმედებებიც მიმართული იყო ბრიტანეთის კოლუნიალური იმპერიის წინააღმდეგ. მისი კრედო იყო არაძალმომრეობრივი სულიერი სიმტკიცე და ეროვნული დაუმორჩილებლობა. იგი პიროვნებებში არ ეძებდა მტერს, არამედ უღრმავდებოდა საქმის არსს.
მაჰათმა განდი დაიბადა გუჯარატის შტატის ქალაქ პორბანდარში 1869 წლის 2 ოქტომბერს. მისი მშობლები არ იყვნენ ძალზედ განათლებულნი, მაგრამ გამოირჩეოდნენ უაღრესი სიპატიოსნით და რელიგიურობით. პატარაობისას, განდი გამოირჩეოდა კეთილი ხასიათითა და გონებამახვილობით. ერთხელ როდესაც მაჰათმა პატარა იყო, მისმა უფროსმა ძმამ ყური აუწია მას. მაჰათმამ დედას შესჩივლა. დედამ მიუგო – “მერე შენ რატომ არ მისცხე საპასუხოდ შენს ძმას?” პატარა განდიმ უპასუხა – “დედი, რატომ მეუბნები, რომ ვინმეს უნდა ვცემო? ხელი რატომ უნდა შემოვკრა ჩემს ძმას?”დედა არ მოელოდა პატარა ბიჭისგან ასეთ პასუხს და გაკვირვებული დარჩა. ცამეტი წლის ბიჭი დანიშნეს თავის მეზობელ გოგონაზე კასტურბაიზე, რომელიც შემდგომში მისი უერთგულის თანამებრძოლი გახდა.
ინდოეთში, მან მიიღო დაწყებითი განათლება, რის შემდეგაც შევიდა კერძო კოლეჯში,ხოლო 1888 წელს მუმბაის (ბომბეი) ნავსადგურიდან გაემგზავრა ინგლისში, უმაღლესი განათლების მისაღებად. იგი ირიცხება იურიდიული ფაკულტეტზე. ამ პერიოდში, მისი მოღვაწეობა გამოირჩევა აქტიურობით. იგი თანამშრომლობდა ჟურნალ “ვეგეტარიანელთან”,(თვითონ განდი ბავშვობიდან ვეგეტარიანელი იყო),ეცნობა ფილოსოფოსებს, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს.

1891 წელს იგი ბრუნდება ინდოეთში და ქალაქ რაჯკორში იწყებს ადვოკატად მუშაობას. ამ დროს, იგი შესანიშნავად ფლობს ინგლისურ, გუჯარატულ,ჰინდის,სანკრისტს,სპარსულს და ფრანგულ ენებს.
1893 წელს მაჰათმა განდი მიემგზავრება სამხრეთა აფრიკაში, ქალაქ იოჰანესბურგში, სადაც იწყება მისი მოღვაწეობა როგორც პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, მებრძოლი იქ მცხოვრები ინდოელთა უფლებების დასაცავად. 1896 წელს იგი ისევ ბრუნდება ინდოეთში, სადაც აქვეყნებს შრომებს თანამემამულეების მძიმე ცხოვრების შესახებ აფრიკაში. მისი მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა ბურების(ჰოლანდიური წარმოშობის სამხრეთ აფრიკელები) აჯანყების პერიოდში ბრიტანელების წინააღმდეგ. განდი, გარკვეული მოსაზრებებით ემხრობოდა ბრიტნელებს. 1902 წელს, ნატალის რეგიონში (სამხრეთ აფრიკა) გაიმართა ინდოელთა კონგრესი, რომელმაც სთხოვა განდის ჩასულიყო მათ ქვეყანაში და მხარი დაეჭირა მათთვის. იგი ისევ მიემგზავრება ქ.იოჰანესბურგში, სადაც ირჩევენ უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის წევრად. ამ პერიოდში მისი თაოსნობით დაარსდა ჟურნალი “ინდური აზრი”. 1906 წელს ნატალის რეგიონში იწყება ზულუსთა აჯანყება ადგილობრივი მმართველობის წინააღმდეგ. სწორედ ამ დროს მიმართავს განდი პოლიტიკური ბრძოლის ახალ მეთოდს “სატიაგრაჰა”-ს რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. იგი აქტიურად მოღვაწეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაში. მისი ერთ-ერთი მეგობარი ყიდულობს მიწას,რომელსაც განდი არქმევს “ტოლსტოის ფერმას” (ტოლსტოისადმი უაღრესი პატივისცემის გამო), სადაც მოწეული მისავალი მთლიანად ხმარდება უმწეო მოსახლეობას. ასევე, ფერმის ტერიტორიაზე აშენებს სკოლას და სხვადასხვა საამქროებს. 1913 წელს ქალაქ ტრანსვაალში იგი ხელმძღვანელობს ინდოელ მუშათა პოლიტიკურ აქციას, რისთვისაც მას აპატიმრებენ მაგრამ მალევე უშვებენ თავისუფლებაზე. 1914 წელს მაჰათმა სამშობლოში ბრუნდება და აარსებს “სატიაგრაჰა აბრამს”, ორგანიზაციას სადაც იგი აწევრიანებს ყველა კასტის წარმომადგენლებს, მათ შორის “ჰარიჯანებსაც”, (უმდაბლესი კასტა).

1916 წელს, ბენარეთის ჰინდუთა უნივერსიტეტის დაარსების ცერემონიალზე, განდიმ წარმოთქვა პირველი მწვავე, კრიტიკული სიტყვა ბრიტანული მმართველობის წინააღმდეგ. 1919 წელს იგი მოგზაურობს მთელს ინდოეთში, სადაც პირისპირ წარსდგა ყველა პრობლემისა თუ გასაჭირის წინაშე.1920 წლიდან განდი სიცოცხლის ბოლომდე ინდოეთის ერვნული კონგრესის ლიდერი ხდება. ამავე წელს ქვეყნდება მისი ნაშრომი “ახალგაზრდა ინდოეთი”, სადაც მოუწოდებს ხალხს არ ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან და აყალიბებს მშვიდობიანი ბრძოლის ხერხებს.
1921 წელს იწყება დიდი გამოღვიძება ინდოელი ხალხის ეროვნული თვითგამორკვევისა, რასაც მმართველობისგან მოჰყვა მკაცრი რეპრესიები. განდი, მოუწოდებდა ინდოელებს ბოიკოტი გამოეცხადებინათ ინგლისელების მიერ დაწესებულ ყველა საზეიმო თარიღზე. ამავე წელს, იგი უერთდება ინდოეთის პოლიტიკურ მოძრაობას დევიზით “სვარაჯ” (ბრძოლა თვითმმათველობის დამკვიდრებისთვის). მას ისევ აპატიმრებენ და სვავენ ციხეში. იგი ციხეშიც აგრძელებს მუშაობას. წერს ნაშრომებს, ეუფლება მედიტაციას, სწავლობს ხელობას
(მას მიაჩნდა რომ, ადამიანმა თავი უნდა ირჩინოს მხოლოდ საკუთარი ფიზიკური შრომით). იგი გულისყურით ეკიდება “ჰარიჯანების” (უმდაბლესი კასტა) სოციალურ პრობლემებს და ჰინდუიზმისა და მუსულმანური რელიგიის მიმდევრებს შორის წარმოშობილ პრობლემებს. 1929 წელს იგი სრულიად ინდოეთის ეროვნული კონგრესის პრეზიდენტობის კანდიდატად ასახელებს ჯავაჰარლალ ნერუს. ამავე წელს, ინდოეთის მმართველობამ გაზარდა ყადაღა მარილის მოპოვებაზე, როდესაც იგი უმნიშვნელოვანეს პროდუქტს წარმოადგენდა ინდოელთათვის ტროპიკულ პირობებში. მაჰათმა განდიმ გაილაშქრა ამ კანონის წინააღმდეგ და წამოიწყო მოძრაობა “სოლტ სატიაგრაჰა” ( დაუმორჩილებლობა მარილის კანონს).

1930 წლის 2 მარტს განდი ვრცელ მემორანდუმს უგზავნის ლორდ ირვინს, ინგლისის მეფისნაცვალს ინდოეთში, სადაც ხაზგასმულია განდის სულისკვეთება და შეუპოვრობა. განდი აწყობს სამ კვირიანი საპროტესტო სვლას ინდოეთის სხვადასხვა კეთხეებში, რითაც მიიპყრო მსოფლიო საზოგადოებისა და პრესის ყურადღება. რეპრესიები გაძლიერდა. ეროვნული კონგრესი გამოაცხადეს არალეგალურად და ლიდერები დააპატიმრეს. დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდებობნენ, მაგრამ ისინი მოძალადეებს წინააღმდეგობას არ უწევდნენ და მიწაზე წვებოდნენ. განდის დაპატიმრებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია მსოფლიო საზოგადოებაში. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინტსონ ჩერჩილი მრავალ წერილს იღებდა განდის მხარდასაჭერი შინაარსით, რამაც აუძულა მთავრობა დათმობაზე წასულიყო და ციხიდან გამოეშვა დაპატიმრებული ლიდერები.

1931 წლის აგვისტოში, ლონდონში გაიმართა კონფერენცია, სადაც ინდოეთის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო. ინდოეთიდან მაჰათმა განდი გაემგზავრა მცირე დელეგაციით. განდი მიიღეს დიდი პატივით, თუმცა ჩერჩილმა უარი განაცხადა მასთან შეხვედრაზე. განდი მიიწვიეს ინგლისის მეფე-დედოფლის ვახშამზე, სადაც განდის ემოსა ქვედეწელზე შემოხვეული “დჰოტი” (ტრადიციული ინდური სამოსი). წვეულების დამთავრებისას ჟურნალისტმა ჰკითხა: --“თუ გიფიქრიათ რომ, უფრო უკეთ გცმოდათ მეფის წვეულებაზე?“ რაზედაც განდიმ მიუგო: --“რა საჭირო იყო მე რომ მცმოდა, როდესაც ორივეს სამყოფი თავად მეფე-დედოფალს ეცვა?!”. ინდოეთში ჩასვლიდან ცოტა ხანში იგი ისევ საპატიმროში აღმოჩნდა. მისი საპატიმროში ყოფნის დროს, ბრიტანეთის მთავრობამ გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც “ჰარიჯანების” (დაბალი კასტა) წარმომადგენლებს ცალკე უნდა მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა, რაც აშკარად მათი მოქალაქეობრივი უფლებების შელახვა იყო. ამიტომ, განდიმ 1932 წლის 20 მარტს სასიკვდილო შიმშილობა გამოაცხადა. ეს დღე განდის საპატივცემულოდ გამოცხადდა როგორც “წმინდა მარხვის” დღედ მთელს ინდოეთში. მან თვეზე მეტი იშიმშილა, რითაც პანიკაში ჩააგდო ინგლისის ადგილობრივი მმართველობა და შიშით შეპყრობილებმა რომ, განდი არ გარდაცვლილიყო საპატიმროში, გააუქმეს აღნიშნული კანონი.
1933-39 წლებში განდი უთმობს დიდ დროს თავისი ხალხის სოციალურ და სულიერ-ზნეობრივ საკითხებს. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას, ინდოეთის ეროვნულმა კონგრესმა მხარდაჭერა აღუთქვა ინგლისის მთავრობას გერმანიის წინააღმდეგ, ოღონდ სანაცვლოდ მოითხოვდნენ დამოუკიდებლობის სტატუსს. ამ წინადადებაზე ინგლისმა უარი განაცხადა. 1942 წელს განდი ეროვნულ კონგრესში შევიდა წინადადებით, რათა შექმნათ ინდოეთის დროებითი მთავრობა. ინგლისის მთავრობა ისევ აპატიმრებს განდის და სხვა ლიდერებს. მთელს ინდოეთში ვრცელდება მისი ლოზუნგი: “სიკვდილი ან სიცოცხლე”. 1943 წლის თებერვალში იგი კვლავ აცხადებს შიმშილობას რომელიც გასტანს რამოდენიმე კვირას და შესაძლებელი იყო იგი ტრაგიკულად დამთავრებულიყო, რომ არა მისი ცოლი კასტურბაი, რომელიც მის გვერდით იყო ყოველთვის და უმსუბუქებდა მას მძიმე ხვედრს. თუმცა, კასტურბაის დაეწყო გულის შეტევები და მიუხედავად განდის მცდელობისა გადაერჩინა იგი სიკვდილისგან, ვერაფერს გახდა და დაიღუპა მისი ყველაზე ერთგული მეგობარი და ცხოვრების თანამგზავრი, ხოლო განდი ხალხის დაჟინებული მოთხოვნით ისვე ციხის გარეთ აღმოჩნდა. 1945 წელს დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი, გარდაიცვალა ჩერჩილი, მისი ადგილი დაიკავა ეტლიმ, მრავლი ქვეყანა მხარს უჭერდა ინდოეთის დამოუკიდებლობას, მაგრამ ინდოეთის დროებით მთავრობაში განხეთქილება მოხდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჰინდუიზმისა და მუსულმანური რელიგიის მიმდევრები. ინდოეთი მოიცვა სისხლისმღვრელმა შეტაკებებმა. სამწუხაროდ, განდი რომელიც მუდამ ქადაგებდა მშვიდობიან თანაარსებობას, უძლური აღმოჩნდა გაეჩერებინა სისხლისღვრა.
1947 წლის 3 ივნისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ეტლიმ, დაამტკიცა ინდოეთის გაყოფის გეგმა ორ სახელმწიფოდ: პაკისტანად-მუსულმანური ინდოელთათვის და ინდოეთად. ამავე წლის 15 აგვისტოს ინდოეთი გამოცხადდა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. კონფლიქტი უფრო გაღვივდა ძმებს შორის. მუსულმანი ინდოელები დაიძრნენ ინდოეთიდან პაკისტანისკენ, ხოლო ჰინდიუს რელიგიის მიმდევრები პირიქით, პაკისტანიდან ინდოეთისაკენ. მაჰათმა განდი აღქმული იქნა, როგორც მოღალატედ ჰინდუ-ექსტრემისტების თვალში. 1948 წლის 13 იანვარს განდიმ გადაწყვიტა სასჯელი საკუთარ თავზე აეღო და ისევ გამოაცხადა შიმშილობა, იმ იმედით რომ ფანატიკოსი ინდოელები მაინც მოეგებოდნენ გონს. ხალხი აღელდა და სევდამ მოიცვა რადგან, მოხუცი განდისთვის ეს შეიძლება საბედისწერო ქმედება ყოფილიყო.18 იანვარს ინდოეთის მშვიდობის კომიტეტმა ხელი მოაწერა საგანგებო პაქტს, რომელიც ითვალისწინებდა ინდოეთში დარჩენილი უმცირესობების, მათ შორის-მუსლიმანთა სიცოცხლის, სარწმუნოების და პირადა ქონების დაცვის გარანტიებს. ამ ფაქტის შემდგომ, განდიმ შეწყვიტა შიმშილობა, მაგრამ მას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა. 30 იანვარს, როდესაც მაჰათმა განდი თავის ორ შვილიშვილთან ერთად ტაძრისკენ მიემართებოდა, მასთან ახალგაზრდა ჰინდუ მიიჭრა. იგი ჩაიჩოქა განდის წინაშე, თითქოს კურთხევას სთხოვსო, მაგრამ მის ხელში იელვა რევოლვერმა და სამჯერ დაახალა მოხუც განდის. იგი ადგილზევე გარდაიცვალა.

Monday, December 13, 2010


თეონა კონტრიძე

თეონამ ქართული სცენა და მასთან ერთად მშობლიური მუსიკალური სამყარო რვა წლის წინათ მიატოვა. ჩვიდმეტი წლის გოგონას ჩრდილოეთის გზაზე ამბიცია, პროტესტი, განგებისა და საკუთარი თავის იმედი ამოძრავებდა. მოსკოვში მან ის დიდი სტადიონი იპოვა, რომელზეც საქართველოში ვერც კი იოცნებებდა. დანარჩენი თეონას აქაც ჰქონდა: ნიჭი და თავდაუზოგავი შრომის სურვილი, რაც სამწუხაროდ, აქ შეუმჩნეველი დარჩა. სამაგიეროდ, ხუთწლიანმა მუშაობამ სასურველი შედეგი გამოიღო მოსკოვში. სამი წლის წინათ თეონა კონტრიძე მოსკოვის ყველაზე პოპულარული მიუზიკლის, მეტროს ერთ-ერთ წამყვან სოლისტად აიყვანეს. სადღეისოდ მას აქვს სტაბილური სამსახური, კონკრეტული სტატუსი (რუსეთში პირველი მიუზიკლის ერთ-ერთი წამყვანი პერსონა) და თვითგანვითარებისთვის საჭირო ატმოსფერო. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, თეონასთვის არ არის სულ ერთი საქართველოში მიმდინარე მუსიკალური თუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენები. ამიტომაც იგი პერიოდულად ჩამოდის სამშობლოში და ყველაფერს ყურადღებით აკვირდება. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტისას თეონა ჩვენც გამოვიჭირეთ.

თეონა კონტრიძე მოსკოვში საკმაოდ ცნობილი მომღერალია. პოპულარობა კი მოუტანა მიუზიკლმა მეტრო, სადაც იგი ერთ-ერთი წამყვანი სოლისტია (სადაც შესარჩევი ტურების წყალობით მოხვდა). მოსკოვის მუსიკალურ სცენაზე მისი ხუთწლიანი პრაქტიკული მოღვაწეობის საფუძველი კი, თბილისში დამთავრებული ნიჭიერთა ათწლედი (ფორტეპიანოს განხრით) და მოსკოვში გნესინების საესტრადო-ჯაზური ფაკულტეტი (ოთხწლიანი კურსი ორ წელიწადში დაამთავრა) იყო.

ისევე, როგორც ყოველთვის, თეონას შემთხვევაშიც წარმატებები დაუღალავი შრომის შედეგია. 17 წლის ამბიციებითა და საკუთარი ნიჭის საქვეყნოდ დამტკიცების სურვილით შეპყრობილი გოგონა მოსკოვში ნათესავის მეგობრის ოჯახში ცხოვრობდა და ზამთრის კონსერვებს ამზადებდა. გაცილებით რთული იყო პირველი ნაბიჯები რუსულ სცენაზე: ჯერ ქართული მენტალიტეტი, არაპუნქტუალობა მიშლიდა ხელს, ყველა შეხვედრაზე ვაგვიანებდი, მქონდა ძალიან მაქსიმალისტური ტექსტები, რაც ბევრს აღიზანებდა; არც წონა მიწყობდა ხელს იმისთვის, რომ პოპ-ინდუსტრიაში საერთოდ, რაიმე ადგილი მქონოდა. 68-72 კგ. ვიწონიდი და არ მესმოდა, რატომ მელაპარაკებოდნენ გახდომაზე, რა მნიშვნელობა ჰქონდა, სქელი ხარ თუ თხელი – თურმე აქვს მნიშვნელობა. 30 დოლარად ვმღეროდი რესტორანში, იქიდან კი, 10 დოლარი უკანა გზაზე მეხარჯებოდა. ვიჯექი ტაქსში, 20 დოლარიან კუპიურას ვუყურებდი და დავტიროდი: როგორ შეიძლება 20 დოლარისთვის ოთხი საათი იმღერო გაუჩერებლად. მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. 17 წლის კონტრიძეს გადაწყვეტილი ჰქონდა, სხვების შეუწუხებლად გადაელახა დაბრკოლებები. მითუმეტეს, იცოდა, დახმარებას აღარ სთხოვდა სოსო პავლიაშვილს. ყველა ადამიანს საკუთარი გზა აქვს. მე იმ დროს მამოძრავებდა ინტუიცია, რომ სოსო მეორედ აღარ შემეწუხებინა (თბილისის დიდ სცენებზე თეონა პავლიაშვილის Just Do It მღეროდა). მან იმხელა საქმე გამიკეთა კომპოზიციის ჩუქებით, რომ ჩავთვალე, ჩემს გზაზე სოსოს თავისი მისია შესრულებული ჰქონდა. არ მინდოდა, ვინმეს წიგნით მეცხოვრა და ვინმეს სისტემა გამეზიარებინა. მინდოდა, ჩემი გზა გამეკვალა.

შოუ-ბიზნესში განა იმიტომ არ ვმოღვაწეობ, რომ მე იქ არ მიშვებენ. უბრალოდ, შოუ-ბიზნესი რუსეთში საერთოდ არ არსებობს, ახლა ყალიბდება, – ახალგაზრდა მომღერალს კიდევ უფრო უძნელდება შოუ-ბიზნესი დაარქვას პოპულარული ქართული მუსიკის საზღვრებში მიმდინარე ცხოვრებას და მიაჩნია, რომ შოუ-ბიზნესი მხოლოდ დიდი ქვეყნების პრეროგატივაა. შოუ-ბიზნესი ესაა სხვადასხვა ხალხზე გათვლილი კულტურა, სადაც უნდა იყოს რამდენიმე ფორმატი: პოპ-მუსიკა, არტ-როკი, ტრეშ-მეტალი, ჰიპ-ჰოპი, სოული და ა.შ. პატარა ქვეყნებში არასდროს არ არის იმდენი მსმენელი, რომ მთელი ეს სპექტრი წარმოდგენილი იყოს. ენა არ მიტრიალდება შოუ-ბიზნესი დავარქვა იმას, რაც საქართველოში ხდება. არც მაღიზიანებს ეს ყველაფერი და არც აგრესიას იწვევს, შესაძლოა მომწონდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ჩემი მეგობრები არიან და მათაც კომპრომისზე წასვლა უწევთ. პრინციპში საქართველოში არის ერთადერთი ფორმატი – სუფრა. როდესაც ვისმენ აქაურ მუსიკას, ვხვდები, რომ ეს არის აბსოლუტურად სუფრული მელოდიები, რაც ყოველთვის ჟღერდა კიდეც საქართველოში.

თავად თეონა ამჟამად ექსპერიმენტული მუსიკით არის დაინტერესებული. ტრეშ-მეტალის გარდა არ არსებობს ჟანრი, რომელიც არ შეესრულებინოს. მაგრამ ეს არ ყოფილა კომერციული ინტერესების გამო. თეონა უდიდეს მიღწევად საკუთარი პრინციპებისადმი ერთგულებას მიიჩნევს, თუმცა მაინც ჰგონია, რომ გაუმართლა. მანამდე კი, ვიდრე მოიფიქრებს, რა ფორმით შეძლებს სცენაზე ელექტრონული მუსიკის გატანას, იგი მორიგ მიუზიკლში ითამაშებს. თეონა კონტრიძე მოსკოვში კვირას დაბრუნდება და შემოდგომამდე ძალებს მოიკრებს; ოქტომბრიდან კი, მეტროს ბაზაზე შექმნილ ახალ მიუზიკლში, რომეო და ჯულიეტა. მიიღებს მონაწილეობას.


                                                     

Sunday, December 12, 2010


ეთერ ჭკადუა

ამ მხატვარზე არაერთხელ დაგვიწერია. ამერიკაში მოღვაწეობს და პერიოდულად გამოფენების მოსაწყობად სამშობლოშიც ჩამოდის. ეთერ ჭკადუა ერთი თვეა აქ არის. თოჯინების მუზეუმის გალერეაში ახალი ნამუშევრები უნდა გამოფინოს. ორ ნახატზე მუშაობას ახლა ასრულებს. ერთს „მყვინთავი“ ჰქვია, მეორეს - „თამადა“. ნახატების გმირები ისევ მას ჰგვანან, მუქი, მეტყველი თვალებით და ძალიან გრძელი თმით. ყველა ტილოში ეთერს იპოვით, ოღონდ სხვადასხვანაირად ემოციურსა და ინსპირირებულს.

„მყვინთავი“ და „თამადა“

„მართალია, „მყვინთავს“ ჩემნაირი თვალები აქვს. ამ ნახატის ერთ ესკიზში მყვინთავის უკან, ჰორიზონტზე, აფეთქებული გემი, „მისტრალი“ ჩანს. ააფეთქებს და გამოცურავს. მოკლედ, ეს მყვინთავი ტერორისტია და თემატიკას ანეკდოტის დონეზე მივუდექი. ჩემი ნახატები ხუმრობიდან მოდის. მერე ვიზუალურად სერიოზული გამოდის. ხუმრობაც ასე არ არის? მასში ჭეშმარიტება იმალება. მეორე ნახატი ჩემი ერთი სურათის, „თამადის“ გაგრძელებაა. „თამადა“ ჩემი მამიდაშვილის, მალხაზ გირგვლიანის ხსოვნას მივუძღვენი, რადგან ის მაშინ მოყვა ავარიაში, როდესაც ამ ნახატზე ვმუშაობდი. სვანური დღესასწაულიდან ბრუნდებოდა და მთვრალებს ავარია მოუვიდათ. რვა ადამიანი ერთდროულად დაიღუპა. ჩვენთან ქეიფი და სმა თვითმკვლელობის ტოლფასია. ნახატში ამას გავუსვი ხაზი და იარაღიც ამიტომ დევს მაგიდაზე. იარაღი მესამედ გამოვიყენე. „თამადა“ კანადელმა კოლექციონერმა შეიძინა. სწორედ მან შემიკვეთა ზუსტად იგივე ნახატის შესრულება. ორი თვე ჩანახატებს ვაკეთებდი, რომ პირველისგან გასხვავებული ყოფილიყო. ზუსტად მიმსგავსებულის დახატვა ჩემთვის სამუშაოდ უინტერესო იქნებოდა. მოკლედ, ეს ნახატიც გაყიდულია.“

დეკემბერში ნიუ-იორკში ჩაიტანს, კოლექციონერს ჩააბარებს და მერე გეზს იამაიკისკენ აიღებს.

დილერები

ეთერს ორი დილერი ჰყავს, იტალიელი და კანადელი. მათ ნახატების კოლექციონერებამდე მიტანა და გაყიდვა ევალებათ. მხატვრის გაყიდული ნახატიდან 50 პროცენტს იღებენ. ფასი ნახატის ზომაზეა დამოკიდებული. „თამადაში“ მხატვარი 35 ათას დოლარს აიღებს, ერთი იმდენს კი დილერი.



იტალიელ ცნობილ დილერს, ჯანეცო სპერონეს, ეთერ ჭკადუას 40 ნახატი აქვს შეგროვილი. მათ ჯერ არ ყიდის, ინახავს. ეს ათი წლის ნამუშევარია. „მან ჩემში ინვესტიცია ჩადო. ჯანეცოს გემოვნების დამმკვიდრებლად თვლიან. მეუბნება, შენგან მითი უნდა გავაკეთოო. კოლექციონერი აგვისტოში უარით გაისტუმრა. ნახატები უნდა გაძვირდეს, დროს ელოდება. გავრცელებული ხმები, ჯანეცო ჭკადუას ნახატებს არ ყიდისო, კოლექციონერებს ინტერესს უღვივებს. მას უნდა ბევრი ფული გააკეთოს. ნახატმაც თავისი თავი უნდა დაიმკვიდროს. რა ვიცი, მე შეიძლება ვერც მოვესწრო ამ დროს. ახლა ამერიკაში იმ თანხით ვმოღვაწეობ, რაც წინასწარ, ათი წლის წინათ გადამიხადა. სახელოსნოს დასაქირავებლად და საარსებოდ საკმარისია. ახლა ვკითხულობ წიგნს „თამაში“, დილერებზეა. ცნობილი დილერების ინტერვიუებია და მათზე ბევრი რამ ახლა გავიგე. ბოლო ორი წელია ჩემი მეგობრები ყიდულობენ ჩემს ნახატებს. ამ ხნის განმავლობაში სულ სამი ნახატი დავხატე. ამერიკაში ორ წელიწადში სამი გაყიდული ნახატით ცხოვრება ძალიან რთულია.

დრო და საშულება რომ მქონდეს, ინსტალაციებს გავაკეთებდი. ადგილს რომ შევხედავ, მაშინვე მოვუფიქრებ ხოლმე ინსტალაციას. ტანსაცმლის დიზაინს ვიგონებ. ხშირად გამოფენების გახსნებზე ჩემი ტანსაცმელი მაცვია. ამასაც დრო უნდა. სახლის დიზაინზეც ვფიქრობ.“

იამაიკა, გეტოელები და „პასა-პასა“

ზამთარს იამაიკაზე თბილად ატარებს. იქ სახელოსნოს და ბინას ქირაობს, ბევრი მეგობარი ჰყავს და კუნძულის ერთი ქალაქიდან მეორეში მანქანით მოგზაურობს.

„შეძლებული იამაიკელები ვილების უზარმაზარ ეზოებში, ღია ცის ქვეშ, ან სანაპიროზე აწყობენ ფართებს, სადაც ხალხი ძალიან გამოპრანჭული მიდის. მუსიკაა ჩართული და საღამო ცეკვით მთავრდება. გეტოს წვეულება საინტერესო და განსხვავებულია. ახალგაზრდა გეტოელები ძალიან შემოქმედები, გაბედულები, მოდურები არიან. მსუქანს თუ გამხდარს, მოდა ძალიან უყვარს. პოზიტიურები არიან. ცეკვა და სიმღერა უყვართ. ეროტიკულად და ლამაზად ცეკვავენ. კინგსტონში ოთხშაბათობით ფართი „პასა-პასა“ იმართება, რომელიც იქაური დონების კონტროლის ქვეშ ტარდება. ცნობილი დიჯეები უკრავენ. ჩემი მეგობრები ძველ რეგის უსმენენ, ახალი დანსჰოლის მოსასმენად იქ არ დადიან. დანსჰოლის ერთი ვარსკვლავი ჩემი სახლის წინ ცხოვრობს.“

„ძალიან ლამაზი ადამიანია...“

ეთერს პირადი ცხოვრებაც საინტერესო აქვს. გვერდით მეგობარი მამაკაცი ყოველთვის ჰყავს. ამაზე ღიად საუბარს არ ერიდება. მართალია ამჯერად რჩეულის ვინაობა არ გაამხილა, თუმცა მასზე ისედაც საინტერესოდ გვესაუბრა. „ძალიან სულიერი და ლამაზი ადამიანია. ეს არ არის სერიოზული ურთიერთობა და ჩემს მომავალში მას ვერ ვხედავ. თუმცა მასთან კარგად ვარ. გარეგნულად ძალიან ლამაზია, ეს მჭირდება. ძალიან წყნარი, ემოციური და შინაგანად სუფთა ადამიანია. სადილს კარგად ამზადებს. იამაიკაზე მამაკაცები გემრიელ საკვებს ამზადებენ. იმდენად ფრთხილად უდგებიან საკვების თემას, რომ წვეულებებზე ზოგჯერ სხვის მომზადებულ კერძებს არ ჭამენ. მე ბოსტნეულს უმად ვჭამ, თან ვეგეტარიანელი ვარ და ჩემს მეგობარს ბევრი მზადება არ სჭირდება. მოხარშულს მხოლოდ ლობიოს და ბრინჯს გეახლებით. მარილს და შაქარს საერთოდ არ ვიღებ. შემწვარს თითქმის არ ვჭამ. ის ალკოჰოლს არ სვამს, სიგარეტს არ ეწევა.

- მასთან ურთიერთობას სერიოზულად რატომ არ უყურებთ?

- ჩემზე ბევრად უმცროსია. რომ გითხრათ მიყვარს-მეთქი, მოგატყუებთ. ვერ წარმომიდგენია მასთან სამომავლო ურთიერთობა. თვითონ მეუბნება, რომ ვუყვარვარ, მაგრამ ვერ ვიღებ. რამდენჯერმე უნდოდა ჩემთვის დედამისი გაეცნო, მაგრამ მე არ ვისურვე. პატარა კუნძულია და ყველა ყველას იცნობს.

- ანუ იქაც მალავენ პირად ცხოვრებას?

- კუნძული თბილისზე პატარაა. ყველგან ჭორაობს ხალხი. გაზეთებიც წერენ.

- მახსოვს, ერთი წლის წინ, ჩვენი წინა ინტერვიუს დროს სხვა იამაიკელი მეგობარი მამაკაცი გყავდათ. ანუ, პირადი ცხოვრებისთვის მუდმივად გცალიათ.

- ჩემთვის მთავარია ვიმუშაო, დრო მქონდეს. მერე ჩემს სამუშაოს ვურგებ ურთიერთობებს. გათხოვება არ მაინტერესებს. რა რაოდენობითაც მინდა ურთიერთობა, მაქვს კიდეც. ეს ჩემი თავისუფლებაა.

- რამდენჯერ გიყვარდათ?

- 21 წლის ასაკიდან სამჯერ ძლიერად მიყვარდა. ისინი ახლაც მიყვარს. ახლა შეყვარებული არა ვარ, რადგანაც მომთაბარე ცხოვრებას ვეწევი, აქეთ-იქით ვმოგზაურობ. რომ ვიცი, უნდა გავიქცე, სიყვარულს არ ვეძებ. ახლა ნახატის დასრულება მინდა.