Sunday, December 12, 2010


ეთერ ჭკადუა

ამ მხატვარზე არაერთხელ დაგვიწერია. ამერიკაში მოღვაწეობს და პერიოდულად გამოფენების მოსაწყობად სამშობლოშიც ჩამოდის. ეთერ ჭკადუა ერთი თვეა აქ არის. თოჯინების მუზეუმის გალერეაში ახალი ნამუშევრები უნდა გამოფინოს. ორ ნახატზე მუშაობას ახლა ასრულებს. ერთს „მყვინთავი“ ჰქვია, მეორეს - „თამადა“. ნახატების გმირები ისევ მას ჰგვანან, მუქი, მეტყველი თვალებით და ძალიან გრძელი თმით. ყველა ტილოში ეთერს იპოვით, ოღონდ სხვადასხვანაირად ემოციურსა და ინსპირირებულს.

„მყვინთავი“ და „თამადა“

„მართალია, „მყვინთავს“ ჩემნაირი თვალები აქვს. ამ ნახატის ერთ ესკიზში მყვინთავის უკან, ჰორიზონტზე, აფეთქებული გემი, „მისტრალი“ ჩანს. ააფეთქებს და გამოცურავს. მოკლედ, ეს მყვინთავი ტერორისტია და თემატიკას ანეკდოტის დონეზე მივუდექი. ჩემი ნახატები ხუმრობიდან მოდის. მერე ვიზუალურად სერიოზული გამოდის. ხუმრობაც ასე არ არის? მასში ჭეშმარიტება იმალება. მეორე ნახატი ჩემი ერთი სურათის, „თამადის“ გაგრძელებაა. „თამადა“ ჩემი მამიდაშვილის, მალხაზ გირგვლიანის ხსოვნას მივუძღვენი, რადგან ის მაშინ მოყვა ავარიაში, როდესაც ამ ნახატზე ვმუშაობდი. სვანური დღესასწაულიდან ბრუნდებოდა და მთვრალებს ავარია მოუვიდათ. რვა ადამიანი ერთდროულად დაიღუპა. ჩვენთან ქეიფი და სმა თვითმკვლელობის ტოლფასია. ნახატში ამას გავუსვი ხაზი და იარაღიც ამიტომ დევს მაგიდაზე. იარაღი მესამედ გამოვიყენე. „თამადა“ კანადელმა კოლექციონერმა შეიძინა. სწორედ მან შემიკვეთა ზუსტად იგივე ნახატის შესრულება. ორი თვე ჩანახატებს ვაკეთებდი, რომ პირველისგან გასხვავებული ყოფილიყო. ზუსტად მიმსგავსებულის დახატვა ჩემთვის სამუშაოდ უინტერესო იქნებოდა. მოკლედ, ეს ნახატიც გაყიდულია.“

დეკემბერში ნიუ-იორკში ჩაიტანს, კოლექციონერს ჩააბარებს და მერე გეზს იამაიკისკენ აიღებს.

დილერები

ეთერს ორი დილერი ჰყავს, იტალიელი და კანადელი. მათ ნახატების კოლექციონერებამდე მიტანა და გაყიდვა ევალებათ. მხატვრის გაყიდული ნახატიდან 50 პროცენტს იღებენ. ფასი ნახატის ზომაზეა დამოკიდებული. „თამადაში“ მხატვარი 35 ათას დოლარს აიღებს, ერთი იმდენს კი დილერი.



იტალიელ ცნობილ დილერს, ჯანეცო სპერონეს, ეთერ ჭკადუას 40 ნახატი აქვს შეგროვილი. მათ ჯერ არ ყიდის, ინახავს. ეს ათი წლის ნამუშევარია. „მან ჩემში ინვესტიცია ჩადო. ჯანეცოს გემოვნების დამმკვიდრებლად თვლიან. მეუბნება, შენგან მითი უნდა გავაკეთოო. კოლექციონერი აგვისტოში უარით გაისტუმრა. ნახატები უნდა გაძვირდეს, დროს ელოდება. გავრცელებული ხმები, ჯანეცო ჭკადუას ნახატებს არ ყიდისო, კოლექციონერებს ინტერესს უღვივებს. მას უნდა ბევრი ფული გააკეთოს. ნახატმაც თავისი თავი უნდა დაიმკვიდროს. რა ვიცი, მე შეიძლება ვერც მოვესწრო ამ დროს. ახლა ამერიკაში იმ თანხით ვმოღვაწეობ, რაც წინასწარ, ათი წლის წინათ გადამიხადა. სახელოსნოს დასაქირავებლად და საარსებოდ საკმარისია. ახლა ვკითხულობ წიგნს „თამაში“, დილერებზეა. ცნობილი დილერების ინტერვიუებია და მათზე ბევრი რამ ახლა გავიგე. ბოლო ორი წელია ჩემი მეგობრები ყიდულობენ ჩემს ნახატებს. ამ ხნის განმავლობაში სულ სამი ნახატი დავხატე. ამერიკაში ორ წელიწადში სამი გაყიდული ნახატით ცხოვრება ძალიან რთულია.

დრო და საშულება რომ მქონდეს, ინსტალაციებს გავაკეთებდი. ადგილს რომ შევხედავ, მაშინვე მოვუფიქრებ ხოლმე ინსტალაციას. ტანსაცმლის დიზაინს ვიგონებ. ხშირად გამოფენების გახსნებზე ჩემი ტანსაცმელი მაცვია. ამასაც დრო უნდა. სახლის დიზაინზეც ვფიქრობ.“

იამაიკა, გეტოელები და „პასა-პასა“

ზამთარს იამაიკაზე თბილად ატარებს. იქ სახელოსნოს და ბინას ქირაობს, ბევრი მეგობარი ჰყავს და კუნძულის ერთი ქალაქიდან მეორეში მანქანით მოგზაურობს.

„შეძლებული იამაიკელები ვილების უზარმაზარ ეზოებში, ღია ცის ქვეშ, ან სანაპიროზე აწყობენ ფართებს, სადაც ხალხი ძალიან გამოპრანჭული მიდის. მუსიკაა ჩართული და საღამო ცეკვით მთავრდება. გეტოს წვეულება საინტერესო და განსხვავებულია. ახალგაზრდა გეტოელები ძალიან შემოქმედები, გაბედულები, მოდურები არიან. მსუქანს თუ გამხდარს, მოდა ძალიან უყვარს. პოზიტიურები არიან. ცეკვა და სიმღერა უყვართ. ეროტიკულად და ლამაზად ცეკვავენ. კინგსტონში ოთხშაბათობით ფართი „პასა-პასა“ იმართება, რომელიც იქაური დონების კონტროლის ქვეშ ტარდება. ცნობილი დიჯეები უკრავენ. ჩემი მეგობრები ძველ რეგის უსმენენ, ახალი დანსჰოლის მოსასმენად იქ არ დადიან. დანსჰოლის ერთი ვარსკვლავი ჩემი სახლის წინ ცხოვრობს.“

„ძალიან ლამაზი ადამიანია...“

ეთერს პირადი ცხოვრებაც საინტერესო აქვს. გვერდით მეგობარი მამაკაცი ყოველთვის ჰყავს. ამაზე ღიად საუბარს არ ერიდება. მართალია ამჯერად რჩეულის ვინაობა არ გაამხილა, თუმცა მასზე ისედაც საინტერესოდ გვესაუბრა. „ძალიან სულიერი და ლამაზი ადამიანია. ეს არ არის სერიოზული ურთიერთობა და ჩემს მომავალში მას ვერ ვხედავ. თუმცა მასთან კარგად ვარ. გარეგნულად ძალიან ლამაზია, ეს მჭირდება. ძალიან წყნარი, ემოციური და შინაგანად სუფთა ადამიანია. სადილს კარგად ამზადებს. იამაიკაზე მამაკაცები გემრიელ საკვებს ამზადებენ. იმდენად ფრთხილად უდგებიან საკვების თემას, რომ წვეულებებზე ზოგჯერ სხვის მომზადებულ კერძებს არ ჭამენ. მე ბოსტნეულს უმად ვჭამ, თან ვეგეტარიანელი ვარ და ჩემს მეგობარს ბევრი მზადება არ სჭირდება. მოხარშულს მხოლოდ ლობიოს და ბრინჯს გეახლებით. მარილს და შაქარს საერთოდ არ ვიღებ. შემწვარს თითქმის არ ვჭამ. ის ალკოჰოლს არ სვამს, სიგარეტს არ ეწევა.

- მასთან ურთიერთობას სერიოზულად რატომ არ უყურებთ?

- ჩემზე ბევრად უმცროსია. რომ გითხრათ მიყვარს-მეთქი, მოგატყუებთ. ვერ წარმომიდგენია მასთან სამომავლო ურთიერთობა. თვითონ მეუბნება, რომ ვუყვარვარ, მაგრამ ვერ ვიღებ. რამდენჯერმე უნდოდა ჩემთვის დედამისი გაეცნო, მაგრამ მე არ ვისურვე. პატარა კუნძულია და ყველა ყველას იცნობს.

- ანუ იქაც მალავენ პირად ცხოვრებას?

- კუნძული თბილისზე პატარაა. ყველგან ჭორაობს ხალხი. გაზეთებიც წერენ.

- მახსოვს, ერთი წლის წინ, ჩვენი წინა ინტერვიუს დროს სხვა იამაიკელი მეგობარი მამაკაცი გყავდათ. ანუ, პირადი ცხოვრებისთვის მუდმივად გცალიათ.

- ჩემთვის მთავარია ვიმუშაო, დრო მქონდეს. მერე ჩემს სამუშაოს ვურგებ ურთიერთობებს. გათხოვება არ მაინტერესებს. რა რაოდენობითაც მინდა ურთიერთობა, მაქვს კიდეც. ეს ჩემი თავისუფლებაა.

- რამდენჯერ გიყვარდათ?

- 21 წლის ასაკიდან სამჯერ ძლიერად მიყვარდა. ისინი ახლაც მიყვარს. ახლა შეყვარებული არა ვარ, რადგანაც მომთაბარე ცხოვრებას ვეწევი, აქეთ-იქით ვმოგზაურობ. რომ ვიცი, უნდა გავიქცე, სიყვარულს არ ვეძებ. ახლა ნახატის დასრულება მინდა.
























1 comment:

  1. Hi,
    My name is Bogdan from Romania! I want to make friends!
    Can we be friends?? LinkExchange??
    My blog address is: www.bogdanstelistul.blogspot.com
    Thank you!!!!

    ReplyDelete