Monday, July 5, 2010


რიჰარდ ვაგნერი


ცნობილი გერმანელი საოპერო კომპოზიტორი, დირიჟორი და ფილოსოფოსი, რიჰარდ ვაგნერი, მსოფლიოს კლასიკოსების სიაში საპატიო ადგილს იკავებს. მან საუკუნეთა გასაყარზე ევროპულ კულტურაზე უდიდესი გავლენა იქონია. მისმა მისტიციზმმა და იდეოლოგიურმა ანტისემიტიზმმა დიდი გავლენა მოახდინა მეოცე საუკუნის სოციალიზმზეც. ამ კომპოზიტორით გერმანელები ამაყობენ, ის მათი ეროვნული გმირია. მის ნაწარმოებებს მსოფლიოში ცნობილი ორკესტრები ასრულებენ.

ვილჰელმ რიჰარდ ვაგნერი 1813 წლის 22 მაისს ქალაქ ლაიფციგში დაიბადა. ის ლაიფციგელი პოლიციელის, კარლ ფრედერიკ ვაგნერის მეცხრე შვილი იყო. რიჰარდის დაბადებიდან ექვს თვეში მამამისი გარდაიცვალა, მომავალი კომპოზიტორის დედამ, იოანა ვაგნერმა, მსახიობ–დრამატურგ ლუდვიგ გეიერთან დაიწყო ცხოვრება, რომელიც კარლის უახლოესი მეგობარი გახლდათ.

1814 წლის აგვისტოში იოანამ გეიერზე ოფიციალურად იქორწინა და ოჯახთან ერთად დრეზდენში გადავიდა. პირველი 14 წლის განმავლობაში ვაგნერს იცნობდნენ, როგორც ვილჰელმ რიჰარდ გეიერს.

მამინაცვალი ბიჭუნას დიდი სითბოთი და მზრუნველობით ეკიდებოდა, თეატრისადმი თავის სიყვარულს უზიარებდა, მისი დახმარებითვე ბიჭი ხშირად გადიოდა თეატრის სცენაზე. ავტობიოგრაფიაში კომპოზიტორი იხსენებს, თუ როგორ თამაშობდა ანგელოზის როლს. პატარა ვაგნერზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ვებერის ოპერა "ჯადოსნური ისრის მსროლელის" გოტიკურმა ელემენტებმა.

ბიჭუნამ საკმაოდ ადრეულ ასაკში გამოავლინა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი, მაგრამ დედა კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომ შვილს მუსიკალური განათლება მიეღო. გეიერის დაჟინებული მოთხოვნით, ბოლოს დედამ 5 წლის რიჰარდს უფლება მისცა, პიანინოზე დაკვრა შეესწავლა და ადგილობრივ მასწავლებელს მიაბარა.

1820 წელს რიჰარდი დრეზდენის ადგილობრივ სკოლაში მიაბარეს. მალე ბიჭუნამ მამინაცვალიც დაკარგა. ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩენილ ოჯახს ფინანსურადაც ძალიან გაუჭირდა და მორალურადაც. იოანა შვილებისათვის ბევრს მუშაობდა. პატარა რიჰარდი კი სწავლის პარალელურად საკათედრო ტაძარშიც გალობდა.

1827 წელს ოჯახი ლაიფციგში დაბრუნდა. 1828–31 წლებში რიჰარდის მუსიკის პედაგოგი ქრისტიან მიულერი გახლდათ. მან დიდი გავლენა იქონია მომავალი კომპოზიტორის შემოქმედებაზე.

1831 წელს, სკოლის დასრულების შემდეგ, ვაგნერმა ლაიფციგის უნივერსიტეტში ჩააბარა. მიუხედავად გაჭირვებისა, ვაგნერების ოჯახი ძალიან ჭკუამხიარულად ითვლებოდა. ისინი ხშირად მართავდნენ სასიამოვნო საღამოებს ახლო მეგობრებისათვის. რიჰარდის უფროსი და–ძმებიც საკმაოდ მუსიკალურები იყვნენ. ერთად ხშირად უკრავდნენ და მღეროდნენ სხვადასხვა ნაციონალურ თუ უცხოურ სიმღერასა და ბალადას. არაჩვეულებრივი ხმის პატრონმა რიჰარდმა ლაიფციგის საეკლესიო ქოროშიც განაგრძო გალობა. სწორედ საგალობლების შესრულების დროს გამოიკვეთა, რომ ვაგნერს თავისუფლად შეეძლო ურთულესი პარტიების შესრულება.

1829 წელს ვაგნერმა პირველად მოისმინა ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია, რამაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. რიჰარდი ძალიან ნიჭიერი და გამორჩეული სტუდენტი იყო. იგი ძალიან ბევრს კითხულობდა, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ლიტერატურულ ნაწარმოებებსაც წერდა. ვაგნერის არამუსიკალური მემკვიდრეობა შედგება 16 ტომი ლიტერატურული და პუბლიცისტური ნაწარმოებებისაგან.

მუსიკის მასწავლებლები ნიჭიერ მოსწავლეს სრულიად უსასყიდლოდ ამეცადინებდნენ. ის კი უსაზღვროდ ბევრს მუშაობდა და ღამეებს ათენებდა ამა თუ იმ ნაწარმოების შექმნისას. პირველ ორ ნაწარმოებს "სიმფონიას" და "პოლონეზს" კომპოზიტორი სიცოცხლის ბოლომდე საგულდაგულოდ მალავდა.

1833 წელს პირველად დაიდგა მისი რიგით მესამე ოპერა "ფერიები", რომელსაც მოჰყვა "სიყვარულის აკრძალვა". იმავე წლის ბოლოს კომპოზიტორი ვურცბურგის თეატრში მუსიკალური გუნდის მასწავლებლად დაინიშნა.

1836 წელი რიჰარდის პირად ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. იგი შეხვდა ოცნების ქალბატონს – მსახიობ ვილჰელმინა (მინა) პლანერს. იმავე წლის 24 ნოემბერს წყვილი დაქორწინდა.

1837 წელს ვაგნერი მეუღლესთან ერთად რიგაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივი თეატრის მუსიკალური დირექტორის პოსტი დაიკავა და დაიწყო მუშაობა მომდევნო ცნობილ ნაწარმოებზე "რიენცო, ბოლო ტრიბუნათა შორის". პოლიტიკური თემის წყალობით, კომპოზიტორმა საკმაოდ ბევრი მტერი გაიჩინა. ამის გარდა, იგი პოლიტიკური მოძრაობა "ახალგაზრდა გერმანელების" აქტიური წევრიც გახლდათ.

კარიერის მოწყობით დაკავებული რიჰარდი ოჯახისათვის ნაკლებად იცლიდა. თავისუფალი ცხოვრების მოყვარულმა მინა პლანერმა კი ამასობაში დრო იხელთა და არმიის ოფიცერთან ერთად გაიქცა. ვაგნერს ცოლი სიგიჟემდე უყვარდა, ამიტომ თითქმის ერთწლიანი განშორების შემდეგ მინა უსიტყვოდ მიიღო უკან.

როგორც ცნობილია, კომპოზიტორი თავადაც ხშირად ღალატობდა საყვარელ მეუღლეს. გარკვეული პოპულარობის მოპოვების შემდეგ ვაგნერის ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და ოჯახი საკმაოდ ხელგაშლილად ცხოვრობდა, რამაც მათი გაკოტრება გამოიწვია.

1839 წელს, მევალეებისაგან თავის დაღწევის მიზნით, ცოლ–ქმარს ლონდონში მოუხდათ გაქცევა, სადაც 1842 წლამდე დარჩნენ. გემით მგზავრობისას ისინი საშინელ შტორმში მოყვნენ. ვაგნერის მტკიცებით, მომხდარი მფრინავი ჰოლანდიელის ბრალი უნდა ყოფილიყო. ასე გაჩნდა მორიგი ოპერის იდეა და ლონდონში ჩასვლისთანავე ვაგნერმა მუშაობა დაიწყო ნაწარმოებზე, სახელწოდებით "მფრინავი ჰოლანდიელი".

ვაგნერის ნაწარმოებმა "რიენცო, ბოლო ტრიბუნათა შორის" მთელი ევროპა მოიცვა. 1842 წელს, დრეზდენში დაბრუნების შემდეგ, ეს ოპერა ზედიზედ რამდენჯერმე დაიდგა. საბოლოოდ ვაგნერმა საქსონიის სამეფო სასახლის კაპელმაისტერის ადგილი დაიკავა. აღნიშნული თანამდებობა მას მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში ეკავა.

დრეზდენში დაბრუნებული ვაგნერი თავისი მეგობრის, აბრეშუმით მოვაჭრე ოტო ფონ ვასენდონსკის მეუღლით, მატილდათი დაინტერესდა. ერთხელ მატილდასადმი მიწერილი სასიყვარულო წერილი შემთხვევით მინას ჩაუვარდა ხელში, რაც ცოლ–ქმრის საბოლოო გაშორების მიზეზად იქცა. ოფიციალური გაყრა 1862 წელს მოხდა. მომდევნო წელს კი ვაგნერმა ვინმე კოზიმაზე იქორწინა.

კომპოზიტორი ყოფილ ცოლს სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყოფდა. შვილი არც მეორე ქორწინებიდან ჰყოლია.

ვაგნერი 1848 წელს გერმანიაში მომხდარი რევოლუციის აქტიური წევრი იყო და მომდევნო 11 წელი მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლისათვის სდევნიდნენ. ამ ხნის განმავლობაში თავს შვეიცარიას აფარებდა და ძირითად დროს მუსიკის წერას ანდომებდა. სისრულეში მოიყვანა ისეთი ნაწარმოებები, როგორებიცაა "ვალკირია", "ზიგფრიდი" და "ღმერთთა სიკვდილი".

1860 წელს ვაგნერმა სამშობლოში დაბრუნების ნებართვა ოფიციალურად მიიღო. გერმანიაში დაბრუნებულ კომპოზიტორს ჯანმრთელობა საკმაოდ ჰქონდა შერყეული. სიცოცხლის ბოლო პერიოდში იტალიას ხშირად სტუმრობდა. სწორედ იქ დაასრულა ბოლო ნაწარმოები "პარსიფალი". 1883 წლის 13 თებერვალს ზამთრის გასატარებლად ვენეციაში ჩასული რიჰარდ ვაგნერი გულის შეტევით გარდაიცვალა.

No comments:

Post a Comment