Monday, April 12, 2010


ჰატშეფსუტი 

_ ქალი ფარაონი _დედოფალი უპირველესი

ევას შემდეგ ისტორიაში ქრონოლოგიურად არ მოიძებნება ჰატშეფსუტზე ცნობილი ქალი. იგი ნეფერტიტიმდე 90 წლით, ხოლო კლეოპატრამდე 14 საუკუნით ადრე მართავდა ეგვიპტეს. ისტორიაში ჰატშეფსუტი შევიდა, როგორც უზურპატორი. გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ მისი თითქმის ყველა გამოსახულება და სახსენებელი საგულდაგულოდ იქნა ამოშლილი ისტორიიდან. კითხვა ბევრია. პასუხი, რა თქმა უნდა, ცოტა. როგორც ეგვიპტოლოგი ზაჰი ჰავასი ამბობს, ეგვიპტე კიდევ უამრავ სიურპრიზს მალავს თავისი ცხელი ქვიშის საფარის ქვეშ.

ჰატშეფსუტი (ძვ.. 1473-1458) XVIII დინასტიის რიგით მე-5 ფარაონი იყო და სხვა ეგვიპტელ ქალ მმართველებზე გაცილებით დიდხანს, 21 წელს მართავდა ქვეყანას. მის ხანას ეგვიპტოლოგები ძალიან წარმატებულ და მშვიდობიან პერიოდად ახასიათებენ. ამ დროს აშენდა და გარემონტდა მნიშვნელოვანი ტაძრები და დაიდგა ეგვიპტეში ყველაზე მაღალი ობელისკები _ სამეფო ძლიერების უტყვი ნიშნები. ყველაზე საინტერესო კი მაინც ის არის, რომ ჰატშეფსუტი იყო პირველი, ვინც ეგვიპტის საუკუნოვანი, ათასწლოვანი ტრადიციები დაარღვია.

ახალი ფარაონი _ ახლებური ტრადიციები

ჰატშეფსუტის აკლდამის კედელი

ვენ ბოლომდე ვერ  ვაცნობიერებთ, რას ნიშნავდა სიტყვაფარაონიძველი ეგვიპტელებისათვის. იგი, უპირველეს ყოვლისა, იყო მზის ვაჟი. ვაჟი და არა ქალი. ვაჟი, რომელსაც გამოსახავდნენ ჰორის (შევარდენი) სახით. მითოლოგიის თანახმად, ჰორი იყო საიქიოს უზენაესი ღმერთის, ოსირისის ვაჟიშვილი, რომელიც მის მეუღლეს, ქალღმერთ ისიდას შეეძინა. ჰორს შური უნდა ეძია მამის მკვლელ ბიძაზე, სეთზე, რომელიც ბოროტების ღმერთი იყო. სწორედ ასეთი მებრძოლი და შემტევი ვაჟი ღვთაება მოიაზრებოდა ფარაონის ტახტზე, რომელიც ძვ.. 1473 წელს ქალმა დაიკავა.

საინტერესოა ეგვიპტელთა მეორე ტრადიციაც: ფარაონებად მამაკაცები იკურთხებოდნენ, ოღონდ არა მამის, არამედ, დედის ხაზით. ანუ ვინც ფარაონის ქალიშვილზე იქორწინებდა, ის ხდებოდა ტახტის მემკვიდრე. თანაც უნდა ექორწინა, არც მეტი, არც ნაკლები, პირველი ცოლისგან შეძენილ ქალიშვილზე. პრეტენდენტები შეიძლებოდა ყოფილივნენ ჯარის სარდალი, უმაღლესი ქურუმი ან სხვა უმაღლესი წოდების მქონე პირები. სწორედ ამიტომ იყო, რომ ფარაონთა დინასტიაში ძმები მემკვიდრე შტოს წარმომადგენელ დებზე ქორწინდებოდნენ. ამით ისინი დინაისტიასა და ტახტის ფლობის უფლებას ინარჩუნებდნენ.

დავუბრუნდეთ ჰატშეფსუტს. იგი თუტმოს I-ის პირველი ცოლის, იახმოსის ქალიშვილი იყო. ფარაონს იახმოსთან ვაჟი არ ჰყავდა. ხოლო მეორე ცოლისგან, ნუტნოფერისაგან კი ვაჟი, თუტმოს II შეეძინა. ამ უკანასკნელმაც, ზემოხსენებული ტრადიციის მიხედვით, იქორწინა თავის ნახევარდაზე ჰატშეფსუტზე და, თუტმოს I-ის გარდაცვალების შემდეგ, ტახტიც დაიკავა. ორივე თუტმოსი გამოჩენილი მხედართმთავარი და წარმატებული მმართველი იყო. თავდაპირველად ჰატშეფსუტს ფარაონის მეუღლის ანუ დედოფლის სტატუსი ჰქონდა. სიტუაცია იმ დროიდან შეიცვალა, რაც თუტმოს II გარდაიცვალა. ჰატშეფსუტს, ისევე როგორც დედამისს, მეუღლისგან ვაჟი არ დარჩენია. ფარაონის მემკვიდრე კი თუტმოს II-ის მეორე ცოლისაგან, ისიდასაგან შეძენილი ვაჟი _ თუტმოს III გამოდიოდა. იგი ამ დროს ამონ-რას ქურუმის სტატუსით მოღვაწეობდა თებეში, კარნაკის ტაძარში. მიუხედავად იმისა, რომ თუტმოსი ახალგაზრდა იყო, იგი სულაც არ ყოფილა ბავშვის ასაკისა, რომ სამეფოს მართვისათვის თავი ვერ გაერთმია. თუმცა ჰატშეფსუტმა მოახერხა და ტახტის რეგენტი გახდა. ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ჰატშეფსუტი თავად იღებდა. იგი მართავდა სახელმწიფოს. რამდენიმე წელიწადში კი ეგვიპტის ოფიციალური მმართველიც გახდა.

P.S. ქალი ფარაონი რომელიც ძველი ეგვიპტის ერთ-ერთი ძლიერი და წარმატებული მართველი იყო. ქალი რომელმაც კაცობრიობას დაუტოვა უდიდესი მნიშვნელობის მემკვიდრეობა. ქალი რომელმაც მამაკაცთა მართველობის იმპერიაში შეძლო და გახდა ძლიერი მართველი და ჭკვიანი პოლიტიკოსი, რომელმაც მრავალი ბრძოლა გადაიტანა რათა დაემტკიცებინა რომ მასაც არანაკლებ შეეძლო სახელმწიფოს მართველობა. ქალი რომელმაც ეგვიპტეს მოუტანა მშვიდობა და აღმშენებლობა...რომელიც ისტორიაში დარჩება ერთ-ერთი პირველი ქალი  მონარქი, მიუხედავად იმისა რომ სცადეს მისი სახელის ამოშლა მემატიანის ფურცლებიდან...! 

1 comment: