Monday, December 13, 2010


თეონა კონტრიძე

თეონამ ქართული სცენა და მასთან ერთად მშობლიური მუსიკალური სამყარო რვა წლის წინათ მიატოვა. ჩვიდმეტი წლის გოგონას ჩრდილოეთის გზაზე ამბიცია, პროტესტი, განგებისა და საკუთარი თავის იმედი ამოძრავებდა. მოსკოვში მან ის დიდი სტადიონი იპოვა, რომელზეც საქართველოში ვერც კი იოცნებებდა. დანარჩენი თეონას აქაც ჰქონდა: ნიჭი და თავდაუზოგავი შრომის სურვილი, რაც სამწუხაროდ, აქ შეუმჩნეველი დარჩა. სამაგიეროდ, ხუთწლიანმა მუშაობამ სასურველი შედეგი გამოიღო მოსკოვში. სამი წლის წინათ თეონა კონტრიძე მოსკოვის ყველაზე პოპულარული მიუზიკლის, მეტროს ერთ-ერთ წამყვან სოლისტად აიყვანეს. სადღეისოდ მას აქვს სტაბილური სამსახური, კონკრეტული სტატუსი (რუსეთში პირველი მიუზიკლის ერთ-ერთი წამყვანი პერსონა) და თვითგანვითარებისთვის საჭირო ატმოსფერო. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, თეონასთვის არ არის სულ ერთი საქართველოში მიმდინარე მუსიკალური თუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენები. ამიტომაც იგი პერიოდულად ჩამოდის სამშობლოში და ყველაფერს ყურადღებით აკვირდება. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტისას თეონა ჩვენც გამოვიჭირეთ.

თეონა კონტრიძე მოსკოვში საკმაოდ ცნობილი მომღერალია. პოპულარობა კი მოუტანა მიუზიკლმა მეტრო, სადაც იგი ერთ-ერთი წამყვანი სოლისტია (სადაც შესარჩევი ტურების წყალობით მოხვდა). მოსკოვის მუსიკალურ სცენაზე მისი ხუთწლიანი პრაქტიკული მოღვაწეობის საფუძველი კი, თბილისში დამთავრებული ნიჭიერთა ათწლედი (ფორტეპიანოს განხრით) და მოსკოვში გნესინების საესტრადო-ჯაზური ფაკულტეტი (ოთხწლიანი კურსი ორ წელიწადში დაამთავრა) იყო.

ისევე, როგორც ყოველთვის, თეონას შემთხვევაშიც წარმატებები დაუღალავი შრომის შედეგია. 17 წლის ამბიციებითა და საკუთარი ნიჭის საქვეყნოდ დამტკიცების სურვილით შეპყრობილი გოგონა მოსკოვში ნათესავის მეგობრის ოჯახში ცხოვრობდა და ზამთრის კონსერვებს ამზადებდა. გაცილებით რთული იყო პირველი ნაბიჯები რუსულ სცენაზე: ჯერ ქართული მენტალიტეტი, არაპუნქტუალობა მიშლიდა ხელს, ყველა შეხვედრაზე ვაგვიანებდი, მქონდა ძალიან მაქსიმალისტური ტექსტები, რაც ბევრს აღიზანებდა; არც წონა მიწყობდა ხელს იმისთვის, რომ პოპ-ინდუსტრიაში საერთოდ, რაიმე ადგილი მქონოდა. 68-72 კგ. ვიწონიდი და არ მესმოდა, რატომ მელაპარაკებოდნენ გახდომაზე, რა მნიშვნელობა ჰქონდა, სქელი ხარ თუ თხელი – თურმე აქვს მნიშვნელობა. 30 დოლარად ვმღეროდი რესტორანში, იქიდან კი, 10 დოლარი უკანა გზაზე მეხარჯებოდა. ვიჯექი ტაქსში, 20 დოლარიან კუპიურას ვუყურებდი და დავტიროდი: როგორ შეიძლება 20 დოლარისთვის ოთხი საათი იმღერო გაუჩერებლად. მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. 17 წლის კონტრიძეს გადაწყვეტილი ჰქონდა, სხვების შეუწუხებლად გადაელახა დაბრკოლებები. მითუმეტეს, იცოდა, დახმარებას აღარ სთხოვდა სოსო პავლიაშვილს. ყველა ადამიანს საკუთარი გზა აქვს. მე იმ დროს მამოძრავებდა ინტუიცია, რომ სოსო მეორედ აღარ შემეწუხებინა (თბილისის დიდ სცენებზე თეონა პავლიაშვილის Just Do It მღეროდა). მან იმხელა საქმე გამიკეთა კომპოზიციის ჩუქებით, რომ ჩავთვალე, ჩემს გზაზე სოსოს თავისი მისია შესრულებული ჰქონდა. არ მინდოდა, ვინმეს წიგნით მეცხოვრა და ვინმეს სისტემა გამეზიარებინა. მინდოდა, ჩემი გზა გამეკვალა.

შოუ-ბიზნესში განა იმიტომ არ ვმოღვაწეობ, რომ მე იქ არ მიშვებენ. უბრალოდ, შოუ-ბიზნესი რუსეთში საერთოდ არ არსებობს, ახლა ყალიბდება, – ახალგაზრდა მომღერალს კიდევ უფრო უძნელდება შოუ-ბიზნესი დაარქვას პოპულარული ქართული მუსიკის საზღვრებში მიმდინარე ცხოვრებას და მიაჩნია, რომ შოუ-ბიზნესი მხოლოდ დიდი ქვეყნების პრეროგატივაა. შოუ-ბიზნესი ესაა სხვადასხვა ხალხზე გათვლილი კულტურა, სადაც უნდა იყოს რამდენიმე ფორმატი: პოპ-მუსიკა, არტ-როკი, ტრეშ-მეტალი, ჰიპ-ჰოპი, სოული და ა.შ. პატარა ქვეყნებში არასდროს არ არის იმდენი მსმენელი, რომ მთელი ეს სპექტრი წარმოდგენილი იყოს. ენა არ მიტრიალდება შოუ-ბიზნესი დავარქვა იმას, რაც საქართველოში ხდება. არც მაღიზიანებს ეს ყველაფერი და არც აგრესიას იწვევს, შესაძლოა მომწონდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ჩემი მეგობრები არიან და მათაც კომპრომისზე წასვლა უწევთ. პრინციპში საქართველოში არის ერთადერთი ფორმატი – სუფრა. როდესაც ვისმენ აქაურ მუსიკას, ვხვდები, რომ ეს არის აბსოლუტურად სუფრული მელოდიები, რაც ყოველთვის ჟღერდა კიდეც საქართველოში.

თავად თეონა ამჟამად ექსპერიმენტული მუსიკით არის დაინტერესებული. ტრეშ-მეტალის გარდა არ არსებობს ჟანრი, რომელიც არ შეესრულებინოს. მაგრამ ეს არ ყოფილა კომერციული ინტერესების გამო. თეონა უდიდეს მიღწევად საკუთარი პრინციპებისადმი ერთგულებას მიიჩნევს, თუმცა მაინც ჰგონია, რომ გაუმართლა. მანამდე კი, ვიდრე მოიფიქრებს, რა ფორმით შეძლებს სცენაზე ელექტრონული მუსიკის გატანას, იგი მორიგ მიუზიკლში ითამაშებს. თეონა კონტრიძე მოსკოვში კვირას დაბრუნდება და შემოდგომამდე ძალებს მოიკრებს; ოქტომბრიდან კი, მეტროს ბაზაზე შექმნილ ახალ მიუზიკლში, რომეო და ჯულიეტა. მიიღებს მონაწილეობას.


                                                     

No comments:

Post a Comment