Friday, February 3, 2012


ავსტრალიის პირველი პრემიერი ქალი
ავსტრალიის ისტორიაში პირველად ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს ქალი დაიკავებს.

ეს იქნება ამჟამინდელი ვიცე-პრემიერი ჯულია გილარდი, რომელმაც “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა.

გამარჯვებისთვის ბრძოლაში მან პრემიერ-მინისტრი კევინ რადი გამოიწვია, რომელმაც ნახევარი წლის შემდეგ დაგეგმილი საერთო ეროვნული არჩევნების წინ პოპულარობა დაკარგა. მოვლენები სწრაფად განვითარდა. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ რადი ბოლო 30 წლის მანძილზე ავსტრალიის ყველაზე პოპულარული პრემიერ-მინისტრი იყო.

ავსტრალია იმ იშვიათი ქვეყნების რიცხვშია, რომლებიც ბოლო ორი წლის ეკონომიკურ კრიზისს გადაურჩნენ. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ამომრჩევლები რადის ხელისუფლებაში ყოფნას ათწლეულის განმავლობაში მაინც უზრუნველყოფდნენ, რასაც გაზეთები "რადის ერას" უწოდებდნენ.

თუმცა მის პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი თებერვალში დადგა, როდესაც რადიმ გადაწყვიტა დაესამარებინა კანონ-პროექტი, რომელიც გამონაბოლქვზე კვოტების დაწესებას ითვალისწინებდა.

ეს წინადადება ეკოლოგიის საკითხებში მთავრობის სტრატეგიის ქვაკუთხედს წარმოადგენდა. ავსტრალიაში ბევრმა რადის გადაწყვეტილება პოლიტიკურ სილაჩრედ მიიჩნია.

ამავე დროს მისი პარტიული კოლეგების მხრიდან გახშირდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ რადი მათ ცუდად ეპყრობოდა. აღმოჩნდა, რომ კევინ რადი ამომრჩევლებში ბევრად პოპულარული იყო, ვიდრე თანაპარტიელებში.

გარდა ამისა, რადიმ სამთო კომპანიებისთვის უკიდურესად მაღალი გადასახადის დაწესების ინიციატივა წამოაყენა. ამის შემდეგ მისმა პოპულარობამ ვარდნა დაიწყო, განსაკუთრებით დასავლეთ ავსტრალიისა და კვინსლენდის შტატებში, სადაც სამთო მრეწველობა კარგად არის განვითარებული.

ამომრჩეველთა მხარდაჭერის შემცირების შემდეგ რადის პარტიის შიდა ოპოზიციასთან მოუხდა შეჯახება.

ჯულია გილარდი, რომელიც წარმოშობით უელსიდან არის, პარტიაში დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. რადის აშკარა მომხრეებიც კი აღიარებენ, რომ გილარდის გამარჯვება უმრავლესობის გადაწყვეტილებას ეყრდნობოდა.

ყოველივე ამის შემდეგ კანბერაში გაიმართა “ლეიბორისტების” ფრაქციის სხდომა, რომელზეც გილარდმა ხმების საჭირო რაოდენობა მარტივად მოიპოვა.

რადის ოფიციალური კენჭისყრის ჩატარებაც კი არ მოუთხოვია, რადგან მიხვდა, რომ მარცხი გარდაუვალი იყო.

პარტიის ლიდერად არჩეული ჯულია გილარდი ავტომატურად ხდება პრემიერ-მინისტრი. ავსტრალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი უახლოეს დღეებში დადებს ფიცს.

No comments:

Post a Comment