Friday, May 21, 2010


არტიურ   რემბო

როგორც პოეტი, ის თითქმის უკვე 130 წელია რაც გარდაიცვალა. ლექსებს მხოლოდ 4 წლის განმავლობაში წერდა. ცხოვრების ¼ აფრიკაში გაატარა. გარდაცვალების შემდეგ იქცა კერპად. სიცოცხლეში დემონის, სკანდალისტის, ოჯახების დამანგრეველისა და ყოველგვარი ნორმების უარმყოფელისმეწამული გვირგვინით იყო შემკული“. მის სახელს დღეს ყველაზე ძლიერ ალკოჰოლურ კოქტეილებსა და მეტად ესთეტურ კომპიუტერულ ვირუსებს არქმევენ, თავად მას კი დღესპირველ ფსიქოდელიკურ რევოლუციონერადდამიძინებული ევროპის უკანასკნელ სულის მესაიდუმლედმოიხსენიებენ.

მისი ლექსებით მოხიბლულ პარიზელ პოეტ პოლ ვერლენთან 16 წლის არტურ რემბო მშობლიური შარლევილის იმ სადგურიდან გაემგზავრა, სადაც მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ადგილობრივმა ბურჟუებმა მას ძეგლი დაუდგეს. ძეგლის დადგმის წინააღმდეგნი იყვნენ რემბოს შემოქმედების ყველაზე დიდი თაყვანისმცემლები ბრეტონი, არაგონი და სუპო - დიდი შემოქმედი სხვაგვარ პატივისცემას მოითხოვსო. ისინი აღმერთებდნენუდიდეს სიმბოლისტს“, რემბოს და მათ ჰქონდათ ამის ყველა მიზეზი: სწორედ მან იხმარა პირველად პრაქტიკაშიავტომატური წერისსტილი თეოსოფებამდე და სიურეალისტებამდე - ამ მეთოდისაღმომჩენებამდეგაცილებით ადრე. სიურეალისტებთან მსგავსება ძალზე რეალურია და სულაც არაა მოგონილი. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სწორედ ბრეტონმა აღმოაჩინა პირველად სიურეალისტების მიერსულიერი ნადირობის“-ადმი მიბაძვა, რომელიც როგორც თავად ამბობდაწლების მანძჳლზე სადღაც უკვალოდ იყო გამქრალი“.

ნიკ კეივი რემბოს ნათელხილვისა და ვნების შეუდარებელ მაგალითს ეძახის. ბობ დილანი აღიარებს, რომ მისი უკვდავიტარანტულიარ შეიქმნებოდა, რომ არა რემბოს გავლენა. ჯიმი მორისონი რემბოსთავის არცთუ ისე მრავალრიცხოვან ისტორიულ ძმადმოიხსენიებს. ავანგარდიზმის მთავარი იდეოლოგი დაადვოკატი“(სწორედ ამ სახელით მოიხსენიებენ ადორნოს თანამედროვეები), ფილოსოფოსი ადორნო კი რემბოს ახალი ხელოვნების ისტორიის საწყის კილომეტრად მიიჩნევს და ამბობს, რომ სწორედ რემბომ აქციაჩვენი ცხოვრებაუფრო საინტერესოდ. მალარმემ რემბოსდევნილი ანგელოზიუწოდა(მალარმე აქ ამით არა მხოლოდ რემბოს ზებუნებრივ ნიჭზე მიგვითითებს, არამედ მის საკმაოდ მიწიერ გაქცევაზეც ევროპიდან). ენრი მილერი კი იხსენებდა თუ როგორ ვრცელდებოდათვითმკვლელობების ეპიდემია“ „ილუმინაციებისადაერთი სეზონი ჯოჯოხეთში“- ფრაზებით მოსაუბრე გოგონებს შორის. „გოგონები თავს ამ ხარერელ დევნილს უძღვნიდნენ“.

 

რთულად აღსაზრდელი ბავშვი 

ყველაფერი, რაც მან დაწერა რამდენიმე სასკოლო რვეულში თავისუფლად დაეტევა. ყველაფერი ის კი რაც მის შესახებ დაიწერა ალბათ ძალიან დიდ სახლშიც ვერ დაეტევა. მშობლიური შარლევილის კოლეჯში მასფრიადოსანისადაძნელადაღსაზრდელისსაშიშ ნაზავად იხსენებდნენ. ძალიან მარტივად გადავიდა კლასიდან კლასში, თუმცა კარგი სწავლის პარალელურად რამდენჯერმე გაიქცა სახლიდან და ავტოსტოპით ჩავიდა პარიზამდე, სადაც ნახშირის ბრჟებზე მუშებთან ერთად ცხოვრობდა. მოიგო ლიტერატურული კონკურსი და მისი ლექსები შარლევილის გაზეთში გამოქვეყნდა, თუმცა ლამის ციხეში ამოჰყო თავი შპიონაჟის ბრალდებით: მიმდინარეობდა საფრანგეთ-პრუსიის ომი, პოლიციამ კი მის ბლოკნოტში აღმოჩენილიაბდაუბდალექსები კოდირებულ წერილებად მიიღო.

ბოლო წუთამდე ვერლენს ჰქონდა იმედი, რომ შარლევილიდან მასთან არავინ ჩავიდოდა - საქმე იმაში გახლდათ, რომ ვერლენს ვერ წარმოედგინა როგორ შეეძლო 16 წლის ყმაწვილს მსგავსი ლექსების შეთხზვა. ამიტომაც ის დარწმუნებული იყო, რომ მას მისი პარნასელი მეგობრები ეხუმრებოდნენ მოიგონეს რა ეს პროვინციელი ბიჭუნა და მისი სახელით თავიანთ საუკეთესო ლექსებს უგზავნიდნენ ვერლენს. გაბაიუბერების შანსი მართლაც საკმაოდ დიდი იყო - საკუთარი შემოქმედების სხვისად გასაღება იმ დროისათვის პარნასელთა რიგებში საკმაოდ მოდური ხერხი იყო.

თუმცა... თუმცა ვერლენი ცდებოდა... რემბო ჩავიდა ვერლენთან და... პარიზის ლიტერატურულ კაბარეებს გადაურეს ჭორებმა, რომ ვერლენი როგორც მეარღნე მაიმუნს, ყველგან თან დაატარებს ნახევრად შეშლილ ბიჭუნას. რემბო ვერლენის ოჯახში ცხოვრობდა, ხშირად აშინებდა რა მის ცოლსა და მოსამსახურე ქალს თავისი სადისტური ნახატებითა და სიზმრებით, რომლებშიც რემბო თავს მგლად წარმოისახავდა ხოლმე. ნელ ნელა ვერლენის მეუღლის მოთმინების ფიალაც აივსო და რემბოც სხვა ლიტერატორებთან, ბონვილთან და შარლ კროსთან გადასახლდა.

 

გასხივოსნება 

1871 წლამდე, ანუ 17 წლამდე რემბოს ცნობიერება სასკოლო ანტიკურობას, წიგნიერ ოკულტიზმსა და პირად ჰალუცინოზს შორის ბალანსირდება. მას საკმაოდ გამჭოლი მოტივები აქვს: ყვავების არმია, ობოლი ბავშვები, გვამების, ფესვებისა და მწერების ინფერნალური სახელმწიფო ჩვენს ფეხთ ქვეშ: რაც უფრო ღრმად იზრდებიან მიწაში ტაძრები, მით უფრო იწევს წყლის დონე ტბებში. საკუთარი თავი მას რეალობის გრავიტაციულ ციხეში გამომწყვდეული ობოლი ბავშვი ჰგონია, უსახელო და გარდაუვალი მამის ძე!

რემბო მოჯადოებულია შუასაუკუნოვანი სიუჟეტით პრინცის გამოღვიძების შესახებ: პრინცი მიემგზავრება ღმრთის ცრემლებად წოდებული მარგალიტის საპოვნელად. გზად ის მოხვდება ციხესიმაგრეში, სადაც მუდამ ლხინი და ქეიფია. ჯადოსნური ღვინის შემდეგ მას ავიწყდება ღმერთის მარგალიტი. ასეთ მდგომარეობაშია პრინცი მანამ, სანამ მასთანგამოღვიძების აგენტი“, „ფოსტალიონი არსაიდანარ მიდის და ემსახურება რა პრინცს მაგიდასთან სიტყვებითა და ჟესტებით ცდილობს მიახვედროს, რომ ის მოჯადოებულ ციხესიმაგრეშია და აქედან უნდა გაიქცეს. გამოღვიძებული პრინცი დემონად გადაიქცევა, დემონი - პრინცად, უკვე შემდეგ კი ერთ უკვდავ სახედ ქცეული მიემგზავრება ,არგალიტების საპოვნელად. მათ (ანუ პრინცსა და დემონს) ეწერათ გამხდარიყვნენ ღმერთისთის დაბრუნებულ ოქროს ნაპერწკლად - სწორედ ასე წარმოიდგენდა დასაწყისში არტურ რემბო მის კავშირს ვერლენთან.

პარიზიდან ისინი ერთად გაიქცნენ ბელგიაში, სადაც შეუერთდნენ ბელგიელ ანარქისტებს, რომლებიც გამოსცემდნენ გაზეთსბომბა“, შემდეგ ლონდონში, სადაც მათ უბრალო ნაცნობიც კი არ ჰყავდათ. ისტორია ვერლენთან საკმაოდ ტრაგიკულად რევოლვერითა და ციხით დასრულდა(ტრაგიკულად ვერლენისათვის): რემბოს მორიგი გამოხტომებით გაგიჟებულმა ვერლენმა ის რევოლვერით ხელში დაჭრა, რის შემდეგ ატირებული პატიებას სთხოვდა რემბოს და თავის მოკვლა გადაწყვიტა. რემბო ძალზე ცივსისხლიანად მოექცა ვერლენს და ის პოლიციასთან დააბეზღა. ვერლენი ამ საქციელისათის 2 წლით მკაცრი რეჟიმის ციხეში ჩასვეს. 

რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ფსიქიატრმა კარლ გუსტავ იუნგმა გამოთქვა აზრი, რომ ადამიანი 24 საათის განმავლობაში ხედავს სიზმრებს, თუმცა ღვიძილისას ის მათ ვერ ამჩნევს. რემბო კი გაცილებით ადრე ამბობდა, რომ პასიურღვიძილსმას აქტიური ძილი ერჩივნა! 1871 წელს მომხდარი გასხივოსნების (თავად რემბო ასე მოიხსენიებს ამ წელს თავის შემოქმედებაში) შემდეგ კი ის .. რეალობას მხოლოდ საკუთარი სიზმრების კანონებით ხსნიდა: „მე მთარეული ვარ დღის შუქზე“ - ამბობდა რემბო.

სწორედ გახივოსნების წყალობით ყვავები გადაიქცნენ შავ დროშებად, ობლებიალქიმიურ ორანჟერეებში დამწიფებულ კრისტალებთან ერთად მეტალის ჯუნგლებში მოცეკვავე ანგელოზებად“, მიწისქვეშა ინფერნო კი ჯოჯოხეთში პერსონალურ ექსკურსიად გადაიქცა: „ თუ მე ვფიქრობ, რომ ჯოჯოხეთში ვარ, ესე იგი ჯოჯოხეთში ვარ“. ქარხნების ჩრდილში ის მეჩეთებს ხედავდა, ტბის სიღრმეებშჳ ლიტერატურულ სალონებს, თანამოსაუბრეთა გამჭვირვალე თავის ქალებში კიწრესაფიროვან და წრემეტალიკურაზრებს - „ფსიქოდელიკური ბიჭუნა“, ალბათ სწორედ ასე მოიხსენიებდნენ მას ასი წლის შემდეგ...

გასხივოსნებამ მას ეკლესიისადმი ბოლო სიმპატიებიც გაუქრო. სიმპათიის ნაცვლად გაჩნდა ზიზღინებისა და ენერგიის მტრების, ჯვრის ქვეშ გაერთიანებულთა ძაღლური შემრიგებლობისადმი“.საკუთარი წარმართული სისხლის კივილით მთვრალი რემბო ნათესავების გულის გასატეხად და პირველი პრიზელი თაყვანისმცემლების გასახარებლადმის უდიდებულესობა სატანასესაუბრება: “Того, кто проклят был, во мгле кровавой чтите!” სიმბოლისტების სატანიზმში დადანაშაულების საფუძველიც სწორედ ეს იყო. ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლისას მასწავლებლებმა რამდენჯერმე წაასწრეს რემბოს, როდესაც ის ცარცით წერდა მერხზესიკვდილი ღმერთს“. მიუხედავად ამისა რემბოს და იზაბელი სასწაული სიამაყით ყვებოდა რემბოსუკანასკნელ ღმერთთან მიახლოვებულ დღეებზე“, თუმცა ეს უკვე სხვა რემბო იყო, რემბო, რომელმაც თითქოს სადღაც გაუშვა პოეტის სული.

 

რეალობა მოწმეების გარეშე 

თავის შემოქმედებაში რემბო ეძებს ძალას ცივილური სამყაროსაგან შორს, პოლარული მზის ლურჯ სხივებში, ადამიანებამდე გადაშენებულ არქტიკულ ყვავილებში...

მას იზიდავს ის, რასაც არა ჰყავს მოწმეები, ის, რისი დანახვაც ადამიანს არ შეუძია, იმიტომ, რომ ადამიანი ჯერ კიდევ არ არსებობს. რემბოს ყველაზე ცნობილი სახემთვრალი ხომალდია“, რომელმაც უარი თქვა ნავიგაციასა და მართვაზე. ხომალდის ეკიპაჟიგანმანათლებლობა არ მიღწეული მიწებისაბორიგენებმა გაანადგურეს. თუმცა ხომალდმა არც ისინი შეიწყალა და მიიღო. ხომალდი არც დამხრჩვალთა გვამებს უშვებს ტრიუმში. წარსულის შუქურებს დასცინის და ერწყმის ოკეანის პოემას...

როცა მე მდორე მდინარეთა მივყევ დინებას,

ვიგრძენ, მეგზური აღარ მყავდა და ვერც მოვძებნე,

სამიზნოდ სამოსგანძარცული მებაგირენი

გაეკრათ ველურ ინდიელებს ფერად ბოძებზე.

 

მხოლოდ მე ვიყავ უდარდელი ინგლისურ ბამბის

და ფლამანდური ჭირნახულის იმ მზიდავებში

და როცა მიწყდა ჟრიამული, გავყევი ნაპირს

და მდინარებას მინდობილი ქვევით დავეშვი.

 

იმ ზამთარს ვიყავ ყრუ ყრმის ტვინზე, ვერ ამშვიდებდა

ზღვას ვერაფერი და მოქცევის იდგა ხმაური;

ასე მივქროდი! იმ კუნძულებს და იმ კიდეებს

არ მოსწრებიათ ჯერ იმგვარი დღესასწაული.

 

გამოვეთხოვე სიზმრებიან და მშვიდ ღამეებს,

მათამაშებდა საცობივით ზვირთის ალერსი,

ამ ბრუნვას ერქვა უსასრულოდ მსხვერპლის წამება,

ათ ღამეს კრთოდა გულგრილობა ჭრაქის თვალებში.

უტკბესი, როგორც ბავშვებისთვის ვაშლი მაჟალო,

გვამში ჩამიდგა მწვანე ზვირთი თითქოს სისხლივით,

ღვინის ნარწყევი გადარეცხა და ფრთა გაშალა,

ღუზა მოგლიჯა, საჭეს ეცა და დამიმსხვრია.

 

მეც ჩამითრია ზღვის სიმღერამ, იქ ცის კამარა

და ვარსკვლავებით მოჭედილი მარადისობა

იმზირებოდა და ქცეული უძღებ სამარედ

ხანდახან ცხედარს, ჩაფიქრებულს, ზევით ესროდა.

 

უცებ დაირღვა ლილისფერი ზღვის მაქმანები,

დღის ნელი რიტმი და კაშკაში, და ვით უღვინოდ

დათრობა ანდა უსაზღვრობა ჩვენი ქნარების,

გამწარებული სიყვარულის ვიგრძენ დუღილი!

 

მე ვნახე ზეცის ჩამოქცევა, რომ იხედება

ელვა, და ზვირთი რომ ღრიალებს, ვნახე საღამო -

აღტაცებული ფრთის მოქნევა ლურჯი მტრედების, -

რაც ადამიანს ესიზმრება დაუსაბამოდ!

 

მე დავინახე, მზე იდუმალ ბურუსს არღვევდა,

იისფერ ზოლად დაფენილი ენთო დასავლით,

ანტიურ დრამის მსახიობთა მსგავსი ტალღები

იგრაგნებოდნენ ზღვის კიდესთან შავ ფარდასავით!

 

მეზმანა, თოვლი მაბრმავებდა, ზღვა თვალს ახელდა

და მიკოცნიდა ზურმუხტისფერ მწუხრში ბაგეებს,

ზღვის გაღვიძება დავინახე ჯერარნახული,

ლურჯის და ყვითლის ფოსფორული აციაგება!

 

მე გავყევ მთვარეს, ასკდებოდა თითქოს ღობეებს

საქონლის ჯოგი, ზღვა ბღავილით ისე მიტევდა,

ვინ იფიქრებდა, რომ შეძლებდა დღეს ღვთისმშობელი

აღმუვლებული ოკეანის კვლავ დამშვიდებას!

 

გაუგონარი ფლორიდები ვერ იოკებდნენ

ავაზას მზერას, მე ყვავილებს რომ შევადარე!

ზღვის ჰორიზონტზე, ჭაობისფერ ზვირთის ჯოგებზე

გადაიჭიმა ცისარტყელა, როგორც სადავე!

 

მხოლოდ დუღილი, უსაზღვრობა, მხოლოდ ჭაობთა

და ლელიანში აყროლება დამპალ ვეშაპთა.

ბნელ ჯურღმულებში წყლის ჩაქცევის სანახაობა

და ნიაღვრებში უცებ თვალწინ გადამეშალა!

 

ბრწყინვა მყინვართა, ზღვის სადაფთა, მარწყვისფერ ცათა!

იქ მეჩეჩებზე გახირული, ბალღამით სავსე

და ბაღლინჯოთა გამოჭმული წყეული ყარდა,

უზარმაზარი, წაქცეული ხეების მსგავსი!

 

მე რომ შემეძლოს ვაჩვენებდი ახლავე ბავშვებს

ზღვის იმ ბაჯაღლოს, იმ მომღერალ ოქროსფერ თევზებს,

ყვავილთა ქაფმა იავნანა უმღერა ზღვაში

ჩემს გატაცებას არნახული ქარების ფრთებზე.

 

ზღვამ მოქანცულმა განედებზე ბრძოლით, ბღავილით,

ტკბილი ქვითინი გამაგონა, რწევით დამღალა,

მესროდა ჩრდილის ამობურცულ ყვითელ ყვავილებს

და მე ქალივით დაჩოქილი ვიდეგ ამგვარად...

 

 

აბობოქრება, როგორც კუნძულს, მეხეთქებოდა,

რეცხავდა ზვირთი აჟივლებულ ჩიტების სკორეს.

ზღვის ბინადარნი ეშვებოდნენ ფსკერზე ქვებივით.

ჩემს ნაკვალევზე აქაფებდნენ ამღვრეულ მორევს!

 

ვიყავ მძვინვარე ქარიშხლების ფრთებით ნაცემი

და ყურეებში გახლართული, ჩემს ჩონჩხს ღრიალით

მთვრალ ოკეანეს ვერასოდეს გამოსტაცებდნენ

ვერც ალბათ ჰანზის ხომალდები იალქნიანი.

 

თავისუფალი, ცას იისფერ ნისლში ვხედავდი

და კედელივით მივარღვევდი და მივდიოდი,

ცა მეწამული მირონცხებულ მოლექსეთათვის

ლაჟვარდის დუჟით და მზის ხავსით იყო დიადი.

 

ცა დადგომოდა, მორკალული, შარავანდედად

და გახელებულ ცხენთევზების მახლდა ამალა,

ასე მივქროდი და ივლისი კომბლით ანგრევდა

ცხელ და ძაბრივით გადმომხობილ ზეცის კამარას.

 

მე ვკანკალებდი, ორმოცდაათ მილზე ბღაოდნენ

ბეჰემოტები, ცივ ზვირთებში რომ ინებივრეს.

ქსოვდა მალსტრემი მარადიულ ლურჯ უძრაობას

და ჩემი ფიქრი კვლავ ევროპის მისწვდა ჯებირებს!

 

მე დავინახე ვარსკვლავების არქიპელაგი,

ცის დარბაზები, ფრინველები სადაც სახლობდნენ!

მომავლის ძალას - ოქროს ჩიტებს ღამე ვერაგი

ალბათ იქ მალავს, იქ იძინებს, მის სიახლოვეს!

 

დიდხანს ვტიროდი! შევყურებდი დილას მრისხანეს

და გულშემზარავს, მზეს მცხუნვარეს, მთვარეს საშინელს,

ვარ სიყვარულით უსასოო, დე, დამიმსხვრიოს

ზღვამ ხერხემალი და ახლავე დამნთქას ზღვაშივე!

 

მე მსურს ევროპის მხოლოდ გუბე; იქ, იმ გუბეში,

როცა მზე წითლად ჩამავალი ღებავს დასავლეთს,

გემს უშვებს ბიჭი, ნაღვლიანი და უნუგეშო,

აფარფატებულს გაზაფხულის პეპელასავით.

 

მე, თქვენთან ნარწევს და განბანილს, ახლა, ზვირთებო,

როდესაც მზერა პონტონების ასე ახლოა,

არ შემიძლია გამოვუდგე ბამბის მტვირთავებს

და არც დროშების ავიტანო ის ქედმაღლობა.

...ჩვენ ცარიელ ოთახში რაიმე ნივთის წარმოსახვაც კი გვიჭირს მასზე ჩვენი აზრის გარეშე, შეიძება წარმოდგენაც კი არ გვქონდეს საკუთარ ოთახზე, სანამ მას ვინმე სხვა არ შეაფასებს ან გარედან ან კიდევ თავად ოთახიდან. ეს შეგრძნების ზღვარია. რემბო კი ამ ზღვრებში ეძებდა კარს გასაქცევად...

 

რევოლუცია 

სოციალიზმის პერიოდში რემბოს ჩვენთან შერჩევით, თუმცა მაინც აღიარებდნენ. განსაკუთრებულად ხაზს უსვამდნენ რემბოს ბიოგრაფიიდან იმ მომენტს, როდესაც პოეტმა თითქმის ერთი თვე წითელი დროშის ქვეშ, კომუნარებთან ერთად გაატარა ბაბილონის ყაზარმაში და სახლში ჯარისკაცისშინელითადა დაგლეჯილი სამხრეებით დაბრუნდა. სოციალისტურ ესტაბლიშმენტს ძალიან მოსწონდა, როდესაც პოეტი წერდა პროლეტარული საფრანგეთის დასვრილ და ბინძურ ხელებზე, რომლითაც ის ბურჟუების თეთრ და მოვლილ ხელებს უგრეხდა. ან კიდევ „Париж заселяется вновь“ - ჟღერადობით სპექტაკლის აფიშან ან კიდევ სასტუმროს რეკლამასა ჰგავს და ზედმიწევნით კარგად ასახავს რევოლუციაგადატანილი დედაქალაქის მდგომარეობას. დახვრეტილი კომუნარების კუბოთა ქარავანი ტოვებს ქალაქს, სცენა და დარბაზი კი კვლავ თავისუფალია: სასახლეები ტყეში, გოგონები ბულვარებში, დედაქალაქი - მეძავი ყველას უმასპინძლდება, უბედური გამარჯვებულებისა და ბედნიერი დამარცხებულების ქალაქი, გამარჯვებულები იცინიან მაგიდებთან, მსხვერპლნი კი მიწაში და ეს ყველაფერი მანამ, სანამ კიდევ ერთხელ არ შეეტაკებიან დაწყევლილი კლასები და ფენები ერთმანეთს. რემბოს უნდოდა მომკვდარიყო მათთან ბრძოლაში.

მოკლედ ეს ყველაფერი სოციალიზმს ძალიან მოსწონდა და მის პოპულარიზაციასაც უწყობდა ხელს, თუმცა აი მჭედელზე უროთი მხარზე, რომელიც ოცნებობს არისტოკრატთა სისხლით გადარეცხოს საუკუნოვანი ჭუჭყი მოედნებიდან უკვე ჩურჩულით იწყებდნენ საუბარს - მეტად ექსტრემალურია. მითუმეტეს მჭედელი, რომელიც ფრანგულ ეპოსში უფრო ჯადოქარი და უწმინდურია, ვიდრე უბრალოდ მშრომელი ადამიანი, სამჭედლო კი ერეტიკოსების თავშეყრის ადგილია. სოციალური ზიზღის სიღრმეში რემბო გრძნობს ალქიმიურ შიმშილს, რომელსაც ვერ იკლავს ვერც მეტალებით, ვერც ძვირფასი ქვებითა და კრისტალებით, ვერც ატმოსფეროთი და ვერც ცისარტყელის სპექტრით. რევოლუცია მას აინტერესებდა მხოლოდ უტოპიის საიდუმლო ადგილებში მოგზაურობის დონეზე და არა ძლიერი ჯაჭვისა და მსუყე ჯამის გამო.

 

 

გაქცევა 

ერთი სეზონი ჯოჯოხეთშიპოლ ვერლენის საყვედურს რემბო ერთერთიმსხვერპლი ქალბატონისსაშუალებით გადმოგვცემს: მან მე ვერ გადამარჩინა და ამით დამღუპა“ - ამბობს ის მისინფერნალურ საქმროზე“, რომელმაც მისი სული შთანთქა.

ვერლენმა მოიხადა სასჯელი, დაბრუნდა ოჯახში და წარსულისადმი ალერგიის გრძნობით გააგრძელა ცხოვრება. რემბო კი არ ჩერდებოდა, მას მუხრუჭები არ ჰქონდა და უფრო და უფრო შორს მიდიოდა - შორს პარიზიდან და ცხოვრებისა და ლიტერატურის ნორმებისაგან. მისი სახელი კიდევ ერთი რგოლიადაწყევლილ პოეტთაჯაჭვში, დასავლეთის განსაწმენდელიდან აღმოსავლურ ედემში გაქცეულთა საძმოს წევრი. რემბოს შემთხვევაში ეს უბრალო მეტაფორა არ გახლავთ. მან არამარტო ცხოვრების სტილი, არამედ საცხოვრებელი კონტინენტიც შეიცვალა და მოხალისე  მოკვეთილის სიმბოლოდ იქცა.

არტური თავს ანებებს წერას და პოეზიას და მიემგზავრება ახალი და უხილავი თავგადასავლების საძიებლად. თავდაპორველად მოგზაურობს სკანდინავიაში მოხეტიალე ცირკთან ერთად. გეგმავს სვირინგების გაკეთებას მთელს სხეულზე და ამით ფულის შოვნას. მას შემდეგ რაც ის 20 წლის გახდა ის არცერთხელ აღარ დაბრუნებულა ლექსებთან და არც იმ ადგილებთან სადაც შეიძლებოდა იცნოთ როგორც პოეტი. შემდეგ ქვეით ჯარისკაცად გაემგზავრა ინდონეზიაში, საიდანაც ერთი თვის შემდეგ გაიქცა და კვიპროსის ერთერთ ქვის სამტეხლოში ზედამხედველად იწყებს მუშაობას. სწორედ აქ ჰპოვა გასაქანი მისმა სადისტურმა კომპლექსმა: ტყავის ქამარი, გრძელი ხანჯალი და 60-მდე მონა დაქვემდებარებაში... საქმე იმით დასრულდა, რომ ერთ ერთი მონა შემოაკვდა - რემბომ მას თავი ქვით გაუტეხა, რის შემდეგაც იძულებულია დატოვოს კვიპროსი და გაიქცეს აფრიკაში.

აბისინიაში, სადაც ის კოლონიალურ ვაჭრად და გეოგრაფიული საზოგადოების კორესპონდენტად გვევლინება, მას ახალი გატაცება აქვს - ფოტოგრაფია. სწორედ ამ გატაცებას და მისი კომპანიონების მოგონებებს უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ რემბოს ცხოვრების ბოლო, აფრიკული ათწლიანი ცხოვრების შესახებ რაღაც ინფორმაცია გვაქვს.

რემბო მთლად გაჭაღარავდა, თმებს ძალიან დაბალზე ატარებს, ხშირად კი საერთოდ თავგადაპარსულია. ატარებს ულვაშებს, იცმევს მუსულმანი მამაკაცების მსგავსად. მის წერილებში ოჯახისადმი უფრო და უფრო ხშირად ჩნდება მაჰმადიანური ანდაზები და აფორიზმები და ციტატები ყურანიდან. მის პირად საქმიან ბეჭედზე ეწერა: „ალლაჰის მსახური და ნელსაცხებლების მომწოდებელი“. ცოლად შეირთო ადგილობრივი ტომის არგობას შავკანიანი მუსულმანი ქალი, რომელმაც ერთი სიტყვაც კი არ იცოდა ფრანგულად. მეგობრობს აფრიკელ შამანებთან, ნადირობს სპილოებზე და ევროპაში პილოს ძვალსა და მაიმუნის ტყავს აგზავნის. ეთიოპიის მეფისთვის იარაღის მთავარი მიმწოდებელია. ყველაფერი ეს ეხლა მას ისე იტაცებს, როგორც ადრე ლექსები და ხილვები. თქვენ წარმოიდგინეთ, იმდენად შეითვისა ადგილობრივი წეს-ჩვეულებები, რომ დამჯდარი შარდავდა, აბორიგენი მამაკაცების მსგავსად. ჯერ კიდევ პოეტობისას საკუთარ თავს უწინასწარმეტყველებდა: ჯადოქარი! ვაჭარი! კოლონისტი!“ - თითქმის ასეც გამოვიდა. „ზანგი, უმდაბლესი რასსა“- მოირგო რა შავკანიანი ველურისა და კანიბალის როლი, რომელიც თეთრკანიან მისიონერებს სახეში აფურთხებდა - სწორედ ასე უწოდებდა საკუთარ თავს რემბო. რა თქმა უნდა თავისერთი სეზონი ჯოჯოხეთშიის ბიბლიური ქამის შთამომავალთა სამეფოდან არა ინფექციური ტანჯვით შეპყრობილი დაბრუნებას ცდილობდა, პირიქით: რკინის ტანით, საშიში თვალებითა და მზისგან დამწვარს სურდა დაბრუნებისას დაელია თხევადი მეტალივით ძლიერი სასმელები, სურდა დაბრუნებულიყო იმისათვის, რომ ჩართული პოლიტიკურ შეთქმულებაში. ყველაფერი ამის მიუხედავდ ის საფრანგეთში გასივებული ფეხით საკაცეთი ჩაიყვანეს. ფეხი მოჰკვეთეს...მიზეზი ქოლგისებური მიმოზის ეკალი იყო, რომელიც რემბოს მუხლში შეესო და რომელმაც ეს ავადმყოფობა გამოიწვია. ამპუტაციამ მხოლოდ მცირე ხნით შეაჩერა სიკვდილის მოახლოვება. 1891 წლის 10 ნოემბერს 37 წლის არტურ რემბო მარსელისუმანკო ჩასახვისსახელობის კლინიკაში გარდაიცვალა. ტკივილების შესამსუბუქებლად ბოლო დღეებში მას მორფს უკეთებენ. „ალლაჰ ქერიმ!(დე აღსრულდეს ალლაჰის ნება!)“ - ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ რემბო აზრზე აღარც მოსულა. ჰალუცინაციებში ის თავის აფრიკელ მეგობრებს ხმამაღლა ესაუბრებოდა, დარწმუნებული იმაში, რომ ისინი მის გვერდით იყვნენ.

ნებისმიერი გარე მოგზაურობა ყოველთვის პარალელური მოგზაურობააშიგნით“, საკუთარი ქვეცნობიერის კოლონიზაციაა - გარეთ ხედავ იმას, რასაც უკვე მიუახლოვდი შიგნით. ყოველი დიდი მოგზაურობის ბოლოს იღებ არა იმას, რასაც გგონია რომ ეძებ, არამედ იმას, რასაც სინამდვილეში ეძებდი.

 

წყურვილი 

იაფფასიანი პორნოგრაფიული წიგნები, მაგებისა და ფოკუსნნიკების სახელმძღვანელოები, მთვრალი იდიოტების მიერ შექმნილი და უცებ დავიწყებული სტროფები - ეს იყო როგორც რემბო ამბობდა, მისი ატონალური ტალანტის ცეცხლის საწვავი. შინაგანი გასხივოსნების საბაბი. მხოლოდ 4 წელი დაუთმო მან მართალი და გადამრჩენელი სახელების გნოსტიკურ ძიებას, ასოთა ფერებსა და მწერი ციფრების საიდუმლო ცხოვრებაში გარკვევას. „მე მოვედი საიქიოდან დავალებების გარეშე, თუმცა მწყურვალე“ - ამბობდა ის. 4 წელი ამ წყურვილის მოსაკლავად და ამის შემდეგ კიდევ 17 წელი ასკეტური დიეტა და არცერთი სტროფი, არცერთი პწკარი პოეზიისა, თითქოს მან მოიკვეთა თავისგან პოეზია, მოიკვეთა და განუდგა მას.

ამბობენ, პოეზია ავტორის ტვინის ნეირონების რეორგანიზაციის წარმატებული პროცესია, კითხვის დროს კი ის მკითხველის ტვინის ნეირონების გარკვეულ რეორგანიზაციასაც ახდენსო. პოეტები, რაღაცით შუშის ჩაქუჩებს ჰგვანან, რომლებიცოქროს ლურსმანზედარტყმის შედეგად ნაწილებად იფშვნებიან და უკვე ახალი ჩაქუჩია საჭირო. ამ ლურსმნის ირგვლივ, რომელიც ნორმალურობის მერიდიანებს ამაგრებს, აბსენტის მწვანე შუქით გასხივოსნებული დამსხვრეული შუშის უკიდეგანო ოკეანე იშლება, ოკეანე, რომელიც მზადაა მიიღოს ნავიგაცია და მიმართულება დაკარგული მთვრალი ხომალდები, მთვრალ სხეულებთან ერთად...

4 comments:

  1. ეს პოსტი აღებულია ჩემი ბლოგიდან: http://lilubeso.blogspot.com/search/label/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%9D%20Forever
    გთხოვთ, მიუთითოთ აღნიშნული ბმული და ავტორის ვინაობა.
    პატივისცემით,
    ჰერმან ჰესსე

    ReplyDelete
  2. პოსტი მოპარულია ჩემი ბლოგიდან: http://lilubeso.blogspot.com/search/label/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%9D%20Forever

    ReplyDelete
  3. პოსტი მოპარულია ჩემი ბლოგიდან: http://lilubeso.blogspot.com/search/label/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%9D%20Forever
    მიუთითეთ ავტორი და დადეთ ლინკი!!!!

    ReplyDelete
  4. პოსტი მოპარულია ჩემი ბლოგიდან: http://lilubeso.blogspot.com/search/label/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%9D%20Forever
    მიუთითეთ ავტორი და დადეთ ლინკი!!!!

    ReplyDelete