Friday, September 17, 2010


   იოკო ონო

„ჯონს უყვარს იოკო“, „იოკოს უყვარს ჯონი“ - ასეთი ტრანსპარანტი იყო გაკრული ამ ერთმანეთზე ფანატიკურად შეყვარებული წყვილის საწოლთან. ამ ფატალურ სიყვარულს ბევრი ცვლილება მოჰყვა ლენონის ცხოვრებაში. სწორედ ამ იაპონელ ქალს ჰბრალდება „ბითლზის“ დაშლა. ამიტომ არ უყვარდათ იგი ინგლისელებს. ჯონს არავის აზრი აინტერესებდა, იგი თავს უზომოდ ბედნიერად გრძნობდა. იოკო მისი ცხოვრების მუზა იყო...



„ბითლზი“
ბრიტანელი პოპვარსკვლავი, მომღერალი, პოეტი, კომპოზიტორი, მხატვარი, მწერალი, ჯგუფ „ბითლზის“ დამფუძნებელი და წევრი, ჯონ უინსტონ ლენონი, მეორე მსოფლიო ომის დროს, 1940 წლის 9 ოქტომბერს, დიდ ბრიტანეთში, ლივერპულში დაიბადა. მშობლების დაშორების შემდეგ, 4 წლის ასაკიდან, ჯონი დეიდა მიმისთან გაიზარდა. მამა, სავაჭრო ფლოტის მეზღვაური, არც ბავშვის დაბადებას დასწრებია და არც მის აღზრდაში მიუღია მონაწილეობა. დედა, ჯულია, ხელმეორედ გათხოვდა, თუმცა, არ გაუწყვეტია კავშირი ჯონთან და დეიდა მიმისთან. ბანჯოზე და კლავიშზე დაკვრა ჯონს დეიდა მიმიმ ასწავლა. პოპვარსკვლავს პირველი გიტარაც დეიდამ უყიდა. 1955 წლის 6 ივლისს, საეკლესიო დღესასწაულზე, მან პოლ მაკარტნი გაიცნო და მალე თავის ჯგუფშიც მიიწვია. მათი კავშირი ყველაზე წარმატებული გამოდგა მუსიკის ისტორიაში. „ბითლზი“ აღიარებულია კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად მუსიკის ისტორიაში.

იოკო - „დარტყმული იაპონელი“
მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებში ლენონმა მშვენიერი სინტია პაუელსი გამოარჩია. წყვილი ერთმანეთს ყოველდღე ხვდებოდა. „ბითლზი“ სულ უფრო პოპულარული ხდებოდა და სინტია ჯონთან განშორების მოახლოებას გრძნობდა: „ადრე თუ გვიან, აუცილებლად მიმატოვებს. ჩვენს სიყვარულს მისი თავბრუდამხვევი კარიერა შეიწირავს. პოპვარსკვლავის ცხოვრებაში ჩემი ადგილი აღარ იქნება“. ამ უსიამოვნო დღის მოლოდინში ორი წელი გავიდა. „ორსულად ვარ“ - შიშით გაუმხილა ჯონს და ძალიან გაუკვირდა მისი პასუხი: „დავქორწინდეთ“. 1962 წლის აგვისტოში ლენონმა სინტია პაუელსზე იქორწინა და პირველი ვაჟიც ეყოლა. ბიჭს, ჯონის დედის სახელი, ჯულიანი, დაარქვეს. როცა მათი ვაჟი ჯულიანი ხუთი წლის გახდა - ისინი დაშორდნენ. იოკო ონო 1966 წელს „ინდიკა“ გალერეაში გაიცნო. იოკო იაპონელი მხატვარი და მუსიკოსია. იგი უფრო მეტად ცნობილია, როგორც ჯონ ლენონის მეუღლე. ამავე დროს ავანგარდული ჟანრის მუსიკის ცნობილი მოღვაწეა. იოკო ჯონიზე 7 წლით უფროსი იყო.
შეხვედრის შემდეგ ონომ ლენონს თავისი პატარა წიგნი „გრეიპფრუტი“ უსახსოვრა. წიგნის შინაარსი ნებისმიერი ნორმალური მკითხველის აღშფოთებას გამოიწვევდა („გახვრიტეთ პურის მარცვლით სავსე ტომარა და ქარიან ამინდში თოკზე ჩამოკიდეთ“...). ამ უაზრობას ჯონი ღამღამობით, ძილის წინ კითხულობდა. მაშინ სინტიასთან არ იყო გაყრილი. ერთხელ სინტიამ ჰკითხა კიდეც, რას ჩაჰკირკიტებდა ყოველ საღამოს: „ერთი დარტყმული იაპონელი მხატვარია. თავისი წიგნი მაჩუქა“. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის „დარტყმული იაპონელი“, ორი წლის შემდეგ, ლენონების წყვილის იდილიას ერთიანად წალეკავდა, ხოლო მისი „უაზრო წიგნის“ განმეორებითი ტირაჟი, ასეთი წინასიტყვაობით დაიბეჭდებოდა: „გამარჯობა, მე ჯონ ლენონი მქვია. მინდა იოკო ონო გაგაცნოთ“.
...სინტია საბერძნეთიდან დაბრუნდა - იქ ორი კვირით მეგობრებთან ერთად ისვენებდა. სახლი უჩვეულოდ ცარიელი მოეჩვენა. სადარბაზო ღია დაუხვდა. მრავალრიცხოვანი ოთახები დაირბინა. არავინ იყო. ბოლოს და ბოლოს ჯონს გადააწყდა. მას ხალათი ეცვა, მაგიდასთან იჯდა და ჩაის სვამდა. მის პირდაპირ (და სინტიასგან ზურგით) იოკო ონო იჯდა. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. „მეგობრებთან ერთად ათენში ვისაუზმე, რომში ვისადილე. ახლა ლონდონში ხომ არ გვევახშმა?“ - სინტია დაბნეული ჩანდა. „არ მინდა, გმადლობ“ - უპასუხა ჩაფიქრებულმა ჯონმა. ამის შემდეგ, აბრეშუმის შავ კიმონოში ჩაცმული იოკო წამოდგა და სინტიასკენ შეტრიალდა. გრძელი გაშლილი თმა ჰქონდა, თავდაჯერებული გამომეტყველებით, მშვიდად და უემოციოდ თვალებში უყურებდა სინტიას, არაფერს ამბობდა. მისის ლენონმა ამ უტიფარ მზერას ვერ გაუძლო, თავის ოთახში აირბინა, ბარგი შეკრა და იქაურობა დატოვა.
ცოტა ხანში ნათელი გახდა, იოკომ ლენონი არა მხოლოდ ოჯახს, „ბითლზსაც“ წაართვა. ლენონმა მალე „ბითლზიც“ დატოვა. „მე ჯგუფს ვშლი. მეტსაც გეტყვით, ეს ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, თითქოს გაყრაზე მოსამართლის თანხმობა მიმეღოს“. ჯგუფის დაშლის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის დიდხანს უცნობი რჩებოდა. 1970 წლის აპრილში, „Let it Be“-ის გამოქვეყნებამდე, ერთი თვით ადრე, მაკარტნიმ „ბითლზიდან“ ჯონის წასვლის შესახებ განაცხადა.
1971 წელს კომერციულად ყველაზე წარმატებული და კრიტიკის თვალსაზრისით ყველაზე ხმაურიანი სინგლი, „Imagine“, მოჰყვა. „როლინგ სტოუნის“ ჟურნალში „Imagine“-მა ყველა დროის საუკეთესო სიმღერებს შორის მესამე ადგილი მოიპოვა. ლენონის სამოქმედო პროგრამა ყოველთვის სიმშვიდე და სიყვარული არ ყოფილა. ალბომი „Imagine“ მოიცავდა ტრეკს, „How Do You Sleep?“, რომელიც მაკარტნის სოლო სიმღერებით ჯონისადმი გაგზავნილ შეფარულ მესიჯებზე ამაზრზენ პასუხს წარმოადგენდა.
მთელი მსოფლიო ალაპარაკდა ონო-ლენონის სიყვარულის ისტორიის შესახებ. წყვილს შვილი, შონი შეეძინა. ჯონ ლენონმა შტატებში მხარი დაუჭირა მარიხუანას და სხვა სახის ნარკოტიკების ლეგალიზაციას. მოგვიანებით ისიც კი აღიარა, რომ ხშირად იყენებდა მარიხუანას და სხვა ტიპის ნარკოტიკებს. ლენონი, მუსიკის გარდა, სერიოზულად იყო გატაცებული პოლიტიკითა და მედიტაციით.

ამერიკა, მშვიდობა
1971 წელს ლენონი და ონო საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდნენ. ჯონი განაგრძობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მშვიდობის მხარდაჭერას. ამასობაში ჯონი და იოკო განქორწინდნენ, რასაც ჯონის ლოს-ანჯელესში წასვლა და პარტიული ცხოვრების დაწყება მოჰყვა. მან საყვარლად მაი პენგი გაიჩინა, განაგრძობდა ჰიტ-ალბომებზე დევიდ ბოუისთან და ელტონ ჯონთან ერთად მუშაობას. ჯონმა მალე გააცნობიერა, რომ იოკოს გარეშე ცხოვრება არ შეეძლო და ყოფილ ცოლს შეურიგდა. იოკოს ლენონის დაბადების დღეზე, ჯონი მაშინ 35 წლის გახდა, ერთადერთი ბავშვი, შონი გაუჩნდა. ლენონმა გადაწყვიტა, მუსიკა მიეტოვებინა და დრო ოჯახისთვის დაეთმო. მათი პირველი ერთობლივი ალბომი „Two virgins“ გამოვიდა. ეს ერთგვარი მუსიკალური ექსპერიმენტი იყო, რომელსაც არანაირი შემოქმედებითი ღირებულება არ გააჩნდა. თუმცა, საზოგადოების ყურადღება მაინც მიიქცია: ფირფიტის ყდაზე ჯონისა და იოკოს ფოტოსურათი იყო დაბეჭდილი. ორივენი შიშვლები იყვნენ.
შვიდობისთვის ბრძოლა ონო-ლენონის ცხოვრების სტილად, თუ მიზნად იქცა. ბრძოლა სულ უფრო საინტერესო ფორმებს იღებდა. მაგალითად, გიბრალტარში დაქორწინებული წყვილის თაფლობის თვე, ტელეეთერის საშუალებით გაშუქდა - ეს რვადღიანი მწოლიარე საპროტესტო აქცია იყო! ამსტერდამის სასტუმრო „ჰილტონში“, საპრეზიდენტო აპარტამენტში დაბინავებულმა წყვილმა, ნამდვილი შოუ გამართა: ისინი უზარმაზარ საწოლში იწვნენ, თეთრი პიჟამოები ეცვათ, დილიდან დაღამებამდე ჟურნალისტებს ხვდებოდნენ, მეგობრებს ესაუბრებოდნენ. ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, იდეის უფრო ეფექტურ პროპაგანდას. საწოლის უკან, კედელზე ტრანსპარანტები გაეკრათ. მათზე დიდი ასოებით ეწერა: „ჯონს უყვარს იოკო“, „იოკოს უყვარს ჯონი“.

მკვლელობა
1980 წელს ჯონი, მუსიკის სამყაროს ალბომით, „Double Fantasy”-ით, დაუბრუნდა. ალბომის გამოშვებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, მუსიკოსი მოკლეს. ერთ-ერთი ვერსიით, ლენონს ნიუ-იორკში, საკუთარი საცხოვრებელი კომპლექსის წინ (მეორე ვერსიით, სასტუმრო „დაკოტას“ კართან) სულიერად დაავადებულმა ფანმა ესროლა. 40 წლის ჯონი 1980 წლის 8 დეკემბერს ზურგში მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა, ლენონის მკვლელი იყო მისი ფანი მარკ დევიდ ჩეპმანი. მკვლელი მაშინვე დააპატიმრეს და როცა ჰკითხეს, რატომ მოკლა ლენონი, ორი მიზეზი დაასახელა, პირველი – „ჯონი ისეთი დიდი ადამიანი იყო, რომ საზოგადოება მისი ღირსი არ იყო“. მეორე მიზეზით კი, მას ისე ძალიან უვარდა ჯონი, სურდა ისტორიაში ლენონთან ერთად შესულიყო და მასთან ერთად, ისიც გაეხსნებინათ, თუნდაც, როგორც მისი მკვლელი. ლივერპულში ლენონის მუზეუმი მუშაობს, მისი ძეგლი დგას და მისი სახელობის აეროპორტი ფუნქციონირებს.