Thursday, August 26, 2010


დემიენ ჰირსტი

ევროპა, რომელიც ღიაა და მე, რომელიც წარსულის ზურგს უკან ვიმალები

როცა დემიენი ახალ პროექტს იწყებს, მასზე ისევ ლაპარაკობენ, წერენ, მოკლედ, ხმაურობს საზოგადოება. ამბობენ, რომ ის "ყველაზე ძვირია". ასეც არის. დემიენ ჰირსტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მხატვარია ევროპაში და შესაბამისად ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მხატვარი ცოცხლებს შორის. თუმცა, მაინც ერთ-ერთი. ახლაც იმიტომ მომაგონდა ეს, ძვირფასი ადამიანი, რომ სულ მალე ახალ ჩანაფიქრს განახორციელებს და შესაბამისად, სულ მალე ისევ ახმაურდება დასავლური პრესა. გამოჩნდება მისი კეთილი სახე და მუქი, მძიმე სათვალე, რომელსაც არაჩვეულებრივად იხდენს. თუმცა ღიმილი, რომელიც სახეზე დასთამაშებს თითქმის ყველა ფოტოში ხელს მიშლის მისი სერიოზულად, უფროს სწორად ღრმად სერიოზულად აღქმის პროცესში. მაგრამ აღქმასთან დაკავშირებული ჩემი პრობლემები მას სულ არაფერს ვნებს. ის არ ზარალდება. უკვე დიდი ხანია, რაც დემიენმა სიტყვა ზარალი მიივიწყა...

სულ მალე დაასრულებს ორ უზარმაზარ ექვსმეტრიან ტილოს. წინასწარვე არის დაგეგმილი, რომ ახალი ნამუშევრები ლონდონის საკათედრო წმიდა პავლეს სახელობის ტაძარში გამოიფინება. ნამუშევრებს სავარაუდოდ დაარქმევს "იმედს" და "გადარჩენას". ცნობილია ისიც, რომ მოდელებად მხატვარმა თავისი 14, 9 და 4 წლის ვაჟიშვილები შეარჩია.

დემიენ ჰირსტისთვის ტაძარში ადგილი უკვე გამონახეს. მისი ორი დიდი ტილო დაიკიდება წმიდა პავლეს ტაძრის გუმბათის ორ მთავარ კოლონაზე. ჰირსტის ახალი ნამუშევრები გახდება მრავლისმომცველი პროექტის ნაწილი. საქმე იმაშია, რომ ლონდონის საკათედრო ტაძარში 2010 წლის ზაფხულში ცნობილი კურატორი ბილ ვიოლა დიდ გამოფენას გახსნის. გამოფენა ქრისტიანულ თემაზე, ანდა ახალი აღთქმის ინსპირირებით შემნილ ნამუშევრებს მოიცავს. თუმცა ექსპოზიცია მხოლოდ თანამედროვე მედიებში მომუშავე მხატვრებს გააერთიანებს. ვიცით ისიც, რომ ჰირსტის ნამუშევრების გარდა საკათედრო ტაძრის სიახლოვეს 4 ეკრანი დამონტაჟდება, რათა მლოცველმა თუ დამთვალიერებელმა სხვადასხვა ვიდეოარტი იხილოს.

ჰირსტი, რომელიც აქამდე ათეისტობასაც იჩემებდა, კათოლიკურ ოჯახში გაიზარდა და კრიტიკოსთა აზრით, რელიგია დიდხანს ახდენდა მის მხატვრობაზე გავლენას. შეგვიძლია მოვიგონოთ რელიგიურ თემაზე შემნილი ობიექტი "უძღები შვილი" (შუაზე გაჭრილი ძროხა), ასევე "ქრისტე და მოციქულები" (13 მინის ყუთი, მათგან თორმეტში განთავსებული ზროხის თავები). ეს და სხვა ნამუშევრები რელიგიური ქვეტექსტებით მხატვარმა თავის დროზე გააერთიანეა გამოფენაში "ახალი რელიგია". მიუხედავად ქრისტიანული თემებისადმი მისი "არატრადიციული" დამოკიდებულებისა, კრიტიკა ვარაუდობს, რომ პავლეს ტაძრისთვის შექმნილი ტილოები შედარებით "ტრადიციული" იქნება და თანაც ახალი სიტყვა ქრისტიანულ მხატვრობაში.

დემიენმა უკვე 2009 წლის დასაწყისში აღნიშნა, რომ თავს ანებებდა მისთვის ჩვეულ ობიექტებს და სურვილი ჰქონდა დრო და ენერგია ფერწერისთვის მიეძღვნა. ჰქონდა კიდეც გასულ წელს ფერწერული ნამუშევრების გამოფენა "No Love Lost". მართალია კრიტიკამ აღნიშნული პროექტი ცოტა გააკრიტიკა, მაგრამ მისდამი ინტერესი ძალიან დიდი იყო და არის. დემიენ ჰირსტი სპეციალურად ეკლესიისთვის პირველად ხატავს. თუმცა საკათედრო ტაძარში თანამედროვე მხატვრობა აქამდეც არაერთხელ გამოფენილა. ბოლო 4 წლის განმავლობაში წმიდა პავლეს ტაძარმა უმასპინძლა იოკო ონოსა და რებეკა ჰორნის გამოფენებს. ლონდონური პრესა ვარაუდობს, რომ ჰირსტის გამოფენა აღნიშნულ ტაძარში აქამდე განხორციელებულ ექსპოზიციათა შორის ყველაზე პოპულარული და საინტერესო მოვლენა გახდება.

კათოლიკური ეკლესია, მეტ-ნაკლებად ყოველთვის და განსაკუთრებით მე-15 საუკუნიდან, მოწოდებული იყო ნებისმიერი რევოლუციური თუ უბრალოდ ახლებური სახელოვნებო წამოწყება საკუთარ წიაღში მოექცია. კულტურისადმი ეკლესიის ლიბერალიზმა ცხადია, რომ მწვერვალს აღორძინების ეპოქაში მიაღწია, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ მას დღეს კარი სიახლეებისა და ახალი მედიებისთვის დახურული აქვს. წვრილ-წვრილი მაგალითების მოტანა შორს წაგვიყვანს და თანაც ალბათ ბანალურობაშიც ჩაგვეთველება. ისტორიული არტეფაქტები ცხადყოფს ერთს, რომ კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულება ხელოვანთა მიმართ დოგმატური იშვიათად თუ ყოფილა. იყო გამონაკლისი პერიოდებიც, მაგალითად როცა მთელი აღორძინება ფსევდოასკეტურმა ესპანურმა კათოლიციზმმა ჩაახშო, მაგრამ ამან და სხვა რამდენიმე ამ ტიპის გამონაკლისმა მთლიანობაში დამოკიდებულება, სიახლეთა მიმართ ღიაობა ვერ აღმოფხვრა. დასავლეთ ევროპულ მოქმედ ტაძრებში იმართება თანამედროვე კლასიკური მუსიკის საღამოები. მეტიც, ვიდეოარტითა და განათების უახლესი სისტემებით ქმნიან ქრისტიანული თემატიკის ნამუშევრებს, მართავენ თანამედროვე მხატვრების გამოფენებს, ამით თანამედროვე ხელოვანსა და ადამიანს ძალიან შორს - "პროტესტანტების" ბანაკში არ ისვრიან.

წელს ვენეციის ერთ-ერთმა ეკლესიამ სივრცის დიდი ნაწილი დაუთმო ვენეციის თანამედროვე ხელოვნების ბიენალეს. ტაძარში სამხრეთ ამერიკის წარმომადგენელმა მხატვარმა გამოფინა ნახატები, რომლებზეც, დილეტანტურად რომ ვთქვათ, შიშველი ფიგურები იყო გამოსახული. მაგრამ ეკლესიამ ყურადრება მიაქცია იდეას, მხატვრის აქცენტს, დამოკიდებულებას და ამის გამო დააფასა მხატვარი. მაგრამ მე, რომელსაც ეკლესიის გადაწყვეტილება ისევე მომეწონა, როგორც თავად გამოფენა, მაინც გაკვირვებული დავრჩი. არადა რა იყო საოცარი? ისვე როგორც ახლა, როცა დემიენ ჰირსტს ვხედავ ეკლესიის წიაღში. განა არ ვიცი, თუნდაც მიქელანჯელოს მოხატულობა სიქსტის კაფელაში ათეულობით შიშველ ფიგურას რომ მოიცავდა, მათ შორის მაცხოვრსაც? (ქრისტე ფრესკაში მოგვიანებით შემოსეს). როგორ არ ვიცი, მაგრამ ლიბერალიზმმა ვენეციაში მე მაინც გამაოცა და ვიცი რატომაც. სიქსტი და მიქელანჯელო ისეთივე წარსულია დღეს ჩემთვის, როგორც ევროპისთვის, დღევანდელობა კი, რომელშიც მე ვარსებობ ჩემთვის სრულიად განსხვავებულია, ვიდრე ჩემი მეგობარი ვენეციელებისთვის. მე როგორც ქართველს ისეთი ფობიები მაწუხებს, მათ რომ არც დაესიზმრებათ, ის რაც ჩემთვის პარადოქსია, მათთვის თანამედროვე კულტურული პროცესები, რომელსაც ეკლესია არ უპირისპირდება და არც პირიქით. მათ წარსული არ ეძვირფასებათ იმაზე მეტად ვიდრე დღევანდელობა. ისინი წარსულს ქანდაკებას არ უდგამენ, არც ებევრებათ. მათ აწმყოსი არ ეშინიათ და მით უფრო არ რცხვენიათ იმისა, რასაც თანამედროვე დამოკიდებულება შეიძლება ერქვას. მე? მე კი ჯერ ისევ შუა საუკუნეების ასლებს უკან ვიმალები, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ვიცი, სულ სხვა ვარ და სულ სხვაგვარად აღვიქვამ სამყაროს. შენიღბული დავდივარ, შენიღბული შუა საუკუნეების არქიტექტურულ-მხატვრულ აჩრდილებთან და არქეტიპებთან ერთად.









































No comments:

Post a Comment