ფროიდი
-ნაწილი II
იდეური წანამძღვრები
ფროიდის აზროვნება მისი ფილოსოფიური მსოფლმხედველობის, მეცნიერული სიზუსტის სულისკვეთებით აღზრდისა და არაცნობიერთან მისი საკუთარი კონტაქტის შემოქმედებითი სინთეზია.
ფილოსოფია
ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში ფროიდი გერმანელი პოეტ-რომანტიკოსის კლემენს ბრენტანოს მძლავრ ზეგავლენას განიცდიდა და ამავე დროს გაეცნო ფრიდრიხ ნიცშეს იდეებს. ნიცშე, მაგალითად, ვარაუდობდა, რომ ზნეობრივი მოსაზრებები ინტერნალიზირებული აგრესიის შედეგია. ფროიდი ეთანხმებოდა მას. ფროიდის იდეები, ასევე, ახლოსაა არტურ შოპენჰაუერის იდეებთან. მათი აზრები ნაწილობრივ თანხვდებოდა ნებისყოფის, ადამიანის ქცევის დეტერმინაციაში სექსუალობის მნიშვნელობისა და განდევნის (ანუ იმის არმიღების, რასაც განიცდის ადამიანი) პირველხარისხოვანი მნიშვნელობის საკითხებში.
ბიოლოგია
ფროიდის ზოგიერთი მოსაზრება ცნობიერების ბიოლოგიური საფუძვლის შესახებ ამ საკითხზე მისი მასწავლებლის ბრუკეს შეხედულებებში იღებს სათავეს. ბრუკეს მიხედვით, არ არსებობს სხვა ძალა, გარდა ზოგად ფიზიკურისა და ქიმიურისა, რომლებიც მოქმედებენ ორგანიზმში.
შარკომ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ შესაძლებელია ისტერიული სიმპტომების გამოწვევა და მოხსნა ჰიპნოტური შთაგონების მეშვეობით. ფროიდი, სხვების მსგავსად, აკვირდებოდა ისტერიული პაციენტების სიმპტომებს, რომელთა არსებობა, ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, შეუძლებელია. მაგალითად, “ხელთათმანის ანესთეზიის” (გლოვე ანესტჰესია) შემთხვევაში ადამიანის ხელის მტევანი მოკლებულია მგრძნობელობას მაშინ, როცა მაჯასა და მთელ ხელში მგრძნობელობა ჩვეულებრივია. ვინაიდან ნერვები მთელ ხელს უწყვეტად გასდევს მხრიდან მტევნისკენ, არ არსებობს ამ სიმპტომის არსებობის ფიზიკური მიზეზი. ფროიდისთვის ნათელი გახდა, რომ ისტერია იყო დაავადება, რომლის გენეზისი ითხოვდა ფსიქოლოგიურ ახსნას.
არაცნობიერი
ფროიდს არ აღმოუჩენია არაცნობიერი. ძველი ბერძნები, სხვა საკითხების გარდა, გვირჩევენ შევისწავლოთ სიზმრები. ფროიდამდე ცოტა ხნით ადრე იოჰან ვოლფგანგ გოეთე და ფრიდრიხ შილერი ისევე ეძებდნენ არაცნობიერში პოეტური შთაგონების წყაროს, როგორც მრავალი სხვა პოეტი-რომანტიკოსი და ფროიდის თანამედროვეც კი, მწერალი-რომანისტი ჰენრი ჯეიმსი. ფროიდის წვლილი ისაა, რომ მან ფსიქიკის ეს ნაწილი, მისი პირველსაფუძვლები და არსი გამოიკვლია მეცნიერული ანალიზის ახალი მეთოდით. მისმა ნაშრომებმა და მათ მიმართ ყურადღებამ სიტყვა “არაცნობიერი” ჩვენი ყოველდღიური ლექსიკონის შემადგენელ ნაწილად აქცია.
ფსიქოანალიზი: ძირითადი კონცეფციები და ცნებები
ტერმინი “ფსიქოანალიზი” სამი სხვადახვა მნიშვნელობის მატარებელია:
1. პიროვნების თეორია;
2. პიროვნული აშლილობების თერაპიის მეთოდი;
3. ინდივიდუმის არაცნობიერი აზრებისა და გრძნობების შესწავლის მეთოდი.
ახსნის მეთოდი ძირითადი პრინციპი აქსიომები
მკაცრი ფსიქიკური დეტერმინიზმი განვითარების პრინციპი თვითშენახვის აქსიომები
ფროიდმა ივარაუდა, რომ ადამიანის სულიერი ცხოვრება უწყვეტობით ხასიათდება და რომ ნებისმიერ აზრსა და ნებისმიერ ქცევას თავისი მნიშვნელობა აქვს. თითოეულ აზრს, გრძნობას, მოგონებას ან მოქმედებას თავისი მიზეზი, მრავალრიცხოვანი მიზეზიც კი, გააჩნია. ყოველ მოვლენას იწვევს ცნობიერი ან არაცნობიერი განზრახვები და განისაზღვრება მისი წინმსწრები მოვლენებით. ერთი შეხედვით, მრავალი ფსიქიკური მოვლენა თვითნებურად წარმოიქმნება, თუმცა, ფროიდმა იმ დაფარული კავშირების აღწერა და გამოკვლევა დაიწყო, რომლებიც ერთ ცნობიერ მოვლენას მეორესთან აკავშირებენ.
სამი ძირითადი აქსიომა:
1. ბიოლოგიური არსებობა:
• სუნთქვა
• შიმშილი ვარსებობ-
• წყურვილი არ ვარსებობ
• გამოყოფა
• ძილი
• სექსუალური
2. ფსიქოლოგიური ფუნქცია:
• შემეცნებითი ძლიერი
• გრძნობითი საშუალო = ნორმა
• ნებელობითი სუსტი
3. სოციალური გარემო
• მეორის დადებითი
(მეორეების) ნეიტრალური
არსებობა უარყოფითი
შენიშვნა: როცა სოციალური გარემო იჭრება ბიოლოგიურ ფუნქციათა დაკმაყოფილებაში, ჩვეულებრივ, ეს სექსუალურ სფეროს ეხება ხოლმე, ვითარდება ნევროზი.
პიროვნების თეორიის, თერაპიისა და შეფასების ეს გაერთიანება მთლიანობაში ასახავს ფროიდის წარმოდგენებს ადამიანის ქცევაზე. უნდა აღინიშნოს, რომ მის მოსაზრებათა მთელ სირთულეს საფუძვლად უდევს მცირე რაოდენობის ძირითადი კონცეფციები და პრინციპები, რომელიც ამომწურავად ასახავს პიროვნებისადმი ფსიქოანალიტურ მიდგომას.
ფროიდის ყველა მსჯელობას საფუძვლად უდევს დაშვება, რომ ადამიანის სხეული მთელი ფსიქიკური ენერგიის ერთადერთი წყაროა. იგი მოუთმენლად ელოდა იმ დროს, როდესაც ყველა ფსიქიკური მოვლენის ახსნა ტვინის ფიზიოლოგიასთან უშუალო კავშირში იქნებოდა შესაძლებელი. ცდილობდა რა თეორიის შექმნას, რომელიც მთლიანობაში მიმოიხილავდა ფსიქიკურ აქტივობას, ფროიდმა გამოიკვლია ბიოლოგიური მოდელები. მისი ძირითადი კონცეფციები მოიცავს სტრუქტურულ ანალიზს, ფსიქიკური ორგანიზაციის კომპონენტებს, მათი განვითარების ფაზებს _ რაში ვლინდება მათი მოქმედება და რასთან მივყავართ ამას.
ფროიდის ფსიქოანალიტური თეორიის წყობის ზოგადი სტრუქტურა:
ცნობიერების დონეები: ტოპოგრაფიული მოდელი
ფსიქოანალიზის განვითარების ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ფროიდი იყენებდა ფსიქიკის ორგანიზაციის ტოპოლოგიურ მოდელს, რომელიც გულისხმობს ცნობიერების სხვადასხვა დონის არსებობას მასში მოთავსებული აზრებისა და ემოციების გაცნობიერებულობის ხარისხის მიხედვით.
ფროიდის მიხედვით, რასაც ცნობიერი ეწოდება, არ საჭიროებს განხილვასა და მსჯელობას. ცნობიერება აშკარაა, თვალსაჩინოა და ამიტომაც იგი ფსიქიკის ის ნაწილია, რომელსაც მეცნიერება შეისწავლიდა ფროიდამდე.
ცნობიერება ფსიქიკური ორგანიზაციის მცირედი ნაწილია და მოიცავს იმ შეგრძნებებსა და განცდებს, რომელთაც ჩვენ ვაცნობიერებთ დროის მოცემულ მომენტში. მაგალითად, ამ წუთას თქვენს ცნობიერში მოცემულია ის შინაარსი, რასაც ახლა კითხულობთ და, ასევე, ვთქვათ, შიმშილის ბუნდოვანი განცდა. ფროიდი ამტკიცებდა, რომ ფსიქიკური ცხოვრების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი (აზრები, აღქმა, გრძნობები, მეხსიერება) შედის ცნობიერების სფეროში. რასაც არ უნდა განიცდიდეს ადამიანი ცნობიერ დონეზე დროის მოცემულ მომენტში, უნდა განვიხილოთ, როგორც გადარჩევის პროცესის შედეგი, რომელიც მნიშვნელოვანწილად გარეგანი სიგნალებით რეგულირდება. უფრო მეტიც, გარკვეული შინაარსი ცნობიერებაში დროის ხანმოკლე პერიოდის მანძილზე იმყოფება, შემდეგ კი ისევ სწრაფად იძირება არაცნობიერში, ინდივიდის ყურადღების სხვა სტიმულებზე გადანაცვლებასთან ერთად. შეიძლება ითქვას, რომ ცნობიერებას ტვინში დაგროვილი ინფორმაციის მხოლოდ მცირე პროცენტზე მიუწვდება ხელი.
ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ცნობიერში გაჩენილი აზრი ან გრძნობა არანაირ კავშირში არ არის მასში მანამდე არსებულ შინაარსებთან. ფროიდმა ივარაუდა კავშირების არსებობა არაცნობიერ დონეზე, რითაც მოხსნა ცნობიერების ნაკადის (ერთი შეხედვით) არათანმიმდევრულობის საკითხი.
ფროიდის მიხედვით, არაცნობიერის ყველაზე ძველი და კარგი მნიშვნელობა აღწერითია. იგი არაცნობიერს უწოდებს ფსიქიკურ პროცესს, რომლის არსებობაზეც არაფერი ვიცით, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ მისი არსებობა და ამის შესახებ ქცევაზე მისი ზემოქმედების შედეგის მიხედვით ვმსჯელობთ და ვასკვნით. მის მიმართ ისეთივე დამოკიდებულება გვაქვს, როგორიც სხვა ადამიანის ფსიქიკურ პროცესისადმი. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, პროცესს არაცნობიერს ვუწოდებთ, თუ ვვარაუდობთ, რომ ის ამჟამად გააქტიურდა, თუმცა, არაფერი ვიცით მასზე. არაცნობიერი მასალა აღქმის სიცხოველითა და უშუალობით ხასიათდება. ეს იმას ნიშნავს, რომ არაცნობიერი ფსიქიკური პროცესები არ მიეკუთვნებიან დროის გარკვეულ მომენტს ანუ არ არიან დალაგებულნი ქრონოლოგიურად, დროს არ შეაქვს მათში არანაირი ცვლილება, არანაირი კორექტივა, მათ მიმართ ვერ გამოვიყენებთ დროის ცნებას. მოგონებები, რომელიც ათობით წლებს ითვლიან, ცნობიერში ამოტანის შემთხვევაში მცირედითაც არ კარგავენ თავიანთ ემოციურ ძალას, მუხტს.
დინამიკური დამოკიდებულების თვალსაზრისით ფროიდი ორი სახის არაცნობიერზე საუბრობს. მათ შორის არსებული განსხვავების საილუსტრაციოდ მას მცდარი ქმედებების მაგალითი მოჰყავს: თუ ადამიანს მის მიერ განხორციელებული მცდარი ქმედების (ვთქვათ, წამოცდენის) შემდეგ ვეტყვით ამ ქმედებაში გამოხატული ფარული განზრახვის შესახებ და ის დაგვეთანხმება, აღიარებს ამ უკანასხნელის არსებობას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს განზრახვა მხოლოდ მცირე ხნით იყო არაცნობიერი (ლატენტური); თუ იგი მასზე უარს იტყვის და მისთვის უცხოდ მიიჩნევს, ამ შემთხვევაში ხანგრძლივ არაცნობიერთან გვაქვს საქმე.
ამრიგად, ერთი ტიპის არაცნობიერის შემთხვევაში მასში მოთავსებული ინფორმაცია (ხშირად განმეორებად პირობებში) იოლად გადადის ცნობიერში, ხოლო მეორე შემთხვევაში ინფორმაციის ცნობიერში გადასვლა ძნელად (ანუ გარკვეული ძალისხმევით) ან საერთოდ არ ხდება. პირველს ფროიდი წინარეცნობიერს უწოდებს, ხოლო მეორეს _ არაცნობიერს. ამრიგად, დინამიკური თვალსაზრისით, სამი ტერმინი გვაქვს: ცნობიერი, წინარეცნობიერი და არაცნობიერი.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, წინარეცნობიერი იგივე არაცნობიერია. მას “ხელმისაწვდომ მეხსიერებასაც” უწოდებენ. მასში მოთავსებულია მთელი ჩვენი გამოცდილება, რომელიც არ ცნობიერდება მოცემულ მომენტში, მაგრამ იოლად შეიძლება გაცნობიერდეს სპონტანურად ან მინიმალური ძალისხმევით. მაგალითად, მასში ინახება ცოდნა იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებდით გუშინ, რომელ ქალაქებში ვართ ნამყოფი, ნაცნობ-მეგობრების სახელები, საყვარელი საჭმლის დასახელება, ბოლის სუნით გამოწვეული შეგრძნებები და ა.შ. ერთი სიტყვით, ეს არის ჩვენი გამოცდილების რეზერვუარი. აქვეა მოთავსებული ჩვენი სიზმრები, ფანტაზიები და ოცნებები.
არაცნობიერი წინარეცნობიერისგან სიღრმითა და მნიშვნელოვნობით განსხვავდება. მასში მოთავსებულია პრიმიტიული ინსტინქტური მისწრაფებები და მიუღებლობის გამო ცნობიერიდან განდევნილი ემოციები და მოგონებები. ასეთი განდევნილი და დავიწყებული შინაარსების მაგალითებია ბავშვობის დავიწყებული ტრავმები, დაფარული მტრული განწყობები მშობლებისადმი და დათრგუნული სექსუალური სურვილები, რომელთაც არ ვაცნობიერებთ. ფროიდის თანახმად, ასეთი გაუცნობიერებული მასალა მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენს ყოველდღიურ ფუნქციონირებას.
ფროიდი არ იყო პირველი, ვინც ყურადღება მიაქცია ადამიანის ქცევაში არაცნობიერი პროცესების მნიშვნელობას. XVIII-XIX საუკუნის ზოგიერთი ფილოსოფოსი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ჩვენი შინაგანი სამყაროს ძირითადი შინაარსი მიუწვდომელია ცნობიერებისთვის. ფროიდის დამსახურება ისაა, რომ თავისი იდეური წინამორბედებისგან განსხვავებით, მან არაცნობიერი ცხოვრების კონცეფციას ემპირიული სტატუსი მიანიჭა. კერძოდ, ის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ არაცნობიერი უნდა განვიხილოთ არა როგორც ჰიპოთეტური აბსტრაქცია, არამედ როგორც რეალობა, რომელიც ექვემდებარება დემონსტრირებასა და შემოწმებას.
ფროიდს მტკიცედ სწამდა, რომ ადამიანის ქცევის რეალურად მნიშვნელოვანი ასპექტები მთლიანად ცნობიერების ფარგლებს გარეთ მოთავსებული იმპულსებითა და მისწრაფებებით ფორმირდება და წარიმართება. ეს ზეგავლენები არა მხოლოდ არ ცნობიერდება, არამედ, უფრო მეტიც, თუ რამენაირად იწყება მათი გაცნობიერება ან ქცევაში ღიად გამოხატვა, თავად ინდივიდის მხრიდან აწყდება ძლიერ შინაგან წინააღმდეგობას. გაუცნობიერებელი განცდები, წინარეცნობიერისგან განსხვავებით, მთლიანად მიუწვდომელია გაცნობიერებისათვის, მაგრამ მნიშვნელოვანი ხარისხით განსაზღვრავენ ადამიანის მოქმედებებს. უნდა ითქვას, რომ გაუცნობიერებელი მასალა შეიძლება გამოიხატოს შენიღბული ან სიმბოლური სახით ისევე, როგორც არაცნობიერი ინსტინქტური მისწრაფებები არაპირდაპირ დაკმაყოფილებას ნახულობენ სიზმრებში, ფანტაზიებში, თამაშსა და მუშაობაში.
ფსიქიკის ასეთი სამდონიანი _ ცნობიერი, წინარეცნობიერი, არაცნობიერი _ სტრუქტურა თანდათანობით ყალიბდება და იძენს საბოლოო სახეს პიროვნების განვითარებასთან ერთად. ფსიქიკის სტრუქტურის განვითარების პროცესი სქემატურად ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ:
ფსიქიკის სტრუქტურის საბოლოო სახე ასეთია:
რაციონალიზაციის საფეხური, მიმღებლობის საფეხური, ცენზურა, ცნობიერი, წინარეცნობიერი, არაცნობიერი, კატექსისი.
კატექსისი არის საშუალება, რომლითაც არსებული ლიბიდოზური, ფსიქიკური ენერგია მიემაგრება ანუ ჩაიდება რომელიმე ადამიანში, იდეაში ან საგანში. ლიბიდო კატექსისის მდგომარეობაში უკვე აღარ არის მობილური და ვეღარ გადაინაცვლებს ახალ ობიექტებზე. ამის მიზეზი ფსიქიკის იმ სფეროშია, რომელიც მიიზიდავს და აკავებს, აჩერებს მას.
გერმანული სიტყვა “Bესეტზუნგ”, რომელსაც ფროიდი ამ ცნების აღსანიშნად იყენებს, “ჩადებას”-აც ნიშნავს და “მიტაცება”-საც. თუ ლიბიდოს მარაგს შევადარებთ ფულის მოცემულ რაოდენობას, კატექსისი ამ ფულის დაბანდების ანალოგიური პროცესი იქნება. მაგალითად, ახლობელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული დარდის შემთხვევების ფსიქოანალიტური ინტერპრეტაცია გულისხმობს, რომ ყოველდღიური საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა და მოჭარბებული კონცენტრირებულობა გარდაცვლილ ადამიანზე შედეგია ჩვეული ურთიერთობების სფეროდან ლიბიდოს გადანაცვლებისა და განიხილება, როგორც უკიდურესი ზომის კატექსისი გარდაცვლილისადმი.
ფსიქოანალიტური თეორია უკავშირდება იმის გარკვევას, თუ სად “მიემაგრა” (ცატჰეცტედ) ლიბიდო არასათანადო სახით. როდესაც ეს ენერგია გამონთავისუფლდება და სხვა მიმართულებით წარიმართება, მაშინ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა არსებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მოსაზღვრე ენერგიის (ბოუნდ ენერგიეს) გამონთავისუფლების აუცილებლობის იდეა მოცემულია კარლ როჯერსისა და აბრაჰამ მასლოუს შრომებში, ასევე, ბუდიზმსა და სუფიზმში. თითოეული ამ თეორიათაგანი განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს ფსიქიკური ენერგიის წყაროს შესახებ, მაგრამ ყველა ეთანხმება ფროიდის მტკიცებას, რომ ფსიქიკური ენერგიის იდენტიფიკაცია და მიმართულობა ცენტრალური საკითხია პიროვნების გაგებაში.
(გაგრძელება იქნება...)
(bow)
ReplyDelete