კანტი
იმანუილ კანტი (1724_1804) გენიალური ფილოსოფოსი. ის ცდილობს შემეცნებისათვის ყველაზე რთული ასპექტი _ მეცნიერული და ფილოსოფიური ცოდნის შესაძლებლობანი ახსნას. როგორც აღვნიშნეთ, კანტისთვის არსებობს თავდაპირველი, აპრიორული და აპოსტერიორული ცოდნა (ანუ აპრიორიდან ე.ი. საწყისიდან გამომდინარე). პირველი ცოდნის წყაროა სულის შემეცნებითი შესაძლებლობა. მაგ. სულის შესაძლებლობაა _ გონი, მშვენიერის შესახებ მსჯელობის უნარი, განსჯა. აპოსტერიორულის წყაროა _ ცდა, ემპირია. აპრიორული და აპოსტერიორული ცოდნის კავშირი სუბიექტის წარმოსახვის უნარიანობით მიიღწევა. თვით სუბიექტი აიძულებს აპრიორულ ცოდნას, გავიდეს საზღვრებიდან, გადააბიჯოს მას და ემპირიულ ცოდნასთან გაერთიანდეს. საზღვრებიდან გასულს, მიღმურს ლათინურად ჰქვია ტრანსცენდენტური.
შესაბამისად, მეცნიერული ცოდნა თავისთავად არაა ტრანსცენდენტური, თუ ის არ გაერთიანდა ემპირიულ ცოდნასთან. ანუ, იმისათვის, რომ გაერკვე რომელიმე მეცნიერებაში, მაგ. სოციალურ ფილოსოფიაში, აუცილებელია: 1. გამოკვეთო აპრიორული პრინციპები. 2. აკრძალულია მისი ემპირიული მასალისაგან განცალკევება. 3. აპრიორული ძირითადი დებულებები ემპირიულთან გავაერთიანოთ.
ტრანსცედენტუალური ანალიტიკა მეცნიერებაა.
კანტის ფილოსოფიის სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ მან სუბიექტის შემეცნებითი აქტივობა გამოყო. კანტს ხშირად იდეალიზმს და აგნოსტიციზმს მიაწერენ. ის უარყოფდა იდეალიზმს იმ აზრით, რომ ადამიანის იდეაზე სამყაროს არსებობის დამოკიდებულებას არ აღიარებდა. თუმცა, ის აღიარებდა, რომ ადამიანები სამყაროს იდეების საშუალებით, ე.ი. პრინციპებით და კანონზომიერებით შეიცნობენ. ასევე, ზოგადად არ შეიძლება მას აგნოსტიციზმი დავაბრალოთ. საგნებს, რომლებიც ვერ ეტევიან შემეცნებაში, ის უწოდებს _ საგანს თავისთავში. ე.ი. ეს საგნები ჯერჯერობით შეუცნობადები არიან, თუმცა, პრინციპში, მათი შეცნობა მაინც შეიძლება და ეს, პირველ რიგში, აპრიორული პრინციპებით ხორციელდება.
კანტის ფილოსოფიურ სისტემას ხშირად კრიტიკულ იდეალიზმსაც უწოდებენ. ტერმინი “კრიტიკა” ხშირად ფიგურირებს მის შრომებში, მაგ. “წმინდა გონების კრიტიკა”, “მსჯელობის უნარის კრიტიკა”, “პრაქტიკული გონის კრიტიკა”. აქ სიტყვა კრიტიკა ჩვეული აზრით არ უნდა გავიგოთ. ის ამ სიტყვაში გულისხმობს მსჯელობის, გონის შესაძლებლობის ზღვრის ძიებას.
გონი, გონივრულობა სამყაროს გრძნობადი მრავალფეროვნების დალაგების, ერთიან ცნებაში მოქცევის ფუნქციას ასრულებს. თუმცა, ადამიანის დამოკიდებულება სამყაროს ფასეულობებთან გონით არ რეალიზდება. ის განსჯის უნარით აღსრულდება. ამჯერად საქმე გვაქვს უკვე არა შემეცნებასთან, არამედ შეფასებასთან.
განსჯის უნარი საშუალებას გვაძლევს სამყაროს ხილული, ადამიანთან დაკავშირებული მოვლენები (შემეცნებისა და მორალურ ინტერესს მოკლებული) ერთიანობაში მოიყვანოს. მსჯელობის უნარით ვითარდება ესთეტიკური გემოვნება, მაგრამ მსჯელობის უნარს, თავისი ესთეტიკური ბუნებით საზღვარი აქვს.
როგორც განსჯას, ასევე რაიმეს შეფასების უნარს, საბოლოო მიზანი აკლია, რამაც ადამიანის ქმედების მიმართულება უნდა განსაზღვროს. მიზნის შემუშავება გონის პრეროგატივაა. გონივრული ნება _ ეს პრაქტიკული გონია. გონის რელიგია _ ესაა სიკეთის წმინდა რწმენა, საკუთარი მორალური მდგრადობა. ღმერთი _ ესაა აბსოლუტური ზნეობრივი კანონი. პრაქტიკულ გონს ეხსნება აბსოლუტური, საყოველთაო და აუცილებელი ზნეობრივი კანონი _ კატეგორიული იმპერატივი. ღრმად გასააზრებელია მისი”კატეგორიული იმპერატივი”. (ლათ. მბრძანებელი. ე.ი. კატეგორიული მოთხოვნა). კანტისთვის ”კატეგორიული იმპერატივი” არის ის საერთო, აუცილებელი ზნეობრივი კანონი, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი უნდა დაემორჩილოს, მიუხედავად მისი წარმოშობისა, სოციალური მდგომარეობისა და ა.შ.
შევეცდებით კატეგორიული იმპერატივი შეძლებისდაგვარად ავხსნათ. ადამიანი არის ზნეობრივი შემეცნების სუბიექტი და ის ძირფესვიანად ყველაფრისაგან განსხვავდება, რაც არსებობს მის გარემომცველ ბუნებაში. ადამიანი ვალდებულია, თავის ქცევაში ზნეობრივი კანონის მოთხოვნებით იხელმძღვანელოს. ეს კანონი აპრიორულია, გარეგან გავლენას არ განიცდის ნებისმიერი სახის ზემოქმედების მიუხედავად და ამიტომ, ის უპირობოდ (კატეგორულად) მისაღებია. აქედან, მისი დასახელება.
კანტის “კატეგორიული იმპერატივი” არაა დაკავშირებული კონკრეტულ საგანთან, რეალურ ემპირიულ მოვლენასთან. “კატეგორიული იმპერატივის” აღსრულება შესაძლებელია მაშინ, როცა ინდივიდს შეუძლია თავისუფლად მიჰყვეს “პრაქტიკულ გონს”. “პრაქტიკული გონი” მოიცავს როგორც ეთიკის სფეროს, ასევე სამართლის სფეროს.
”მოიქეცი ისე, რომ შენი ნების მაქსიმას (უმაღლეს პრინციპს) მუდამ ჰქონდეს საყოველთაო კანონმდებლობის ძალა (ადამიანის მორალურობა არსებითად არის მისი ამაღლება ყოველდღიურობიდან ინტელექტუალურ-ზოგადკაცობრიულ სფეროში). ჩვენი საქციელი საყოველთაო კანონმდებლობის ნორმად უნდა გამოდგეს”.
კატეგორიული იმპერატივის მიმყოლი ადამიანი, წარმოსახვითი მოყვასის სიყვარულის სახელით, ერიდება იმპერატივის დარღვევის ცდუნებას და ამით ის ჭეშმარიტად თავისუფალი ხდება.
დაქვეითებული კატეგორიული იმპერატივის მქონე ადამიანს ეჩვენება, რომ მას მორალი ბოჭავს. კატეგორიული იმპერატივის მიმყოლი ადამიანი მორალური პასუხისმგებლობისაგან თავისუფალი არაა. ის თავისუფალია იმიტომ, რომ ეს მორალის აბსოლუტური ნორმები თვითონ მას, როგორც სუბიექტს ახასიათებს, რადგან ისინი აპრიორულია. (მას აღარ სჭირდება მორალისგან გაქცევა, ის უკვე თვითონ მორალია).
რაც შეეხება კანტის პოლიტიკურ-იურიდიულ გააზრებებს, ისინი ძირითადად შემდეგ შრომებშია მოცემული: ”საყოველთაო ისტორიის იდეა, საყოველთაო-სამოქალაქო ჭრილში” (1784), “საყოველთაო მშვიდობისათვის (1795)”, “სამართლის სწავლების მეტაფიზიკური საწყისი” (1797), მისი გააზრების ქვაკუთხედი ბუნებრივი სამართალია. აქედან, მისი პრინციპი _ თითოეული პირი სრულყოფილ ღირსებას, აბსოლუტურ ფასეულობას ფლობს. არ შეიძლება ადამიანი ვიღაცის გეგმის განხორციელების იარაღი იყოს, თუნდაც ეს გეგმა უკეთილშობილეს მიზანს ემსახურებოდეს.
კანტს მშვენივრად ესმის, თუ რა რთულია სამართალგააზრების პრობლემა.
“კითხვა _ რა არის სამართალი, ისეთივე სირთულეს წარმოადგენს იურისპრუდენციისათვის, როგორც ლოგიკისათვის კითხვა, რა არის ჭეშმარიტება. რა თქმა უნდა, იურისტს შეუძლია გვიპასუხოს, რომ ის ეთანხმება სამართალს, ე.ი. იმას, რასაც მოითხოვს სამართალი მოცემულ დროს და მოცემულ სივრცეში; თუმცა, როცა საკითხი კანონის სამართლიანობას ეხება, როცა მისგან იმ ზოგადი კრიტერიუმების დადგენა მოითხოვება, რითაც შესაძლებელი გახდება სიმართლე არასიმართლისაგან გავარჩიოთ _ იურისტი უძლურია; და ამას ის ვერასდროს შეძლებს, თუ ამ ემპირიულ საწყისს დროებით გვერდზე არ გადადებს და მსჯელობის წყაროს ძებნას მხოლოდ აზრში, გონში არ დაიწყებს”.
კანტისთვის გონი არის ადამიანის უნარი (ნებისყოფა), მორალური ქცევის პრინციპები და წესები შექმნას, რომელიც მასში შინაგანი, აპრიორული ნაპერწკლის სახით, ხასიათით არის ჩადებული.
გონი სპონტანურად თვით იქმნის საკუთარი გააზრების წესრიგს _ განსაზღვრული იდეების სამყაროს და ამასთან, ცდილობს ამ იდეებთან შეათანხმოს რეალური პირობები და შესაბამისად იმოქმედოს. მისი ყოფის მორალური კანონები მასშივეა. ეს ავტონომიური, შინაგანად დაბადებული თვითშეზღუდვა თავის მაქსიმალურ, უმაღლეს თავისუფლებას და თავის უსიტყვო მნიშვნელობას მოიცავს. ნების ასეთი ავტონომიით ერთნაირად ზღუდავს პიროვნება საკუთარ თავნებობას, ასევე საზოგადოება, როგორც მთელი _ ტოტალურ ბატონობას, რითაც მისი საკუთარი თავისუფლება არ იკარგება.
თავისუფლების ატრიბუტი პიროვნების იმანენტურია (ანუ მისი ბუნებიდან გამომდინარე მახასიათებელი, თანდაყოლილი თვისება).
ესაა ადამიანის უნარი თვითონ განსაზღვროს მიზანი და მიზნის შესაბამისად მოქმედების ვარიანტებიც თავად შეარჩიოს, რაც ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა. ინდივიდი კანტისთვის არის არსება, რომელსაც პრინციპში, შეუძლია გახდეს “საკუთარი თავის მბრძანებელი” და შესაბამისად, გარედან მზრუნველობას არ საჭიროებს, რათა ესა თუ ის ფასეულობა და ნორმატიული არჩევანი აღასრულოს.
პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ უმრავლესობა ინდივიდუალურ თავისუფლებას მხოლოდ “კატეგორიული იმპერატივის” აღსრულებისათვის არ იყენებს, რის გამოც უმეტეს შემთხვევაში თავისუფლება თავნებობაში გადაიზრდება. აქედან გამომდინარე, კანტი სამართლის განმარტებასთან მიდის _ პირობათა ნაკრები (ერთობლიობა), რომელიც ზღუდავს ერთის თავნებობას მეორეს მიმართ, თავისუფლების ზოგადი, ობიექტური კანონის მეშვეობით, არის სამართალი.
შესაბამისად, სამართალი ადამიანთა ქცევის გარეგნულ ფორმას არეგულირებს. მას სუბიექტური მოტივები არ აინტერესებს, აზრთა წყობა _ ეს მორალის საქმეა. ე.ი ადამიანს სამართლით შეიძლება მხოლოდ რაიმე აიძულო, მაგრამ არავისა აქვს უფლება დაუდგინოს მას განაწესი, რისთვის უნდა იცხოვროს, რაში უნდა ხედავდეს პირად ბედნიერებას და სიკეთეს და რაში _ უბედურებას. მით უმეტეს არავისა აქვს უფლება მუქარით, ძალით აიძულოს ადამიანი, შეასრულოს ეს განაწესი.
სამართლის ჭეშმარიტი როლი ის არის, რომ მორალი იყოს გარანტია იმ სოციუმში, სადაც ადამიანის თავისუფლების რეალიზაცია მოხდება. ეს სამართლის მორალური დასაბუთების კანტისეული იდეაა. ცხადია, იმისათვის, რომ სამართალი აღსრულდეს, ძალაა საჭირო. სწორედ ეს ძალაა სახელმწიფო _ იძულების საწყისის მატარებელი სისტემა. ე.ი. მორალის ამოქმედებამ მოითხოვა სამართალი, სამართალმა _ სახელმწიფო, ანუ კანტის სწავლებაში, ესაა გზა ეთიკიდან და სამართალიდან _ სახელმწიფომდე.
კანტი სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობას ადამიანის, ჯგუფის, საზოგადოების პრაქტიკულ მოთხოვნილებებთან არ აკავშირებს. სახელმწიფოს არსებობის აუცილებლობა დაკავშირებულია ისეთ კატეგორიებთან, როგორიცაა გააზრება, შემეცნებადი სამყარო. სახელმწიფო არა მოქალაქეთა მატერიალური უზრუნველყოფის, არამედ მორალის გარანტი უნდა იყოს. ე.ი. მთავარია სახელმწიფომ დაამკვიდროს ზნეობა, სამართალი და ხალხი თავის სიმდიდრეს თვითონ შექმნის.
სახელმწიფოს წარმოქმნის კანტისეული გააზრება თითქოს რუსოს ხელშეკრულებით თეორიას ეხმიანება, მაგრამ არის მნიშვნელოვანი დამატება. კანტის აზრით, საზოგადოებრივი ხელშეკრულება უნდა დადონ მორალურად განვითარებულმა ადამიანებმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას არა აქვს უფლება ადამიანებს ისე მოექცეს, თითქოს, მათ მორალური კანონები არ ესმით და შესაბამისად, ქმედების მართებული გზის არჩევა არ შეუძლიათ. კანტი ხელისუფლებას, როგორც ხალხის აღმზრდელს კატეგორიულად უარყოფს. ხელისუფლება არ უნდა გამოვიდეს მამის როლში, არ უნდა მოექცეს ხალხს, როგორც ონავარ, ცუღლუტ შვილებს. “მამობრივი მართვა, რომლის დროსაც ქვეშევრდომები განიხილებიან როგორც არასრულწლოვანნი (აქ ჩანს მისი უარყოფითი დამოკიდებულება სახელმწიფოს შექმნის პატრიარქალურ თეორიასთან), რომელთაც არ შეუძლიათ გაარჩიონ, რა არის მათთვის რეალურად სასარგებლო ან უსარგებლო . . . ასეთი მმართველობა არის უდიდესი დესპოტიზმი”.
ხელშეკრულებით თეორიას კანტი კატეგორიულ იმპერატივთან შესამაბისობაში განიხილავს. ხალხმა სახელმწიფოს შექმნისას უარი თქვა გარეგან თავისუფლებაზე და ამ ხელშეკრულების მიღებისთანავე ისევ მოიპოვა თავისუფლება უკვე როგორც არა ერთმა ინდივიდმა, არამედ როგორც საზოგადოების წევრმა. ანუ ქრება თავნება, უწესრიგო თავისუფლება და იბადება ჭეშმარიტი თავისუფლება (უწესრიგობიდან _ წესრიგისაკენ) სამართლის არეალში. ეს პირდაპირ ნიშნავს კრიტიკის თავისუფლებას.
“სახელმწიფოს მოქალაქეებს თვით მონარქის ნებართვით (თუ ეს მონარქი გონიერია) უნდა ჰქონდეთ უფლება, ღიად გამოთქვან საკუთარი აზრი იმის შესახებ, თუ საზოგადოებასთან მიმართებაში მონარქის რომელი განკარგულება ეჩვენებათ მათ უსამართლოდ”.
კანტი სამართალის სამ კატეგორიას განიხილავს:
1. ბუნებრივი სამართალი, რომლის წყარო აპრიორული პრინციპებია.
2. დადებითი (პოზიტიური) სამართალი, რომლის წყარო კანონმდებლის ნებაა.
3. სიმართლე (მას სიმართლე შეაქვს სამართალში), რომელიც არ განიხილება კანონის ჭრილში, ამიტომ არაა იძულებითი.
ბუნებრივი სამართალი თავის მხრივ, იშლება ორ შტოდ: კერძო და საზოგადოებრივ სამართლად. პირველი არეგულირებს ინდივიდების, როგორც მესაკუთრეების ურთიერთობას. მეორე ადამიანთა შორის ურთიერთდამოკიდებულებას განსაზღვრავს, რომლებიც კავშირით არიან გაერეთიანებულნი (სახელმწიფო), როგორც პოლიტიკური მთლიანობის წევრები.
ერთი მხრივ, კანტი ეთანხმება ლოზუნგს _ თავისუფლება, თანასწორობა, დამოუკიდებლობა, მაგრამ იქვე გვარწმუნებს, რომ ამაში ფართო დემოკრატიას არ გულისხმობს. იგი მოითხოვს ყველა მოქალაქის დაყოფას აქტიურებად და პასიურებად (რომელთაც არა აქვთ ამომრჩევლის უფლება), ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საარსებო საშუალებას სხვათა განკარგულების შესრულებით შოულობენ (დაქვეითებული, ვიღაცაზე დამოკიდებული საზოგადოება). კანტის აზრით, რესპუბლიკის სინონიმი არაა დემოკრატია.
კანტზე, ისევე როგოც სოკრატეზე, შეიძლება ვთქვათ, რომ ის არა მარტო ფილოსოფოსი იყო, ამ სიტყვის ჩვეული გაგებით, არამედ ის იყო ბრძენი, რომელიც ამ სამყაროში და ამ სამყაროსათვის ცხოვრობდა. მან თვითონ შეაფასა თავისი ქმედება იმით, რომ განაცხადა: _ ორი რამ აღმაფრთოვანებდა ამ სამყაროში _ ვარსკვლავიანი ცა და ზნეობრივი ვალის შეცნობა. მისი პრინციპია ზნეობრივი ცხოვრება და მხოლოდ ეს მიაჩნია ღვთის ჭეშმარიტ მსახურებად.
“ზნეობრივი ცხოვრების გარდა, რაც არ უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა ღვთის გულისათვის, არის უბრალოდ ცრურწმენა და ცრუსამსახური”.
თუ რომელიმე ფილოსოფოსზე შეიძლება ითქვას, რომ მისთვის რელიგა იყო მორალი და მორალი _ რელიგია, მაშინ ეს ფილოსოფოსი კანტია. მას შეეძლო სრული რწმენით განეცხადებინა, რომ მისი სწავლება წმინდა გონების რელიგიაა.
ooooh kanti kanti hegeli da kanti midiodnen xidze daejaxa kanti chamoagdo dzirso :D
ReplyDeleteooooh kanti kanti hegeli da kanti midiodnen xidze daejaxa kanti chamoagdo dzirso :D
ReplyDeleteori ram agavsebs suls sul ufro mzardi gancvifrebita da mowiwebit, rac ufro xshidar da didxans vfiqrob matze,_varskvlavebit mochedili ca chems zemot da moraluri kanoni chemshi.
ReplyDeletechemi dzma da megobari kanti
sxvata shoris kanti geografiis leqciebis kurss kitxulobda, sadac saqatvelos "turfata sabagnarod" ixseniebda da misi xalxis silamazeze saubrobda.. es ra Tqma unda gadmocemit icoda, tviton tavisi qveynis garet fexi arsad gaudgia))
ალექსანდრე ქუთელია
ReplyDeleteკანტს კითხულობს უთენია
დაბადებულს კატის კნუტად
კანტი ესმის კანტი-კუნტად<3