Saturday, February 4, 2012


შარლ ბოდლერი _ კურთხევა

როცა პოეტმა უზენაეს ძალების ნებით
ამ ჩვენს მოწყენილ ქვეყანაზე დაიდო ბინა,
მისმა დამფრთხალმა დედამ, გულში წყევლა-გინებით,
მუშტებშეკრულმა ღმერთს შესძახა და მან ისმინა:

“ო, რატომ არ ვშვი მე შხამიან ასპიტთა ბუდე,
ნაცვლად იმის, რომ ამ სიჩლუნგის ვიყო გამზრდელი!
წყეულიმც იყოს ღამე, როცა წუთს ჩავეხუტე
და ჩემს მუცელში ჩაისახა ჩემივ სასჯელი!

გამომარჩიე შენ რადგანაც ყველა სხვა ქალში,
ჩემი ბედშავი მეუღლის ზიზღს რადგან მამსხვერპლე,
ეს ჩემი კუტი საფრთხობელა თუნდ ცეცხლის ალში
სასიყვარულო ბარათივით მე ვერ დავფერფლე,-

ნაცვლად დავატეხ შენს სიძულვილს, ტვირთად რომ მაწევს,

მას- ბოროტებათ შენმიერთა წყეულ იარაღს-

და ჩემი ხელი ამ ჯუჯა ხეს იმ დღეს დააწევს,
რომ ვეღარ გაზრდის ყლორტს შხამიანს და რტოს ხვიარას!”

ასე ხდის იგი ქაფს მდუღარე თვის მძულვარებას
და, მარადიულ ზრახვებს რადგან ვერ აცნაურებს,
ქვესკნელის ფსკერზე თვითვე ანთებს კოცონთა წყებას,
რაც უმზადდება სწორედ დედურ დანაშაულებს.

ამ დროს, უხილავ ანგელოზის მფარველობაში,
მემკვიდრეობაწართმეული – მზის სხივით თვრება,
და ყველაფერში, რასაც ჭამს თუ სვამს დიდი ბავშვი,
ცხოველ ნექტარს და ამბროზიას ის ეწაფება.

ქართან თამაშI და ღრუბელთან ჩურჩული უყვარს,
ჯვარცმის გზაზეც კი სიმღერებით შეთრობას ბედავს,
და ხეტიალში მუდამ მისი მდევარი სული
ტირის, როცა მას ტყის ჩიტივით მხიარულს ხედავს.

შიშით უცქერენ მას ყველანი, ვინც სურს უყვარდეს,
ან კიდევ მისი უწყინარ ზნით თამამდებიან
და ცდით – როგრომე კვნესის ბგერა ამოუვარდეს-
მას თავიანთი სისასტიკის სამიზნედ ხდიან.

პურსა და ღვინოს, განწესებულს მის ბაგეთათვის,
მარჯვენა მათი ნერწყვს უწმინდურს და ნაცარს ურევს,
ფარისებლურად იშორებენ რასაც ეკარვის
და თავს კიცხავენ თუ გაუყვნენ მის ნაფეხურებს.

მისი სატრფო კი გაიძახის ბრბოს გასაგონად:
“რაკი მან ისე ტურფად მცნო, რომ ღმერთად დამსახოს,
ამიერიდან ვარჩევ ყოფნას მე ძველ ბომონად,
რათა, მის დარად, მან მომრთოს და მომავარაყოს.

მე გამოვტყვრები ნარდიონით, ნელსაცხებლებით,
მირონ-გუნდრუკით, მუხლისჩოქით, ხორცით და ღვინით,
რათა მჯეროდეს – ამ ჩემს მიჯნურს ჩემივ შეძლებით
თაყვანისცემას გამოვძალავ მხიბლავი ღიმით.

ხოლო უღმერთო მომწყინდება როცა ეს ფარსი,
მე ამ არსებას წამოვავლებ რკინის ნატიფ ხელს
და ეს ფრჩხილები, კუდიანის ფრჩხილების მსგავსი,
მას თვით გულამდე გაუყვანენ არხებს საშინელს.

სრულიად ნორჩი ფრინველის დარ ამ ალისფერ გულს,
აფართხალებულს, ამოვართმევ მე სხეულს მისას
და რათა ჟინი მოვუკლა მხესც, ჩემში დამალულს,
ამ გულს სისხლიანს წყევლა-კრულვით დავახლი მიწას!”

- ცისაკენ, სადაც თვალი მისი ჭვრეტს ბრწყინვალებას,
თავის ღვთისნიერ ხელებს იწვდის პოეტი წყნარი
და მისი სულით გამომავალ დიად ციალებს
წარმოუქმნიათ ავი თვალის ამრეკლი ფარი.

“უფალო ჩემო, კურთხეულო! შენა ხარ მარტო,
ვინც ციურ წამალს – ტანჯვას – უვლენ ჩვენს ცოდვა-ზადებს,
საუკეთესო და სპეტაკი ის არის საზრდო,
ჩვენს შორის ძლიერთ ტანჯვისათვის რომ მოამზადებს.

ვიცი, რომ პოეტს შენ წყალობით უნახავ ადგილს
წმინდა დასებში ანგელოზთა, სულთა ნეტართა;
რომ არ გამართავ მის გარეშე მეჯლისს მარადისს
სათნოებათა, სუფევათა, სამეფო ტახტთა;

რომ ტანჯვა არსი სიდიადე ჩვენი, ეული,
ვერ მოინელებს მას მიწა და გეენას ხარო;
და რომ დამედგას მე გვირგვინი ცით კურთხეული,
ხამს გამოვსახო ყველა დრო და ყველა სამყარო.

მაგრამ პალმირის, უძველესის, განძი ქებული,
ზღვის მარგალიტი, არნახული ჯერ ლითონები,
არ ეყოფოდა – ხელით შენით ამოღებული -
ამ დიადემას გაბრწყინებულს სხივთა კონებით:

ის მარტოოდენ წმინდა ნათლით თუ დაიწვნება,
რომელსაც სხივთა პირველქმნილთა შობს წყაროსთვალი,
ხოლო მოკვდავთა თვალ-გუგაში მბჟუტავი გზნება
ანარეკლია იმ ნათლისა, მწირი და მკრთალი!”

No comments:

Post a Comment