Friday, August 20, 2010


დეზმონდ ტუტუ

სამხრეთ აფრიკაში, კლერკსდორპში დაიბადა 1931 წელს, მამამისი, ზაქარია ტუტუ, მეთოდისტური სკოლის პედაგოგი იყო, დედა - დიასახლისი. ტუტუ მეთოდისტურ ეკლესიაში მონათლეს, მაგრამ შემდეგ მთელმა ოჯახმა შეიცვალა რწმენა და ანგლიკანები გახდნენ. მას შემდეგ, რაც იოჰანესბურგში გადავიდნენ, მან სულიერ მოძღვრად თრევორ ჰადლსტონი აირჩია, მღვდელი, რომელიც ბედავდა და აპარტეიდის მწვავე კრიტიკით გამოდიოდა. ტუტუმ საშუალო სკოლა იოჰანესბურგში დაამთავრა, ძალიან უნდოდა ექიმი გამხდარიყო, მაგრამ მის ხელმოკლე მშობლებს სწავლის საფასურის გადახდა არ შეეძლოთ. ბაკალავრის დიპლომი იოჰანესბურგის უნივერსიტეტში მიიღო და 1954-57 წლებში საშუალო სკოლაში დაიწყო მასწავლებლობა. 1957 წელს, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ბანტუსთვის დისკრიმინაციული საგანმანათლებლო კანონები მიიღო, ტუტუმ პროტესტის ნიშნად მასწავლებლობა მიატოვა და გადაწყვიტა, მღვდელი გამხდარიყო. სწავლა გააგრძელა, 1960 წელს იოჰანესბურგის წმიდა პეტრეს სახელობის თეოლოგიური კოლეჯი დაამთავრა და სასულიერო სამსახურს შეუდგა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გამოცდილება, რაც ლონდონის სამეფო კოლეჯში სწავლისას მიიღო. ტუტუ სამშობლოში თეოლოგიის მაგისტრის დიპლომით და საკუთარ თავში ბევრად უფრო დარწმუნებული დაბრუნდა. შემდეგ იგონებდა, რომ სწორედ ევროპაში მიღებულმა გამოცდილებამ მისცა საშუალება უფრო გაბედულად და მწვავედ ეკამათა „თეთრებთან“ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამხრეთ აფრიკაში გამარჯვებულმა ნაციონალურმა პარტიამ ქვეყანაში დისკრიმინაციული რეჟიმი დაამყარა, რომელიც მთელ მსოფლიოში აპარტიედის სახელითაა ცნობილი. ეს რეჟიმი მკაცრ რასობრივ სეგრეგაციას გულისხმობდა, რასაც, ბუნებრივია, სამხრეთ აფრიკის შავკანიანი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. პროტესტს თავიდან მასობრივი ხასიათი არ ჰქონია. მაშინ, 60-იან წლებში, ანტიაპარტეიდული მოძრაობა ჯერ მხოლოდ ფეხს იკიდებდა. 1975 წელს, დესმონდ ტუტუ იოჰანესბურგის ღვთისმშობლის ტაძრის მღვდელმთავარი გახდა; ის იყო პირველი შავკანიანი, რომელიც ამ პოსტზე დაინიშნა. მისი ანტიაპარტეიდული გამოსვლებიც ყველაზე აქტიურად ამ დროს დაიწყო. ამ პერიოდშივე გამძაფრდა ანტიაპარტეიდული მოძრაობა მთელ ქვეყანაში. ტუტუსთვის პოლიტიკა და რელიგია განუყოფელი ცნებებია. „ღმერთი ბიბლიაში ჩანს, როგორც პოლიტიკური გამოცდილების განსახიერება, ის, ვინც ადამიანებს მონობისგან ათავისუფლებს“ - წერდა დესმონდ ტუტუ 1976 წელს, როცა სოუეტოს ახალგაზრდობამ აპარტეიდის წინააღმდეგ ძალადობრივი გზებით დაიწყო ბრძოლა. მაშინ დესმონდ ტუტუმ შავკანიან აქტივისტ მხატო მონალოისთან ერთად მოახერხა, რომ ახალგაზრდობის პროტესტს მშვიდობიანი ფორმები მიეღო. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაშინ 600 ფერადკანიანი მოქალაქე გახდა აპარტეიდის რეჟიმის მსხვერპლი, ათასობით დაიჭრა, ძალიან ბევრი დააპატიმრეს. ახდა ის, რასაც დესმონდ ტუტუ პრემიერ-მინისტრ ვორსტერს პირად წერილში სწერდა - სამხრეთ აფრიკაში სიტუაცია დენთის კასრს ჰგავს, რომელიც ნებისმიერ წუთს შეიძლება აფეთქდესო. მაშინ მინისტრმა შავკანიან მღვდელს არ უპასუხა. სამხრეთ აფრიკის მთავრობას ტუტუ უკვე არასაიმედო და საშიშ მოწინააღმდეგედ მიაჩნდა. 1978 წელს ლესოტის ეპისკოპოსი დესმონდ ტუტუ სამხრეთ აფრიკის ეკლესიათა საბჭოს გენერალურ მდივნად აირჩიეს. მის ორგანიზაციაში 13 მილიონი ქრისტიანი შედიოდა, რომელთა 80 პროცენტი ფერადკანიანები იყვნენ. ამ ორგანიზაციის სახელით ტუტუ აპარტეიდის დისკრიმინაციული სისტემის დასრულებას მოითხოვდა. მისი ქადაგებები ბეჭდური სახით მთელ ქვეყანაში ვრცელდებოდა. ეკლესიათა საბჭოს ძირითადი სახსრები კი უკანონოდ დატუსაღებულ მოქალაქეებსა და მათ ოჯახებს ხმარდებოდა. ტუტუ შემდეგ იხსენებდა, რომ სამხრეთ აფრიკაში სამართლიანობისთვის ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები მაშინ დგებოდა, როცა ეკლესია აშკარად გამოდიოდა აპარტეიდის წინააღმდეგ. თავის ქადაგებებში, გამოსვლებში, წიგნებში დესმონდ ტუტუ ღიად აკრიტიკებდა სამხრეთ აფრიკის მთავრობას, რომელმაც დიდი ქალაქებიდან შავკანიანი მოსახლეობის შორ პროვინციებში მასობრივად გადასახლება დაიწყო. ამასთანავე ის მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა ლექციების წასაკითხად და კრიტიკის ტრიბუნად ევროპისა და აზიის ტელევიზიებს იყენებდა. დანიაში ყოფნისას ტუტუმ ტელევიზიით მოუწოდა ევროპის მთავრობებს, ეკონომიკურ ბლოკადაში მოექციათ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ეს ბერკეტი სრულიად უდანაშაულო, მშვიდობიანი ფერადკანიანი მოქალაქეების დასაცავად გამოეყენებინათ. აღსანიშნავია ისიც, რომ დესმონდ ტუტუ არა მხოლოდ სამხრეთ აფრიკის მთავრობას აკრიტიკებდა, არამედ გმობდა რამდენიმე ანტიაპარტეიდული დაჯგუფების ძალადობრივ ტაქტიკასაც. მიაჩნდა, რომ საჭიროა მოლაპარაკება, რომ ტერორიზმი გამოსავალი არ არის. მისი ბრძოლა, ერთი მხრივ, ქვეყნის თეთრკანიანი მთავრობის წინააღმდეგ იყო მიმართული, მეორე მხრივ კი - ზოგადად ძალადობის წინააღმდეგ. 1984 წელს, მაშინ, როდესაც სამხრეთ აფრიკის მთავრობამ სამხრეთ-აფრიკის ეკლესიათა საბჭოს ფინანსური მოღვაწეობის შესწავლა გადაწყვიტა, და იქ „დარღვევებიც“ აღმოაჩინა. დესმონდ ტუტუს მშვიდობის ნობელის პრემია მიანიჭეს.აპარტეიდის დასრულების შემდეგ, 1995 წელს ნელსონ მანდელამ დესმონდ ტუტუ „სიმართლის და შერიგების საბჭოს“ თავმჯდომარედ დანიშნა. ეს ორგანიზაცია აპარტეიდის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს იძიებდა და საჭირო შემთხვევაში დამნაშავეების ამნისტიას აწერდა ხელს. 1999 წლამდე საბჭომ 7 ათასამდე საქმე განიხილა და აქედან მხოლოდ 150 ბრალდებულის შეწყალებას მოაწერა ხელი. დანარჩენების საქმეები შესაბამის ორგანოებს გადაეცა შემდგომი ძიებისთვის. დესმონდ ტუტუს პრინციპულობის გამო საბჭოს მუშაობას უამრავი სკანდალი სდევდა თან; მათი საშუალებით იმგვარ ფაქტებს ეხდებოდა ფარდა, რომელთა შესახებ ხმამაღლა ვერ იმსჯელებდნენ. საბჭოს მუშაობის შედეგად ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯა პოლკოვნიკ იუჯინ დე კოკს, რომელიც აფრიკელების გამოსვლებს სასტიკი მეთოდებით ახშობდა. დესმონდ ტუტუს საბჭო არც ანტიაპარტეიდულად განწყობილ აფრიკელებს ინდობდა. მათ ამხილეს ნელსონ მანდელას ყოფილი მეუღლე ვინი მადიკიზელა-მანდელაც და აპარტეიდის დროს ძალადობაში დასდეს ბრალი. დესმონდ ტუტუ ნობელის პრემიის გარდა უამრავ ჰუმანიტარულ ჯილდოს ფლობს, მათ შორის, განდის სახელობის პრემიასაც.

No comments:

Post a Comment