Wednesday, June 30, 2010


 

მარსელ პრუსტი



მოდერნის მამამთავარი არატრადიციულ ორიენტაციას არასოდეს მალავდა

მარსელ პრუსტის ნიჭი და შემოქმედება მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ დაფასდა. იგი ფრანგული მოდერნის (მიმდინარეობა, მოიცავს ლიტერატურას, დიზაინს, არქიტექტურას და მუსიკას) მამამთავარი, დეკადენტური რომანის ფუძემდებელი გახლავთ. მისი ცნობილი ნაწარმოები "დაკარგული დროის ძიებაში" მონუმენტური რომანის სახელით შევიდა მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში.

მარსელ პრუსტი 1871 წლის 10 ივლისს პარიზის ერთ–ერთ გარეუბან ოტეიში, საკმაოდ შეძლებულ ოჯახში დაიბადა. მისი დაბადება საფრანგეთ–პრუსიის ომის დასასრულს და მესამე რესპუბლიკის შექმნას დაემთხვა, რამაც დიდი გავლენა იქონია მწერლის ცხოვრებაზე. არისტოკრატიის ზეგავლენის შესუსტება და საშუალო ფენის მომძლავრება შემდგომში მის შემოქმედებაში აისახა. მომავალი მწერლის მამა – ადრიან პრუსტი, თანამედროვეთა შორის დიდად პატივსაცემი და აღიარებული ექიმი იყო ეპიდემიოლოგიისა და ჰიგიენის სპეციალიზაციით. მას ეკუთვნის ოცამდე წიგნი ქოლერისა და იმჟამად ევროპასა და აზიაში გაბატონებული სხვა გადამდები დაავადებების შესახებ. მარსელ პრუსტის დედა – ჟანა კლემანს ვაილი – მდიდარი ებრაული ოჯახიდან იყო. მისმა განათლებამ და ლიტერატურულმა გემოვნებამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა შვილის შემოქმედებაში. მწერლის ბიოგრაფების მტკიცებით, ჟანა თავის ბიჭს, რომელიც არცთუ კარგად ფლობდა ინგლისურს, ჯონ რესკინის ლექსების ბწკარედულ თარგმანებს უსრულებდა, შემდეგ კი პრუსტი ლექსებს უზადო ფრანგულით წერდა.

მარსელი მთელი ცხოვრების განმავლობაში მეგობრობდა დედასთან, რომელიც ხშირად მისთვის შთაგონების წყაროც იყო. ეს ყოველივე კარგად აისახა რომანის "დაკარგული დროის ძიებაში" პირველ და მეორე ტომებში, სადაც მისი გმირის ბავშვობაა აღწერილი. თავად მარსელის სიტყვებით, დედის გვერდით განუყოფელი და მარადიული ცხოვრება ბედნიერებაა.

9 წლის ასაკში ბიჭუნა ასთმით დაავადდა და ავადმყოფობის გამო იძულებული იყო, ზაფხულის არდადეგები ილიეში, დედის ბიძის სახლში გაეტარებინა. ეს ადგილი მის შემოქმედებაში კომბრეს სახელით შევიდა, სადაც რომანის "დაკარგული დროის ძიებაში" პერიპეტიები მიმდინარეობს. მწერლის გარდაცვალებიდან ასი წლის იუბილეზე ილიეს სახელი გადაერქვა და ილიე–კომბრედ იქცა. მიუხედავად ავადმყოფობისა, პრუსტი 1889–90 წლებში საფრანგეთის ჯარში მსახურობდა. ჯარში მიღებული შთაბეჭდილებები მწერალმა კარგად აღწერა "გერმანტების მხარეში".

1891 წელს პრუსტი სორბონის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ლიტერატურული ნიჭი მან ბავშვობაშივე გამოავლინა. მადამ არმანის სალონში მარსელი გაეცნო ანატოლ ფრანსს (ფრანგი რომანისტი და კრიტიკოსი), რომლის წყალობითაც, უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ, 1895 წელს პირველი წიგნის, ლექსებისა და მოთხრობების კრებულის "განცხრომა და დღეების" გამოქვეყნება შეძლო. შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში პრუსტი ფრანგულ ენაზე თარგმნიდა ჯონ რესკინის სტატიებსა და თხზულებებს.

მწერალი ჰომოსექსუალისტი იყო. ამას მოწმობს დიდი რაოდენობით კორესპონდენცია – მისი და მისი მეგობრის, პიანისტ რეინალდო ჰანის მიმოწერა. პრუსტი გახლდათ ერთადერთი ევროპელი მწერალი, რომელიც თავის არატრადიციულ ორიენტაციაზე ღიად და ხმამაღლა ლაპარაკობდა.

1900 წლიდან 1905 წლამდე მარსელ პრუსტმა მრავალი ახლობელი ადამიანი დაკარგა. 1903 წელს გარდაიცვალა მამამისი, 1905 წლის სექტემბერში კი – დედა. მშობლების სიკვდილის შემდეგ მწერალს დიდი მემკვიდრეობა ერგო, რამაც საშუალება მისცა, მთელი დრო ხელოვნებისთვის დაეთმო.

მშობლების დაკარგვით გამოწვეული ტკივილი პრუსტს დიდხანს სტანჯავდა. წლების მანძილზე თავისი ოთახიდან თითქმის არ გამოდიოდა. დღისით ეძინა, ღამით კი წერდა. როგორც ცნობილია, იგი მეგობრებსაც ღამით იღებდა.

1907 წლის ბოლოს პრუსტმა გაზეთ "ფიგაროში" გამოაქვეყნა სტატია, სადაც შეეცადა, გაეანალიზებინა ორი ცნება – მეხსიერება და დანაშაულის გრძნობა, რომლებმაც შემდგომში მის შემოქმედებაში საკვანძო მნიშვნელობა შეიძინეს.

1909 წელს მან ესეს "სენტ ბეკის წინააღმდეგ" წერა წამოიწყო. ეს ესე, საბოლოო ჯამში, მრავალტომიან ნაწარმოებში გადაიზარდა. მას პრუსტი სიცოცხლის ბოლო დღეებამდე წერდა. 1913 წელს ამ მრავალტომიანმა რომანმა ახალი სახელწოდება მიიღო – "დაკარგული დროის ძიებაში", რომლის პირველი ნაწილი იმავე წელს გამოქვეყნდა, მეორე ნაწილმა კი 1919 წელს ძმები გონკურების სახელობის პრემია (საფრანგეთის ლიტერატურული პრემია, დაარსებული ედმონ დე გონკურის ანდერძის თანახმად) დაიმსახურა. გარდაცვალებამდე, 1922 წლამდე, მარსელ პრუსტმა ამ ციკლის ხუთი ნაწილის გამოქვეყნება მოახერხა. დანარჩენი ნაწილები კი მისმა ძმამ, რიბერმა და მეგობრებმა, ჟაკ რივიერმა და ჟან პოლიანმა გამოაქვეყნეს.

პრუსტის შემოქმედებითი მეთოდი, რომელიც ძირითადად იმპრესიონისტულია, მეცხრამეტე საუკუნის რეალიზმის ეპოქაში დამკვიდრებული რომანის პრინციპებს დაუპირისპირდა. მწერალი პორტრეტის ხატვისას არ ცნობს ადამიანის პიროვნების განსაზღვრაში სოციალურ ფაქტორს. პრუსტი ფროიდის ფსიქოანალიზს ეყრდნობა. მის ნაწარმოებებში თხრობა მიმდინარეობს სპონტანურ მოგონებათა, ქვეცნობიერ მინიშნებათა კვალდაკვალ. მოვლენათა გადმოცემისას სრულებით არ არის დაცული დროის თანმიმდევრობა. მწერალი ცდილობს, ადამიანის ფსიქოლოგიისა და ინტელექტის კანონებს ახსნა მოუძებნოს.

მისი კონცეფციის მიხედვით, ადამიანის წარმოდგენა საკუთარ თავზე, სამყაროზე, საზოგადოებაზე პირობითია. ადამიანს არ ძალუძს, გასცდეს საკუთარი მე–ს ფარგლებს და თავისივე მსგავსთა ცხოვრების ჭეშმარიტი არსი შეიცნოს. მათი არსებობა გააზრებულია, როგორც "დაკარგული დრო". ამ რწმენას მწერალი პესიმიზმამდე მიჰყავს, რომ მხოლოდ ხელოვნება ათავისუფლებს ადამიანს ყოველგვარი პირობითობისაგან და იგი მარადისობას შეერწყმება. მარსელ პრუსტს ერთი ნაწარმოების ავტორს უწოდებენ (მიუხედავად იმისა, რომ იგი ასევე ავტორია რომანისა "ჟან სანტეი", მოთხრობებისა და ესეების კრებულის "სტერილიზაცია და ნარევი" და სხვა), რადგან ამ ერთმა თხზულებამ დიდი გავლენა მოახდინა მეოცე საუკუნის ფრანგული და საერთოდ ევროპული რომანის შემდგომ განვითარებაზე. მას ხომ მრავალი მიმდევარი და მიმბაძველი გამოუჩნდა.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მარსელ პრუსტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. მარტოდმარტო დარჩენილი მწერალი ოთახიდან გამოსვლას თითქმის ვერ ახერხებდ უკანასკნელად საზოგადოებამ იგი 1921 წელს, ახალი წლის ღამეს იხილა.

მარსელ პრუსტი 1922 წლის 18 ნოემბერს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია პარიზის პიერ ლაშეზის სასაფლაოზე.

ცნობილი გამონათქვამი – "ყოველ სოციალურ კლასს საკუთარი პათოლოგია აქვს" – მარსელ პრუსტს ეკუთვნის.

No comments:

Post a Comment